ტროპარი, ხმა 1: ღირსად ცხორებისა თქუენისა მიერ სჯულიერისა ღუაწლისა სახე წრფელი უჩუენეთ შემდგომად თქუენსა უდაბნოსა დამკვიდრებულთა მოსაგრეთა და ჭეშმარიტი მონებაი ღმრთისა ასწავეთ მათ, ღირსნო მამანო, მიქაელ და არსენი, ევედრეთ ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 8: უვალსა უდაბნოსა დამკვიდრებულთა, მარხვითა, მღვიძარებითა, ზედგომით ლოცვითა, მრავლითა მუხლთმოდრეკითა და წმიდისა წერილისა მოუწყინებელითა კითხვითა განვლეთ ცხორებაი თქუენი და ზედაის-ზედა განსაცდელთა მტერთაგან უხილავთა მხნედ დაითმენდით, ღირსნო მამანო, მნათობნო ღმრთივ-ბრწყინვალენო, მოგვიხსენეთ ჩუენ, მაქებელნი ღუაწლისა თქუენისანი.
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხსენება 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.
ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი წარმუნოებაჲ უპყრიეს“. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“
ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხსენება 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხსენება 13 მაისს).
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.