წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 1 სექტემბერი
ახლით: 14 სექტემბერი
დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა
დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).
312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.
შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ტროპარი:
ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
კონდაკი:
რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.
|