ტროპარი ხმა 8: ქრისტე, ღმერთი შენი, მხურვალედ შეიყუარე, სამეუფონი პატივნი და საფასენი დაუტევენ და ჯუარი აღიღე ქედსა ზედა, ღირსო მამაო, ღუაწლითა შრომისაითა მოაკუდინე ხორცთა ბრძნობანი და განწმედილი ეგე, სუფევისა უხრწნელითა გვირგვინითა შეიმკვე ღმრთისაგან. მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.
წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ მეოთხის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“...
ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხსენება 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხსენება 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაი...“
შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთვიმესნი“.
საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.