მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: სექტემბერი :.


ძველით: 28 სექტემბერი
ახლით: 11 ოქტომმბერი


კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი (+935)


კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი, წმიდა ლუდმილას (ხს. 16 სექტემბერს) შვილიშვილი, ნეტარი დიდედის ხელით აღიზარდა. წმიდანი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის გამგებლობა დაეკისრა. მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვიაჩესლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. იგი აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი - გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმიდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვიაჩესლავი, მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად მოაკვლევინა. წმიდანის უხრწნელი ნაწილები პრაღაში, მის მიერვე აგებულ წმიდა ვიტეს ტაძარში განისვენებს (+935).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.