1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა.
2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას.
3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?
6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა.
7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ.
8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა:
9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?
10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი.
11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო.
13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად.
15. იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ;
17. ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
18. ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა.
19. ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ.
20. ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ.
21. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.
22. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ.
23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
24. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს.
25. ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?
26. მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?
29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული.
30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ?
31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური.
32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს.
33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.
34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს.
35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.
36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ.
37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.
38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა.
39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.
41. ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო?
43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
44. ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45. წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა.
46. არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა.
47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.
48. მე ვარ პური სიცოცხლისა.
49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.
50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს.
51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის.
52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი?
53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
55. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.
56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.
57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.
58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.
59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?
61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ?
62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?
63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.
64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ.
66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.
67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
70. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.
71. იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი.