ტროპარი, ხმა 3: სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 2: მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმინდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ. ერთხელ ბავშვები ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ და ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად" აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქმა ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას.
წმიდა ათანასე ჯერ მკითხველად დაადგინეს, შემდეგ კი დიაკვნადაც აკურთხეს. ამ დროს დაწერა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ" და „განხორციელებისათვის".
325 წელს, დიაკვნის ხარისხში, მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე, სადაც ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა". ეს სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, ხოლო აშკარა და ფარულმა არიანელებმა მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას.
წმიდა პატრიარქ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, 28 წლის ათანასე ერთსულოვნად აირჩიეს მღვდელმთავრის კათედრაზე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა.
წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 47 წლის მანძილზე (325-373 წლებში) განაგებდა სამწყსოს წმიდა ათანასე. ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა:
რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან;
ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი;
20 წელი იმყოფებოდა დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა;
იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი", მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს.
არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს, მაგრამ ის მაინც წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
წმიდა მღვდელმთავრის მიერ შექმნილი თხზულებებიდან შემონახულია:
ოთხი სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ;
ეპისტოლე ეპიქტეტეს, კორინთოს ეპისკოპოსს, ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებაზე;
ოთხი ეპისტოლე სერაპიონისადმი, თმუის ეპისკოპოსს, წმიდა სულის შესახებ;
„წარმართთა წინააღმდეგ";
„განხორციელებისათვის";
წმიდა წერილის კომენტარები;
წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება – რომლის წაკითხვაც წმიდა იოანე ოქროპირმა ყველა მართლმადიდებელს ურჩია;
როდესაც იულიანე განდგომილმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს სურდა მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა იულიანემ უკანასკნელად შესძახა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"
იულიანეს სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე კიდევ 7 წელი მართავდა სამწყსოს და 373 წელს, 76 წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
18 (31) იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად იხსენიებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.