კონდაკი: გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.
წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.
ლეონ IV-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე VI-ისა (780-797) და მისი დედის, წმიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.
ამის შემდგომ ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.
იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) მეფობის დროს, წმიდა პატრიარქის (784-806) მიცვალების შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობლად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად ეკურთხა, ბოლოს კი, 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის ლეონ V სომეხის (813-820) ზეობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.
846 წლის ცამეტ მარტს წმიდა პატრიარქის ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
ისტორიული კონტექსტი ასეთია:
იგი პატრიარქად დადგა რვაას ექვს წელს.
იმპერატორ ლეონ მეხუთე სომეხის დროს (813–820 წლები) განახლდა ხატმებრძოლობა.
წმიდა ნიკიფორე მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რის გამოც გადააყენეს და გადაასახლეს პროკონესოსის მონასტერში. (მარმარილოს ზღვის კუნძული). იქვე აღესრულა 828 წელს, როგორც აღმსარებელი.
ნაწილთა აღმოყვანება (846).
ხატმებრძოლობის საბოლოო დამარცხების შემდეგ, მიხეილ მესამის დროს გადაწყდა მისი რეაბილიტაცია. 846 წელს მისი წმიდა ნაწილები დიდი პატივით გადმოასვენეს კონსტანტინოპოლში. ეს მოვლენა იყო მართლმადიდებლობის გამარჯვების სიმბოლო. ხატთაყვანისცემის საბოლოო აღდგენის დადასტურება. (843 წლის „მართლმადიდებლობის ზეიმის“ გაგრძელება)
⛪ მნიშვნელობა ეკლესიისთვის
წმიდა ნიკიფორე აღიარებულია როგორც აღმსარებელი (Confessor), რადგან იტანჯა სარწმუნოებისათვის, თუმცა არ ეწამა.
მისი ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს ჭეშმარიტი სარწმუნოების გამარჯვებას ერესზე, წმინდანთა პატივისცემის აღდგენას და ეკლესიის ერთიანობის განმტკიცებას.
წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება:
1. Apologeticus minor („მცირე აპოლოგია“)
შედარებით მოკლე ტრაქტატი, რომლის მიზანია ხატთაყვანისცემის დაცვა მოკლე, სისტემატური არგუმენტებით.
აქ ხაზგასმულია: ხატის პატივისცემა არ არის კერპთაყვანისცემა - პატივი გადადის პირველსახეზე (prototypon)
2. Apologeticus maior („დიდი აპოლოგია“)
უფრო ვრცელი და საფუძვლიანი ნაშრომი მიმართულია ხატმებრძოლთა დოგმატური არგუმენტების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი თემებია:
ხატის თეოლოგიური საფუძველი განკაცებაში
ეკლესიის გადმოცემა (Traditio)
წმიდა მამების ავტორიტეტი
3. Antirrhetici tres adversus iconomachos („სამი საწინააღმდეგო სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“)
სამი წიგნისგან შემდგარი პოლემიკური შრომა მიმართულია კონკრეტულად ხატმებრძოლი თეოლოგების წინააღმდეგ. ყველაზე მწვავე და დეტალური კრიტიკა სწორედ აქ გვხვდება, სადაც ნიკიფორე:
სისტემურად ამხელს ხატმებრძოლთა ლოგიკურ შეცდომებს;
იცავს ხატის დოგმატურ აუცილებლობას;
განმარტავს ხატისა და პირველსახის ურთიერთობას;
ეს სამი თხზულება წარმოადგენს ხატთაყვანისცემის თეოლოგიური დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საფუძველს, რომელიც საბოლოოდ დამკვიდრდა მართლმადიდებლობის ზეიმის შემდეგ
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.