მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 28 იანვარი
ახლით: 10 თებერვალი


ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)


ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმიდა მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.

წმიდა სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.

ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.

წმიდა სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თვისი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმიდა სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „ურიცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არიან სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმიდა გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.


ტექსტი მოამზადა თეა კობახიძემ
„წმიდა 13 ასურელი მამა“, თბილისი, 2006 წ.



მოუსმინე: