მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მაისი :.


ძველით: 27 მაისი
ახლით: 9 ივნისი


† ღირსი მიქაელ პარეხელი (VII-IX)


ტროპარი ხმა 8: მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა ძლიერად იღუაწე უვალსა უდაბნოსა შინა, ღმრთივ-გონიერო, საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისაითა იოტენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო მიქაელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი ხმა 4: სოფლისა ზღუა, ბოროტად აღძრული ღელვითა ცოდვისათა დაუტევე სიბრძნითა და უდაბნოსა დამკვიდრებული ეგე, შრომასა ზედა შრომასა შესძინებდი, მოუკლებელითა ლოცვითა და მდაბლითა სლვითა სრულ-იქმენ და სასწაულთმოქმედებისა ნიჭითა იდიდე ღმრთისაგან. ღირსო მამაო მიქაელ, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხსენება 5 ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

წმიდა ბასილი ზარზმელის (ხსენება 5 ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.





მოუსმინე: