ტროპარი, ხმა 4: სისხლთა შენთაგან ღებული პორფირი ბრწყინვალე მიუძღუანე მეუფესა ზეცათასა, ქრისტესა, და კრებულსა მას შორის უხორცოთასა განწესებული იხარებ აწ, ღმრთისმოყუარეთა მხედართა სიქადულო და შუენებაო მოწამეთაო, ნეტარო შალვა, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი, ხმა 6: წყობათა შინა მხნე წინამბრძოლი ეგე, აღმსაარებელ სარწმუნო მართლმადიდებლობისა გამოსჩნდი და ეკლესია ქრისტესი მხიარულ-ჰყავ ღუაწლისა შენისა ელვარებითა, კეთილად მძლეო ქრისტეს მოწამეო შალვა, მოგვიხსენენ ჩუენ, მადიდებელნი პატიოსნისა სახსენებელისა შენისანი.
ტროპარი, ხმა 8: მეოხებათა შინა მხურვალეო შემწეო და მთხოველთა მსწრაფლ-მსმენელო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო ახალციხისა მთავარო შალვა, შეიწირე ვედრება ჩუენი, და ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.
კონდაკი, ხმა 2: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სარწმუნოებითა და მძლავრთა უღმრთოებაი ამხილე, ბრწყინვალეო მთავარო შალვა, ვინაიცა გვირგვინი სიმართლისაი ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, წმიდითა მეოხებითა შენითა მიანიჭებ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხსენება 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა.
მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ათას ორას ოთხ წელს ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ. ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი. დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა: როგორც ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო. უკვე ამდენი საუკუნე გავიდა. იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა...
შალვა და მისი ძმა, ივანე, თორის ხეობიდან ყოფილან. ახალციხელებად მოიხსენიებიან მას შემდეგ, რაც მათ წმინდა თამარ მეფემ ახალციხე უბოძა. მრავალ ბრძოლაში ისახელეს თავი ძმებმა, ხმალდახმალ გაივლ-გამოივლიდნენ ხოლმე მტრის ლაშქარში, ჩაჰკაფავდნენ და შეამცირებდნენ ხოლმე ურჯულოთ. "შავლეგ იყო კაი კაცი, კაი და გვარათ აგებულიო," - გვეუბნება ვინმე მელექსე. "შავლეგ ცხენსა მოაფრინდა, როგორც რომ ნიავქარიო", - ამატებს მეორე. ჟამთააღმწერელნი კი შამქორსა თუ ბასიანში მისი ვაჟკაცობის ამბავს ჰყვებიან. ათას ას ოთხმოცდათხუთმეტ წელს შამქორთან აბუ-ბექრ ათაბაგი დაამარცხეს ქართველებმა და აურაცხელი განძი დარჩათ. შალვა ახალციხელმა კი ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ ხახულის მონასტერში ღვთისმშობლის ხატს შესწირა. მისი დიდი წინაპარიც ხომ ასე მოიქცა - დიდგორის ბრძოლიდან გაქცეული დორბეზე სადაყის ძის ქედიდან მოძარცვული პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი გაუგზავნა ხახულის ღვთისმშობელს.
წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა.
სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.
უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.
გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“ დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.
„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაი შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა“, - მხნედ უპასუხა წმიდანმა.
დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცთა ძუელსა კაცსა აღიძარცვი და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.
მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც „აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცუალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მხედარი თვისი, გვირგვინოსანი გვირგვინითა სიმართლისათა“. ეს მოხდა ქრისტეშობიდან ათას ორას ოცდაშვიდ წელს.
ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.