ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.
ტროპარი, ხმა 4: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი, ხმა 2: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს კალენდრით თოთხმეტ იანვარს, ხოლო გრიგორიანული კალენდრით ოცდაშვიდ იანვარს.
როგორ შემოვიდა წმიდა ნინო საქართველოში?
წმიდა წერილში ესაია წინასწარმეტყველი ორმოცდამეერთე თავის მეათე მუხლში გვამცნობს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ". სწორედ ეს ღვთის სიტყვა იყო ნინოს გზის სანათებელი, როდესაც იგი რომიდან გაემგზავრა უცნობი ქვეყნისკენ — ივერიისკენ.
წარმოიდგინეთ ეს სურათი: ახალგაზრდა ქალი, მარტო, მიდის უცხო ქვეყანაში. არ იცის ენა, არ იცის გზა, არ აქვს არავითარი ძალაუფლება, არავითარი მხარდაჭერა. მაგრამ აქვს ერთი რამ — ურყევი რწმენა ქრისტეში!
წმიდა ნინო არ შემოსულა დიდი ჯარით, არ ყოფილა შეიარაღებული, არ ყოფილა მდიდარი. იგი შემოვიდა ლოცვით, ცრემლით და სიყვარულით. მისი იარაღი იყო ჯვარი, რომელიც წმიდა მარიამმა უკურთხა; მისი ძალა იყო სულიწმიდის მადლი; მისი გზა იყო ვნებისა და თავგანწირვის გზა.
რა მოიტანა წმიდა ნინოს შემოსვლამ საქართველოში?
მან მოიტანა სინათლე ბნელში მყოფთათვის.
იმ დროს საქართველოში იყო კერპთაყვანისმცემლობა, იყო სულიერი სიბნელე. ნინომ მოიტანა ქრისტეს ნათელი, რომელმაც განანათლა ჩვენი ქვეყანა.
„ქრისტე არის ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს, რომელი მოვიდეს ამ ქვეყნად" (იოანე 1, 9)
მან მოიტანა ჭეშმარიტება ცრურწმენის ნაცვლად.
ნინომ არ დაანგრია კერპები ძალით — მან ლოცვით და ქადაგებით აჩვენა, რომ კერპები მკვდარია, ხოლო ქრისტე არის ცოცხალი ღმერთი.
მან მოიტანა სიყვარული შიშის ნაცვლად.
კერპთაყვანისმცემლობაში ადამიანი შიშით ემსახურებოდა ღმერთს. ნინომ კი გვასწავლა, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულით უნდა ვემსახუროთ მას.
რა მაგალითის აღება შეიძლება დღევანდელობისთვის წმიდა ნინოს ცხოვრებიდან?
წმიდა ნინოს შემოსვლა საქართველოში მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის — ეს არის ჩვენთვის მაგალითი და შეგონება:
წმიდა ნინო გვასწავლის, რომ ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.
ერთმა ახალგაზრდა ქალმა შეცვალა მთელი ერის ბედი! არა ძალით, არა იარაღით, არა ფულით, — არამედ რწმენით, ლოცვით და სიყვარულით.
„ყოველივე შემიძლიან ქრისტეს მიერ, რომელიც მაძლიერებს მე" (ფილიპელთა 4, 13)
წმიდა ნინოს ცხოვრება გვასწავლის, რომ ღმერთი ირჩევს სუსტს, რათა ძლიერი შერცხვეს.
წმიდა ნინო არ იყო მდიდარი, არ იყო ცნობილი, არ იყო ძლიერი ამ ქვეყნისა, მაგრამ ღმერთმა აირჩია იგი, რადგან მისი გული სავსე იყო რწმენით.
წმიდა ნინო გვასწავლის მორჩილებას ღვთის ნებისადმი.
წმიდა ნინომ დატოვა მშობლიური კაპადოკია, ოჯახი, ყველაფერი ნაცნობი და გაემგზავრა უცნობ ქვეყანაში — მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა უხმო მას.
„აჰა, მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა" (ლუკა 1, 38)
რას მოითხოვს წმიდა ნინო დღეს ჩვენგან?
რწმენის სიმტკიცეს.
წმიდა ნინომ მთელი საქართველო მოაქცია, რადგან მისი რწმენა იყო ურყევი. ჩვენც გვმართებს, რომ ჩვენი რწმენა იყოს არა სიტყვებით, არამედ ცხოვრებით და საქმეებით დადასტურებული.
კიდევ რას მოითხოვს? - ლოცვის ძალას.
ნინო მუდამ ლოცულობდა. იგი ლოცულობდა მაშინაც, როცა გზაზე მიდიოდა; ლოცულობდა მაშინაც, როც კერპებს ამსხვრევდა; ლოცულობდა მაშინაც, როცა მეფესა და დედოფალს უქადაგებდა.
ლოცვა არის ჩვენი სულიერი სუნთქვა!
კიდევ რას მოითხოვს? - სიყვარულს ჩვენი ქვეყნისადმი.
წმიდა ნინომ შეიყვარა საქართველო, როგორც თავისი სამშობლო. მან აქ იცხოვრა, აქ იღვაწა, აქ დაიკრძალა. ჩვენც უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა — არა სიტყვებით, არამედ ლოცვით, შრომით და კეთილი საქმეებით.
კიდევ რას მოითხოვს? - მისიონერულ სულს.
წმიდა ნინო იყო მისიონერი — მან ქრისტე ახარა მთელ საქართველოს. ჩვენც ყველანი მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ ქრისტეს მოწამენი ჩვენს ოჯახებში, სამსახურებში, მეგობრებს შორის.
მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; (მათე 28, 19)
წმიდა ნინომ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა:
მან მოგვცა რწმენა — ჩვენ ვართ ქრისტიანები;
მან მოგვცა ეკლესია — ჩვენ გვაქვს ღვთის სახლი;
მან მოგვცა ნათლობა — ჩვენ ვართ ღვთის შვილები;
მან მოგვცა მაგალითი — თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტესთვის;
ახლა ჩვენი ვალია, რომ ეს მემკვიდრეობა შევინახოთ, გავამრავლოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ.
ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი წინაპრები სისხლით და ცრემლით აშენებდნენ ამ რწმენას. ჩვენი ვალია, რომ ეს რწმენა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავაცოცხლოთ.
ლოცვა წმიდა ნინოს მიმართ
წმიდაო ნინო, მოციქულთასწორო და ქართველთა განმანათლებელო!
შენ, რომელმან ქრისტეს ნათელით განანათლე ღმრთისმშობლის წილხვედრი ერი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის განგვინათლოს გონება, რათა არა მხოლოდ ვიცოდეთ ღვთის ნება, არამედ ვიქმოდეთ მას; განგვამტკიცოს რწმენაში, რათა არ შევძრწუნდეთ განსაცდელებში; შეგვძინოს სიყვარული, რათა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი; დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ერი! რათა შენი მეოხებით ღირსნი შევიქნეთ ქრისტეს სასუფევლისა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.