ტროპარი, ხმა 8: ნიში ჯუარისა შენისა, უფალო, უფროის მზისა გამობრწყინდა აწ, რომელი იგი ვიდრე მთით წმიდით ადგილადმდე თხემისა განვრცომილ იყო და ამისა მიერ ძლიერებასა შენსა საცნაურ ყოფდა, მაცხოვარ; ამის მიერვე განაძლიერენ მორწმუნენი მთავრობაი და მხედრობაი ჩუენი, რომელნი მშვიდობით შეზღუდენ მარადის მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი, ხმა 4: განმხმელმან ცათა დახშულთამან ცათა ზედა ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი ქუეყანასა შინა გამოაბრწყინვა ჯუარმან ყოვლადწმიდამან; ამისთვის რომელთა შევიწყნარეთ მაცხოვარებაი მოქმედებისა მისისა დაუალისა მიმართ ნათლისა განსწავლულ ვიქმნენით, და ბრძოლასა შინა გუაქვს საჭურველად მშვიდობისა უძლეველი იგი საძლეველი ჯუარი ყოვლადძლიერი.
პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანცი, რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო. წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი ხალხი. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის მთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად.
ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი აცნობა იმპერატორ კონსტანცს და მოუწოდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. ძველი ეკლესიის მეისტორიე სოზომენეს გადმოცემით, წმიდა ჯვრის ცაზე გამოსახვის სასწაულით მრავალი იუდეველი და ელინი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.