მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 12 

 

1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.

 

2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

 

3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.

 

4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;

 

5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

 

6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.

 

7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.

 

9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.

 

10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.

 

11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,

 

12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

 

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი.

 

14. ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?

 

15. და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.

 

16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;

 

17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?

 

18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.

 

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

 

20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

 

21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

 

22. და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;

 

23. ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.

 

24. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?

 

25. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?

 

26. ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?

 

27. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

 

28. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

 

29. მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.

 

30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

 

31. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.

 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.

 

33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.

 

34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

 

35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.

 

36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.

 

37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.

 

38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.

 

39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.

 

40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

 

41. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?

 

42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?

 

43. ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

 

44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

 

45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,

 

46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.

 

47. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.

 

48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.

 

49. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!

 

50. ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება.

 

51. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.

 

52. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;

 

53. დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.

 

54. და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.

 

55. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება.

 

56. თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ?

 

57. ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?

 

58. როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.

 

59. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს.

 

 12