ეს არის 44 ღირსი მონაზვნის გუნდი, რომლებიც სპარსელთა შემოსევის დროს მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში (მარ-საბა), იერუსალიმის მახლობლად.
614 წელს სპარსეთის შაჰინშაჰმა ხოსრო II-მ (590-628) დაიპყრო პალესტინა და იერუსალიმი. იერუსალიმის აღებამდე ერთი კვირით ადრე, პალესტინელმა ბედუინებმა (ანუ სარკინოზებმა/ბლემიელებმა) ისარგებლეს ქაოსით და თავს დაესხნენ წმიდა საბას ლავრას. ეს მოვლენები დეტალურად აღწერა წმიდა ანტიოქე სტრატიგოსმა (ანტიოქე საბაიტმა), ლავრის მონაზონმა და თვითმხილველმა, თავის ნაშრომში "იერუსალიმის აღება სპარსელთა მიერ".
ბედუინები შეიჭრნენ სავანეში. ბერების უმეტესობამ თავს გაქცევით უშველა. სავანეში მხოლოდ 44 მამა დარჩა, მოხუცებულნი, დიდად მოსაგრენი, თავმდაბალნი და მოწყალენი. ზოგიერთი მათგანი 50-60 წელი სავანიდან არ იყო გასული, თვით წმინდა მიწის მოსალოცადაც კი. ბუნებრივია, არ ისურვეს სავანის დატოვება, რომელიც მათთვის ზეციური სასუფევლის კარიბჭედ იქცა.
ავაზაკებმა ისინი რამდენიმე დღის მანძილზე სასტიკად აწამეს და განძეულის სამალავის გათქმას ითხოვდნენ. მაგრამ, ბერებისაგან ვერაფერი გაიგეს. მაშინ განრისხებულმა სარკინოზებმა 44 ღირსი მამა ასო-ასო აქნეს. იერუსალიმის აღების შემდეგ არაბეთში დამალული მონაზვნები ლავრაში დაბრუნდნენ და იქ რაც იხილეს, გული უზომო მწუხარებით აევსოთ. ლავრაში მობრძანდა წმინდა მოდესტი (ხსენება 16 დეკემბერს) რომელიც პატრიარქის არყოფნაში იერუსალიმის ეკლესიას ხელმძღვანელობდა. მან საკუთარი ცრემლებით განბანა ახალმოწამეთა დაკუწული სხეულები და წმინდა მამათა საძვალეს შეუერთა. ადიდა ღმერთი, რომელმაც ამგვარად დააგვირგვინა ღირს მამათა ღვაწლი. შემდეგ კი მონასტერში დარჩენილ მონაზვნებს მოუწოდა, არაფრისდიდებით არ მიეტოვებინათ წმინდა სავანე და, მიხედავად საფრთხისა, მტკიცედ დაეთმინათ თავს მოწეული განსაცდელი. მამები დაემორჩილნენ მის ბრძანებას, თუმცა ორი თვის შემდეგ, როცა მონასტერს ბარბაროსების თავდასხმა დაემუქრა, მონაზვნებმა წმინდა ათანასე დიდის მონასტერს შეაფარეს თავი, სადაც ორი წელი დაჰყვეს.
ჟურნალი „კარიბჭე"