მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: ივნისი :.


ძველით: 12 ივნისი
ახლით: 25 ივნისი


† ღირსი მეუდაბნოენი: პაფნუტი, ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლამვონე) და თეოფილე თებაიდელი (IV)


წმიდა მეუდაბნოენი: პაფნუტი, ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე (იგივე ირაკლამვონე) და თეოფილე თებაიდელი, მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე დიდი ასკეტები იყვნენ. მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ძირითადი ცნობები ჩვენამდე მოვიდა წმიდა პაფნუტის მიერ დატოვებული აღწერილობიდან, რომელიც ცნობილია როგორც „წმიდა ონოფრე დიდის ცხოვრება".

წმიდა პაფნუტი, რომელიც ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა, ღრმა უდაბნოში წავიდა, რათა იქ მცხოვრები დიდი მოღვაწეები ეპოვა და მათგან სულიერი სარგებლობა მიეღო. გზად, უდაბნოს შუაგულში, იგი შეხვდა ღირს ტიმოთეს, რომელიც გამოქვაბულში მოსაგრეობდა. ტიმოთემ პაფნუტის უმასპინძლა, დალოცა და უთხრა: „ჩემი სახელი ტიმოთეა; მომიხსენიე, ძმაო, და ილოცე ქრისტე ღმერთისადმი, რომ შემიწყალოს მე საბრალო". მან ასევე ურჩია პაფნუტის, არ დარჩენილიყო იქ, რადგან ვერ გაუძლებდა დემონთა შეტევებს, და სამშვიდობოთ გაისტუმრა იგი.

უდაბნოში მოგზაურობისას, წმიდა ონოფრე დიდის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შემდეგ, პაფნუტი მივიდა ადგილას, რომელიც სამოთხეს ჰგავდა: იქ იყო ცოცხალი წყლის წყარო და ნაყოფიერი ხეები. ამ ადგილას მან ოთხი ბრწყინვალე ჭაბუკი იხილა, რომელთა სახეებიც ღვთიური მადლით ანათებდა და თავიანთი სილამაღით ანგელოზებს ჰგავდნენ.

ესენი იყვნენ: იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლამვონე) და თეოფილე. ისინი წარმოშობით ეგვიპტის ქალაქ ოქსირინქიდან იყვნენ, ქრისტიანი მშობლების — ქალაქის მთავართა შვილები. მშობლებმა ისინი სწავლა-განათლებაზე გაგზავნეს, სადაც ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და სულიერი სიბრძნის შესწავლა დაიწყეს. ღვთის ნების მისაგნებლად, მათ დატოვეს ქვეყანა, შვიდი დღის საკმარი პური და წყალი აიღეს და უდაბნოში შევიდნენ.

უფალმა ბრწყინვალე კაცის (ანგელოზის) ხილვით უხელმძღვანელა ისინი ამ მშვენიერ ადგილას და ხნიერ ბერს ჩააბარა სასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ, მათი მოძღვარი ღვთისას შეუერთდა, ოთხი ჭაბუკი კი მარტო დარჩა. ისინი თითოეული ცალკე გამოქვაბულში დასახლდნენ, მდუმარებაში მოღვაწეობდნენ და მხოლოდ იმ ხეების ნაყოფითა და უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდნენ.

ოთხივე მოღვაწე კვირაში ორჯერ, შაბათობით და კვირაობით, იკრიბებოდა ერთ ადგილას, რათა ერთმანეთი ენახათ და ლოცვაში ეზიარებინათ. ისინი პაფნუტის უამბობდნენ, რომ ყოველ შაბათ-კვირას ღვთიდან მოვლენილი ანგელოზი მათ უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარებდა.

პაფნუტი მათთან შაბათამდე დარჩა. კურთხეულ დღეს მან იგრძნო სასწაულებრივი საკმევლის სურნელი და იხილა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოვიდა და მათ წმიდა ზიარება უბოძა. პაფნუტიც ზიარების ღირსი გახდა. ზიარების შემდეგ, ანგელოზმა პაფნუტის უბრძანა, დაბრუნებულიყო ეგვიპტეში და ძმებისთვის მოეყოლა უდაბნოში ნახული საოცარი სასწაულებისა და წმიდა ონოფრეს ცხოვრების შესახებ. განშორებამდე ოთხმა ღირსმა მამამ პაფნუტის თავიანთი სახელები — იოანე, ანდრია, ირაკლემონე და თეოფილე — უთხრა, რათა ძმებისთვის ეთქვა და ლოცვაში მოეხსენიებინათ.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: