1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს.
2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.
3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.
4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.
6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?
7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.
8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.
9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.
10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.
11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.
12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?
13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.
14. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.
15. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.
16. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.
17. ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი.
18. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.
19. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.
20. რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად.
21. ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
22. რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
23. რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31. თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის.
33. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს.
34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.
35. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.
36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.
37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.
38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.
39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.
40. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41. დიდებას არ ვიღებ კაცთაგან.
42. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში.
43. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.
44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?
45. ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ.
46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.
47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?