ტროპარი, ხმა 4: „განზრახვაი იგი მტერთაი მხნედ დაამხუე და სჯულიერად იღუაწე სარწმუნოებისათვის, მოწამეო ნეტარო ქაიხოსრო, უხრწნელებისა გვირგვინითა შემკობილო, ზეცისა სავანეთა მკვიდრო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის".
კონდაკი, ხმა 2: ყოვლითა გულითა შენითა ქრისტე, ღმერთი შენი შეიყუარე, ღმრთივგონიერო, აღსრულებასა მისსა ებაძვე და წამებისათვის ჭეშმარიტებისა აგარიანთაგან მოკუდინება თავს-იდევ ახოვნად. ამისთვისცა ვმობთ შენდამი: გიხაროდენ, მოწამეთა ქებაო და დიდებაო.
წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.