მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: ნოემბერი :.


ძველით: 4 ნოემბერი
ახლით: 17 ნოემბერი


ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი


ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა წალკის რაიონ სოფელ ხადიკში, (იგივე ტბეთში), 1902 წლის 18 იანვარს. სახელად ათანასე დაარქვეს. წარმოშობით პონტოდან იყო, ძალიან პატარა ასაკში დაობლდა. მისი გაზრდა ღმრთისმოშიშმა ბებიამ ითავა. ბებიისა და დის სიკვდილის შემდეგ, ბაბუასთან ერთად ერზრუმში მიემგზავრება, რომელიც იმ ეპოქაში თეოდოსიუპოლისად იწოდებოდა. ბაბუის სიკვდილისა და ძმის არასათანადოდ მოპყრობის შედეგად იგი კავკასიის მხარეში მარტოდმარტო აღმოჩნდა. არაფრის მქონე, გულნატკენი და გაჭირვებული, თავის სიზმრებსა და ხილვებში წმიდანებით გარშემორტყმული, აღწევს საქართველოს დედაქალაქს – თბილისს. თბილისიდან იგი ეპისკოპოსს მიჰყვება ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის წმიდა მონასტერში. ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან მას უკვე მონაზვნის პატიოსანი შესამოსელი აცვია, რაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არც გაუხდია. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. ღერონდამ ბავშვობიდან შეიყვარა ასკეტური ცხოვრება და ლოცვა. 1919 წლის ოც ივლისს ათანასე მონაზვნად აღიკვეცა და სახელად სიმეონი ეწოდა. გადმოცემის თანახმად, მისი მონაზვნად შედგომის ჟამს ზარებს თავისთავად დაუწყიათ რეკვა.

მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა დრანდაში (აფხაზეთი) არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ და უწოდეს სვიმეონი. დიდ სქიმაში კი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მანვე დაასხა ხელი მღვდლად.

მონასტერში იგი ერთ ღმრთისნიერ ეპისკოპოსს შეხვედრია, რომელსაც მისთვის სულიერი დახმარება გაუწევია. 1917 წლის რევოლუციის შედეგად დამყარებულმა ათეისტურმა რეჟიმმა უარყო ეკლესია, სამღვდელოება და ბერ-მონაზვნობა. მონასტრის დანარჩენ მონაზვნებთან ერთად, ბერი ერთ უსინათლო და მიწისქვეშა საპყრობილეში დაატყვევეს, სადაც კანალიზაცია გადიოდა. მან უფლის მიმართ არსებული იმედის მეშვეობით გაუძლო დიდსა და საშინელ გაჭირვებას. სწორედ ამ საპყრობილეში მისმა მრავალმა სულიერმა ძმამ დაასრულა მოწამეობრივად სიცოცხლე. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დახმარებით მან თავი დააღწია უეჭველ სიკვდილს (დახვრეტისას სამი ტყვია ესროლეს, ერთ-ერთი ღმრთისმშობლის ხატის მეტალის ჩარჩოს მოხვდა და აისხლიტა; ეს ბებიის ნაჩუქარი ხატი გახლდათ და მუდამ გულზე ჩამოკიდებულს ატარებდა;)

მალე მან წინასწარმჭვრეტი, წინასწარმეტყველი და შეცნობის უნარის მქონე სულიერი მოძღვრის სახელი მოიხვეჭა. უამრავი ხალხი შორიდან მოდიოდა იმისათვის, რომ ახალგაზრდა მღვდელმსახური გაეცნო და რჩევა მიეღო მისგან. ათას ცხრაას ოცდასამ წელს იგი თბილისიდან სოხუმში გადადის. საღმრთო ლიტურგიების შესრულებისას იგი უამრავ სახელს მოიხსენიებდა. კელიაში კი თვითგანათლებას ეწეოდა და გამუდმებით ლოცულობდა. თავშეკავებას, ასკეტურ ცხოვრებას, უძილობასა და მარხვას არ წყვეტდა. მისი წინასწარმეტყველებანი კი სრულდებოდა. ყველანი ისე უყურებდნენ, როგორც წმიდანს.

1925 წლის 8 სექტემბერს ხელდასხმული იქნა მღვდლად და მას გიორგი ეწოდა. ღმრთისმსახურებას ქართულ ენაზე აღავლენდა.

მთავარეპისკოპოსი იოანე იყო მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, რომელიც მას მუდამ განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გიორგის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ათეისტური რეჟიმის მიერ საქართველოში განხორციელებული დევნისა და თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, 1929 წელს იგი საბერძნეთში გაემგზავრა და დაემკვიდრა დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში, სადაც ააშენა ამაღლების მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა ასკეტურად და მხურვალე რწმენით. უფალი თავმდაბალსა და ღირსეულ მსახურს ჯილდოდ შეცნობის, წარმოსახვის, წინასწარჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარს აძლევს. ბერძნულ ტექსტში მოხსენიებულია "ღერონდას", რაც ნიშნავს:

1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა;

2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი;

3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.

როდესაც წმინდა გიორგი კარსლიდისი გემით მგზავრობდა, ქარიშხალი ამოვარდა. მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ხალხს თავზარი დაეცა. ბერმა ჰაერს ჯვარი გადასახა და ბუნების ბობოქარი სტრიქონები ისევე დაიმორჩილა, როგორც თვითონ ყოველთვის ემორჩილებოდა მათი შემოქმედის ნებას.

ერთმა ჟურნალისტმა კითხა: "შენ ვინ ხარ, ბუნება რომ გისმენს და გრმორჩილება?" "ერთ დღეს ჩემ შესახებაც მოისმენ" - მშვიდად მიუგო დევნილნა ბერმა ისე, რომ არავისთვის მიუცია ზედმეტი კომენტარის უფლება ზებუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით.

ღერონდა გადარჩენისთვის ჰმადლობს უფალს. მის მეხსიერებაში პონტო, საქართველო და რუსეთი როგორც ბრძოლის, წამებისა და მსხვერპლის ადგილები ისე დარჩა. 1929 წლის 19 ოქტომბერს თესალონიკში ჩადის, საიდანაც კატერინში, ალონიისა და კუკოსის სოფლებში გადადის საცხოვრებლად, შემდეგ კი – კილკისის პატარა ტყეში და 1930 წლის დასასრულს კი დრამას მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში მკვიდრდება. საქართველოში ყოფნისას საპყრობილეში გამოვლილი გაჭირვების შედეგად, იგი თითქმის ნახევრადპარალიზებულია და ძალიან სუსტად გრძნობს თავს. ხშირად სიარულიც კი უძნელდება, ისე, რომ ზოგჯერ ხელში აყვანილს გადაადგილებდნენ.

მთელი მისი სიმდიდრე გახლდათ მცირერიცხოვანი საეკლესიო წიგნები ქართულ ენაზე, სამღვდელო შესამოსელი, ხატები და თავისი გარდაცვლილი დის – ანას სხეულის მცირე ნაწილი. ხალხი დახმარების მიზნით მასთან დაახლოებას იწყებს. ღმრთის, წმიდანების, მოყვასისა და ადამიანის მოსიყვარულე მამა პარაკლისებსა და პანაშვიდებს აღასრულებს, აღსარებებს იბარებს და ზნეობრივ და სამაგალითო მოძღვრობას ეწევა. 1938 წელს აშენებს ამაღლების სახელობის მცირე მონასტერს. სრული ოცი წლის განმავლობაში სწორედ აქ იმსახურებს, ჩაიბარებს აღსარებებს, იქადაგებს, იწინასწარმეტყველებს და სასწაულებს მოახდენს. მისი ტაძარი და კელია კი, მრავალთათვის სულიერი თუ ხორციელი სნეულებებისთვის, სილოამის ემბაზად იქცევა.

როგორც მომლოცველი იერუსალიმსა და ათონის წმიდა მთას მოინახულებს, სადაც მრავალ წმიდა მოღვაწეს შეხვდება, რომლებიც დაარწმუნებენ, რომ დარჩენილიყო იქ, სადაც მოღვაწეობდა, რადგან მორწმუნე ხალხს ძალიან სჭირდებოდა მისი არსებობა და სიახლოვე. 1941 წელს სასწაულებრივად გადაურჩა უეჭველ სიკვდილს, როდესაც ბულგარელებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა დააპირეს. მთელი მისი ცხოვრება ერთი უწყვეტი სასწაული იყო. წმიდა ნიკოლოზის შემწეობით განიკურნა, ისე რომ თავისი თავის შენახვა შეძლებოდა.

იგი ყოველთვის გამხდარი, უბრალო, მმარხველი, უძილო, ავადმყოფური იერის მქონე და გაჭირვებაში მყოფი, უტყვი, ყურადღებიანი, მკაცრი და სერიოზული იყო. ხშირად მოინახულებდა ხოლმე ღარიბებსა და ავადმყოფებს. თავად მასაც ხომ ეხმარებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა თავის მხრივ სხვებისთვისაც აღმოეჩინა დახმარება.

საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას, წმიდა კვეთის დროს, ცოცხალთა და გარდაცვლილთა ათასამდე სახელს იხსენიებდა. რა თქმა უნდა, რამდენიმეს განსაკუთრებით აღნიშნავდა და მსახურების დასრულებისას თავისთან იხმობდა ახლობლებს. მათ ესაუბრებოდა ცოცხლების პრობლემებზე, ან იმაზე თუ როგორ დაესრულებინათ თავისი სიცოცხლე გარდაცვალების ჟამს. სუფთა და უმწიკვლო ადამიანები მას ისე უცქერდნენ როგორც თავიანთ მასწავლებელს, რომელსაც მიწაზე ფეხი არ დაეკარებინა.

უსისხლო ღმრთიური მსახურებების დროს, გაბრწყინებული, მშვიდი და გახარებული იყო. იგი ღმრთისმსახურებებს წმიდანებთან ერთად აღავლენდა. „იშვიათად ვასრულებ მსახურებას მარტო“, ასე ამბობდა ბერი. განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა გიორგის მიმართ! მრავალ ავადმყოფსა თუ გაჭირვებულ ადამიანს აგზავნიდა სხვადასხვა წმიდანთან შემწეობისათვის, რომლებიც მისი ლოცვის შედეგად კარგად ხდებოდნენ. თავმდაბლობის გამო არ სურდა თავისი განსაკუთრებულობისთვის ხაზი გაესვათ, არამედ უნდოდა ღმერთი თავად ამ წმიდანების მიერ ედიდებინათ. წმიდანებს სტუმრებს უწოდებდა. ასევე გააჩნდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის დანახვის უნარი.

ბერი ეკლესიის წმინდა კანონების მკაცრი დამცველი იყო. იგი ვერ ეგუებოდა მიუღებელ „ეკონომიებს“. კიდევ უფრო მკაცრი ხდებოდა მათ მიმართ, რომლებიც თავიანთ ცოდვებს არ ინანიებდნენ. თავის სულიერ პასუხისმგებლობას მეტად გულისხმიერად და ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. მას არ სურდა გულშემატკივრების პირფერობა. მას ყოველთვის გამორჩეული სიმკაცრე ახასიათებდა. გამუდმებით მიზნად ჰქონდა დასახული, რომ მის აღმსარებლებს უკვდავი სულების გადასარჩენად თავმდაბლობისთვის, ჭეშმარიტი მწუხარებისა და სინანულისთვის მიეღწიათ.

მხურვალე რწმენამ, ასკეტური ცხოვრების გზამ და უმწიკვლოდ მოღვაწეობამ ეს შემოქმედის თავმდაბალი და მნიშვნელოვანი მუშაკი დააჯილდოვა შეცნობის, წარმოსახვის, წინასწარჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარით. უფალმა ნეტარი ბერი იმგვარად გააბრწყინა, რომ აწ გარდასრული და შორეული წარსული, როგორც ახლობელი და აწმყო ისე დაენახა, გააჩნდა ასევე მომავლის ჭვრეტის უნარი, რაზეც მრავალი მისი სულიერი შვილი აღტაცებით ყვება. ზოგიერთებს, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ ბერის შეცნობის უნარში, ახლოს გაიცნობდნენ თუ არა მას, მაშინვე რწმუნდებოდნენ, რომ იგი ნამდვილად ღმრთის ჭეშმარიტი ადამიანი იყო. ღერონდა თავის ამ უნარს სულების დასახმარებლად და მათ გადასარჩენად იყენებდა, და არა იმისათვის, რომ გაეკიცხა და შეერცხვინა ადამიანები, ანდა იმისათვის, რომ საკუთარი თავი შეექო და გამოეჩინა. ცხარედ მტირალი ნათლად საუბრობდა მოსალოდნელ უბედურებებზე: 1940 წლის ოკუპაციაზე, ბულგარელების თავდასხმაზე, სამოქალაქო ომზე. ადამიანის გულს, როგორც გადაშლილ წიგნს, ისე კითხულობდა. თავმდაბლობის შესანარჩუნებლად, ხანდახან თითქოს თავს ისულელებდა, ქრისტესთვის სალოსობდა. „სათნოების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო მის შენარჩუნებას უამრავი ხელოვნება სჭირდებაო,“ – ასე იძახდა.

ბერი მასზე დაკისრებულ მოძღვრის საქმის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მანდილოსნებს უთმობდა, რომლებიც მათი ემოციური სამყაროს მრავალფეროვნების მიზეზით უფრო ადვილად მოიპოვებენ პატივისცემას სხვებისგან განსხვავებით. მათთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებით მკაცრი იყო. თუმცა მალავდა თავის გულს, რომელიც ყველას მიმართ დიდი სიყვარულით იყო სავსე. მისი ქველმოქმედება ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. დაბინდდებოდა თუ არა, მალულად ერთგული ადამიანების ხელით გზავნიდა აუცილებელ საკვებსა და სამოსს ღატაკთა სახლებში. ამხნევებდა ჭირისუფალს და ყურადღებით ზრუნავდა გარდაცვალებულებზე. უყვარდა ბავშვები, სიყვარულით არიგებდა მათ ჭკუას და გულუხვად ურიგებდა საჩუქრებს. ყოველთვის ცდილობდა ჩრდილში ყოფილიყო, არ სურდა გამოჩენა და პატივისცემა. ბერს არ უნდოდა, რომ ვინმე მონასტრიდან მშიერი წასულიყო. ამზადებდა საჭმელს, აცხობდა პურს და ლოცვა-კურთხევით ყველას ურიგებდა. იგი მშრომელი, დაუღალავი, მოწყალე და კაცთმოყვარე იყო.

ყოველივე ამის გამო, მორწმუნეები ბერის მიმართ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას განიცდიდნენ. ისიც იღებდა თავისი სულიერი შვილების სიყვარულს, თუმცა, მას არ ითხოვდა და არც მისი მოპოვებისთვის იღვწოდა. თავმდაბალი იყო და განსაკუთრებით, სწორედ წმიდა მორჩილებაზე უყვარდა საუბარი. და ბოლოს, წმიდა სიმარტოვეში ცხოვრობდა. მრავალ ადამიანს მისი გაგება უჭირდა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მასზე ნაწყენიც კი იყო. ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო მისი სულიერების სიღრმის კარგად შეცნობა.

მან თავისი ნეტარი აღსასრული წინასწარ იხილა და კიდეც იწინასწარმეტყველა მასზე. წინასწარ მომზადებული უკვე დიდი ხანი ელოდა სიკვდილს. უფრო მეტს ლოცულობდა და უკანასკნელ რჩევებს აძლევდა თავის საყვარელ სულიერ შვილებს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან აღასრულა ზეთის კურთხევის წმიდა საიდუმლო, მიიღო წმიდა ზიარება, ყველას შეუნდო, დალოცა და საუკეთესო უსურვა. ბერმა 1959 წლის ოთხ ნოემბერს მიიძინა. უკანასკნელი სიტყვები, რაც მის ბაგეთაგან გაისმა იყო შემდეგი: „გულმოწყალების კარიბჭე გაიხსნა, კურთხეულო ღმრთისმშობელო!“.

მისი დარიგებიდან: " არც სიმდიდრემ გაგაოცოთ, არც დიდებამ, არამედ ყოველთვის იარეთ სიმართლის გზით. თქვენი ლუკმა - პური მოიპოვეთ პატიოსანი შრომით, და არა უსამართლობის გზით . რასაც პატიოსანი შრომით მოიპოვებთ ნუ გაფანტავთ უაზროდ. თავმდაბლობით და სიმართლით იცხოვრეთ და რამდენადაც შეგიძლიათ გაიღეთ მოწყალება უპოვართათვის".

დაობლებული, დამწუხრებული და უნუგეშო ხალხის ნაკადი უკან მიჰყვებოდა მის ცხედარს უკანასკნელ განსასვენებლისკენ მიმავალ გზაზე. დაკრძალეს ამაღლების სახელობის წმინდა ტაძრის უკანა მხარეს, სადაც ის თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მას მშვიდი, მხიარული და ნათელი სახე ჰქონდა. მისი გარდაცვლილი სხეული კი მოქნილი იყო, მსგავსად მთაწმინდელებისა. დაკრძალვისას მის საფლავთან ახლოს მდებარე ორი კვიპაროსი მოიდრიკა, თითქოს ბერს თაყვანი სცესო, როგორც ეს მანამდე ჰქონდა ნათქვამი. მისი სხეულის საფლავში ჩასვენების ჟამს უამრავმა ფრინველმა მოიყარა თავი, ჩიტებს სულაც არ შეშინებიათ იქ შეკრებილი ხალხის, თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ იმარხებოდა წმიდანი. ღერონდა მისივე თხოვნით საკუთარი შესამოსელით, ჯვრით და იმ წიგნებით დამარხეს, რომლებიც მას საქართველოდან ჰქონდა შემორჩენილი.

ჟურნალი „პემპტუსია“, ასსამოცდამეათე გამოცემა, გვერდები 116-123, აპრილი-ივლისი, 2005 წელი.

ბერი მოსე მთაწმიდელის ტექსტში წმიდა გიორგი მოიხსენიება, როგორც ბერი, რადგან მაშინ იგი ჯერ კიდევ არ იყო ჩარიცხული მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა დასში.

2008 წლის 2 ნოემბერს მოხდა მისის კანონიზაცია და ეწოდა წმიდა გიორგი (კარსლიდისი) ახალი აღმსარებელი.




მოუსმინე: