მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 13 

 

1. ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.

 

2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?

 

3. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

 

4. ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?

 

5. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

 

6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

 

7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

 

8. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი;

 

9. იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

 

10. შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.

 

11. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.

 

12. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.

 

13. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.

 

14. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.

 

15. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?

 

16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?

 

17. ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.

 

18. ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას?

 

19. მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს.

 

20. და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს?

 

21. მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა.

 

22. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი.

 

23. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა:

 

24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.

 

25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.

 

26. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.

 

27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.

 

28. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.

 

29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.

 

30. და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.

 

31. იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას.

 

32. და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს.

 

33. თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს.

 

34. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.

 

35. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

 

 13