მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: ნოემბერი :.


ძველით: 1 ნოემბერი
ახლით: 14 ნოემბერი


ღირსი მამა დავით ევბეელი, სასწაულთქმედი (+1519-1600)



ღირსი და ღმერთშემოსილი დავითი, ყოვლადსახიერი უფლის ჭეშმარიტი მსახური და მეგობარი, დაიბადა ათას ხუთას ცხრამეტ წელს გარდინიცაში, ლოკრიდის ეპარქიაში (დღეს კიპარისებად წოდებულში). მისი მშობლები, ქრისტოდული და თეოდორა, იყვნენ სათნო და ღმრთისმოსავი ადამიანები.

წმინდანის მამა კეთილკრძალული მღვდელი იყო. მშობლები ცდილობდნენ აღეზარდათ თავიანთი შვილები “სწავლითა და მოძღურებითა უფლისათა”.

ნეტარ დავითს ჯერ კიდევ 3 წელი არ შესრულებია, როდესაც წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა, წმინდანი, რომელიც უფლის სიტყვით მოკვდავთა შორის უდიდესია.

წმიდა იოანე ნათლისმცემელმა ბავშვი თან გაიყოლა მისივე სახელობის პატარა საყდარში. იგი იქ შეუერთდა კანკელზე გამოხატულ თავისსავე ხატს, ხოლო პატარა დავითი დარჩა ტაძარში. აქ მან 6 დღე დაჰყო. აქ აღმოაჩინა იგი საკუთარმა მამამ, რომელიც საღამოს ლოცვის ჩასატარებლად მივიდა ტაძარში. ბავშვი იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ იდგა. მას გაბრწყინებული სახე ჰქონდა, ხოლო თვალებში ზეციური შუქი ჩაჰგუბებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ წმინდა დავითი ხშირად დადიოდა ტაძარში სალოცავად, როგორც უფლის ჭეშმარიტი შვილი, რადგან, მოციქულების სიტყვით, “რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისათა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი” (რომაელთა 8 14). ღირსი დავითი თავისი მშობლების ჭეშმარიტი სამკაული იყო და როგორც საღმრთო წიგნი (ბიბლია) ბრძანებს, “დასაჯე შვილი შენი, იგი მოგცემს შენ სიმშვიდეს და მოჰგვრის მშვიდობას შენს სულს (იგავი 29 17).

დავითს ეხერხებოდა წერა-კითხვა; იგი ეხმარებოდა თავის მამას მიწის სამუშაოებში. როდესაც ზაფხული იდგა, მამა ამუშავებდა მიწას. პატარა დავითი სიხარულით მიდიოდა მინდორში, მამას მხარში ამოუდგებოდა, მასთან ერთად დაუღალავად შრომობდა. ის თავისი მამის თანამემუშაკე ხდებოდა. შუადღისას საშინელი ხვატი იდგა. პაპანაქება მზისგან მუშები და მამა ჩრდილს აფარებდნენ თავს. პატარა დავითი სამადლობელ ლოცვებს აღუვლენდა უფალს, ადიდებდა მოწყალე ღმერთს, ხოლო მისი სხეული უკიდურესად ითანგებოდა და ითენთებოდა სიცხისაგან. ასე ცხოვრობდა დავითი თავის მშობლებთან ერთად. მას ჰქონდა მათი რიდი და მორჩილება; დღითი დღე მშვენდებოდა ახალ-ახალი სათნოებით, დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. თავის ლოცვაში ის სთხოვდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის გზა, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიაახლებდა, სულის ხსნაში შეეწეოდა, რათა გადარჩენოდა ამა სოფლის ღელვას, ბოროტების მრავალგვარ მახეებს და მოეპოვებინა ნეტარი მამების ცხოვრება.

ღირს მამას 15 წელი შეუსრულდა. უპირველეს ყოვლისა, კაცთმოყვარე ღვთის შემწეობა გამოითხოვა. რათა დაეტოვებინა თავისი სამშობლო. უფალმა შეახვედრა იგი იერომონაზონ აკაკის. რათა მისი ხელმძღვანელობით სულიერი სრულყოფის გზას შესდგომოდა. შემდეგ თავისი მშობლებისაგან მიიღო კურთხევა და აკაკის სრულ მორჩილებაში გადავიდა. ბერმა მამა დავითი მაგნეზიაში თავის მონასტერში წაიყვანა, სადაც მისთვის ბერული ცხოვრება უნდა შეესწავლებინა. დავითი იმყოფებოდა განუწყვეტელ ასკეტურ ღვაწლში, სწავლობდა თავის შეკავებას ბოროტებისგან, როგორ განშორებოდა ამქვეყნიურ სიამეს და ამა სოფლის ცრუ სიბრძნეს, რათა ზეციური მეფის მორჩილი მონა გამხდარიყო. მას მოსწონდა “ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის” მუშაკად ყოფნა.

აკაკისთან ერთად დავითმა დაჰყო 5 წელი მაგნეზიის სავანეში. ყველა ხედავდა მასში განსაკუთრებულ მოსაგრეს. თავმდაბლობა, სიყვარული, მორჩილება, გულისხმისყოფა და სათნოება იყო მისი დამახასიათებელი თვისებები. ის მარხულობდა. უდიდესი მონდომებით ასრულებდა წესებს. ბევრს მეცადინეობდა. ბავშვობიდანვე იგი კეთილგონიერებით და სერიოზულობით გამოირჩეოდა, ამიტომაც 20 წლის დავითს “უფლის მოხუცებული” შეარქვეს. ასე ცხოვრობდა დავითი, “უფლის მოხუცებული”. მისი მოძღვარი, წმინდა აკაკი, ყოველთვის მოძებნიდა ხოლმე მისთვის რაიმე ჭკუის სასწავლებელს. იგი ცდიდა ღირს დავითს, ამცირებდა და ცივად ეპყრობოდა, უშვებდა, ევაჭრა ნახშირით მონასტრიდან მოშორებით. დაუვიწყარი დავითი უდიდესი მორჩილებითა და უსაზღვრო მოთმინებით აღასრულებდა თავისი მოძღვრის ნებისმიერ ბრძანებას, რადგან თვლიდა, რომ მორჩილებით იდიდება ადამიანი უფლისგან და ღირსი ხდება ზეციური სასუფევლისა.

მოგვიანებით ბერმა აკაკიმ და მისმა მორჩილმა დავითმა მიატოვეს მონასტერი, რათა მოეძიათ სხვა ღმრთივსათნო მამანი და წინ წაწეულიყვნენ სულიერ ცხოვრებაში. თესალიაში, ოსის მთის მიდამოში, მათ ჰპოვეს კომნინის მონასტერი. აქ მამები, სათნოებით აღჭურვილნი, მოსაგრეობდნენ. ღირსი მამა დავითი დიდ საღმრთო ღვაწლში იმყოფებოდა, თავისი სათნოებით ის ყველა იქ მყოფ სულიერ მამას აღემატებოდა, იღვწოდა სულიერი სრულყოფის ასპარეზზე “უკუანასა მას ივიწყებდა და წინას მას მისწუდებოდა”. აქ მას მიაღებინეს დიაკვნის ღირსება. აღძრული ღვთაებრივი სიყვარულით, მამა აკაკი მამა დავითთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, რათა მიეღო სულიერი სარგებლობა ასკეტ მამებთან ერთად ცხოვრებით. ნეტარი დავითი ათანასეს ლავრაში დასახლდა, რომელსაც თვლიდა სულიერი გადარჩენის ნავსაყუდლად.

ბერი აკაკი გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, რათა პატრიარქის კურთხევა მიეღო. პატრიარქის მიერ იგი იქნა ხელდასხმული ნავფაქტის და ართის მიტროპოლიტად.

მამა აკაკიმ ღირსი მამა დავით ევბეელი წაიყვანა თავის ეპარქიაში. იქ იგი მღვდლად აკურთხა. მამა დავითს ეპისკოპოსობაც შესთავაზეს, მაგრამ უარყო ეს წინადადება, რადგან იგი თავმდაბალი იყო.

მოძღვარმა საქმეზე გაგზავნა ღირსი მამა დავითი ართაში. იგი ფეხშიშველი ბრძანდებოდა. გზაზე მას გლახაკთმოყვარე და უფლისმოყვარე დიდგვაროვანი შეხვდა. მან უყიდა წმიდა მამას ფეხსაცმელი. მამა დავითმა მორჩილებით მიიღო საჩუქარი და ჩაიცვა ეს ფეხსაცმელი. მან აღასრულა მოძღვრის დავალება და კვლავ დაბრუნდა ნავფაქტში.

- ვინ მოგცა შენ ფეხსაცმელი? – ჰკითხა მამა აკაკიმ.

- ერთმა კეთილკრძალულმა არისტოკრატმა მაჩუქა, - მიუგო მამა დავითმა.

- ეს არის შენი მორჩილება? – განურისხდა მას ეპისკოპოსი, - რატომ არ დაბრუნდი ისევ ფეხშიშველი, როგორც წახვედი? რატომ შეიბრალე შენი თავი? გაიქეცი, დააბრუნე ფეხსაცმელი. მე გაკისრებ ამ ეპიტემიას. უკან ფეხშიშველი დაბრუნდი.

მე ამას გავალებ, რათა აღარაფერი არ გადაწყვიტო კურთხევის გარეშე!

მორჩილი დავითი მოძღვარს სიხარულით დაეთანხმა და ეს რთული კანონი უდრტვინველად შეასრულა.

მამა დავითმა დაუბრუნა დიდგვაროვანს ფეხსაცმელი და ფეხშიშველა დაბრუნდა თავის სავანეში. მამა აკაკი უსაზღვრო სიხარულით მიეგება მორჩილ სულიერ შვილს და დალოცა იგი როგორც უფლის ჭეშმარიტი მსახური, როგორც ძე მორჩილების.

ადგილობრივმა წარმომადგენლებმა იხილეს რა ღირსი დავითის სათნოებანი, მოისურვეს მისი კურთხევა ვარნაკოვის ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად. ღირსმა მამამ მიიღო ეს წინადადება.

ახალ ასპარეზზე მან წარმოაჩინა ჭეშმარიტი სულიერი მამის და სამონაზვნო ცხოვრების სანიმუშო თვისებები. ვარნაკოვაში ჩამოვიდა პატრიარქი იერემია, ბრძენ რიტორ ემანუელთან ერთად. ტაძარში დავითი პროსკომიდიას აღასრულებდა. ამ დროს ემანუელი ტაძარში შევიდა და იხილა მამა დავითი. ის გაბრწყინებული იყო ღვთაებრივი ნათელით და მიწის სიმაღლიდან ზეაწეული იყო ერთი არშინის სიმაღლეზე. ემანუელი წავიდა პატრიარქის მოსაყვანად, მაგრამ ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო. მხოლოდ მამა დავით ევბეელი აცრემლებული სახით დახვდა მას. პატრიარქმა კვლავ შესთავაზა მას ეპისკოპოსობა და კვლავ უარი მიიღო.

მამა დავითი უკმაყოფილო იყო ბერების საქციელით. მან მიატოვა ვარნაკოვი და სულიწმინდის მადლით გაემართა სტირის მთაზე, რომელიც ჰელიკონის და პარნასისის მთებს შორის მდებარეობს. აქ მან პატარა მონასტერი დააარსა. შეგროვდა ბერების საკმარისი რიცხვიც. ისინი უფალს ადიდებდნენ და ცხოვრობდნენ სახარებისეული წესებით. მაგრამ ბოროტმა როდი შეწყვიტა თავისი ხრიკები, ხოლო მამა დავითი კლდესავით შეურყეველი იდგა, “განგებულად აღვსებისა მის ჟამთაისა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაი იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა” (ეფესელთა 1.10). მამა დავითს სრულებით არ ეშინოდა სატანის ხაფანგის. ერთხელ იგი უსამართლოდ დაადანაშაულეს ლიბანიის აგარიანელი მმართველის მონების გაქცევაში მონაწილეობის მიღებაში.

ამის გამო წმინდანი სცემეს ჯოხებით და ჩააგდეს ციხეში. ტანჯვამ ვერ დათრგუნა წმინდა მამა, იგი უფლის ხორციელი ძმის, იაკობის, სიტყვებით იხარებდა: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შეხვდეთ პირად-პირადსა” (იაკობი 1.2).

ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა გამოისყიდეს და გაათავისუფლეს წმინდა მამა.

მამა დავითმა გადაწყვიტა, აღარ დაბრუნებულიყო სთირის მთაზე. მან ბევრი იმოგზაურა, გადაიტანა მრავალი ტანჯვა და უბედურება, მრავალი რამ მოითმინა ბარბაროსებისაგან, ბოროტი ადამიანებისგან და ბოლოს მიაღწია კუნძულ ევბეას.

ზიტუნში (ახლანდელი ლამია) წმინდანი გზად შეხვდა ერთ აგარიანელს, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ მას ზურგზე კვერთხი დაჰკრა. წმინდანს არაფერი უთქვამს, აგარიანელს კი ხელი გაუხმა და უძრავად დაეკიდა. იგი მწარედ მოთქვამდა და განკურნებას ითხოვდა. ღირსმა დავითმა ილოცა: “დაე, უფლის ძალით განიკურნოს შენი ხელი და გახდეს ისეთი, როგორიც იყო.” და, ჰოი, სასწაული, ხელი განიკურნა.

აგარიანელებში გავრცელდა ეს ამბავი. მორჩენილმა წმინდანს მადლიერების ნიშნად ბევრი ფული შესთავაზა, მაგრამ ღირსმა უკან დაუბრუნა და უთხრა: “წადი, ეგ ფული მოძმეებს მიეცი და არასდროს ბოროტება აღარ ჩაიდინო.” ასე განადიდა ყოვლადმოწყალე უფალმა წმინდა დავითი. როგორც უფალ იესო ქრისტეს ერთგული მონა და ჩინებული მსახური, იგი სასწაულებს ახდენდა მორწმუნეთათვის და ურწმუნოთათვის. წმინდანს თავის მონასტერშიც დიდი აღიარება და პატივისცემა ჰქონდა. ის ბერები, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ, შემკულნი იყვნენ მრავალი ნიჭით. აი, ორი ამბავი, რომელიც ადასტურებს ღირსი დავითის მიერ მონასტრის საუკეთესო წინამძღვრობას.

ერთი იეროდიაკვანი წარმოშობით ზიტუნიდან, მონასტრის მკვიდრი იყო. მას მდიდარი და კეთილშობილი მშობლები ჰყავდა. წმინდანი ამ დიაკვანს არასდროს აძლევდა უფლებას, რომ ახალი სამოსი ეტარებინა, მხოლოდ უბრალოს და ღარიბულს აცმევდა. ერთხელ იეროდიაკვანი მშობლების სანახავად წავიდა. მონასტერში დაბრუნდა ახალ სამოსში ბრწყინვალედ გამოწყობილი, რითაც ადასტურებდა, რომ მდიდარი და კეთილშობილი ოჯახიდან იყო. როგორც კი ღირსმა დავითმა ის დაინახა, მაშინვე უთხრა: “დიაკვანო, რატომ უგულებელყავი სიმდაბლის შესამოსელი და გამოეწყვე ამაყურ სამოსში? ორ დემონს ვხედავ შენს მხრებზე.” დიაკვანი შეშინდა, წმინდანის ფეხებთან დაეცა და პატიება ითხოვა. ღირსმა მამამ მიმართა: “სასწრაფოდ გაიხადე და ცეცხლში ჩააგდე, კვლავ ჩაიცვი სიმდაბლის შესამოსელი და მხოლოდ მაშინ მიიღებ შენდობას.” დიაკვანმა მაშინვე აღასრულა ბრძანება და მისი მორჩილების მნახველი დემონები შერცხვენილნი გაიქცნენ.

სხვა შემთხვევაში, როდესაც ბერმა ქრისტეფორემ, (შემდგომში წმინდანის ბიოგრაფი), მონასტრიდან წასვლის შესახებ ეშმაკის მიერ შეთავაზებული წინადადება მიიღო, (უკვე მიდიოდა კიდეც სხვა ბერთან ერთად), ღირსმა დავითმა წინასწარხედვის ნიჭით გაიგო ბერის მიზანი, მიიჭრა მონასტრის კართან და დროულად შეაჩერა ისინი. წმინდანი ესაუბრა ბერ ქრისტეფორეს დიდი ტაქტითა და სიყვარულით. ბერი ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა ითხოვა. ღირსმა მამამ თანაგრძნობით დალოცა და ბოროტი აზრებისაგან გაათავისუფლა. ბერი დარჩა და მშვიდად ცხოვრობდა მონასტერში.

სასწაულებრივი იყო საშუალება, რომლითაც მამა დავითმა იმგზავრა ქალაქ ატლანტიდან რობიამდე.

როდესაც დავითმა ატლანტის სანაპიტოს მიაღწია, სთხოვა მენავეს გადაეყვანა მეორე მხარეზე. მენავემ რომ დაინახა, ღირს მამას ღარიბული ტანსაცმელი ემოსა, გადაყვანაზე უარი უთხრა. მამა დავითმა არ გამოთქვა უკმაყოფილება, გაიძრო შესამოსელი, განერთხა ზღვის წყალზე, გამოსახა მასზე ჯვარი, ილოცა, ნაჭერზე მოეწყო, როგორც ნავზე და დაიწყო მგზავრობა.

მენავემ, რომელმაც იხილა ღირსი მამა, წამოიძახა: “- დიახ, ეს ის ბერია, რომელსაც უარი ვუთხარი, ის კი წმინდანი აღმოჩნდა!” მენავემ დაიწყო შორიდან ყვირილი: "მოდი, მამაო, მოდი, წაგიყვანო!”

წმინდანმა გაიგო მენავის ძახილი, აკურთხა იგი და განაკრძო საოცარი მგზავრობა, სანამ ჩრდილოეთ ევბეას არ მიადგა.

ის გადმოვიდა რობიაში, ავიდა მაღლა მთაში, სადაც ამჟამად მისი სახელობის მონასტერია. იქ იყო მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ნახევრადდანგრეული ტაძარი. მასთან შორიახლო მდებარე გამოქვაბულში დასახლდა წმინდა მამა.

მრავალმა ქრისტეანმა დაიწყო სვლა, რათა ეხილათ იგი, მოესმინათ მისთვის. მათ, ვისაც სურდა მონოზნური ღვაწლით ცხონება, შეიტყვეს მისი მოღვაწეობის შესახებ და ისწრაფოდნენ, მოედრიკათ მუხლი მის წინაშე და მონოზვნურ ცხოვრებას შესდგომოდნენ.

გაჩნდა მონასტრის მშენებლობის მოთხოვნილება. ალბათ, ღირსი მამის სურვილიც ეს იყო, მაგრამ მამა დავითს არ გააჩნდა ამისთვის საჭირო თანხა. მან შეკრიბა ხელოსნები, მიუთითა ადგილი, სადაც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო – მთის მწვერვალზე, ფერისცვალების დანგრეული ტაძრის ზევით. მოატანინა მუშებს სამშენებლო მასალა (ქვა, აზბესტი, ცემენტი), ხოლო თვითონ გაემგზავრა თანხის შესაგროვებლად. ეს ის დრო იყო, როდესაც ბერძნებზე თურქები იყვნენ გაბატონებული.

მამა დავითმა შემოიარა მთელი ქვეყანა. რუსეთშიც კი გაემგზავრა. იქაურმა ქრისტიანებმა დიდძალი საგანძული და ფასიანი ძღვენი შემოსწირეს მონასტრის მშენებლობას, მაგრამ მამა დავითი საგონებელში ჩავარდა: როგორ უნდა გადაეტანა მთელი ეს ქონება. უფალმა გაუნათა მას გონება. ღირსმა მამამ ამოჰკვეთა ხის დიდ მორში ხვრელი, მოათავსა მთელი შემოწირულობა და თანხა, კარგად დაგმარა ფუღურო, პირჯვარი გადასახა, ერთ-ერთ რუსულ მდინარეში ჩააგდო, ილოცა და დასძინა: “სანამ კუნძულ ევბეამდე მივაღწევ, დაე, ეს მორი განძითურთ აღმოჩნდეს სოფელ რობიას სანაპიროზე.”

მრავალი წიგნი დაიწერა, რათა აღწერილიყო ღირსი მამის სიყვარული, რწმენა, სულიერი მსხვერპლი, მისი სიტყვის ძალა, ადამიანის გულში შესვლა და გულის დამუშავება, მისი მოწყალება სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებისადმი.

აი, მაგალითად:

ერთხელ მონასტერში მივიდა ღარიბი აგარიანელი, ევბეის მცხოვრები. როცა ის ღირსმა მამამ დაინახა, შეეცოდა და ეკონომოსს უბრძანა, მიეცა ტანსაცმელი, ახალი ფეხსაცმელი, აგრეთვე საკვები მისთვის და ოჯახისათვის. ასეთი მოწყალების უნარი გააჩნდა წმინდანს.

სხვა მრავალ შემთხვევათა შორის მისი ცხოვრების აღმწერელი გვამცნობს ასეთ ამბავსაც:

მონასტერში მივიდა ოთხი მოხუცებული მეზობელი სოფლიდან, როვიევიდან. წმინდანმა ჰკითხა მათ: “რისთვის მოხვედით, ძმებო?” მათ უპასუხეს: “ჩვენ, წმინდა მამაო, ღარიბი მოხუცებულნი მოვედით აქ, რათა შენ გადაგვარჩინო სულიერად და ფიზიკურად.” “ღირსმა დავითმა ისინი სიხარულით მიიღო, დაუდგინა ცხოვრების განმარტოებული წესი და მონაზვნებად აღკვეცა. ზოგიერთმა ბერმა მამა დავითს უთხრა: “მამაო, მონასტრისთვის საზიანოა მათი აქ ყოფნა, რადგან ხანდაზმულები არიან და აქვთ ვალები, მათ გამო ჩვენ ბევრი უსიამოვნება შეგვხვდება.”

წმინდანმა უპასუხა: “თქვენ სადაც გნებავთ, წადით, ეს საბრალონი კი აქ დატოვეთ, რადგან მონასტერი უფლისაა და ღარიბებსა და მრევლს იღებს.” ასე ცხოვრობდნენ მონასტერში ეს ღირსი მოხუცები და განთავისუფლდნენ მწუხარებისაგან, სიღატაკისაგან, უმძიმესი ვალისაგან და, რაც მთავარია, მოღვაწეობდნენ სულის გადასარჩენად.

ბევრი სასწაული აღასრულა ღირსმა დავითმა სიცოცხლეში უფლის შეწევნით. აი, ზოგიერთი მათგანი, რომელსაც გვამცნობს მისი ბიოგრაფი:

ერთხელ, ზაფხულში, წმინდანი მონასტრის საქმეებზე კარისტოში წავიდა. გზად შეჩერდა სოფელ დისტოში, სადაც ძალიან ბევრი კოღო იყო. მათგან ხალხს ძილი და მოსვენება არ ჰქონდა, ზოგი გამოქვაბულებში, ზოგი კი მთაში გარბოდა. როგორც კი წმინდანის მოსვლის შესახებ შეიტყვეს, სოფლის მცხოვრებნი გარეთ გამოცვივდნენ, მის ფეხებთან დაეცნენ და სთხოვეს ლოცვა უფლის მიმართ, რათა განთავისუფლებულიყვნენ კოღოებისგან. ღირსმა დავითმა იხილა რა მათი მოკრძალება და ცრემლები, დამოძღვრა და ურჩია, რომ ჰქონოდათ უფლის იმედი. შემდეგ აღაპყრო ხელები, სულიერი მზერა ცისკენ მიმართა და თქვა: “უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შენ, რომელმან ისრაელები იხსენ ფარაონისაგან და აჩუქე მათ აღთქმული მიწა, გაათავისუფლე ეს შენი მონებიც ეშმაკისა და კოღოებისგან, რომლებიც მათ აწამებენ, რათა ადიდონ შენი წმიდა სახელი, რადგან შეწყალების იმედი აქვთ.”

როგორც კი წმინდანმა ლოცვა დაასრულა, მაშინვე, ჰოი, სასწაულო, კოღოები გაფრინდნენ და ზღვაში დაინთქნენ. ყველამ უფალი ადიდა და ამ სასწაულის შესახებ ბევრგან გაიგეს.

სხვა დროს, როცა ღირსი დავითი ელევსინაში იმყოფებოდა, რათა მრევლი დაემოძღვრა. მას მასპინძლობდა ერთი ღვთისმოსავი ქრისტიანი. სუფრაზე სხვა კერძებს შორის იყო ახალდაჭრილი გოგრა, როცა იგი წმინდანმა მიირთვა, საშინელი სიმწარე იგრძნო. მასპინძელი ძლიერ შეწუხდა. ღირსმა მამამ ჩუმად ილოცა, უფალს შეევედრა, რომ მწარე გოგრა ტკბილად გადაქცეულიყო. მართლაც, გოგრა მაშინვე დატკბა. წმინდა დავითმა ოჯახის უფროსს უთხრა: “ახლა მიირთვი, ვინაიდან გოგრა ტკბილია.” ღვთისმოსავმა მასპინძელმა ხმამაღლა ადიდა უფალი და ამ სასწაულის ამბავი ყველას ამცნო.

ნეტარი იღუმენი იაკობი, როდესაც მორწმუნეებს ამ ამბავს უყვებოდა, ამბობდა: “შეხედეთ სარწმუნოებას!” ერთი წუთიდაც კი არ დაფიქრებულა დავითი, ხომ არ შეჩერდებოდა მორი რომელიმე პატარა მდინარეში, შეძლებდა თუ არა კუნძულ ევბეამდე მიღწევას, როდესაც წინ ამდენი მდინარე, ზღვა და ოკეანე ჰქონდა გასავლელი. მას სწამდა, უფლის ხელი აიღებდა განძს და გადაიტანდა რობიაში მონასტრის ასაგებად.

და მართლაც, როდესაც ღირსი დავითი დაბრუნდა რუსეთიდან და რობიამდე მიაღწია, დაინახა მორი, რომელშიც განძი იყო. იგი მას ნაპირზე ელოდა. რობიის მკვიდრნი პირველად ხედავდნენ ასეთ ხეს და მის გახსნას ცდილობდნენ, ხოლო ხე არ იხსნებოდა. ღირსი მამა დავითი მიუახლოვდა მათ და ასე მიმართა: “რას ჩადიხართ, რობიელებო! რად მოგიწადინებიად ამ ხის გახსნა. ეს ხე იმ განძს შეიცავს, რომლითაც ვაპირებ მონასტრის აგებას მაცხოვრის სადიდებლად, რომელმაც თაბორის მთაზე ფერი იცვალა!”

ამის შემდეგ ღირსი მამა ავიდა მთაზე, მუშებსა და ხელოსნებთან. მუშებს უკვე წამოწყებული ჰქონდათ დანგრეული ფერისცვალების ტაძრის გვერდით მონასტრის მშენებლობა, მამა დავითს კი ნაბრძანები ჰქონდა მთის წვერზე აეგოთ მონასტერი.

წმინდანმა გულისტკივილით ჰკითხა მუშებს, “ძმანო, რად დაიწყეთ მონასტრის აშენება აქ და არა მთის წვერზე, სადაც მე თქვენ მიგითითეთ!”

“უფლის მოხუცებულო, ჩვენი რწმენით, მთის მწვერვალზე არ არის წყალი”, - მიუგეს მუშებმა წმინდანს.

“წავიდეთ”, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - “და ვნახოთ, არის თუ არა იქ წყალი.”

წმინდა დავითმა მოიდრიკა მუხლი, ილოცა და ერთ დიდ ხის ფესვებს დაჰკრა კვერთხი. და მსწრაფლ მოხდა სასწაული! მდინარედ ამოჩქეფა წყალმა!

მაშინ ადიდა დავითმა უფალი და თავისი წმინდანი მოხდენილი სასწაულისთვის. ეს წყაროს წყალი სასარგებლოც იყო: ხოლო მუშებმა სასარგებლო გაკვეთილიც მიიღეს ჭკუის სასწავლებლად. მამა დავითმა მისცა მუშებს უფლება, მონასტრის მშენებლობა გაეგრძელებინათ იმ ადგილზე, სადაც წამოიწყეს, იქ, სადაც ამჟამად დავით ევბეელის სავანე მდებარეობს.

მხოლოდ ათას ცხრაას სამოდასამ წელს მამა დავით ევბეელის თანამემამულეების, სამხრეთ ფთიოტიდის ლიბართის სოფლის მაცხოვრებლების პირადი ღვაწლითა და თანხებით გახდა შესაძლებელი ამ წყაროს მონასტერში შეყვანა. ამჟამად მონასტრის ეზოში გადმოჩქებს წყაროები. მათ უწოდებენ “ჰაგიონერი"- ს. ისინი გვახსენებენ უფლის მოხუცებულს, დავით ევბეელს და აგრეთვე ღირს მამის მორჩილებას, რომელიც მან მუშების მიმართ გამოიჩინა.

წმინდა მონასტერი რამდენიმე წელიწადში აშენდა, შეიქმნა საძმო. მამა დავითმა სიბრძნითა და კეთილგონიერებით განაგო ყოველივე. ადამიანის განსაბრძნობად საკმარისი იყო ის მამა დავითის გვერდით ყოფილიყო. მამა დავითმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი, როგორც ბერმონაზვნების დამმოძღვრელმა: მამა დავითის ბიოგრაფი, ბერი ქრისტოფერი, მის თანამოსაგრეთა ზუსტ რიცხვს არ გვისახელებს, სამაგიეროდ, იგი ასახელებს იმ ბერების საკმარის რაოდენობას, რომლებმაც მამა დავითის დარიგებებით წინ წაიწიეს. სულიერ ასპარეზზე მათ შორის იყვნენ: იერომონაზონი ისააკი, იეროდიაკვნები – გერასიმე და იოაკიმე, დიონისე, დანიელი, მონაზვნები – ისაია და იონაკინი. ისინი გამოირჩეოდნენ მრავალგვარი სათნოებებით: ერთნი-მორჩილებით, სხვანი – მარხულობით, ზოგნი – დამოძღვრის მადლით და სასოწარკვეთილთა ნუგეშით, ან კიდევ დაჯილდოებული იყვნენ მასწავლებლობის მადლით. ეს მონაზვნები თურქების ბატონობის უმძიმეს ჟამს შეასწავლიდნენ მშობლიურ ენას, წერა-კითხვას მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს.

ღირსი მამა დავით ევბეელის განსაკუთრებულ სულიერ დიდებას წარმოადგენდა სხვა ადამიანებისთვის გადაეცა ზეციდან, უფლისგან შენდობის მიღების წყურვილი. ამის გამო იზრდებოდა მონასტერში მისული იმ ხალხის რიცხვი, რომელთაც აღსარების თქმა სწყუროდა.

ღირსმა დავითმა იმდენად გაითქვა სახელი, რომ ბევრი მღვდელმთავარი იწვევდა მას თავის ეპარქიაში ქრისტიანთა დასამოძღვრად და წმინდანიც, როგორც იესო ქრისტეს ერთგული მსახური და მორჩილი მოწაფე, შორი მანძილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ მიდიოდა პატივისცემითა და გულმოდგინებით. ის არ ლაპარაკობდა არც თავისი სიბერის, არც სხეულის შესახებ, რომელიც იყო დაუძლურებული და გამომშრალი მარხვებით, და მძიმე განცდებით. თუმცა მოხუცი იყო, მამა დავითმა უარი არ თქვა პელოპონესში წასვლაზე, სადაც მღვდელმთავრებს უთანხმოება ჰქონდათ. მათ მოუხმეს წმინდა მამას, რათა შეერიგებინა ისინი. მაგრამ როდესაც ის მიცურავდა გემით ტალანდის მეორე ნაპირისაკენ, მოულოდნელად ამოვარდა ქარიშხალი და ხომალდი დაიღუპა. მოწაფეები, რომლებიც ახლდნენ წმინდა მამას, ღვთის შეწევნით გადარჩნენ. ერთმა გაცურა, მეორე კი ფიცარს ჩაეჭიდა. თავად წმინდა მამა აღმოჩნდა წყლის სიღრმეში, მაგრამ ღვთის წყალობით, ამოვიდა წყლის ზედაპირზე მკვდარივით განრთხმული. და მაშინ, როდესაც მისი მოწაფეები გამოვიდნენ ნაპირზე, ღრმად დამწუხრებულნი და მწარედ მოტირალნი თავიანთი სულიერი მოძღვრის დაღუპვის გამო, უეცრად დაინახეს იგი, 9 საათის შემდეგ ცოცხალი, ზღვის ზედაპირზე. მალე, სასწაულებრივად, ის აღმოჩნდა მათ შორის. ყველამ ადიდა უფალი ამ უდიდესი სასწაულის გამო.

შემდეგ მივიდნენ ისინი პელოპონესში და წმინდა მამამ განახორციელა თავისი მოგზაურობის მიზანი, სულიერი სწავლებითა და დამოძღვრით შეირიგა ისინი, ვინც მოხიბლულნი იყვნენ მზაკვარი ველიარის მიერ და მიანიჭა დიდი სიხარული და სულიერი სიმხიარულე ყველა ქრისტიანს იმ არემარეში. შემდეგ იგი დაბრუნდა თავის მოწაფეებთან ერთად წმინდა მონასტერში.

მისმა მონასტერმა მოიპოვა საყოველთაო აღიარება და პატივისცემა, იგი მუდამ იდგა მაღალ დონეზე.

ღმრთის მადლითა და წყალობით – როგორც პასუხი მის გამუდმებულ ლოცვაზე – მთელი თავისი ცხოვრებითა და სწავლებით წმინდა ბერმა დავითმა გადასცა მრავალი თავისი სათნოება ძმობას.

ქრისტიანები, რომლებიც მიდიოდნენ სავანეში, პოვებდნენ ნუგეშს, სიმშვიდეს და მატერიალურ დახმარებას, თუ სიდუხჭირეში იყვნენ. ხანდახან იმდენი ღატაკი მიდიოდა, რომ მამებს უხაროდათ, იმ ღამეებში მშივრები რომ უნდა დაწოლიყვნენ მაგრამ ისინი სხვაგვარად იყვნენ მაძღრები. მორწმუნეებმა მონასტერს შეარქვეს “მოწყალების მონასტერი”.

როდესაც ღირსმა დავითმა მიაღწია დაახლოებით სამოცდაათ წელს, ის უკვე აღარ ატარებდა ყველა დღეს მონასტერში. მან დანიშნა სხვა იღუმენი, ძალიან გონიერი, შემკული მოძღვრობის მადლით, სიბრძნითა და მორჩილებით. თვითონ მამა დავითი კი იღებდა საცეცხლურს, ეპიტრაქილს და ორშაბათ დღეს მიდიოდა მონასტრიდან თავის სკიტში. ეს იყო ბუნებრივი გამოქვაბული მონასტრიდან რამოდენიმე კილომეტრშში. იქ ცხოვრობდა მთელი კვირა და ლოცულობდა მოკრძალებით, გულაჩუყებით და ღვთის შიშით. თან წმინდა მამას მიჰქონდა მხოლოდ ანტიდორი და ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი. შაბათ საღამოს ის ბრუნდებოდა მონასტერში. მამები ხვდებოდენ მას მონასტერთან ბაირაღებით, საკმევლის კმევითა და ზარების რეკვით. დილით, კვირას, იგი წირავდა და ეზიარებოდა (საღმრთო) წმინდა საიდუმლოებას. მამა დავითი საღვრთო ლიტურგიის შემდეგ დიდი სიყვარულითა და თავმდაბლობით მოძღვრავდა, უთანაგრძნობდა, ანუგეშებდა და ამხნევებდა ქრისტიანებს, რომლებიც მოდიოდნენ მონასტერში. ასწავლიდა მამებსაც, ორშაბათ დილით კი იგი კვლავ მიდიოდა გამოქვაბულში.

მამა დავითი მოავლინა ღმერთმა სასწაულქმედების უშრეტ წყაროდ, მისი მონასტერი კი მართმადიდებლობის ელვარე შუქურად და ყველანაირი კურნების წყაროდ.

ღირსმა მამამ, უკვე ღრმა სიბერეში, იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალება. მან მოიხმო თავისი მოწაფეები, მისცა რჩევები და ამცნო თავისი მომავალი სიკვდილის შესახებ.

მიცვალების წინ მან თქვა: "აი, ძმებო ჩემო, უფალი იესო ქრისტე მოვიდა!” – და მაშინვე, როგორც წმინდანმა, მიაბარა სული უფალს.

მოწაფეებმა მდუღარე ცრემლებით და დიდი მწუხარებით მიაბარეს მიწას ბერის სხეული. ეს მოხდა პირველ ნოემბერს.

მრავალი მორწმუნე ოთხას ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ღირსი მამის სიკვდილის შემდეგ მიდის მის მონასტერში, რათა მიიღონ ლოცვა-კურთხევა, განთავისუფლდნენ პრობლემებისგან და ავადმყოფობისგან, რომლებიც მათ ტანჯავთ, როგორც მეორე სილოამის განსაბანელი.

კურთხეულ არს ღმერთი მადიდებელი წმინდათა თვისთა!




მოუსმინე: