წმიდა მოწამე იოანე (ცნობილია როგორც ნანი) თესალონიკელი ეკუთვნის მაკედონიელ ახალმოწამეთა კრებულს. იგი დაიბადა 1785 წელს ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეს თესალონიკში (სალონიკი), საბერძნეთი.
მამა იოანე იყო მეწაღე, სოფელ გინიკაკასტროდან. დედა თომაიდა იყო სოფელ კოლოვიდან, პოლიგიროსის მახლობლად, ჰალკიდიკიში. ჰყავდა ძმა თეოდორე.
მოგვიანებით ოჯახი გადასახლდა ქალაქ სმირნაში (ამჟამად იზმირი, თურქეთი), სადაც ძმებმა მამისგან მეწაღეობა ისწავლეს.
ახალგაზრდა და ღვთისმოსავი იოანე თავისუფალ დროს უთმობდა: წმინდა წერილის შესწავლას, წმინდანთა და მოწამეთა ცხოვრებების კითხვას. იგი ძმის დახმარებით კითხულობდა, რადგან თავად წერა-კითხვის უცოდინარი იყო. მოწამეთა ღვაწლით შთაგონებულმა, იოანემ გადაწყვიტა მოეპოვებინა მოწამეობრივი გვირგვინი.
მოწამეთა ღვაწლის მიბაძვით, იოანემ გადაწყვიტა მოეჩვენებინა თავი რწმენაგანდგომილად, რათა შემდეგ სისხლით ჩამოერეცხა თავისი უარყოფა და მოეპოვებინა მოწამეობრივი გვირგვინი.
არავინ გაუფრთხილებია, 1802 წლის სამ მაისს ის, ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად წარსდგა თურქების წინაშე და განაცხადა ისლამის მიღების სურვილი. მამამ, შეშფოთებული მისი დაგვიანებით, დაიწყო მისი ძებნა და მალე შეიტყო საშინელი ამბავი. მან სცადა შვილთან მიღწევა მის გადასარწმუნებლად, მაგრამ ის გარშემორტყმული იყო თურქების ბრბოთი და ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. მაჰმადიანობაში იოანეს დაარქვეს მეჰმეთი, ყველა ნათესავმა ზურგი აქცია მას.
25 მაისს, კვირას, იოანემ ჩაიცვა ქრისტიანული ტანსაცმელი და საჯაროდ აღიარა თავი ქრისტიანად, უარყო ისლამი და თავისი მუსულმანური სახელი. ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯებოდა და გაოცებულმა თურქებმა შეიპყრეს მოწამე. დიდხანს ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, ჰპირდებოდნენ სიმდიდრესა და პატივს, ეუბნებოდნენ, რომ მეჰმეთს შეეძლო თავისუფლად დაეტოვებინა სასამართლო, მაგრამ არა იოანეს. მაგრამ არც დაპირებები, არც მუქარა არ მოქმედებდა ჭაბუკზე. ბოლოს, მათ გაუგზავნეს მის მამას, რათა მას გადაეთქმევინებინა შვილისთვის და ეხსნა იგი სიკვდილისგან, მაგრამ მამამ უარი თქვა გამოცხადებაზე, ეშინოდა რა შვილის ახალი უარყოფისა, მან თქვა, რომ მათ შორის აღარ არსებობდა არანაირი ურთიერთობა.
1802 წლის 29 მაისს იოანეს თავი მოჰკვეთეს ქალაქის ბაზრის მოედანზე, ხალხის დიდი თავყრილობის თანდასწრებით.
ამ წმინდანის წამება აღწერა მღვდელმონაზონმა ნიკიფორე ქიოსელმა.
ჟურნალი „კარიბჭე"