ტროპარი, ხმა 4: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ; გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი, ხმა 8: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული — ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საიდუმლოა, რადგან იგი აღნიშნავს იმ მომენტს, როდესაც ღვთის განგებულება რეალურ ისტორიაში ხორციელდება: უსხეულო ღმერთი ხორცს შეისხამს.
ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“ (ლკ. 1,28). მარიამი შეძრწუნდა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ (ლკ. 1,29). ზაქარია ურწმუნოების გამო არ ენდო მთავარანგელოზის სიტყვებს და დაისაჯა, მარიამი კი სიმდაბლის გამო დაეჭვდა, ამიტომ ზეციურმა მაცნემ კრძალვითა და მოთმინებით განაგრძო მისი დაჯერება: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. იგი თანდათან უცხადებს ქალწულს, თუ ვინ იქნება მისი მუცლის ნაყოფი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდის, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ. 1, 30-33) – მარიამის ძეს ღმერთი აღუთქვამს დავითის საყდარს, ანუ ისრაელის სამეფო ტახტს და იაკობის სახლზე, ანუ ისრაელის თორმეტ ტომზე საუკუნო სუფევას. მარადიული მხოლოდ ღმერთია. იაკობის სახლი კი უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც თავისი ლოცვით, სულით უფალთანაა შეერთებული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა, ამიტომ ღვთისმშობელი კითხულობს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?“ (ლკ. 1, 34). ანგელოზი პასუხობს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“ (ლკ. 1, 35) და ნიშანსაც აძლევს – მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედიც, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. ყოვლადწმიდას სისწორით უნდოდა შეტყობა ღვთის ნებისა, ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, მაგრამ როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა და მიენდო უფალს: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ (ლკ. 1, 38). და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში და მისი ბუნება განწმიდა. რა იარაღითაც ჩვენი დაცემისათვის იღვაწა ეშმაკმა, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. შემთხვევითი არაა, რომ ღვთისმშობელს მარიამი – „განმანათლებელი“ ჰქვია: სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონებანი განანათლა.
უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც 25 მარტს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია, ხარება ეწოდება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.
ხარების დღესასწაულის სულიერი ანალიზის ძირითადი თეოლოგიური ასპექტებია:
1. ღმერთის ინიციატივა, ანუ შემოთავაზება და ადამიანის თავისუფლება, ანუ არჩევანი:
ხარებაში მთავარია დიალოგი ღმერთსა და ადამიანს შორის. მთავარანგელოზი გაბრიელი არ აიძულებს ყოვლადწმიდას, არამედ აწვდის ზეციურ ნებას, ახარებს რა სასიხარულო უწყებას და მხოლოდ ღვთისმშობლის თანხმობის შემთხვევაში ხდება მის წიაღში სამების მეორე პირის განსხეულება.
„აჰა მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა“ - ეს არის თავისუფალი თანხმობა, რომლის სულიერი მნიშვნელობა ასეთია:
ხსნა არ ხდება ძალადობით;
ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას;
ყოველი ადამიანი მოწოდებულია გახდეს ამ დიალოგის მონაწილე.
2. მორჩილება როგორც შემოქმედებითი აქტი:
ღვთისმშობელი მარიამი არ არის პასიური ფიგურა. მისი „დიახ“ არის აქტიური, შემოქმედებითი მორჩილება. ეს მოქმედება სულიერ ჭრილში ასე განიხილება:
მორჩილება არ ნიშნავს თავის დაკარგვას;
მორჩილება ნიშნავს ღვთის ნებასთან თანანებელობას;
სწორედ ამ მორჩილებაში იბადება ახალი რეალობა — ღმერთკაცობა.
3. განკაცების საიდუმლო:
ხარება არის დასაწყისი იმ მოვლენისა, რასაც ეკლესია უწოდებს განკაცებას, რომელიც ნიშნავს:
უხილავი ხდება ხილული;
მარადიული შედის დროში;
ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას, ცოდვის გარეშე.
ამ მოვლენის სულიერი მნიშვნელობა ასეთია: ადამიანური ბუნება განიწმინდება და ამაღლდება — ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ღმერთთან ერთობისა.
4. „ახალი ევა“ — დაცემის საპირისპირო მდგომარეობა:
ეკლესიის მამები ღვთისმშობელს უწოდებენ „ახალ ევას“. პირველი ევა ურჩობით გახდა დაცემის მიზეზი, ხოლო მარიამი მორჩილებით — ხსნის დასაწყისი.
სულიერი თვალსაზრისით ასეთი პარალელი გავავლოთ: ურჩობამ გამოიწვია დაშლა, მორჩილებამ - აღდგენა.
აქ ჩანს ღრმა ანთროპოლოგიური ჭეშმარიტება: ადამიანის არჩევანი განსაზღვრავს მის სულიერ მდგომარეობას.
5. სიხარულის პარადოქსი:
ხარება ნიშნავს „სიხარულის უწყებას“, მაგრამ ეს სიხარული ჯვრის გზასაც მოიცავს.
სულიერი ხედვა ასეთია: ჭეშმარიტი სიხარული არ არის ზედაპირული და იგი მოიცავს მსხვერპლს. ხარება უკვე შეიცავს ვნების და აღდგომის საიდუმლოს.
6. პიროვნული გამოყენება. (ასკეტური განზომილება):
ხარება მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, — იგი ყოველდღიური სულიერი რეალობაა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში:
ღმერთი „აკაკუნებს“, - ადამიანი იძლევა პასუხს, - „დიახ“ ან „არა“, რაც განსაზღვრავს მის სულიერ გზას. ამიტომ ხარება არის:
მოწოდება სიწმინდისკენ;
მოწოდება მორჩილებისკენ;
მოწოდება შინაგან განახლებაზე.
დასკვნა: ხარება არის არა მხოლოდ ერთი მოვლენა, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრების მოდელი: ღმერთის მოწოდება + ადამიანის თავისუფალი თანხმობა = ხსნა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.