მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 
წმინდანთა ცხოვრება

.: იანვარი :.

ძველით: 26 იანვარი
ახლით: 8 თებერვალი

ცხოვრება და ღვაწლი წმინდა კეთილმსახურისა
მეფისა დავით აღმაშენებლისა

„აჰა, ჩუენცა ჴელნი ხრმლად და სულნი ღმრთად“
ქართლის ცხოვრება

XI საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება გართულდა, რისი უშუალო მიზეზიც თურქული მოდგმის ტომების, სელჩუკების გამოჩენა იყო. „დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს“ დამაარსებლის თოღრულ-ბეგის (1038-1063) მემკვიდრემ და საქმის გამგრძელებელმა სულთანმა ალფ-არსლანმა (1063-1072) არაერთგზის დალაშქრა საქართველო (1065-1068წწ.). ქართველები ბაგრატ IV-ის წინამძღოლობით მხნედ ებრძოდნენ მომხდურ მტერს და ცდილობდნენ, რომ თურქ-სელჩუკებს ქართულ მიწაზე ფეხი არ მოეკიდებინათ. ალფ-არსლანი შეცვალა მალიქ შაჰ I-მა (1072-1092), რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა „თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო“. მისი მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალურ ხელისუფლებაზე („დიდ სელჩუკეთზე“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის (1041-1187), რუმის, ანუ კონიის (1077-1307), და სირიის სასულთნოები (1094-1117) და სხვა.

ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში ქვეყანას დაწყნარება არა ჰქონდა. ბაგრატის ძემ, გიორგი II-მ გამეფების (1072/XI) შემდგომ „დაყო მშვიდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი“. 1073 წლის 24/I სატახტო ქალაქ ქუთაისში დაიბადა გიორგი II-სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი დავითი (დავითი ნიშნავს „ყველასათვის საყვარელს“). „შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძინდა, და ჟამსა თჳსსა, ესევითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორკერძო ცხოვრება თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი“.

იმავე წლის ზაფხულში მეფე გიორგის დიდგვაროვანი ფეოდალები განუდგნენ და „აუშალეს ქუეყანა: ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაშმა კახელების დახმარებით ქსნის პირი დაიპყრო, ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისის საგანძური გაძარცვა და ქუთაისის ციხე დაიკავა, ხოლო ვარდან სვანთა ერისთავმა სამეგრელო (ეგრისი) ააოხრა. გიორგი მეფე იმჟამად სელჩუკთა მორიგ ლაშქრობას ელოდა (ბიზანტიელებმა საქართველოს სამხრეთ დასავლეთით მდებარე პროვინციებზე თავიანთი გავლენა თურქ-სელჩუკების სასარგებლოდ დათმეს. ახლა მტერი ორი მხრიდან - დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან - ერტყა საქართველოს. განმრავლდა შიში და ჭირი მათგან..., რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად... ქრისტიანეთა“), ამიტომ, აჯანყებულები დასჯის ნაცვლად, უხვად დაასაჩუქრა: ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი - ლოწობანი მისცა რუსთავის ნაცვლად, რომელიც კახელებისათვის მიეცა. ნიანიას თმოგვი და „სხუანი საქონელნი რჩეულნი“, ხოლო ვარდანს „ასკალანა და უთაღებო ჯაყელთა“ უბოძა. „ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დააწყნარა მეფობაჲ თჳსი“, მაგრამ ეს მშვიდობიანობა არ იყო ხანგრძლივი, რადგან 1074 წლის დასაწყისში ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. ამჟამად კახთა მეფე აღსართანი გიორგი II-ს მიემხრო და ივანე იძულებული გახდა, მეფეს დაზავებოდა. გარკვეული მოლაპარაკებების შემდგომ ურჩმა ფეოდალმა მეფეს ერთგულება შეჰფიცა და კვლავ კლდეკარისა და სამშვილდეს ერისთავად იქმნა დამტკიცებული. თუმცა, არც ერთ ხელსაყრელ მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ ერთიანი საქართველოს მეფისთვის ემტრო. მან იმავე წელს გიორგი II-ის მეციხოვნეებს ქალაქი გაგი გამოსტყუა და განძის ამარა ფადლონს გადასცა გარკვეულ საფასურად. მისი მზაკვრობა ამით არ დასრულებულა: 1074 წელს თურქ-სელჩუკების სულთანი მალიქ-შაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს. ივანე ლიპარიტის ძემ კი თავისი ძე, ლიპარიტ V მიაგება და შეაწყნარა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ მელიქ-შაჰს. ჭაბუკმა ლიპარიტმა დაყო სულთანთან მცირედი ხანი, და გამოეპარა. განრისხებულმა სულთანმა ივანე ბაღვაშის სამაგალითო დასჯა განიზრახა, სამშვილდე აიღო და „ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა...“ ქართლის დიდი ნაწილი სასტიკად ააოხრა, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხვი, და უკან გაბრუნდა. შემდგომ განძას დაესხა მალიქ-შაჰი, ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის ესოდენ ძლიერ დაწოლას და შეპყრობილ იქმნა. განძის მმართველად მალიქ-შაჰმა სარანგი დასვა, თან 48.000-იანი ლაშქარი დაუტოვა. ამ უკანასკნელს ბევრი არ დაუყოვნებია და „ყოვლითა ლაშქრითა მისითა“, აგრეთვე განძის, დვინის და დმანისის ამირების თანადგომით წელგამართული მოადგა საქართველოს. მეფე გიორგი II არ დაბნეულა, სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მოიშველია აღსართან კახთა მეფე და მტერს ფარცხისთან დახვდა. დიდი ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა „...იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყვდა. იყო ჟამი მწუხრისა და სიღამემან გადაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა“. ამ გამარჯვების შემდგომ მეფე გიორგიმ ბერძენთა მიერ წართმეული ციხეებიც დაიბრუნა: აიღო ანაკოფია და „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა“. „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი“ აუღია და თურქები გაუქცევია. მაშინ მოვიდა მეფესთან აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი ანუ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მთავარსარდალი [შემდგომში დასავლეთის დიდ დომესტიკოსი ანუ ევროპაში მდგარი ბიზანტიის ჯარების მთავარსარდლი), ქართველი დიდებული გრიგოლ ბაკურიანის ძე (მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიზანტიის დედოფალ მარიამ-მართა-ყოფილთან (გიორგი II-ის და) ერთად იმპერატორ ალექსი I კომნენოსის (1081-1118) გამეფებაში], „რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს“. გიორგი II-მ ციხეში შავშელ აზნაურთა ჯარი ჩააყენა. ამის გაგებისთანავე მალიქ შაჰმა დიდძალი ლაშქრით გამოგზავნა საქართველოში ამირა აჰმადი (1079წ). სელჩუკებმა აიღეს ციხე-ქალაქი კარი და შინაგანმცემელთა წყალობით, მოულოდნელად დაესხნენ თავს ჯავახეთში, ყველის ციხეში მდგომ გიორგი II-ს. მეფე იძულებული გახდა, თავის ლაშქართან ერთად გაქცევით არიდებოდა დიდძალ მტერს. თურქ-სელჩუკებმა იავარყვეს საქართველოს დიდი ნაწილი, აურაცხელი ალაფი წაიღეს და წავიდნენ. მათ გზაში შემოხვდათ საბერძნეთში მიმავალი ორი დიდი ამირა ურიცხვი თურქით, რომელთაც იხილეს რა უამრავი ნაალაფარი ოქრო და სიმდიდრე, მეფის გაქცევაც შეიტყვეს, და მათგანაც ესმათ „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა, ქვეყანაჲ საქართველო, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“, სწრაფად შეიცვალეს გეზი და კალიასავით შეესიენ საქართველოს: „და დღესა ივანობისასა (ნათლისმცემლობას) ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდეს, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა“. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის“ სახელით მოიხსენებს ამ შემოსევებს და თარიღად 1080 წელს სდებს („ქორონიკონი იყო სამასი“). მოითარეშა მტერმა მესხეთის ქვეყნები, ქართლი და დასავლეთ საქართველო; ერთ დღეს გადაუწვავს მომხდურს იმდროინდელი სატახტო ქალაქი ქუთათისი, ძველი სატახტო ქალაქი არტანუჯი და წმ. გრიგოლ ხანძთელის ნაამაგარი კლარჯეთის მონასტრები. გადაიბუგა ქალაქები და სოფლები, წაიბილწა საყდარ-ეკლესიანი და განადგურდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თოვლის მოსვლამდე დარჩნენ თურქ-სელჩუკები, მოჭამეს ქვეყანა და წავიდნენ. ასე გრძელდებოდა რვა წელი: გაზაფხულობით მოდიოდნენ, აოხრებდნენ ქვეყანას, ზამთრის მოახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ.

გიორგი მეფე ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობდა, რათა ქვეყანა განადგურება-გაჩანაგებისაგან გადაერჩინა. დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ იგი სულთან მალიქ-შაჰს ისპაჰანში ეახლა (1081-1082წ.წ.). გიორგი II-ის მისიით კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა „ყოველი სათხოველი აუსრულა მეფესა“. საქართველოს სამეფო გაანთავისუფლა „ზედამარბეველთაგან“ და ჰერეთ-კახეთის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. მეფემ სულთნის სასარგებლოდ იკისრა დიდი ხარკი, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე კრეფდნენ და უგზავნიდნენ დამპყრობლებს. რთვლობის ჟამს მივიდა მეფე კახეთს და ვეჯინის ციხეს ალყა შემოარტყა, რაც დაზამთრებამდე გაგრძელდა. თოვლმა დაამძიმა ალყაში მყოფთა მდგომარეობა, მაგრამ გიორგი მეფეს გაახსენდა აჯამეთის ტყეში ნადირობა, აღარ დაელოდა ციხის აღებას, მოულოდნელად ალყა მოხსნა და სანადიროდ აფხაზეთს გაემგზავრა (როგორც ჩანს გიორგის თურქთა ლაშქრით კახელებთან ომისათვის თავი აურიდებია...), ხოლო ლაშქარს სუჯეთი და იორისპირი კუხეთი მისცა გამოსაზამთრებლად, რომელიც ისე მოოხრებულა, რომ დავით აღმაშენებლის დროსაც ვეღარ გამობრუნებულა. ამით ისარგებლა აღსართან I-მა (1058-1084), ეახლა მალიქ-შაჰს, უარყო ქრისტიანობა, თურქთა სჯული მიიღო და სულთნისაგან კახეთი დაიბრუნა [საქართველოს ისტორიაში მეფეთა შორის პირველი გამაჰმადიანდა სომხური წარმოშობის, ტაშირ-ძორაკეტის ბაგრატუნი მეფის ჩამომავალი - გაქართველებული ნასომხარი - კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის დისწული და კახეთის მეფედ მოვლენილი აღსართან I. აღსართანი 1068 წელსაც ეახლა ჰერეთში შეჭრილ სულთან ალფარსლანს და მაშინაც ქრისტიანობის დატევებით დაიბრუნა ბაგრატისაგან წართმეული კახეთი), ერთხელ უკვე მეფისათვის მიცემული კახეთი კვლავ საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩა.

საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიურად დაქვეითების გზაზე იდგა, რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მეფეს ბევრი უკმაყოფილო ჰყოლოდა და მასზედ ეფიქრათ, როგორც სუსტზე. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გიორგი II-ს გართობისა და ნადირობის ტრფიალად უფრო სახავს, ვიდრე სახელმწიფო საქმეებით დაინტერესებულ მოღვაწედ.

ქართველი ერი ძალზე მძიმე საფრთხის წინაშე დადგა - თურქ-სელჩუკების შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელთა და არაბთა ბატონობისაგან: „არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა... მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩვილნი მიმოტაცებულ... მდინარენი სისხლიანი, ნაცვლად წყლისა ნაკდულთა, მრწყველნი ქუეყანისანი“. შემთხვევით არ მოწეულა საქართველოს თავზე ეს განსაცდელი, არამედ იგი შედეგი იყო მძიმე ცოდვებისა, რომელთაც, როგორც მემატიანე აღწერს: „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდა ღმერთსა და მიიქციეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. განსაკუთრებით კი მძიმე იყო ღმრთისმსახურთა შეცოდებანი. რომელთაც, „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი ქვაბ ავაზაკთა ქმნეს“, რაც ხელს უშლიდა ქვეყნისა და ხალხის ზნეობრივ წინსვლას. თვით უფლის სახლიდან და სამღვდელოებიდან გამოდიოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, ხოლო სხვაა ცოდვა ღმრთისმსახურთა, ვინაიდან „მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იგვემოს ფრიად“. ერი და ბერი, რომელთაც იმგვარად შესცოდეს, რომ ბუნებით მოწყალე და სახიერი უფალი უზომოდ განარისხეს, არც კი ფიქრობდნენ სინანულზე და უფლის გზაზე მობრუნებაზე. ამიტომაც განახლდა თურქთა თარეში და რომ არ ეფიქრათ ცოდვილთ, რომ ყოველივე ჟამთა ავბედითობისა და ბედის უკუღმართობის მიზეზია და არა მათი ცოდვებისა, აღდგომა დღეს „რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს“. მიწისძვრები საქართველოში ერთი წლის მანძილზე გაგრძელებულა და მრავალი ადამიანი უმსხვერპლია. დაიქცა თმოგვის ციხე და ქვეშ მოიყოლა კახაბერი, ძე ნიანიასი ცოლითურთ.

ასე აღსრულდა საქართველოს თავზე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვაი ნათესავსა ცოდვილსა! ერი, რომელი სავსე არს უშჯულოებითა, კვალითგან ფერხთად ვიდრე თავამდე, არა არს მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძვილი, არცა შესახვეველ. ამისთვის ქვეყანა თქვენი ოხერ, ქალაქნი - ცეცხლითა მომწვარ, სოფელთა თქვენთა უცხოთესლნი მოსჭამდენ და მოოხრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხოტომთაჲსა!“. ქართველებმა თავიანთი უსჯულოების საფასური სრულად გაიღეს თავსდატეხილი ურიცხვი ჭირის სახით, რომელიც კაცთმოყვარე ღმერთმა იმიტომ დაუშვა, რომ ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გონს მოგებულიყო და საუკუნოდ არ წარწყმედილიყო. და აი, ასეთი გაჭირვების ჟამს მოიღო უფალმა მოწყალება საქართველოზე და იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელის აღმპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

საქართველოს სამეფო კარზე მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: ამ თავზე დამტყდარი უბედურებების ზეგავლენით ჯერ კიდევ ახალგაზრდა გიორგი II-მ უარი თქვა მეფობაზე, და 1089 წელს თექვსმეტი წლის „მარტოდშობილ ძეს... დაადგა გჳრგჳნი მეფობისაჲ...“. ეს არ იყო თანამოსაყდრეობა იმიტომ, რომ თანამოსაყდრე დავითი უკვე 1089 წლამდეც იყო. 1088 წელს მამასა და შვილს შორის უთანხმოება ჩამოვარდნილა ძაგან აბულეთის ძის დასჯასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წელს მეფეს განუდგა და უკანონოდ მისთვის კუთვნილი არაგვის ხეობისა და ზედაზენის გარდა, სხვა მიწებიც მიიტაცა. იმავეს აბრალებდნენ მის ძმას, წილკნის ეპისკოპოსს მოდისტოსს. ცხადია, რომ დავითი მარტო არ იყო იმ გადაწყვეტილებაში, რომ ძაგანი უნდა დასჯილიყო. ცხადია, ერთ-ერთი მისი თანამოაზრე მისივე გამზრდელი გიორგი ჭყონდიდელი იყო.

„თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონაჲ თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“. დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი წერს: „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმამან დავით, ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათურამეტმან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. ჩვენს ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად „IV“ მიჩნეული და დამკვიდრებული, თუმცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II მოიხსენიებს. საერთოდ კი, ერთიანი საქართველოს მეფე-დავითებს შორის აღმაშენებელი დავით „I-ია“. მეფეთა ათვლის დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად დავითები ასე გამოიყურებიან: დავით I კურაპალატი (876-881 წწ); დავით II, ქართველთა მეფე, მაგისტროსი (923-937 წწ); დავით III დიდი, ერისთავთ-ერისთავი, მეფეთ-მეფე, კურაპალატი (978-1001 წწ); დავით IV აღმაშენებელი (1089-1125 წწ).

დავით IV-ის გამეფების შემდეგ გიორგი II აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავინდებურად ინარჩუნებდა მეფეთ–მეფისა და კესაროსობის ტიტულს. გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 წელს სდებენ, რაც ემყარება თედო ჟორდანიას მიერ მოყვანილ ცნობას აფხაზთა მეფეთა ქრონიკიდან. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ გიორგი დავითის გამეფების შემდეგაც აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვის საქმეში და წამყვან როლსაც ასრულებდა.

1089 წელს სამეფო ტახტზე ასულ დავით IV-ს მძიმე მემკვიდრეობა და ქვეყნის დაკნინებისა და დაცემის შესაფერისი მხედრობის მეთაურობა ხვდა წილად - ,,მცირე გუნდი მხედრობისა და იგინიცა დაჯაბნებულნი, მრავალგზის სილტოლვითა უცხენო და უსაჭურვლონი და თურქთა მიმართ წყობისა უმეცარნი და ფრიად მოშიშნი...“ სამეფო ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. კახეთ-ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას იჩემებდა, თბილისი მაჰმადიან ამირას ეპყრა, ქართლი და სამხრეთ საქართველო კი თურქ-სელჩუკთაგან იყო მრავალგზის აოხრებული და გაპარტახებული. დამშეული მოსახლეობა იძულებით ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილებს და მთაში იხიზნებოდა ან ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს. „მოოხრებულ იყო ქართლი და თჳნიერ ციხეთა სადამე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არცარა შენებულობა“. ქვეყნის მოსაღონიერებლად გადამჭრელი ზომები იყო საჭირო. მეზობლად თურქ-სელჩუკთა თვალუწვდენელი საბრძანებელი გადაჭიმულიყო. მაჰმადიან თურქებს მოეცვათ მთელი შუა და წინა აზია. ისინი სრული ჩანთქმით ემუქრებოდნენ ქრისტიანულ სამყაროს - ქართველებს, სომხებს და ბიზანტიელებს. პირველ რიგში, ქვეყანა უნდა მოშენებულიყო და მეფეს გაბნეული და დაქსაქსული ქვეშევრდომები შემოეკრიბა (სიკვდილს გადარჩენილი ხალხი მთებში, ტყეებში, ხევებსა და გამოქვაბულებში გადახვეწილიყო); შემდეგ თურქ-სელჩუკების საქართველოდან განდევნა იყო საჭირო. დავით აღმაშენებელმაც ამით დაიწყო, მაგრამ შემწე და მფარველი მიწაზე არ უძებნია. სჯულის კანონებზე აღზრდილმა კარგად იცოდა რომ, „უკეთესია სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ“. მას სწამდა, რომ გვირგვინი მინიჭებული ჰქონდა ღმრთისაგან, რათა აქ აღასრულოს მისი ნება, მტერთაგან გამოიხსნას ქვეყანა, გაითვალისწინოს, შეასრულოს, დაიცვას და განავითაროს წინაპარ მეფეთა ტრადიციები. მან იცოდა, რომ მეფის ჯვარი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისა. მეფე განასახიერებს და გამტარია ღმრთის ნებისა. იგი უფლის წინაშეა ვალდებულია, იყოს ერის წინამძღოლი და ჯვარისმტვირთველი. ვალდებულია იყოს პატრონი ყველა გლახაკ-უპოვარისა, რადგან დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებშიც და სახარებაშიც გააზრებულია, რომ გლახაკის მამა უფალია და მფარველობს მას, ვინც ობლისთვის გაიღებს შესაწირს, წყალს და პურს მიაწვდის თუ სიტყვით უპატრონებს – ყველა ქრისტეს მსახურად ითვლება.

გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ერთგული და ჭეშმარიტი მამულიშვილები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები, და შეადგინა ერთგული სამხედრო რაზმები, რომელნიც ძირითადად ყმა მოლაშქრეებისა და წვრილი მსახურეული აზნაურებისაგან შედგებოდა. დავითი თავის მოლაშქრეებთან ერთად ვარჯიშობდა, და მას ტოლი არ ჰყავდა ხმალში, ჯირითში, ისრის სროლაში, შუბის ტყორცნაში, მუშტის ძგერაში, სირბილში, ცურვაში, შიმშილის, წყურვილის, სიცხისა და ყინვის გაძლებაში. ეს რაზმები, გუნდ-გუნდ დაყოფილნი თავს ესხმოდნენ ქართლში ჩამომსხდარ თურქებს, ერეკებოდნენ მათ და გაქცეულ და აყრილ მოსახლეობას დაბრუნებისა და მეურნეობის აღდგენის საშუალებას აძლევდა. „დიდი თურქობის“ გამანადგურებელი რბევისა და ტანჯვა–წამების შემდეგ ხალხმა, როგორც იქნა, თავისუფლად ამოისუნთქა.

ჭაბუკმა დავითმა სელჩუკებთან პარტიზანული ომის დაწყების პარალელურად, დაიწყო მეამბოხე ფეოდალების ალაგმვა, რადგან კარგად იცოდა, რომ თურქ-სელჩუკთა განდევნა და ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებასა გარეშე. ამ დროს თრიალეთი, კლდე-კარსა და მის გარშემო კუთხეებს ლიპარიტ ივანეს ძე ფლობდა. იგი მეფის წინაშე თითქოსდა ერთგულებდა. სხვა დარჩენილი აზნაურებიც მცირე-მცირედ იკრიბებოდნენ მეფესთან. დავითის რაზმები ავიწროვებდნენ და საქართველოს მიწებიდან ყრიდნენ თურქ მომთაბარეებს, რითიც საშუალებას აძლევდნენ ქართველ გლეხობას, დაბრუნებოდნენ თავიანთ ბაღებსა და სახნავ-სათეს მიწებს. უფლის შეწევნით თანდათან მოშენდა ქართლის ქვეყანა. ამ ვითარებაში გავიდა ოთხი წელი.

ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. იგი თავად იყო ერისათვის ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი. ცნობილია, რომ დავითს წესად ჰქონდა, ერთ ქისას პირთამდე აავსებდა დრაჰკანით და ცდილობდა დღის ბოლომდე მთელი თანხა გლახაკებისთვის გაენაწილებინა. დავითი გლახაკში მაცხოვარს ხედავდა და თუ რომელიმე დღეს ქისას ვერ დაცლიდა, ამ დროს იტყოდა ხოლმე: „დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“ - ასეთია მისი სინანულის სიღრმე. მათხოვრებისთვის განკუთვნილ თანხას არც ხაზინიდან იღებდა და არც გადასახადებიდან, არამედ საგლახაკო შესაწირი, ყოველთვის პირადი ღვაწლით ჰქონდა მოპოვებული: ომით, მუშაკობითა თუ ნადირობით. ერთხელ, თავის მოძღვარ იოანეს, გლახაკთათვის დასარიგებლად, პირადი ღვაწლით მოპოვებული 24 ათასი დრაჰკანი მისცა. ეს დღეისთვის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეესაბამება.

უფალმაც წყალობით და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, „უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: „ვინ იყო ეგზომ შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადილეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძენეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალსახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განსწავლულობითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომობითა, ხოლო თავი სათნოებათაჲ, სიწმინდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი“. ისტორიკოსი ხატავს საღმრთო-სიბრძნითა და მოსესებური სიმშვიდით სავსე კაცს. დავითს არ ახასიათებს სიფიცხე, არც სიამაყე ბრძოლისას, მას არასოდეს არ ტოვებს სიმშვიდე... მან იცოდა ადამიანების ცნობა, იცოდა, ვინ უნდა დაეყენებინა გვერდით, როდის რა მოქმედება იყო საჭირო, ან როდის უნდა დაეწყო ბრძოლა...

გარეგნობით მშვენიერ ჭაბუკ დავითს თანაბრად უჭრიდა ჭკუაც, გონებაც და ხმალიც. მეფე, რომელსაც თითქმის არ უცხოვრია სამეფო პალატებში და მთელ დროს ცხენზე და საომარ კარავში ატარებდა, იყო უბადლო მებრძოლი, უშიშარი, გამჭრიახი და წინდახედული მთავარსარდალი. მან შეითვისა ყველაფერი საუკეთესო, რისი მოცემაც შეეძლო აღმოსავლეთ-ქრისტიანულ სამყაროს. იგი ეცნობოდა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ და სამართლებრივ სფეროში. უაღრესად განათლებულმა საფუძვლიანად შეისწავლა არაბული და სპარსული ენები, ზედმიწევნით სცოდნია ყურანი და ანტიკური ლიტერატურა. განსაკუთრებით უყვარდა საეკლესიო მწერლობა და ღმრთისმეტყველება. მთელ თავისუფალ დროს ის წიგნების კითხვას ანდომებდა: „შემდგომად სერობისა, ნაცულად ძილის ანუ სხუჲსა რაჲსამე საქმისა“, ჩვეულებად ჰქონდა „კითხუაჲ წიგნთა“, რომელნიც თან დაატარებდა ყოველთვის, სადაც უნდა წასულიყო. ნადირობისას, მიმოსვლისას თუ ლაშქრობისას „წიგნები ეტჳრთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა და სადა გარდაჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნი მოაქუნდიან ხელითა“. ასევე მუდმივად თან დაჰქონდა მოძრავი ეკლესია-კარავი, რომელშიც ყოველდღე აღესრულებოდა ღმრთისმსახურება. საღამოობით ქვეყნის ზრუნვაზე დამაშვრალი მეფე თვითონ კითხულობდა სახარებასა და ღმრთისმეტყველთა ნაშრომებს. როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. მას განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რომლებიც ზეპირად იცოდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

წმინდა მეფე წიგნების კითხვას ეწაფებოდა არა გასართობად, არამედ სულიერი საზრდოს მოსაპოვებლად: მას ჩვეულებად ჰქონდა, ჩაფიქრებოდა წაკითხულს, მის სიღრმეში ჩაეხედა და ყოველმხრივ გამოეკვლია. იგი კარგი ღმრთისმეტყველი იყო და ხშირად განუმარტავდა სახარების ადგილებს გარშემომყოფთ.

დავით IV ქვეყანას სამეფო საბჭოს ანუ „დარბაზის“ მეშვეობით მართავდა. ეს იყო სახელმწიფოს უმაღლეს სათათბირო ორგანო, რომელშიც უმთავრესი თანამდებობები სამღვდელოთა ხელში იყო, მაგრამ სახელმწიფო იმართებოდა არა რომელიმე საეკლესიო დაწესებულებიდან, არამედ „ხელმწიფის კარიდან“. ჴელმწიფე იყო უზენაესი მმართველი, ხოლო ოთხი მონაზონი კი მთავრობის უპირველესი წევრები და მეთაურები იყვნენ - 1. იოანე კათალიკოს-პატრიარქი; 2. გიორგი მონაზონ-მწიგნობართუხუცესი (შემდგომში ჭყონდიდელიც); 3. ევსტათი მონაზონი - აფხაზეთის კათალიკოსი; 4. არსენი მონაზონი - იყალთოელი (მოძღვართ-მოძღვარი). ეს ოთხი ბერი (უმაღლესი იერარქია) ქმნიდა საბჭოს უმთავრეს და ცენტრალურ ბირთვს და წარმართავდა დარბაზის კარის საქმიანობას. მათ განაწილებული ჰქონდათ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ეკლესიის მართვის ფუნქციებიც - დარბაზის მეშვეობით. დარბაზის წევრებს „დარბაზის ერს“ უწოდებდნენ (აქედან წარმოსდგება სიტყვა ,,დარბაისელი“; „დარბაზისერნი“). დარბაზის წევრები უპირველეს ყოვლისა ვაზირები იყვნენ, ანუ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ხელისუფალნი; ეკლესიის ეკლესიის წარმომადგენლები (კათალიკოსი, მოძღვართ-მოძღვარი, დიდი მონასტრების წინამძღვრები); ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლები: ერისთავები, მენაპირე ერისთავები, ერისთავთ-ერისთავები; უხუცესები - მინისტრები; და „უხელონიც“, ანუ უთანამდებო ადამიანებიც (მკვიდრნი - მაღალი წოდების წარმომადგენლები, დიდგვარიანი თავადები და დიდვაჭრები) დარბაზის განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, გადასახადების დაწესება, ომის გამოცხადება, ზავის დადება და მონასტერთათვის ტიპიკონების შედგენა, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნა, ამ ხელისუფალთა „დალოცვა-ჴელდასხმის“ საკითხი და სხვა.

დავით აღმაშენებელმა მკვეთრად შეცვალა ქვეყნის მმართველობის სისტემა და „დარბაზს“, რომელიც ერისთავთა, ადგილობრივ გამგებელ მოხელეთა დაწესებულება იყო, დაუპირისპირა უფრო პროგრესული დაწესებულება - სავაზირო, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყნის ცენტრალიზაციას, მისი მმართველობის მოწყობას ცენტრალური, საუწყებო პრინციპით; ამ მიზნით სამეფო ხელისუფლებამ XII ს-ის მიწურულს ვაზირს ერისთავთ-ერისთავობა შეუთავსა. ეს იყო პირველი კონსტიტუციური ხასიათის შეტევა ერისთავებისა და დარბაზის წინააღმდეგ (ცენტრალური აპარატის თანამდებობაზე დანიშნული მოხელეები მეფისაგან იღებდნენ „საკარგავს“, ანუ სამართავად გადაცემულ მიწებს, რომლებსაც თანამდებობასთან ერთად კარგავდნენ. ეს ცვლილება სახელმწიფოს სიმტკიცეს განაპირობებდა – მოხელე-ფეოდალი სამეფო ხელისუფლებაზე იყო მთლიანად დამოკიდებული და დაინტერესებული იყო ადგილებზე ცენტრის პოლიტიკა გაეტარებინა).

დარბაზობას, ჩვეულებრივ, მეფე თავმჯდომარეობდა და წარმართავდა. იგი იჯდა ,,ტახტსა ზედა ოქროჭედილსა“. დარბაზის წევრთაგან ყველას არ ჰქონდა ჯდომის უფლება. მეფის გარდა ისხდნენ ვაზირები (ისინი ოქროჭედილ სელებზე ანუ სკამებზე ისხდნენ) და დიდნი ხელისუფალნი (ოღონდ ამათი სკამები ოქროთი მოჭედილი არა ყოფილა), დარბაზის წევრთა უმრავლესობა კი ფეხზე იდგა. ფეხზე იდგა მაგალითად ის ოცდაექვსი მწიგნობარი, რომელთაც იღლიაში „საწერელი“ აქვთ – ანუ საწერი მოწყობილობა, - და მზად არიან, ყოველი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა რაც დარბაზობაზე ითქმება ან გადაწყდება, და რაც უშუალოდ მათ უწყებას შეეხება, ჩაიწერონ...

დავით აღმაშენებელს, თავად ფრიად განსწავლულ ადამიანს, კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. დავითი „ძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის ხალხზე“ - გვამცნობს სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი. მას აურჩევია 40 ბავშვი და გაუგზავნია საბერძნეთში, რათა შეესწავლათ მოწინავე ბერძნული მწერლობა, ეთარგმნათ მნიშვნელოვან ავტორთა ნაწარმოებები და სამშობლოში გაევრცელებინათ. იმავე წყაროს ცნობით, ამ ბავშვთაგან სამი თურმე ძალზე ცნობილი მოღვაწე გახდა.

1092 წელს მოკვდა თურქ-სელჩუკთა დიდი სულთანი მალიქ-შაჰი (1072 - 1092) ანუ მელიქ-შა I (იგი მოწამლეს) და სახელმწიფოში შინაარეულობა დაიწყო. სულთანი გახდა ჯერ მისი უფროსი შვილი მაჰმუდ I (1092 - 1094) და შემდეგ მისი მეორე ვაჟი ბარკიიარუქი (1094 - 1105). ძლიერი სულთნის სიკვდილს საქართველოში მშვიდობიანობის დამყარებისათვის უნდა შეეწყო ხელი. იმავე წელს ლიპარიტ V ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, მამაპაპურ ტრადიციებს არ უღალატა და „დაღათუ ქრისტეანი იყო სახითა, გარნა ორგულობა და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა“. დავით აღმაშენებელი მამასავით სუსტი ხასიათის არ იყო, რომ მას ლიპარიტის ორჭოფობა ,,წყალობით დაეფარა“. რაკი მეფე დარწმუნდა, რომ არ იქნა და არ გასწორდა იგი, ,,ინება გაწურთა მისი“, და შეიპყრო. მემატიანე წერს, რომ ლიპარიტმა აღიარა და მოინანია თავისი შეცდომა, მეფემ კი შეიწყნარა მისი თხოვნა, დიდხანს აღარ დასტოვა საპყრობილეში და ფიცით შეირიგა (მეფე ცდილობს, დაიმოყვროს მტერი, ხოლო მოყვარე უფრო შემოიმტკიცოს). ამასთან არც თანამდებობა ჩამოართვა, მაგრამ მან თავისი სიტყვა და ფიცი მაინც ვერ აასრულა. რამდენიმე თვეში, ლიპარიტ მეხუთე ბაღვაშმა ხელახლა დაიწყო განკერძოება, საქართველოს მეფის წინააღმდეგ მოქმედება. აქ კი უკვე დავით მეფის პოზიცია იყო საკმაოდ მკაცრი და შეუვალი, რადგან მუდამ მშვიდი და ღმრთივგანბრძნობილი დარწმუნდა, რომ მას ვერაფრით მოარჯულებდა და როგორც ,,კუდი ძაღლისა არა განემართების“ და ,,არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, ისე იგი თავისას არ მოიშლიდა, ამიტომ მეორე წელსვე (1094) ხელახლა შეიპყრო, ორი წელი საპყრობილეში გამოკეტა, ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გაისტუმრა (როგორც დავითის ისტორიკოსი გვარწმუნებს, იგი ,,არა თუ მართალსა, არამედ არცაღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ, არცა მეჭუელ იყოო“). ლიპარიტმა მემკვიდრე დატოვა, რომელსაც რატი ჰრქმევია. 1096 წელს მეფემ რადიკალურად შეკვეცა მისი უფლებები და მხოლოდ არგვეთში, კაცხის მამული დაუტოვა. კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა და ალგეთის ხეობა სამეფო მამულად (დომენად) აქცია (ბაგრატიონები ბაღვაშებს ედავებოდნენ თრიალეთს, კლდეკარს, რადგან ეს ადგილები არ წარმოადგენდა ბაღვაშთა სამამულო ტერიტორიას, არამედ ის ბაღვაშებს ბაგრატიონებმა მისცეს სამართავად. რაც შეეხება ბაღვაშების საკუთარ მამულს, კაცხს, მათ მას არავინ ედავებოდათ.).

მეფის ასეთი სიმტკიცე ურჩი დიდგვაროვანის მოხელის წინააღმდეგ უეჭველია, სხვებისთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა. გამეფების მეოთხე წლისთავზე ახალგაზრდა მეფემ ნათლად და თვალსაჩინოდ დაანახა ყველას, რომ მტრის მიმართ იგი შეუბრალებელი და სასტიკი იყო, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი ერთობა და მშვიდობა იყო. დავითის წინააღმდეგ იბრძოდა არაგვის ერისთავი, ძაგან აბულეთისძე. ძაგანს მხარს უმაგრებდა მისი ძე, ეპისკოპოსი მოდისტოსი. ძაგანმა ზედაზენი გადასცა კახთა მეფე კვირიკე IV-ს (1084-1102), ხოლო მოდისტოსმა ეკლესიები თავისი სამფლობელოს ქვეშ მოიქცია.

დიდი სულთანის სიკვდილმა სელჩუკთა სახელმწიფოს მრავალ საამიროდ დაშლა დააჩქარა. მთელი იმპერია 12 პროვინციად დაიყო. „ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქართველი ხალხის ბრძოლა სელჩუკ დამპყრობლების წინააღმდეგ უფრო გაადვილდებოდა. დავით მეფემ ამით ისარგებლა და გაააქტიურა ბრძოლა თურქ-სელჩუკთა შესავიწროვებლად. იმავე ხანებში მოხდა მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა საერთაშორისო ცხოვრებაში: თურქ-სელჩუკებმა თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრეს, ჩამოაყალიბეს მძლავრი სასულთნო, რომლის დედაქალაქიც იკონია იყო, და თავად ბიზანტიის იმპერიას დაემუქრნენ. 1071 წელს მანციკერტის აღებით მათ ალყაში მოაქციეს კონსტანტინოპოლი. ამავე დროს მათი მონათესავე ხალხი (თურქული მოდგმის მომთაბარე ტომი), სამხრეთ რუსეთში შევიდა და გადალახა რა დუნაი, ბიზანტიის იმპერიას ჩრდილოეთიდან დაემუქრა. ბრძოლები დედაქალაქიდან ერთი დღის სავალზე მიმდინარეობდა, ხოლო შემოდგომის დადგომასთან ერთად მართალია, ბრძოლები შეწყდა, პაჭანიკები თითქმის კონსტანტინოპოლის კედლებთან დაბანაკდნენ. ზღვაზე 1090 წლიდან თურქი პირატი ჩახა დათარეშობდა და ბოსფორისა და მარმარილოს ზღვის სრული მბრძანებელი გახდა. იმპერია საშინელ განსაცდელში იყო, ხსნა არსაიდან ჩანდა, დედაქალაქი პანიკაში იყო. დღე-დღეზე მოელოდნენ ქალაქის ქუჩებში მტრის რაზმების შემოჭრას. მუსულმანებისაგან უკიდურესად შევიწროებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა დახმარებისათვის მიმართა დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებს (საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ინგლისი), მოუწოდა, რათა საერთო ძალით დაეცვათ კონსტანტინოპოლი და ამავე დროს გაეთავისუფლებინათ წმინდა ადგილი – პალესტინა, სადაც მიწის ყოველი გოჯი ქრისტეს სახელთან იყო დაკავშირებული. არსებობს უამრავი ისტორიული დოკუმენტი, მიმოწერა ალექსი კომნენოსისა დასავლეთის მეფე-მთავრებთან და რომის ეკლესიასთანაც, სადაც ის სთავაზობს მათ ჯვაროსნული იდეის განხორციელებისთვის ბიზანტიის სამხედრო-ეკონომიკურ ბაზას. ალექსი კომნენოსის თხოვნას დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ამასობაში პირატი ჩახა ნიკეის სულთნის მიერ იქნა მოკლული, ხოლო პაჭანიკები პოლოვცებმა (ვოლგისპირეთის თურქულენოვანი მომთაბარე ხალხი) გაანადგურეს. 1092 წლისთვის იმპერატორს უკვე აღარ სჭირდებოდა საეჭვო მოკავშირეები, თუმცა დასავლეთში მისი წერილების შინაარსს ისევ ეცნობოდნენ და ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წ. რომის პაპ ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა, შემდეგში და ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა.

1096 წლის გაზაფხულზე პეტრე განდეგილის და ვალტერ გლახაკის მეთაურობით მრავალრიცხოვანი, მაგრამ უბადრუკი ბრბო შეიკრიბა, რომელშიც ქრისტეს გულწრფელ მოყვარულებსა და მონასტრის ბერებთან ერთად, დამნაშავენი და გაქცეული გლეხებიც შედიოდნენ. ეს არ იყო ლაშქარი, რომელიც წინამძღოლს დაემორჩილებოდა, არამედ ეს იყო ბრბო, რომელიც თავის გზაზე ძარცვის, ხანძრებისა და ძალადობის კვალს ტოვებდა. როდესაც 180 000 კაცი ბიზანტიის საზღვრებს მიადგა, იმპერატორმა მათი სურსათით და ფულით მომარაგება ბრძანა და ვინაიდან ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, რაინდებისთვის დაცდა ურჩია, ხოლო როდესაც არ დაუჯერეს, თურქებთან საბრძოლველად აზიაში გადაიყვანა. ეს „ლაშქარი“ ნიკეის მახლობლად დაბანაკდა და სელჩუკების ხელით მალევე განადგურდა. ამის მერე უკვე ძლიერი არმია შეიკრიბა, კარგი შეირაღებით და აღჭურვლობით, რომელთაც დასავლეთ ევროპის გამოჩენილი ფეოდალები და მთავრები ედგნენ სათავეში. სამხედრო მეთაურები - გრაფი რაიმუნდ ტულუზელი (რომლის არმიას პაპის ლეგატი ადემარიც შეუერთდა სამხრეთ საფრანგეთში), ჰუგო ვერმანდუა (საფრანგეთის მეფის ფილიპ I-ის ძმა), გრაფი სტეფან ბლუასელი და შარტრელი, ჰერცოგი რობერტ ნორმანდიელი, გრაფი რობერტ ფლანდრიელი, ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი გოდფრუა (გოტფრიდ) ბულონელი და მისი ძმები - ესტაშ და ბალდვინ (მომავალი მეფე იერუსალიმისა ბალდვინ I) ბულონელები, ასევე მათი ბიძაშვილი ბალდვინ ბულონელი უმცროსი (მომავალი მეფე იერუსალიმისა ბალდვინ II) და ბოჰემუნდ ტარენტელი და მისი ძმისშვილი ტანკრედი. მათი არმიის სიდიდემ 300 000-ს მიაღწია. ანა კომნენოსის სიტყვით, ყოველი მხრიდან მოვარდნილი მდინარეებივით დაიძრნენ სახელისა და მიწების მოსახვეჭად წამოსული ევროპელი ჯვაროსანები და სიმრავლე მათი აღემატებოდა ზღვაში ქვიშას და ცაში ვარსკლავებს. იმპერატორმა ალექსიმ მათი შენახვაც თავს იდო და მეთაურებისაგან ვასალობის ფიცის მიცემა მოითხოვა. ალექსი კომნენს ძალიან გაუჭირდა დასავლელი სამხედრო მეთაურების ამ პირობაზე დაყოლიება, განსაკუთრებით გაჭირდა გოდფრუა ბულონელისაგან ვასალობის ფიცის მიღება. ბელადების უმეტესობამ ფიცი დადო, რომ როდესაც ისინი გაათავისუფლებდნენ აღმოსავლეთში მიწებს თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან, ეს ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდოდა, მაგრამ როგორ ვიცით, ეს პირობა მათი მხრიდან არ შესრულებულა. კონსტანტინოპოლის სიმდიდრემ და ბრწყინვალებამ დასავლეთ ევროპის ფეოდალების ინტერესებს აღმოსავლეთ ლაშქრობასთან დაკავშირებით სხვა მიმართულება მისცა (მუსლიმანებისადმი რელიგიური და ნაციონალური ხასიათის მტრობამ, რითაც პირველი ჯვაროსნები იყვნენ შთაგონებულნი, მალე დაუთმეს ადგილი პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჯვაროსანთა ბელადები უკვე უსჯულოთა ხელიდან იერუსალიმისა და ქრისტეს საფლავის გამოხსნაზე კი აღარ ფიქრობდნენ, არამედ აღმოსავლეთში დამოუკიდებელი სამთავროების დაარსებაზე).

1097 წ. აპრილში ბიზანტიური არმია, ჯვაროსანთა დაქირავებული ძალებით გამაგრებულ ნიკეას შემოერტყა. ქალაქი ის-ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ ბიზანტიელები ქალაქის უფროსს ჯვაროსნების ზურგს უკან მოელაპარაკნენ და დაარწმუნეს, რომ უმჯობესი იყო ნიკეა მათთვის ჩაებარებინათ, ვიდრე საძარცვავად მიეცათ ლათინებისთვის. ნიკეა კვლავ იმპერიას დაუბრუნდა, ხოლო მოტყუებული რაინდები სამეფო კარმა ოქროთი შემოირიგა. ამით დასრულდა იმპერიისა და ჯვაროსნების ერთიანი საომარი მოქმედებები. ჯვაროსნებს, რომელნიც პალესტინისკენ გაეშურნენ, თან ბერძნების მცირე რაზმი გაჰყვა.

1097 წლის 1 ივნისს ჯვაროსნებმა დორილეუმის ბრძოლაში გაანადგურეს რუმის სულთანი კილიჯ არსლანი და გზა გაიკაფეს შემდგომი წინსვლისათვის პალესტინისკენ. სელჩუკებმა მრავალი ოლქი დატოვეს და მცირე აზია კვლავ ბიზანტიელების ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჯვაროსნები სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაემართნენ. მათი ერთი ნაწილი კილიკიაში შეიჭრა და მისი მდიდარი ქალაქები ხელთ იგდო საძარცვავად, მეორე ნაწილმა ედესა დაიპყრო (ბალდვინ უმცროსი გამოეყო ჯვაროსნებს და ედესაში გამაგრდა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჯვაროსნებისთვის, ვინაიდან ედესა გახდა შემდგომში ჩამოყალიბებული ჯვაროსნული სახელმწიფოების აღმოსავლეთის ფორპოსტი), ხოლო მესამემ, ხანგრძლივი ალყის შემდეგ (1097 წ, ოქტომბრიდან 1098 წ. ივნისამდე), ანტიოქია აიღო. ბოემუნდმა, ჩაიგდო რა ხელში ანტიოქია, უარი თქვა იმპერატორისთვის მიცემული ფიცის შესრულებაზე და მისი დამოუკიდებელი მმართველი გახდა.

1099 წლის 7 ივლისს ანტიოქიიდან წამოსული ჯვაროსნული არმია წმინდა ქალაქ იერუსალიმს მიადგა, ერთ კვირაში აიღო იგი. (იერუსალიმი და პალესტინა თურქ-სელჩუკებმა ფატიმიდურ ეგვიპტეს წაართვეს 1071-73 წლებში). იერუსალიმის აღებისთანავე ჯვაროსნებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს ქალაქის მუსულმანური მოსახლეობის მიმართ, არავინ არ დაინდეს. ძალაუფლება გოდფრუა ბულონელმა აიღო ხელთ, მანამდე კი ასკალონთან მან ეგვიპტელი ფატიმიდების არმია გაანადგურა.

პალესტინაში დააარსეს დასავლეთ-ევროპელთა იერუსალიმის სამეფო [1099-1187 წწ. (ფორმალურად 1291 წლამდე)], გოტფრიდ ბულონელმა მიიღო ტიტული „ქრისტეს საფლავის ვექილისა“ (1099-1100), რადგან მეფის ტიტულზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „იქ სადაც ქრისტე ეკლის გვირგვინს ატარებდა, მე ვერ ვზიდავ მეფის გვირგვინსო“.

1101 წელს მცირე აზიაში მეორე დიდი არმია ჩამოვიდა ლოთარინგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, რომელთაც ბევრი დიდი მთავარი და ევროპელი რაინდობა ხელმძღვანელობდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი განადგურდა სელჩუკთა გაერთიანებული ძალების მიერ. ამასობაში სირიაში დამკვიდრებული ჯვაროსნები და ახლად წარმოქმნილი ჯვაროსნული სახელმწიფოები (ანტიოქიის ფეოდალური სამთავრო, ედესის საგრაფო, ტიროლის საგრაფო და ა.შ.) მძიმე ბრძოლას აწარმოებდნენ მეზობელ მუსულმანურ საემიროებთან. ამასთანავე ჯვაროსნებს მცირე სამხედრო შეხლა-შემოხლა ჰქონდათ ბიზანტიელებთანაც, რომელიც ჯერ კიდევ 1099 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ეს ორი ქრისტიანული ძალა ერთმანეთს ედავებოდა სირიის და კილიკიის ზღვისპირა პუნქტებს და დასახლებებს. ბიზანტიელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს მცირე აზიაში თურქებთან ბრძოლაში და დიდი ტერიტორიები დაიბრუნეს და რომ არა ჯვაროსნებთან გაუთავებელი კინკლაობა, კიდევ უფრო მეტს მიაღწევდნენ. თავად ჯავროსნულ სახელმწიფოებს შორისაც მიმდინარეობდა ბრძოლა საკუთარი სამფლობელოების გასაფართოებლად სხვა ჯვაროსნული სახელმწიფოების ხარჯზე.

XI ს-ის დამლევს ჯვაროსანთა მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებამ მაჰმადიანთა უძლეველობას სახელი გაუტეხა და საქართველოსაც ხელსაყრელი გარემოება შეუქმნა (ჯვაროსნული ლაშქრობა“ მსოფლიო ომი იყო, რომლითაც ყველაზე მეტად საქართველომ ისარგებლა და არა მარტო გაერთიანება, გათავისუფლება და აღზევება, არამედ მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევა მოახერხა). შემთხვევითი არაა, რომ დავითის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, (რომელსაც 17 წლის განმავლობაში იღებდნენ), და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“ (დავით აღმაშენებლის სიბრძნე იმაშიც გამოჩნდა, რომ გამეფებისთანავე როდი ეკვეთა თურქ-სელჩუკთა უძლიერეს სასულთანოს. არამედ იგი 12 წელიწადს მორჩილებდა თურქთა სულთანს და აძლევდა მას დამამცირებელ ხარკს, ვიდრე ერთის მხრივ, შინაგანად არ მოძლიერდა მისი ქვეყანა, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ეს ულმობელი დამპყრობელი არ ნახა ევროპელ ჯვაროსნებთან ბრძოლაში დასუსტებული). თურქ-სელჩუკები ამ დროს წინა აზიით იყვნენ დაკავებულნი, ბუნებრივია, მათ საქართველოსთვის არ ეცალათ და სულთანი შეურიგდა ხარკის დაკარგვას, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ნიშნავდა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა.

შინაური და გარეული მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა (სამხედრო-პოლიციური სისტემის სრულყოფა). მეფე დავითმა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაისახა საგანგებოდ გაწვრთნილი გვარდიის შექმნა, რომელსაც ბრძოლის დაწყებისთანავე ფსიქოლოგიურად უნდა გაეტეხა მოწინააღმდეგე. ლაშქრის შექმნა მან დაიწყო 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთით („მონა-სპით“ – ერთგული გვარდიით), რომელსაც „ზამთარ-ზაფხულ დაუცხრომლად“ ალაშქრებდა და თვითონ გაწვრთნა „უწყინოთა ლაშქრობითა, და მცირედ-მცირედი ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინაძღომითა და მრავალთა ძლევათა მიერ მოგონებითა“.

დავითმა ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი; მინიმუმ 20 ათასი მებრძოლიც საგანგებოდ იკრიბებოდა ფეოდალური ლაშქრის სახით; მეციხოვნენი - საგარნიზონო სამსახურს რომ ეწეოდნენ და დაქირავებული მეომრებისაგან შემდგარი როქის სპა. ამრიგად „უწყინო ლაშქრობათა“ სარდლობით, ასევე დაზვერვის ჩინებული სისტემის გამართვით, დავითმა თანდათანობით, გამიზნულად შექმნა ყოვლისმცნობელი და უძლეველი მეფის ხატი, რომელიც ესოდენ დამთრგუნველად მოქმედებდა მტერზე. იგი თვლიდა, რომ ჯარის სიმტკიცის საფუძველი ქრისტიანულ ზნეობაში იყო. ყოველი წინასწარ დაგეგმილი ომის წინ დავითი ჯარს ამარხულებდა და სარწმუნოებას კიდევ უფრო ამტკიცებდა მათში. მემატიანის ცნობით „საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულელი და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქარსა შინა მისთა და ურიცხვსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის“. მან სამხედრო ბანაკიდან გააძევა ღვინო და ქალი, მეფემ აკრძალა ჯარისკაცებს შორის ბილწსიტყვაობა და ლაზღანდარობა, ამ ძალისხმევამ ხანგრძლივი თურქობისაგან დაკნინებული და სულიერად წამხდარი მოსახლეობის აღსადგინებლად სწრაფად გამოიღო სასურველი შედეგი. ბრძენი მეფის ეს ნაბიჯი მაგალითია ყველა თაობის ხელისუფალთათვის. მშიშარა, უწესო, რწმენაშერყვნილ ჯარისკაცებს მეფე დედაკაცის სამოსს აცმევდა და ასე თავლაფდასხმულს, ჯარის წინ ჩამოტარებით არცხვენდა. ამით ყოველ მებრძოლს წინასწარ შთააგონებდა, რომ სიკვდილი სჯობდა უზნეობასა და ბრძოლის ველზე უკან დახევას.

ამ ზნეობით, შემმართებლობით და სიმამაცით არც ერთი ბრძოლა (სამოცამდე) არ წაუგია დავით აღმაშენებელს. რაც მოუგია - ღირსეულად, დიდი ზარ-ზეიმებისა და ბუკ-ნაღარების გარეშე. ბრძოლის ველზე დაცემულებს აპატიოსნებდა, დაჭრილებს პატრონობდა, გამოჩენილებს ჯეროვნად ასაჩუქრებდა, მათგან უმეტესობას კი უშუალოდ მტერთან ხმალკვეთებაში, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაში ჰქონდა მეფის წყალობა მიღებული. ქართველთა ლაშქარი სულ უფრო ძლიერდებოდა და მტრისაგან გათავისუფლებული მიწა-წყალიც ფართოვდებოდა, მაგრამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწყვეტილი იყო საქართველოს. კახეთს საკუთარი მეფე განაგებდა. მის შემოერთებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მეფემ ერთბაშად მთელ კახეთს კი არ შეუტია, არამედ ჯერ ზედაზენის ციხე წაართვა მეფე კვირიკეს (1103 წ).

1103 წელს გარდაიცვალა ბაღვაშთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი – რატი ბაღვაში. ამ დროს კლდეკარის საერისთავო მათ უკვე აღარ აქვთ, რადგან დავითმა ჩამოართვა 1096 წელს, მაგრამ არგვეთში ჰქონდათ კაცხის მამული, და ვინაიდან რატის მემკვიდრე არ ჰყავდა, დავითმა ის გელათის მონასტერს შესწირა (ბაღვაშების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები იყვნენ რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები. მოგვიანებით, XIII ს-ში, როდესაც კახაბერ კახაბერიძე აუჯანყდება დავით ნარინს, მემატიანე იტყვის, რომ ეს საგვარეულო ყოველთვის ასეთი უკუღმართობით გამოირჩეოდა და ისინი, როგორც ბაღვაშთა შთამომავლები, ისე განაგრძობენ თავიანთ საქმესო).

თურქ-სელჩუკთა შემოსევებისა და სამეფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად თითქმის მთლიანად მოშლილი იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემა. დავითი დარწმუნდა, რომ მხოლოდ ორგულ ფეოდალთა დასჯა ვერ დააწყნარებდა და ვერ განამტკიცებდა შინაგანად აშლილ ქვეყანას. გაძლიერების გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას ეკლესიის მხარდამჭერა სჭირდებოდა, მაგრამ იქ ფეხმოკიდებული იყო ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI ს.ს-ში საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნიდა მეფის ოპოზიციისათვის, რადგან გაძლიერებულ ეკლესიას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი საერო ხელისუფლება. ამავე დროს, ისინი, კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ ასრულებდნენ: სამღვდელოებიდან მოედინებოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, ხოლო „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს“. მხოლოდ წოდებით, გვაროვნობით და სიმდიდრით გამორჩეულებს, „ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსნი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცულად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა იწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა“. ირღვეოდა ხელდასხმის წესი, ნიავდებოდა საეკლესიო ქონება, და მრავალი ქრისტიანული წესი ირღვეოდა, „რომელთა თუალი ღმრთისაჲ ხედვიდა და განრისხებულ იყო“. ამისი აღმოფხურა და საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება დაისახა მთავარ მიზნად დავითმა და საქართველოს მკვდრეთით აღდგინება მისი სულიერი აღორძინებით დაიწყო, მაგრამ ეს იოლი საქმე არ იყო (ცნობილია, 1060-1065 წ.წ. მისი განხორციელება ნაწილობრივ შეძლო გიორგი მთაწმინდელმა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ბაგრატ IV-ის მოწვევით). უპირველესად მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების შესაბამისად უნდა შემუშავებულიყო საზოგადო განჩინება, რომელსაც საქართველოს საეკლესიო კრება მიიღებდა და დაამტკიცებდა, შემდეგ კი ის უნდა დაეცვათ და პრაქტიკულად განეხორციელებინათ. მაშინ ქართულად არსებობდა ექვთიმე მთაწმინდელის „მცირე სჯულისკანონი“, მაგრამ იგი საამისოდ არ კმაროდა, XII ს-ის დასაწყისისთვის უკვე მოძველებული იყო. საჭირო შეიქმნა ახალი იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც გამოიყენებდნენ საეკლესიო წყობილების, სამღვდელთმსახურო წესებისა და მრევლის ზნე-ჩვეულებათა მოსაგვარებლად. ამას კარგად ხედავნენ მეფე და საეკლესიო მოღვაწენი. ამიტომაც დავით აღმაშენებლის დაკვეთით არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან ქართულზე გადმოიღო ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 14-ტიტლოვანი „ნომოკანონი“, რომელიც საქართველოში „დიდი სჯულისკანონის“ სახელითაა ცნობილი. ამ თარგმანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებაზე, ფეოდალური საზოგადოების იურიდიული აზროვნების ამაღლებაზე. ვინაიდან საეკლესიო კრებათა კანონები ქართულად უკვე არსებობდა, ეკლესიაში გამეფებული უწესოების აღმოსაფხვრელად 1103 წელს შიდა ქართლში, რუისისა და ურბნისის სანახებში (ეს ორი სოფელი: რუისი და ურბნისი ერთმანეთის მეზობლად არიან ქართლის გულში გორთან ახლოს, ახლანდელი ქარელის რაიონი) მეფის ინიციატივით შედგა დიდი საეკლესიო კრება, რომლის „ძეგლისწერა“ (საეკლესიო ცხოვრების შინაგანაწესი) ხაზს უსვამს ქართული ქრისტიანობის შეუბღალაობას, სიწმინდეს, იმას, რომ კრების მოწვევის მიზეზი და მიზანი სარწმუნოებრივი გადახრა და დოგმატური საკითხების „ძიებანი“ არ ყოფილა, არამედ „სხუათა საეკლესიოთა და სამღუდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათვის“ ანუ იმ დარღვევების აღმოფხვრა, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა).

მეფემ მოიწვია კათალიკოსი, მღვდელმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღვარნი და გამოჩენილი მეცნიერ-მწიგნობარნი, ფილოსოფოსნი, ყველა განათლებული და ჭეშმარიტად პატრიოტი ქართველი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთში მოღვაწენიც და მათ საეკლესიო საქმის მოწესრიგება დაავალა. თვითონ მეფე კრებას ისე ესწრებოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მონაწილე „არა ვითარცა მეფჱ, არამედ ვითარცა მონა“. კრებას დასწრებიან მეფე დავითის მამა - გიორგი II, და მამიდა - თავისი სილამაზითა და ზოგადად პიროვნული თვისებებით ევროპაში სახელგანთქმული ბიზანტიის დედოფალი მართაყოფილი მარიამი [ბიზანტიის მომავალ კეისარს მიხეილ VII დუკა პარაპინაკს (1071-1078წ.წ.) მიათხოვეს და მარიამი უწოდეს, ამ ქორწინებიდან 1074 წ. მარიამს შეეძინა ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი. 1078 წელს სამეფო კარზე მორიგი გადატრიალების შედეგად იმპერატორად გამოაცხადეს ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083), ხოლო მართვა-გამგეობაში გამოუცდელი მიხეილ VII მონასტერში გაამწესეს. ხანში შესულმა და ორჯერ დაქორწინებულმა ნიკიფორემ ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე ლეგიტიმურობის გასამყარებლად აიძულა დედოფალი მარიამი (მართა), რომ ცოლად გაჰყოლოდა მას და დაჰპირდა, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა და გადაწყვიტა სამეფო კვერთხი გვერდითი შტოსათვის, სინადინების გვარისთვის გადაეცა. მალე სასახლის კარზე ახალი შეთქმულება მომზადდა ისააკ I კომნენოსის ძმისწულების, ისააკ და ალექსი კომნენოსების მეთაურობით. მათ კავშირი შეკრეს დედოფალთან (ალექსი მარიამ დედოფალმა იშვილა ყველა წესის დაცვით, ხოლო მის უფროს ძმას ისააკს მართას დისწული ან ძმისწული შეურთავს ცოლად. მათი ვაჟი იოანე-ადრიანე XII საუკუნის ორმოციან წლებში ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი გახდა) და შეჰპირდნენ, რომ თუ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ერთ-ერთი კომნენოსი ავიდოდა, მარიამის ძეს, კონსტანტინეს, ხელისუფლებას გაუნაწილებდნენ. მათ მიემხრო ალექსისთან დაახლოებული და ბიზანტიის სამეფო კარზე მოღვაწე ტაოელი დიდებული გრიგოლ ბაკურიანის ძე. 1081 წელს ალექსი კომნენოსმა მარიამის და გრიგოლის დახმარებით ტახტიდან გადააყენა ნიკიფორე III ბოტანიატე (ბერად აღკვეცა) და გამეფდა (1081-1118), რითაც აღმოსავლეთ რომის ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსთა დინასტიას დაუდო საფუძველი. ალექსიმ, პირობისამებრ კონსტანტინე თანამმართველად გამოაცხადა და თავის ასულ ანაზე დანიშნა. 1081-1092 წლებში კონსტანტინე სამეფო სიგელებსა და ოქრობეჭდებს ალექსი კეისრის შემდეგ წითელი მელნით აწერდა ხელს და საზეიმო გამოსვლების დროს სამეფო თავსაბურავით შემკული კეისარს უკან მიჰყვებოდა. 1087 წელს ალექსი კომნენოსს ვაჟი-მემკვიდრე იოანე შეეძინა. მან ანა და კონსტანტინე ერთმანეთს დააშორა და 1092 წელს ყრმა იოანე II იმპერატორად აკურთხა, კონსტანტინე სამეფოდან გააძევა და მარიამი მონაზვნად აღკვეცა, თუმცა ის მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ტახტის მოსაპოვებლად და 1094 წელს ალექსის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობაც მიიღო. 1095 წელს კონსტანტინე მოულოდნელად გარდაიცვალა (სავარაუდოდ მოწამლეს). ბიზანტიის იმპერატორის ალექსის ასული, შუა საუკუნეთა ყველაზე განათლებული ქალი და სერიოზული მეისტორიე ანა კომნენოსი დედოფალ მარიამს (მართას) თვლიდა ქალებში ეტალონად, როგორც შესახედავად ისე ჭკუითა და გონებით. მარიამის სილამაზესა და განათლებას თავის ნაშრომებში ხშირად იხსენებს ცნობილი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, ფილოსოფოსი და რიტორი - ნეტარი თეოფილაქტე ოხრიდელი (ბულგარელი), რომელსაც მფარველობდა დედოფალი და სწორედ მას მიანდო ერთადერთი შვილის აღზრდა-განსწავლა. დიდ ღმრთისმეტყველს მიმოწერა ჰქონდა მარიამ დედოფალთან და მისივე თხოვნით შექმნა მრავალი საღმრთისმეტყველო ნაწარმოები, მათ შორის „იოანეს სახარების განმარტება“ და „მეფეთა განსწავლა“. ნეტარი თეოფილაქტე ქართველთა სათვისტომოსთან დაახლოებული პირი იყო და მიმოწერა ჰქონდა მარიამის ძმასთან საქართველოს მეფე გიორგი მეორესთან და გრიგოლ ბაკურიანისძესთან. მართა-მარიამს ბიზანტიური წყაროები ხშირად მარია ალანიელს უწოდებენ, რადგან მისი დედა - ბორენა და იყო ოსთა მეფე დორღოლელ დიდისა და ასული მეფე ურდურესი. აღსანიშნავია მართას ქველმოქმედებაც. გარდა იმისა, რომ ის ეხმარებოდა ქვრივებსა და დავრდომილებს, ის ასევე ქონებას სწირავდა იმ ქართულ მონასტრებს, რომელიც ბიზანტიასა და საზღვრებს გარეთ მდებარეობდა, მათ შორის ათონის ივერთა მონასტერს, პეტრიწონისა და ჯვრის მონასტრებს და აშ. მანვე დედასთან ერთად ხელი შეუწყო იერუსალიმში სხვადასხვა მონასტრების აგებასა და განახლებას. მართა-მარიამი დაახ. 1107 წ. გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე მონასტერში, მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში}.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული წესისაებრ, „თავ და წინამძღუარ და პირ“ (თავჯდომარე) იყო, „ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოჲსა დიდი მამათმთავარი“ იოანე IV საფარელი, ხოლო მეფის მწიგნობართუხუცესი გიორგი მონაზონი (+1118; ხს. ძვ. სტ. 12/09; ახ. სტ. 25/09), რომელიც წარმოადგენდა ქალკედონიზმის, ანუ როგორც იმჟამად იყო მიღებული - ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, „კრების თუალად“ იხსენიება. განჩინება, რომელიც კრებამ მიიღო და დაამტკიცა, შეადგინა არსენ იყალთოელმა. მისი სათაურია „ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ-შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა და ღმრთივ-დაცულისა მეფისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისაჲთა, პირთათჳს, რომელნი ქუემოთ მოჴსენებულ არიან“. არსენ იყალთოელი ამავე დროს იყო კრების მდივანი და ერთ-ერთი ორგანიზატორი [წარმოშობით კახელი (ანუ „ქუეყანით კახი“) არსენი, დაბადებულა „დაბასა შინა იყალთოსა“. დოღმატიკონის ერთ-ერთ ტრაქტატს მიწერილი აქვს: „ითარგმნა არსენისაგან ვაჩეს-ძისა“. ვაჩე კახეთის შეძლებული მთავართაგანი იყო, სავარაუდოდ, მაყაშვილი (ან ვაჩნაძე). არსენი ჭაბუკობის ჟამს იერუსალიმში, „ჯვრის მონასტერსა შინა ქართველთასა“ გამგზავრებულა, სადაც „უსწავლია ენა ელინური, ასურული და არაბული“. ერთ-ერთი ვერსიით, არსენი იყო იმ 80 მოსწავლეს შორის, რომელიც გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა საქართველოდან კონსტანტინოპოლში. აქედან ის მოხვდებოდა ჯერ ათონის მონასტერში, შემდეგ - კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში, სადაც იმავე პერიოდში ფილოსოფიას ეუფლებოდა იოანე პეტრიწი. მან მიიღო საფუძვლიანი სამეცნიერო-საღმრთისმეტყველო განათლება. მანგანის აკადემიიდან არსენი წავიდა შავ-მთაზე, სვიმეონ საკვირველთმოქმედის მონასტერში და იქ დაემოწაფა ეფრემ მცირეს, რომლის ხელმძღვანელობითა და ანტონ ტბელის ლოცვა-კურთხევით შეუდგა სამწერლო-სამთარგმნელო საქმიანობას (1080 წლამდე), რითაც მალე ისახელა თავი და მოძღვრის ქება-დიდებაც დაიმსახურა. ეფრემმა არსენში დაინახა დიდი განათლება, ღრმა ერუდიცია, მთარგმნელობითი ნიჭი და ქართული ენის შესანიშნავი ცოდნა. არსენმა თავისი ლიტერატურული შემოქმედებითა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით მართლაც კაცთაგან შეუძლებელი საქმე გააკეთა. XI ს-ის მიწურულს, ეფრემ მცირის გარდაცვალების შემდეგ არსენი კვლავ კონსტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში დაბრუნებულა და იქ გაუჩაღებია ლიტერატურულ-მთარგმნელობითი საქმიანობა, მაგრამ იქ ყოფნა დიდხანს არ მოუხდა. 1103 წლისათვის მეფის მოწვევით საქართველოში ჩამოსულა. ბრძენი და მეცნიერი არსენი გახდა მეფის „მოძღვარი სამეცნიერო“ და საიმედო მრჩეველი, „სასო და განმანათლებელი“. იგი 22 წლის განმავლობაში მხარში ედგა მეფეს, როგორც მისი გონიერი მოძღვარი და მისი ხელშეწყობითა და თანადგომით ეწეოდა საეკლესიო-საზოგადოებრივ და სამწერლო-სამონასტრო საქმიანობას.

საქართველოში არსენი უმეტესწილად ცხოვრობდა შიომღვიმეში, სხვა ბერებისაგან განცალკევებით, სოხასტერში, რისი პატივიც მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ბერებს ჰქონდათ. აქ ეწეოდა იგი ინტენსიურ ლიტერატურულ საქმიანობას. არსენის მთარგმნელობითი და ორიგინალური შემოქმედების სფეროში შედიოდა ქრისტიანული მწერლობის სხვადასხვა ჟანრი: აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, მსოფლიო ისტორია, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც - ღვთისმეტყველება და კანონიკა. მის მიერ შერჩეული და ქართულ ენაზე თარგმნილი პოლემიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშები თავმოყრილია ცნობილ კრებულში „დოგმატიკონი“, რომელშიც შესულია შუა საუკუნეების საუკეთესო ავტორთა ანტიმონოფიზიტური, ანტინესტორიანული, ანტიმონოთელიტური, ანტიმაჰმადიანური, ანტიიუდაური ტრაქტატები და ერთი ორიგინალური შრომა: „ხსენებაი სიტყვის-გებისაი და სასჯელისაი შჯულისათვის ქრისტიანეთაისა და სარკინოზთა“, მასში არეკლილია თბილისის შერეული მოსახლეობის სარწმუნოებრივი ინტერესები და საზოგადოებისათვის საკამათოდ ქცეული საღვთისმეტყველო საკითხები]. ისტორიამ შემოგვინახა კრების ოქმები. „ძეგლისწერაში“ ერთი სტრიქონიც არ მოიპოვება რაიმე დოგმატური უთანხმოების შესახებ. მემატიანის თქმით კრება „დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა...“. „...გარნა არა თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესრე!...“ არამედ მხოლოდ ის, რაც ეკლესიას, ვითარცა დაწესებულებას ეხებოდა: მღვდელთმსახურთა შესახებ საკითხების განსახილველად და მრევლის, ხალხის წრეში გავრცელებულ მავნე და უწესო ზნე-ჩვეულებათა და ცოდვათა აღმოსაფხვრელად.

კრების განჩინებას დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა უწოდა „ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ“. ტექსტი შედგება ოთხი ნაწილისაგან. ესენია: შესავალი; თვით განჩინება, რომელიც შეიცავს 19 მუხლს; ხოტბა დავით აღმაშენებლისა „მეფესა დავითს - მონაზონი არსენი (სახოტბო ეპისტოლე, რომელიც არსენმა შეთხზა და კრების მონაწილეთა სახელით მიართვა მეფეს. ეს ეპისტოლე არ იყო პირფერული და ლიტონი ფრაზებით შემკობილი, არამედ მას აპირობებდა გულწრფელი სიმართლე.) და მოსახსენებლები. შესავალში გადმოცემულია ქვეყნის გაჩენის ბიბლიური მოთხრობა, ქრისტეს განკაცება და მოძღვრება, ანდრია მოციქულისა და ნინო ქართველთა განმანათლებლის მისიონერული მოღვაწეობა, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცება. ჩამოთვლილია მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ განჩინებულ კანონთა ნუსხები, ეკლესიის „მამათა მიერ განწესებულნი და თანააღრაცხულნი კანონნი“, რომლებიც თავმოყრილია საეკლესიო სამართლის კოდექსში „დიდ სჯულისკანონში“. იგი საფუძვლად დაედო კრებას და მისი დაცვა და „მტკიცედ პყრობაჲ“ სავალდებულო გამხდარა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

ამ კრებამ მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის კრების „ძეგლის წერა“), რომლის ძალითაც აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და მაღალი რანგის სასულიერო პირთა თავნებობა. მათ ნაცვლად დააწინაურეს პიროვნებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი მაღალი ღირსებით, ცოდნითა და განსწავლულობით. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. „დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომაჲ განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს“. აიკრძალა დაწინაურება წოდებრიობისა და მემკვიდრეობის მიხედვით, ხოლო თანამდებობებზე ინიშნებოდენ მხოლოდ პიროვნულად ღირსეულნი - ნიჭიერნი, განსწავლულნი, პატიოსანნი, ქვეყნისა და მეფის ერთგულნი, წრფელად მორწმუნენი და კაცთმოყუარენი - მიუხედავად მათი წოდებრივი, გვაროვნული და ქონებრივი მდგომარეობისა. დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. მეფე თავისი სამხედრო ნაწილებით იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების ზეწოლისგან დაეფარა ღმრთისმსახურები.

კრებაზე დაკანონდა სამღვდელო პირთა ხელდასხმის წესი და განისაზღვრა ასაკი, რომლის უადრეს არა ეგებოდა საეკლესიო თანამდებობაზე ხელდასხმა (მაგ. ეპისკოპოსებისთვის 35 წელი, მღვდელთათვის -30, დიაკონთათვის - 25 და ა. შ.). კრებამ აკრძალა ხელდასხმით ერთსა და იმავე დროს ერთი თანამდებობიდან II და III ხარისხზე აყვანა; განისაზღვრა საგანგებო ზომები სამღვდელოებაში გავრცელებული მექრთამეობის აღმოსაფხვრელად; აიკრძალა ყოველგვარი საეკლესიო ნივთების მოხმარება, რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო; აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა; აიკრძალა უწლოვან ქალ-ყრმათა გვირგვინის კურთხევა; კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრავლე; აიკრძალა მონასტრებთან სავაჭრო ბაზრობების გამართვა; შინა საეკლესიო საქმიანობის მოწესრიგების მიზნით კრებამ მიიღო „განჩინება სოდომური ცოდვისათვის“, „განწესება ჟამისწირვისა“, „მწვალებელთა და წარმართთათვის“ და სხვა. ამ ძალზე აუცილებელი და სახელმწიფო მნიშვნელობის რეფორმის ჩატარებით დავით მეფემ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის სიწმინდე და ავტორიტეტი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომელიცა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტებაჲ“, - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში. თუმცა კრების დადგენილება არ მიუღია სამეფო კარის მოწინააღმდეგე ძაგან და მოდისტოს აბულეთის-ძეებს და მიტაცებული საყდრები არ დაუთმიათ. გაქცეულმა ძაგანმა, თავი შიო მღვიმეს მონასტერს შეაფარა. მონასტრის კრებულმა ორგული ფეოდალი შეიპყრო და მეფეს გადასცა. თვით მეფე დავითი მოგვითხრობს შემდეგს: იყო ღვთის შემაწუხებელი ძაგანი და მისი ძე მოდისტოსი, წინაუკმო მღვდელმოძღვარი. ერთმა მათგან ,თვისთა პატრონთა წყალობა მათზედა საისრედ აღმახვა, ხოლო მეორემ ეკლესიები თვისად მიიტაცა. მაგრამ ეს მწყემსი ჭეშმარიტ მწყემსებმა დაამხეს, ხოლო ძაგანი, შევტოლვილი შიო-მღვიმეს, ღმერთმა ხელში ჩამიგდო, რადგან მღვიმის ბერები დამეხმარენო. შიო მღვიმის მამების დახმარებით ძაგანი რომ შევიპყარიო, განაგრძობს დავით მეფე, შიო მღვიმეში მიველიო, თაყვანი ვეც წმ. შიოს საფლავს, ვნახე მემღვიმე მთავარ მამა მიქელი და სხვანი, სულითა ღვთისათა განათლებულნი, მამანი, სიხარულით აღვსილნი, რომ ვნახე ეს სამოთხის მსგავსი ლავრა, მოვუწოდე არსენ ბერს და ვუბრძანე აეშენებინა საყდარი ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა (1103-33 წწ) მონასტრის ეზოს საშუალ - არსენი ბერისა (სავარაუდოდ არსენ იყალთოელს). და ჩემის მოძღვრის იოანეს რჩევით შიო მღვიმის მონასტრის წესნი სვიმონ-წმინდელის წესზე დავსხიო. მღვიმელთა ერთგულებისა და თავდადებისათვის დავითმა მონასტერი მთლიანად თავის საპატრონოდ გამოაცხადა.

1104 წ. კახეთის მეფე კვირიკე IV მიიცვალა. მის ნაცვლად მისი ძმისწული, აღსართან II დასვეს, რომელსაც მემატიანე ცუდად ახასიათებს. მეფობის ნიჭი არ ჰქონდაო ,,ქარაფშუტა, ცუნდრუკი რამე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო“ იყოო.

სანამ თურქთა სრულ განდევნას შეუდგებოდა, მანამ საქართველოს სრული გაერთიანება უნდა დაემთავრებინა ღმრთივკურთხეულ მეფეს. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნებოდა მისი სისხლხორცეული ნაწილი - კახეთი და ჰერეთი. ამისთვის დავითს დიდი ბრძოლა ელოდა წინ, რადგან არც თურქები და არც შინაური მოღალატე აზნაურები საქართველოს გაერთიანებას უსისხლოდ არ შეურიგდებოდნენ. დავით IV დიდი პატივისცემით სარგებლობდა კახეთ-ჰერეთის მოსახლეობაში. საქართველოს გაერთიანების იდეა, როგორც ჩანს, ბევრ დიდებულსაც იზიდავდა. 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულმა აზნაურებმა ქავთარ ბარამის ძემ და მისმა დისწულებმა - არიშიანმა და ბარამმა შეიპყრეს და დავითს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი, რაც კახეთ-ჰერეთის შემოერთებას ნიშნავდა.

სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა თურქ-სელჩუკების ამბები ჯვაროსნებთან, თუმცა მას შემდეგ, რაც დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი. სელჩუკთა სულთანმა „ურიცხვნი სპანი“ შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა“. როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. დავითის ჯარი უფრო მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ კარგად გაწვრთნილი.

1104 წელს უფლის წყალობას მინდობილი დავითი კარგად გაწვრთნილი მცირერიცხოვანი ლაშქრით და „განწირული ერით“ ერწუხთან (სავარაუდოდ დღევანდელი საინგილოს ტერიტორია) უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. „თჳთ მეფე, არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა ანუ შორით უზახებდა... არამედ უპირატესად ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღალითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა“ (ლომი ბიბლიური სიმბოლიკაა. და ერთ–ერთი აუცილებელი ეპითეტია ქართველ მეფეთათვის, ბიბლია მოგვითხრობს, რომ მამამთავარმა იაკობმა თავისი ძე იუდა დალოცა, როგორც „ლეკვი ლომისა“. სწორედ ამ იუდას შთამომავლები არიან დავითი და სოლომონი და ბაგრატიონთა შტო. „ქართლის ცხოვრებასა“ და „ვეფხისტყაოსანში“ ლომის სიმბოლიკა ყველა მეფეს მიემართება. ამიტომ უჭირავთ ლომებს ბაგრატიონთა გერბზე სამეფო გვირგვინი), სადაც დიდ გასაჭირს შენიშნავდა – იქით გააქანებდა ცხენს, მუსრს ავლებდა მტრის ჯარს „მკლავითა მტკიცითა დაამჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა ყოველთა“. მის ხმალს იმ დღისით ქარქაში არ უნახავს: ,,მას დღესა (მეფეს) სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი“. „ესოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ-უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელთა იპყრობდა... და ტყუედ მოჰყვანდეს ყოველნი“. მტერთაგან მრავალი დაიხოცა, მრავალიც ტყვედ ჩავარდა, ხოლო დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. ომი რომ დამთავრებულა და მთელი დღის ბრძოლით დამშვრალ მეფეს სარტყელი შეახსნეს, პერანგიდან ერთბაშად, შედედებული სისხლები გადმოსცვივნია, მიწაზე სქლად დადებულა სისხლის ტბორი. მეფის ახლობლები შეშინებულან, რადგან დაჭრილი ეგონათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სახელოდან ჩასული მტრის სისხლი იყო. ერწუხის ბრძოლის აღწერისას მემატიანე ქართული ჯარის და მისი წინამძღოლი მეფის საქებრად სიტყვებს არ იშურებს. „ქმნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევაჲ“. მეფემ ლმობიერება გამოიჩინა, მკაცრად არ დასაჯა კახელი ფეოდალები და მათ ციხე-სიმაგრეებში სამეფო რაზმები ჩააყენა. ამიერიდან დავით IV სავსებით სამათლიანად ატარებდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფის ტიტულს.

დავით IV სხვადასხვა დროს ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველი ცოლი იყო ტაშირ-ძორაკეთის (სომხური სამეფო) მეფის კვირიკე II-ის (1048-1089) ასული რუსუდან ბაგრატუნი, რომელთანაც 1093 წელს ვაჟი - დემეტრე შეეძინა (დავითის ცოლყოფილმა, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად იყო აღკვეცილი, ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი მიჰყიდა ფრანგ ჯვაროსნებს. საქმე ის იყო, რომ 1108 წელს შიმშილობა დაემუქრა იერუსალიმის მონასტრებს. იმ პერიოდში სელჩუკებთან ომის მიზეზით საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს. მატერიალური შემწეობა იგვიანებდა. დავითის ცოლყოფილმა დიდძალ თანხად ჯვარი შესთავაზა ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზში, ნოტრდამის ტაძარში. ეს პირველი ძელიცხოვლის ნაწილი იყო დასავლეთ ევროპელთათვის). მემატიანისაგან ვიცით, რომ დავითს მეორე ცოლად ჰყავდა ,სიკეთით განთქმული გურანდუხტ დედოფალი, „შვილი ყივჩაღთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოველსა საქართველოსა“. ყივჩაღმა დედოფალმა ღირსეული მეუღლეობა გაუწია აღმაშენებელს. ოთხი შვილიც გაუჩინა მეფეს: თამარი, კატაი, ვახტანგი (ცუატა) და თამარ მრწემი. გურანდუხტი ამავდროულად უდედოდ დარჩენილ დემეტრესაც უწევდა დედობას და ამით ცდილობდა მშობელთან განშორების სიმძიმე შეემსუბუქებინა მეფისწულისთვის. დემეტრეს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მეფობისთვის, მის აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები - წვრთნიდნენ, ავარჯიშებდნენ, საომარ ხერხებს, ქვეშევრდომთა სიყვარულსა და სიქველეს უნერგავდნენ.

დავით IV მტკიცე ნებისყოფით, გონიერი მოქმედებით და სამხედრო და ადმინისტრაციული მართვის ნიჭით ქმნიდა ძლიერ ფეოდალურ ცენტრალურ სახელმწიფოს და მის სამსახურში აყენებდა ყველას - ერსაც და ბერსაც. წმინდა მეფის პოლიტიკა იყო არა დასავლური თუ აღმოსავლური ორიენტაციის, არამედ წარმოადგენდა თვითმყოფადი ქვეყნის თვითმყოფად პოლიტიკას. მის ყოველ ნაბიჯს ღმრთისათვის სათნო მოძღვრის კურთხევა ახლდა (სხვადასხვა დროს მეფის მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი). სწორედ ასეთი პოლიტიკა ქმნიდა საუკეთესო პირობებს რჯულის სიწმინდის დაცვისათვის, რაც წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისათვის უპირველეს და უმაღლეს დანიშნულებას.

დავითმა შექმნა სამი სახის საპოლიციო აპარატი: სამოქალაქო პოლიცია - მანდატურთუხუცესის სახელო (მანდატურთხუცესი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გაზრდილი უფლებებით. და ჭყონდიდელთან (დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან) და ამირასპასალართან (სამხედრო მინისტრთან) ერთად „სამთა ვაზირთა“ სრულუფლებიან წევრად გვევლინებოდა); კრიმინალური პოლიცია -- მპარავთმძებნელის აპარატი (სისხლის სამართლის წარმოება მთლიანად თავმოყრილი იყო ერთი სტრუქტურის - „მპარავთმძებნელთა“ ანუ სისხლის სამართლის სამძებროს ხელში. მათ ფუნქციაში შედიოდა ავაზაკთა, ყაჩაღთა, მეკობრეთა, ქურდთა და სხვა სახის კრიმინალთა არა მარტო ძებნა-შეპყრობა, არამედ გასამართლებაც და განაჩენის აღსრულებაც. მპარავთმძებნელნიც და მათი ქვეშევრდომნი „ჩენილნიც“ - ინსპექტორები - განსაკუთრებული უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი. ისინი სამოქალაქო სამართლის საქმეთა გახსნაშიც მონაწილეობდნენ და, ამასთან, სრული შეუვალობით სარგებლობდნენ სისხლის სამართლის სფეროში. ესოდენ დიდი უფლებები, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა და, აქედან გამომდინარე, მპარავთმძებნელთა სამსახურში ანუ კრიმინალურ პოლიციაში ქვეყნის ღირსეული შვილნი იყრიდნენ თავს! ამასთან, მპარავთმძებნელის - სისხლის სამართლის სამძებროს ავტონომიურობა უზრუნველყოფდა ამ სამსახურის მეტ მობილუნარიანობას, არც ერთ სხვა უწყებას არ ჰქონდა შანსი, თვინიერ მეფისა, ზეწოლა მოეხდინა მპარავთმძებნელთა საქმიანობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ქართველ ერში საოცრად ზრდიდა კრიმინალური პოლიციის ავტორიტეტს, ამყარებდა მოსახლეობის ნდობას.), რომელიც აღჭურვილი იყო გამარტივებული სისხლის სამართლის კოდექსით, ე.წ. სამპარავთმძებნელო კოდექსით; ფარული პოლიცია - უშიშროების ფუნქციის მატარებელი მსტოვართა სამსახური, რომლის ფუნქციასაც ქვეყნის შიგნით, როგორც ავის განმზრახავთა, ისე სახელმწიფოსთვის კეთილის მსურველთა აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა. ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებში მოქმედებდნენ, როგორც მზვერავები და ძლიერ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ. დამნაშავის შეპყრობა და განაჩენის აღსრულება ეკრძალებოდათ მსტოვრებს, რათა არ მომხდარიყო მათი გამჟღავნება და სისტემას წარმატებით ემუშავა. მსტოვართა სამსახურიც მანდატურთუხუცესის დაქვემდებარებაში იყო. ყოველივე ამას ემატებოდა უძველესი ტრადიციული სამართალდამცავი სტრუქტურების არსებობა, რომლებიც რეგიონების მიხედვით, განსაკუთრებით კი მთაში, ეხმარებოდნენ ხელისუფლებას მართლწესრიგის დაცვის საქმეში. ერისთავები, მათი ქვეშევრდომნი, გამგებლები, ხევისბერნი და მამასახლისები ადგილზე ახორციელებდნენ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას. ისინი, ერთი მხრივ, „საქვეყნოდ გამრიგე–მოხელენი“ ანუ მხარეთა, სოფელთა მმართველებიც იყვნენ და, მეორე მხრივ, პოლიციის უფროსის ფუნქციასაც ითავსებდნენ. ამავე დროს გზირები ჰყავდა ყოველ სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტს და ისინი იგივე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც თანამედროვე უცხოეთში უბნის შერიფები. წვრილმანი დანაშაულის აღკვეთა, უპირველეს ყოვლისა, გზირთა მოვალეობას წარმოადგენდა (რაღა თქმა უნდა დავითამდეც იყო ,,შინაგანი წესრიგის დამცველი საპოლიციო აპარატი“, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მეფემ).

გზირი, ჩენილი, მანდატური, ხევისბერი, მპარავთმძებნელი, მსტოვარი, მსაჯული, ბოქაული, ამირეჯიბი - ყველანი ერთიან საპოლიციო სისტემას შეადგენდნენ და ემსახურებოდნენ ქართველთა ზნეობის, სამართლის დაცვასა და აღსრულებას, ანუ დაცვას საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედის და ღირსეული საყრდენი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თვითმყოფადობისა. მემატიანე წერს, რომ მეფე დავითს ჰქონდა რაღაც საოცარი, საშიში და საზარელი უნარი ღმრთისაგან და ეს იყო მისი გულთამხილველობა. ვერავინ გაიფიქრებდა რამე ცუდს ისე, რომ მეფეს ეს არ სცოდნოდა. ადამიანთა გულის ზრახვანი, მათი ფიქრებიც კი უწყოდაო, ხოლო „მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდის ცხადად“-ო. დავითის ისტორიკოსი შემდეგ გვთხოვს - ნუ შეუდგებით იმის ძიებას, თუ როგორ ხდებოდა ეს, არამედ შენ ის იხილე, თუ რა დიდი სარგებელი ჰქონდა ამით ქვეყანას, იგი ამ უნარს „ცუდად რადმე“ და ვინმეს გასაკიცხად არასოდეს იყენებდაო.

ქართველი ისტორიკოსები ამ მოვლენას მეფის მიერ შექმნილ, ძალიან კარგად ორგანიზებულ ფართო საჯაშუშო ქსელს უკავშირებენ, მაგრამ მემატიანე პირდაპირ აცხადებდა: „ყოვლისა საშიშ და საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მასზედა ნიჭი ესე და საკვირველ იყო“ და დასძენს, მე ამ თემაზე ვეღარ გავაგრძელებ საუბარს, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო. აქ საუბარია სწორედ მეფის გულთამხილველობაზე, უფლის მიერ მონიჭებულ უნარზე, რომ სხვისი ფარული ზრახვები ამოიცნოს. აქ მეფის დიდ სულიერ ნიჭზეა საუბარი. მთელი მისი მოღვაწეობა წარმართული იყო მაღალი ცნობიერებითა და ნათელი გონებით.

წმინდა მეფე ქართულ ეკლესიაში საქართველოს ჭეშმარიტი გამაერთიანებლის ძალას ხედავდა, რომელსაც შესწევდა უნარი, უფლის შემწეობით განეახლებინა და გაეცხოველებინა ქართული საზოგადოება და იგი ახალი სულიერების საფეხურზე აეყვანა [შემდგომ ეს მართლაც ასე მოხდა, ქართველი ერის ოქროს ხანა - ეპოქა დავითისა და თამარისა, რომელსაც საფუძველი ბაგრატ III-მ ჩაუყარა, სწორედ სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის ძალზე ღრმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. საქართველოს სახელმწიფო ძლიერი იყო მანამ, სანამ ის ქართულ ეროვნულ ეკლესიას (რომელიც შედგებოდა ორი - აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოზოებისაგან) ეყრდნობოდა. ამიტომაც საერო და სასულიერო ძალაუფლების ერთობით ქვეყნის მართვა საუკუნეთა განმავლობაში მმართველობის იდეალურ სახედ მიიჩნეოდა].

რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გატარებული ღონისძიებების შემდეგ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების მიზნით. 1104 წ. დავითმა გაააერთიანა მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობა. საქართველოს კარზე ძველთაგანვე არსებობდა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, რომელიც მეფის კანცელარიას განაგებდა (თანამედროვე პრემიერ-მინისტრი). ვინაიდან მწიგნობართუხუცესი სახელმწიფოში უპირველეს სახელოს ფლობდა, ამიტომ ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს ქვეყანაში დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონოდა. იგი უნდა ყოფილიყო „ბრძენი და გონიერი, პატრონთათვის სვიანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა“. ეს ადგილი ყოველთვის განსწავლულ ბერს ეკავა და არ იჩენდა თანამდებობის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას. მართვის საკითხებში გათვითცნობიერებული, მწიგნობართუხუცესი მეფის უახლოესი მრჩეველი იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა მეფის კარზე. დავით აღმაშენებელმა თავისი აღმზრდელი, მოძღვარი და მრჩეველი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე გიორგი მონაზონ-მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდის (ამჟამად მარტვილი) არქიეპისკოპოსად დანიშნა და ამასთან შემოიღო წესი, რომლის თანახმადაც მეფის მწიგნობართუხუცესი ერთდროულად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოს-ჭყონდიდელიც ხდებოდა. ასე გაჩნდა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა. ამ თანამდებობის მქონე პირი ითავსებდა მეფის ჩინოვნიკისა და უმაღლესი რანგის საეკლესიო მწყემსის ვალდებულებებს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მასზე ამბობს: იგი იყო „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განზრახი სვიანი და ფრთხილი, თანაგამკაფველი ყოველთა გზათა და საქმეთა და ღუაწლთა“ მეფისათაო, ხოლო „ჴელმწიფის კარის გარიგება“ გვამცნობს, რომ იგი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების“. გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ამავე დროს წარმოადგენდა მთავრობის მეთაურს ანუ „ვაზირთა უპირველესს“, და სამეფოსა და სამეფო სახლის გამგეობა ებარა. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა დარჩენილ სამ ბერს მწიგნობართუხუცესზე ნაკლები პატივი გააჩნდა. მათ არანაკლებ მნიშვნელოვანი სფეროები ებარათ საქვეყნო-საეკლესიო მართვა-გამგეობისა, მაგრამ მათგან მწიგნობართუხუცესი იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე. შემდგომ დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა - აფხაზეთში და ალავერდისა - კახეთში.

ფეოდალურ საქართველოში XII ს-ს პირველ მეოთხედამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა. ბუნებრივია, სამართლის ამგვარ წარმოებას ხარვეზები ჰქონდა. დავით აღმაშენებლის ეპოქაში ქართული მართლმსაჯულება მეტად რთულ და ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენდა. მისი განვითარების დონე შესაშურია თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებისთვისაც კი. კანონმდებლობით გამიჯნული იყო სამოქალაქო და სისხლის სამართალი. ცალკე არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც „სამართალი სამპარავთმძებნელო“ ეწოდებოდა. უმაღლეს სასამართლო ინსტანციას წარმოადგენდა სააჯო კარი, რომლის ხელმძღვანელობაც დავითის განწესებით ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს დაევალა.

უმაღლესი სასამართლო კოლეგია, ისევე როგორც ქვემდგომი სასამართლოები, სამკაციანი იყო. სასამართლოს სისტემა ნებისმიერი ტერიტორიული ოლქის მიხედვით რამდენიმე ნაწილად იყოფოდა: ა) გლეხთა სასამართლო - მოსამართლე-მამასახლისი; ბ) ვაჭარ-ხელოსანთა - მოსამართლე-დიდვაჭარი; გ) დიდებულთა - მოსამართლე-მოძღვარი ან მეფეთა წინაშე ზრდილი ან ნამყოფი კაცი; დ) „საკორპორაციო სასამართლოები“ (პროფესიების მიხედვით) ყველა სახის საოლქო სასამართლოს სასჯელო-სამრევლო ეწოდებოდა. თუ დანაშაულში სხვადასხვა ოლქის მკვიდრნი ან სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაშინ საქმეს პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივად აწარმოებდა ორივე სახის სასამართლო, ვთქვათ, საგლეხო და დიდებულთა განაჩენიც ერთობლივად გამოჰქონდათ, აღსრულებას კი გლეხზე - გლეხი მოსამართლე, დიდებულზე კი - დიდებული მოსამართლე კისრულობდა.

XI-XII სს-ში ქართულ სამართლის წარმოებაში შემდეგი პირნი მონაწილეობდნენ: სასამართლო კოლეგიის წევრები (მოსამართლე, გამომძიებელი და საქმის მომხსენებელი); ადვოკატი-მეოხი; მოწმენი - არანაკლებ სამი კაცისა (ისიც ფიცის ქვეშ, რათა მინიმუმამდე დასულიყო ცილისწამების შესაძლებლობა), ბრალმდებელ-შემწყალებელი, დაზარალებული და ბრალდებული.

XII ს-ის დასაწყისიდან „სააჯო კარი“ ანუ „თხოვნის კარი“ საქართველოს უმაღლესი სასამართლო დაწესებულება გახდა, იგი განიხილავდა ქვედა საფეხურის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯას (თხოვნა-ვედრებას). სააჯო კარის ფუნქციას შეადგენდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი საქმეების გარჩევა. ორშაბათობით ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თვითონ სჯიდა საქმეებს, თავისი უახლოესი ხელქვეითი მოხელეების - მეფის საწოლისა და ზარდახნის მწიგნობრების მონაწილეობით. დანარჩენ დღეებში საქმეებს სხვა მოსამართლენი განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა და სხვა მოსამართლეების კომპეტენცია გამიჯნული იყო [სასამართლო ხელისუფლება: საკონსტიტუციო სასამართლო - დარბაზი; უზენაესი სასამართლო - სააჯო კარი; რეგიონული კოლეგიები სოციალური (სააზნაურო კოლეგია; საგლეხო კოლეგია; მოქალაქეთა კოლეგია) და კორპორაციული ნიშნით (მევენახეთა კოლეგია; მებაღეთა კოლეგია; ფეიქართა კოლეგია და ა.შ). კოლეგიის წევრი 3 მოსამართლის გარდა, დავითის სასამართლოში იყო პროკურორ-ბრალმდებლის და ადვოკატ-მეოხის თანამდებობაც. სასამართლოში საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო მინიმუმ 3 მოწმის ჩვენება. განაჩენი მხოლოდ გამოძიების საფუძველზე უნდა გამოტანილიყო. ჭყონდიდელის, ანუ სასულიერო პირის ხელდებულ სასამართლოში ჩვენების მიცემას ქართველი კაცი ზნეობრივ მოვალეობად აღიქვამდა]. მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა, სახელმწიფო განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში - მობილიზაციის გამოცხადება. მას ჰქონდა მინდობილი საქართველოს სამეფო სპაც (ლაშქარი). განსაკუთრებულ შემთხვევაში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ომშიც მიდიოდა და მხედრობას ბრძოლის ველზე მიყვებოდა. ომიანობის და მშვიდობიანობის საკითხის გადაწყვეტაშიც ძლიერი გავლენა ჰქონდა.

ერწუხთან მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთან პირისპირ სამხედრო შეჯახებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას და საკუთარი ძალის რწმენა გაუღვივა.

ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას. ქალაქები აღორძინების გზას დაადგა. და „ვინაჲთგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა, და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა და მოსცემდა ჟამითი ჟამად ძლევათა საკჳრველთა, და უძღოდა ძალითი ძალად“, დავითიც თავის ყოველ წარმატებას ღმერთს მიაწერდა და ამქვეყნიურ, წარმავალ საქმეებზე მეტად საუკუნო და მარადიულ, უფლისთვის სათნო საქმეთა კეთებას ესწრაფვოდა.

1106 წელს ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში დაიწყო გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის აღშენება, რომელიც იყო „აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა“. ხალხური გადმოცემით, მთავარი ტაძრის პირველი ბალავერი თვით მეფეს ჩაუგდია საძირკველში, ხოლო მშენებლობის ორგანიზაცია არსენ იყალთოელისათვის მიუნდვია. გელათის არქიტექტურა და ხუროთმოძღვრული ანსამბლი კარიბჭე-ნაგებობათა განლაგებით, იერუსალიმის მოდელს გულისხმობს. (სახელწოდება „გელათი“ ანუ „გაენათი“, მომდინარეობს ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონ მეფის მიერ აგებული იერუსალიმის ერთ–ერთი კარიბჭის სახელწოდებიდან და აღნიშნავს სამოთხის კარს. ამ კარიბჭით დავითის ქალაქში შესვლა იყო შესაძლებელი, ეს ის ადგილია იერუსალიმში, სადაც დავითის ციხე–კოშკი იყო აღმართული. დავით აღმაშენებელი, როგორც ბაგრატიონი მეფე, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი და მისი მოსახელე, გელათს მოიაზრებს ახალ იერუსალიმად.). გელათის ღმრთისმშობლის ტაძარი კი შენდებოდა ნელა და საფუძვლიანად [გელათის მონასტერი მოიცავს ღვთისმშობლის შობის (მთავარ ნაგებობას), წმ. ნიკოლოზის (აღმოსავლეთით) და წმ. გიორგის (დასავლეთით) ტაძრებს, ასევე სამრეკლოს, აკადემიის შენობას, დავითის საფლავსა და სხვადასხვა მცირე ზომის ნაგებობებს. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII ს-ში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ.]. მართლმორწმუნე მეფე დავითი ვეღარ მოესწრო მის დასრულებას - ტაძრის კურთხევა მხოლოდ მისი მემკვიდრის დემეტრეს მეფობაში მოხდა 1130 წელს, თუმცა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა დავითის სიცოცხლეშივე გაჩაღდა.

X-XI საუკუნეებიდან საქართველოში განსაკუთრებით ძლიერდება ქართველი ბერმონაზვნობის შემოქმედებითი კონტაქტები უცხოეთის სამწიგნობრო ცენტრებთან. ამ პერიოდიდან ახალ ეტაპზე ადის ქართული ორიგინალური მწერლობა, მთარგმნელობითი ხელოვნება, მრავალფეროვანი ხდება თავად სათარგმნი მასალის რეპერტუარი. ამ თარგმანების წყალობით ადგილობრივ მოქმედ ქართულ სკოლებში ახალგაზრდას იმ დროისათვის უკვე სერიოზული განათლების მიღება შეეძლო, მაგრამ იმდროისათვის მაღალი საღმრთისმეტყველო და სამეცნიერო ცოდნის ქართველი სწავლულები ისევ ბიზანტიის (კონსტანტინოპოლი, ათონი, ანტიოქია, პეტრიწონი) საგანმანათლებლო კერებში მიემგზავრებოდნენ. დავითმა საჭიროდ ჩათვალა, ადგილზე დაეარსებინა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც თავისი სასწავლო პროგრამებით და პედაგოგთა (მოძღვართა) კონტიგენტით იმდროინდელი ბიზანტიისა და აღმოსავლეთის წამყვან სკოლებს გაუტოლდებოდა. ასეთ ცენტრად იქცა დავითის მიერ აშენებული გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია. ამ სასწავლებელს მუშაობა დაუწყია 1106-1110 წ.წ, თვით გელათის ტაძრის დასრულებამდე. გელათის აკდემიაში სასწავლო პროცესის გასაძღოლად დავითს საქართველოში მოუწვევია სახელგანთქმული ქართველი სწავლულები, რომლებიც იმხანად ათონის, პეტრიწონისა და ბიზანტიის იმპერიის სხვა მონასტრებში მოღვაწეობდნენ. ესენი იყვნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, იოანე ტარიჭისძე.

გელათის აკადემიაში ისე, როგორც იმდროინდელ ბიზანტიის სქოლასტიკურ უმაღლეს სკოლებში, ისწავლებოდა: დიალექტიკა, ფილოსოფია, ღმრთისმეტყველება, რიტორიკა, გრამატიკა, არითმეტიკა, ასტრონომია, მედიცინა, მუსიკა, პოეზია, გადიოდნენ იურისპრუდენციასაც. გარდა შვიდი სამეცნიერო-სასწავლო დარგისა, რომელიც აქ ისწავლებოდა, დავით აღმაშენებელმა გელათში კიდევ ობსერვატორია და სამედიცინო დაწესებულება - ქსენონი დააარსა, რომელშიც სნეულები შეკრიბა, მოუმზადა მათ უხვად ყოველივე სახმარი, „და განუჩინა შესავალნი და საღუაწნი მათნი ყოვლადვე“, თვითონვე მიდიოდა სანახავად, მოიკითხავდა და სათითაოდ ეამბორებოდა, „აფუფუნებდა მამებრ“, თავისი ხელით ამოწმებდა საწოლებს, სამოსლებს, საგებელს, და სიუხვესა და წყალობას არ აკლებდა მათ.

გელათის აკადემიას იოანე პეტრიწთან ერთად სათავეში ედგა „მოძღუართ-მოძღუარი“ (რექტორი) - არსენ იყალთოელი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა დარბაზის სხდომებში მონაწილეობის უფლება და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ საქართველოში. გელათი იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრესსა მისსა საღმრთოთა შინა, წესად და კანონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად“ (იერუსალიმი არა მარტო „ყოვლისა აღმოსავალისა“, არამედ დასავლეთისა და საერთოდ მთელი ქრისტიანული სამყაროს ცენტრად ითვლებოდა, მაგრამ შექმნილი ისტორიული მდგომარეობის გამო სწორედ საქართველოს და მის ქრისტიანულ სავანეებს, პირველ რიგში კი გელათს უნდა გაეწია მთელი აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის იერუსალიმობაც და ათენობაც. როგორც დავითის ისტორიკოსი გვაცნობს, გელათი დიდი ხნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სულიერ-კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი). დავითმა ახლადდაარსებულ მონასტერში წმინდანთა პატიოსანი ნაწილები, ხატები და სხვა სიწმინდეები დაასვენა. შესწირა მას დიდძალი განძი და ომში მოპოვებული ნადავლი. გადასცა აგრეთვე მრავალი სოფელი და ლიპარიტის ჩამორთმეული მამულიც. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: დავითმა გელათის მონასტერი ხახულის ხატს აუშენაო (თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. სოფლის ბოლოს არის დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია ტაოს მეფის, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლის დავით დიდი კურაპალატის მიერ (961-1001). მთავარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ, გარს ერტყა მცირე ეკლესიები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, 3 კი - გარეთ. ვინაიდან ხახული დღესდღეობით მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია.). ეს დასტურდება ხატის საქტიტორო წარწერიდან, რომელიც განაწილებულია კარედი ხატის ორივე ფრთაზე [ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (ტრიპტიქონი) ამჟამად იმყოფება საქართველოს მუზეუმში].

გელათი დაარსებიდან უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. გელათის აკადემიაში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა მწიგნობრულ საქმიანობას, რომელიც ინტენსიურად გრძელდებოდა XII-XVIს.სში. თუ რა შემოქმედებით დონეს მიაღწია გელათის სკოლამ, ამაზე ის ლიტერატურული მემკვიდრეობა მეტყველებს, რომელიც ხელნაწერი წიგნების სახითაა შემონახული. იქვე არსებობდა ოქრომჭედლობის მსოფლიოში განთქმული სკოლა და საქვეყნოდ ცნობილი ხახულის ღვთისმშობლის ხატის კარედიც აქ დამზადდა. გელათის აკადემიასთან, რომელმაც ოთხ საუკუნეზე მეტ ხანს იარსება, დაკავშირებული იყვნენ სხვა ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც: იოანე შავთელი, არსენ კათალიკოსი, პეტრე გელათელი, ანტონი (XIIIს.), საბა (XIVს.), ილარიონი და მანასე (XVIს.) და ბევრი სხვა.

კეთილმსახურმა მეფემ უმაღლესი განათლების მისაღები სასწავლებლები, აკადემიები დააარსა კახეთის დაბა იყალთოსა (არის მოსაზრება, რომ არსენ ბერმა მეფის გარდაცვალების შემდეგ დატოვა შიო მღვიმის მონასტერი და სამოღვაწეოდ იყალთოში გადავიდა, სადაც უკვე არსებობდა საღმრთისმეტყველო სასწავლებელი, რომელშიც ყრმები წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, გალობას, მევენახეობა-მეღვინეობასა და სხვადასხვა ხელობას სწავლობდნენ. არსენის იყალთოში დამკვიდრების შემდეგ, სასწავლებელი უმაღლეს ფილოსოფიურ-საღმრთისმეტყველო აკადემიად გადაკეთდა) და გრემში, ხოლო საზღვარგარეთ არსებულ მონასტრებს, სადაც ქართული მწერლობა ყვაოდა - საბერძნეთში, ბულგარეთში, ასურეთში, შავ მთაზე, პალესტინაში, კვიპროსზე ის შეწირულებას გზავნიდა, მან ააგო საქრისტიანოს მშვენება, წმ. ეკატერინეს ლავრა სინას მთაზე და „წარსცა ოქრო მრავალი ათასეულნი და წიგნები საეკლესიონი სრულებით“.

დავით IV-ის ეკონომიკურ რეფორმას მიეკუთვნება მის მიერ გატარებული ფინანსური რეფორმა, რომლის დროსაც მეფემ ქართულ მონეტას არაბული წარწერაც დაურთო („მეფე მეფეთა მახვილი მესიისა დავით ძე გიორგისი“), და, ამგვარად, გააადვილა მისი მიმოქცევა მუსულმანურ ქვეყნებში. ამან გააძლიერა საქართველოს გარე სავაჭრო ურთიერთობები აღმოსავლეთით. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი [ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში მუზეუმში დაცულია სპილენძის უნიკალური მონეტა, მოჭრილი სავარაუდოდ 1118-1125 წწ. (სპილენძი 10,73 გრ. 33 მმ,) მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“]. ცდილობდა რა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სხვადასხვა პროვინციების სამეურნეო დაახლოებას, დავითი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. ასევე იმ მიზნით, რომ გაეადვილებინა და უზრუნველეყო ქართული და უცხოური სავაჭრო ქარავნების უსაფრთხო გადაადგილება, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII ს-ის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა. დავითმა ,,საგადასახადო ინსპექცია“, ანუ მაშინდელი მანადატურები გლეხთა ფენიდან აარჩია. საქართველოში ძირითად საწარმოო ძალას ფეოდალები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მეფისგან განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი გლეხი-მანდატური მოერიდებოდა ,,ურჩგადამხდელ“ ერისთავთან ალიანსს, რადგან ამით საკუთარ ძალაუფლებას აგდებდა საფრთხეში (გამჟღავნების შემთხვევაში); ხოლო თუკი პირუთვნელ რეპუტაციას მოიპოვებდა, მას შანსი ჰქონდა, მეფისგან აზნაურის ხარისხი მიეღო და თავად გაფეოდალებულიყო.

1106 წელს გარდაიცვალა თურქ-სელჩუკთა სულთანი მელიქ-შაჰ II (1105-1106). სახელმწიფოში ფეოდალური შინაომები გაძლიერდა. სულთანი გახდა მისი შვილი მაჰმედ I (1106 - 1118). თურქთა წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე დავითი მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, როცა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოაწესრიგა. ამ დრომდე თბილისი, რუსთავი, სომხითი, სამშვილდე და აგარანი სელჩუკთა ხელში რჩებოდა, ხოლო თრიალეთი და კლდეკარნი ეჭირა თევდორეს, ჭყონდიდელის დისწულს, გონიერ და დიდებულ კაცს.

1110 წელს მეფე იმერეთში იმყოფებოდა, როდესაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. თურქთაგან გაათავისუფლა სამშვილდე (ეს ციხე ტფილისის სამხრეთით მდებარეობდა და მას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა), რასაც ქვემო ქართლის მთავარ ციხეთა გათავისუფლებაც მოჰყვა. ქართველებმა სამშვილდის ახლოს ციხე ძერნაც წაართვეს თურქებს (ქორონიკონი იყო 330). ეს ციხეები მაშინ თურქთა მიერ იყო დაჭერილი, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული წლით ადრე სამშვილდე მონოფიზიტური სახელმწიფოს ცენტრს წარმოადგენდა და ლორე-ტაშირის კვირიკიანთა სამეფოს დედაქალაქი იყო [ამ მიწა-წყლის ძირითად მოსახლეობას შეადგენდა ქართველობა, არაბთა ბატონობის დროს არაბთა ხელშეწყობით გაძლიერებულმა სომეხთა ფეოდალებმა შეძლეს ხელში ჩაეგდოთ საქართველოს ეს მხარე X ს-ში. აღსანიშნავია, რომ ცოტა უფრო ადრე სომეხმა ფეოდალებმა (აზნაურებმა) შეძლეს ალბანეთის ზოგიერთი კუთხის ხელში ჩაგდება. სომეხი მმართველების ბატონობის გამო ქართლის ამ ნაწილს „სომეხთა სამეფო“ ეწოდა. სამეფოში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა, იქამდე სამწყსო ქართული ეკლესიისა, თანდათანობით სომხური ეკლესიის იურისდიქციაში ექცეოდა გამონოფიზიტების გზით.]. ამ, ჭეშმარიტად ქართულ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველობა შეადგენდა, არაბმა დამპყრობლებმა მონოფიზიტური ეკლესია ხელოვნურად გააბატონეს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებებს. ქართულმა ეკლესიამ დაიწყო ზრუნვა მკვიდრი ქართველების დედაეკლესიაში დასაბრუნებლად, მათი კვლავ გაქალკედონიტებისათვის.

სამშვილდის დაკარგვამ ქვემო ქართლში ჩასახლებულ თურქობას ისეთი თავზარი დასცა, აქაური ციხე-სიმაგრეების უმრავლესობა ერთ ღამეში მიატოვეს და გადაიხვეწნენ. და ამიერიდან თურქნი ვეღარ იზამთრებდნენ ქართლში „რამეთუ ვიდრე მოაქამომდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა“, გამოსაზამთრებლად შუენიერთა ადგილთა, სადაც ზამთარ-ზაფხულ თივა ითიბებოდა, შეშა და წყალიც უხვად ჰქონდათ. და ნადირი და ფრინველიც მრავლად იშოვებოდა. აქ ჩამოდგებოდნენ დედა-წულიანად, „ცხენისა, ჯორისა, ცხვარისა და აქლემისა არა იყო რიცხჳ, და აქუნდათ ცხოვრება სანატრელი, ნადირობდიან, განისვენებდიან და იხარებდიან და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა“. გაზაფხულზე კი ტყვითა და ალაფით სავსენი მიდიოდენ სომხეთისა და არარატის მიმართულებით და ზაფხულსაც დიდ განცხრომასა და სიამოვნებაში ატარებდნენ. იმდენად დიდი იყო მათი ძალა და სიმრავლე, რომ იფიქრებდი „ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არსო“ და ვერც კი წარმოიდგენდი თუ შესაძლებელი იყო მათი ქვეყნიდან განდევნა. ქართულ ციხე-სიმაგრეებში ქართული ციხიონები ჩადგნენ. ქართველთა შორის „იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი დღე შეემატებდა საზღვართა სამეფოსათა“. საქართველოს დაუბრუნდა საქარავნო და სამხედრო გზები, ხოლო თბილისში მდგომ თურქებს მოერღვათ თავდაცვითი კედელ-ზღუდენი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან.

იმ წელსვე სულთანმა მაჰმედ I-მა შურის-საძიებლად 100.000 კაცი გამოაგზავნა საქართველოსკენ (ვახუშტის ცნობით 200.000). თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ლაშქარი, რომ მეფის მსტოვრებმა წინასწარ ვერ შეიტყვეს. დავითი ნაჭარმაგევს იმყოფებოდა და საღამო ჟამს ჯარი რომ მოიკითხა, 1.500 კაცი აღმოჩნდა მის მახლობლად. დაყოვნება შეუძლებელი იყო, რადგან მტერს აქამდე გათავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება სურდა. ცხენს მოახტა მეფე, ეს მცირე რიცხოვანი ლაშქარი აიყოლია თან, მთელი ღამის შეუსვენებელი ჭენებით მიადგა თრიალეთს და გამთენიისას სელჩუკებს თავს დაესხნენ. ფიცხელი ბრძოლა აისიდან დაისამდე გაგრძელდა. თურქებმა ბრძოლის ველს ზურგი აქციეს, ბანაკი თავის ავლადიდებით ქართველებს დაუტოვეს და გაიფანტნენ. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას განაახლებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეძრწუნებულებს საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინათ.

1100 წელს გოტფრიდ ბულონელი გარდაიცვალა, იერუსალიმის მეფე გახდა მისი ძმა ბალდვინ I ბულონელი (1100-1118), ხოლო ედესის გრაფის ტიტული მიიღო მათმა ბიძაშვილმა - უმცროსმა ბალდვინ დე ბურგმა (ეს სამნი ძმანი და მათი ბიძაშვილი თავს თვლიდნენ დავით მეფსალმუნის შთამომავლებად). ედესა იყო ჯვაროსანთა ავანპოსტი ჩრდ. სირიაში და ყველაზე ხშირად უწევდა მტრის თავდასხმების მოგერიება. ბალდუინი უნარიანად მართავდა თავის სამფლობელოს, მას ჭკუა ხმალზე არანაკლებ უჭირდა. მან ედესის საგრაფოში მალე განიმტკიცა პოზიციები და ქვეშევრდომების სიყვარული და მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა წარმატებებთან ერთად მარცხიც იგემა და ოთხი წელიწადი მაჰმადიანთა ტყვეობაში გაატარა.

1115 წელს დავითის მუხრანში ყოფნისას გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცმა თურქებს ხელიდან გამოგლიჯა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი - რუსთავი (ქორონიკონი იყო 335) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაც მოუჭრა გზა თბილისში დამკვიდრებულ მტერს. რკალი თბილისის ირგვლივ თანდათან ვიწროვდებოდა. ასევე დიდად წუხდნენ თურქები, რადგან საზამთრო სადგომებს კარგავდნენ. მეფე თავისი „მონა-სპით“ ხან სად ესხმოდა მტრის ბანაკს თავს მოულოდნელად და ხან - სად, და დაუნდობლად მუსრავდა. იმავე წლის დეკემბერში თურქთა უზარმაზარი ლაშქარი დედა-წულიანად, ხარგებით, საქონელ-ხვასტაგიანად ტაოს შემოვიდა და ზამთრის სიმკაცრესა და მთათა სიმაგრეს მინდობილნი გამოსაზამთრებლად ბასიანში დაბანაკდა. დავითმა ისევ „უგრძნეული“ ტაქტიკა აირჩია. ქართლელთა ჯარს მზადყოფნა უბრძანა და თვითონ მტრის თვალის ასახვევად ქუთაისს გადავიდა. თებერვლის თვეში ქართლელებსა და მესხებს კლარჯეთში შეხვედრის ადგილი დაუნიშნა, თვითონ კი სპით ხუფთის გზით ჭოროხის პირი ჩაიარა და ერთად შეკრებილნი შეუმჩნევლად დაესხნენ ტაოში, ბასიანისა და კარნიფორის მთებში უშიშრად დაბანაკებულ თურქებს. იყო 1116 წელი (ქორონიკონი 336). მოსრეს ურიცხვი და იმდენი ალაფი აიღეს, რომ მთელი სამეფო აივსო მათი ნაქონები სიმდიდრითა და საქონელ-ხვასტაგით (სამეფო ხაზინა ავსებულა, იმდენი განძი წამოუღიათ).

წმინდა დავით მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ბუნებრივ პარტნიორებთან ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობებს. მან უფროსი ასული თამარი შირვან შაჰს ფაჰრ-ად-დინ მანუჩარ მეორეს მისცა ცოლად [თამარი დაქვრივების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მონაზვნად აღიკვეცა, თიღვას ააშენა მშვენიერი მონასტერი და იქ დასახლდა, იმოღვაწა, აღესრულა 1156 წ. (ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, ჯვრის გარშემო, აწერია ასომთავრულით: ,,ქმნულებამან რაჲ აქაჲ სასუფეველისამა: სხვაჲ მიიღოს უწყებაჲ ყოფადისაჲ: მოქმედებითა შენ ზედა ჯუარცმითა: ქრისტეს ღუთისაჲთა, რომლისა მირთვისა: მარადის შემწე მექმენ მსახურსა შენსა თამარს“; ნიკორწმიდის. სულთა მატიანე გვამცნობს: „თამარ თომაჲ დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ“; ქართლის ცხ.: „ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაჲ დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა)], მეორე ასული - კატაი კი (შემდგომში ირინე) 1116 წელს ბერძენთა კეისრის ალექსი I დიდის (1081-1118 წწ.) ვაჟს, ისააკს მიათხოვა [ისააკი თავისი ძმის, იმპერატორ იოანეს II ლამაზის (1118-1143) თანამმართველი იყო 1118-30 წლებში. მერე აუჯანყდა და აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიქცა. საქართველომ მის აჯანყებას არ დაუჭირა მხარი. სიკვდილის ბოლომდე დაპირისპირებული იყო ძმასთან, მაგრამ იოანე ხშირად პატიობდა შეთქმულებაში მონაწილეობას. მისი ფრესკა გამოსახულია იმ ტერიტორიაზე (სტამბულში) მდებარე XI ს-ის ხორას ტაძარში (დღ. კარიეს მუზეუმი), რომელიც მიწისძვრისგან დაზიანებული აღუდგენია. მათი შვილი იყო ბიზანტიის მომავალი იმპერატორი ანდრონიკე (1183-1185), რომელიც XII ს-ის სამოციან წლებში გიორგი III-ს ესტუმრა „ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა (მანუილ I-ისა - 1143-1180). 1185 წლის სექტემბერში ანდრონიკე ტახტიდან ჩამოაგდეს. მისი ადგილი შეთქმულების ორგანიზატორმა ისააკ ანგელოსმა დაიჭირა. ანდრონიკემ გაქცევა სცადა, მაგრამ მიაგნეს და სასტიკი წამებით მოკლეს. მათ აგრეთვე მოკლეს ანდრონიკეს შვილი მანოელიც, რომლის მცირეწლოვანი შვილები ალექსი და დავითი გადაარჩინეს ერთგულმა მომხრეებმა და კონსტანტინოპოლიდან გააპარეს. პატარა ლტოლვილებმა თავშესაფარი საქართველოში, თამარ მეფის კარზე ჰპოვეს. უფროსი ძმა ალექსი მხოლოდ სამი წლისა იყო. ძმებმა ქართულად აიდგეს ენა და საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. საქართველოში მიიღეს განათლება და შეისწავლეს სამხედრო საქმე. როგორც აღნიშნავენ, ალექსი და დავითი ქართველ დიდებულებს უფრო ჰგვანდნენ, ვიდრე ბიზანტიელთ. სწორედ იგი დაადგინა თამარ მეფემ 1204 წლის აპრილში ტრაპიზონის იმპერიის პირველ მეფედ (მათი შთამომავლები არიან ანდრონიკაშვილები)]. დავითის მესამე ასული - თამარ მრწემი ოსეთის მეფეს მიათხოვეს დემეტრე I-ის მეფობის დროს.

ცნობილია, რომ დავით მეფე დიდგორის ბრძოლამდე პერიოდულად არბევდა თბილისში შემოსულ თურქ-სელჩუკთა რაზმებს. კერძოდ, ერთხელ თბილისში ქ. განჯიდან ვაჭართა ქარავანი შემოვიდა, რომელსაც მცველად თურქთა მრავალრიცხოვანი რაზმი შემოჰყვა. ამის შესახებ დავითს მსტოვრებმა მოახსენეს. მეფემ სელჩუკების ქალაქიდან გამოტყუება და განადგურება განიზრახა. ამ მიზნით ავჭალის ხევში 300 მხედარი ჩაასაფრა. 15 რჩეული ცხენოსანი ლოჭინის ხევში, თბილისის მოქალაქეთა კუთვნილ, მობალახე ნახირის მოსაპარად გაგზავნა, რათა ნახირის უკან დაბრუნების მოტივით ქალაქიდან გამოეტყუებინა თურქები. თავად კი, სრულიად შეუჭურვილი, მხოლოდ ხმლის ამარა ავჭალისა და ლოჭინის შუა გზაზე ჩირგვნარში ჩასაფრდა, რადგან როგორც კი შორიდან იხილავდა მოტაცებული ნახირით მომავალ 15 რაზმელს, დროულად შეეტყობინებინა ეს 300 მხედრისთვის და სელჩუკების წინააღმდეგ საომრად წამოეყვანა. მეფემ თან საღმრთისმეტყველო წიგნი წაიღო და ვინაიდან მოულოდნელად ბრძოლის დაწყებას არ ფიქრობდა, კითხვას შეუდგა. სამწუხაროდ, ისე გაერთო კითხვით, რომ ვენც ნახირით უკან მობრუნებული 15 რაზმელი შეამჩნია და ვერც მათ კვალს გამოდევნებული სელჩუკები. მდევრად კარგად აღჭურვილი ასზე მეტი მუსულმანი წამოსულიყო. სელჩუკებმა შორიდანვე ისრებით დაუხოცეს ქართველებს ცხენები. ალყაში მოიქციეს და განადგურება დაუპირეს. წიგნის კითხვით გართულ მეფეს ბრძოლის ხმა არ ესმოდა. ქვეითად დარჩენილ ქართველებს ომი მეტისმეტად გაუჭირდათ. მეფე სასიკვდილოდ განწირულთა კივილმა გამოაფხიზლა. წიგნი იქვე დატოვა. ამხედრდა და მარტოდმარტო, შეუჭურველი გაექანა ბრძოლის ველისკენ. მას რომ გადაეწყვიტა 300 ჩასაფრებულ რაზმელთან დაკავშირება, ცხადია, იოლად გაუსწორდებოდა 100 სელჩუკს, მაგრამ ალყაში მოქცეულ ქართველებს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებდა. მეფემ თავი სასიკვდილოდ გაწირა. მტრის რაზმებში შევარდა და ელვისებურად დახოცა 15 თურქმენი. ქართველებს მათ ცხენებზე ამხედრების საშუალება მისცა და ერთიანად ოთხმოცდაათზე მეტი სელჩუკი მოსპეს. თბილისამდე თურქთა მძორები ეყარა: „ხოლო ფრიადის ცემისაგან დავითის ხრმალმანცა დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი“. მან არნახული გმირობის ფასად თავისი რაზმელები სიკვდილისგან იხსნა და აბსოლუტური წარმატებით დაასრულა სამხედრო ოპერაცია (ეს ამბავი გვახსენებს ქრისტეს იგავს „მწყემს კეთილზე“, რომელმაც მთელი ფარა მიატოვა და ერთი გზააბნეული კრავის გადასარჩენად ყველაფერი გაწირა). როდესაც ავჭალის ხევში ჩასაფრებულ 300 მხედართან დაბრუნდა და მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს, არ შეუქეს საქციელი ძლევამოსილ მეფეს, არამედ ამხილეს და ბრალი დასდეს არასწორი ქმედებისთვის. დავითს, როგორც მეფესა და მთავარსარდალს, უფლება არ ჰქონდა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, თუნდაც 15 ერთგული ყმის გადასარჩენად. იგი ხომ მთელი საქართველოს იმედი იყო.

„ძლევანი საკვირველნი“ გრძელდებოდა, მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. დავითის მემატიანეს უყვარს მისი ალექსანდრე მაკედონელთან შედარება და ამბობს: აბა ერთი დავითის მცირე ჯარის ამარა ყოფილიყო მაკედონელი თუ მიაღწევდა რამესო. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა დემეტრე [ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი. (+1157 ხს. ძვ. 23/05- ახ. 05/06)].

მომდევნო 1117 წელს მეფემ კიდევ ილაშქრა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. აქ მან აიღო ჰერეთის უკიდურესი ციხე-სიმაგრე გიში და შეიპყრო აქაური დიდებულები - ძმები ასათ და შოთა გრიგოლის ძენი. გიში წუქეთის საერისთავოს ცენტრი და გიშელების ფეოდალური საგვარეულოს რეზიდენცია იყო. იმავე წელს დემეტრე უფლისწული დიდი მხედრობით შირვანს გაგზავნა სალაშქროდ (ახალი შემოსევების მუქარა ვერ იქნებოდა თავიდან აცილებული, ვიდრე საქართველოს მეზობელი ქვეყნები ამიერკავკასიაში (სომხეთი, შირვანი, რანი) სელჩუკების ხელში რჩებოდნენ და საქართველოს მისადგომებთანაც (კაბალა, განჯა, ანისი) ბატონობდნენ. საჭირო გახდა საომარი მოქმედებების ქვეყნის გარეთ გატანა). ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.

1118 წელს მეფე ბზობას ღანუხიდან „რახსის პირსა“ (არაქსი) გაემგზავრა და როცა ნახიდურში აღდგომას დღესასწაულობდა, მაშინ აცნობეს ჯავახეთს თურქთაგან თუხარისის ერისთავის ბეშქენ ჯაყელის მოკვლის შესახებ, რამაც მისი განრისხება გამოიწვია. დიდებულთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მაშინვე ამხედრდა, მუდამ მზაობაში მყოფი „მონა-სპა“ გაიყოლია და რახსის პირს მდგომ თურქებს ელვასავით ისე დაესხა თავს, რომ მათ ფეხზე წამოდგომაც არ აცალა. თურქთა ბანაკი აირია და უგზოუკვლოდ გაიფანტა, სდიეს და სჩეხეს ქართველებმა, ხოლო მტრის მცირე ნაწილმა გაასწრო სიკვდილს. მრავალი ტყვე წამოიყვანა და ურიცხვი ალაფიც წამოიღო. იმავე წლის ივლისში კიდევ ორი დიდი გამარჯვება იზეიმეს ქართველებმა. დავითმა ჯერ სომხეთის ციხე-ქალაქი - ლორე აიღო, რომელიც 1065 წლიდან კვირიკიანების დინასტიის მიერ შექმნილი ტაშირ-ძორაკეტის სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა, გაწმინდა თურქ-სელჩუკ დამპყრობლებთაგან და საქართველოს დაუბრუნა [მას შემდეგ, რაც სომხეთში ჯერ მეტისმეტად დასუსტდა, ხოლო XI ს-ის შუა ხანებიდან დაემხო სომხური სახელმწიფოებრიობა და სომხური მოსახლეობა არაერთ უცხო ქვეყანაში გაიფანტა, მათ მიაშურეს მეზობელ საქართველოსაც. საქართველოსთვის მიუღებელი იყო სომხეთში უცხოელი, მაჰმადიანი დამყრობლების გაბატონება, სომხეთიდან მათ განსადევნად აუცილებელი ხდებოდა სომხური მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. ამიტომაც საქართველოს მეფეები მფარველობდნენ სომხებს და საჭიროების ჟამს თავშესაფარსაც აძლევდნენ ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, ლორე-ტაშირშიც], მეორე დღეს კი ციხე აგარანი, რომელიც პაპამისმა - ბაგრატ IV-მ სამი თვის ბრძოლის შემდეგ ძლივს დაიმორჩილა. ამით დასრულდა ქვემო ქართლის შემოერთება. დავითმა თავის ტიტულატურას „სომეხთა მეფის“ წოდებაც დაუმატა, ხოლო განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო ლორე საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენციად იქცა.

დავითის ჯარმა გაწმინდა ლორე თურქ-სელჩუკ დამპყრობლებთაგან და საქართველოს დაუბრუნა. ვინაიდან ამ დროისთვის სომხეთში აღარ არსებობდა სომხური სახელმწიფოებრიობა, ცხადია, სომეხი ხელისუფალნიც ვერ განაცხადებდნენ პრეტენზიას ლორე-ტაშირის დაუფლებაზე. თუ არ ჩავთვლით თურქ-სელჩუკთაგან განდევნილი უძლური სომხური დინასტიის კვირიკიანების წარმომადგენელთა უღიმღამო ცდებს. კვირიკიანები (სომეხ ბაგრატუნთა განშტოება) ისტორიამ გაწირა დასაღუპად და დავით აღმაშენებლის მიერ განთავისუფლებულ ქართულ მიწაზე, ლორე-ტაშირში მათი ტახტის კვლავ დასადგმელად პოლიტიკური ვითარება აშკარად არახელსაყრელი იყო.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა, მაგრამ მიუხედავად წარმატებებისა, დავით მეფე იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა უჭირდა. ყოველი ახალი ბრძოლა ახალ ბრძოლისუნარიან ცვლას მოითხოვდა, ხოლო აღებული ციხესიმაგრეების შენარჩუნებას კი დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რადგან თავისი წინაპრების მსგავსად სასტიკად განიცდიდა ციხეთა დამჭერ მოლაშქრეთა ნაკლებობას, ვინაიდან დავითი ლაშქრობდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, იღებდა ციხეებს, მაგრამ შემდეგ ტოვებდა მათ, რადგანაც არ ჰყავდა თავისი ხალხი, რომლის საშუალებითაც ციხეებს სამუდამოდ დაიკავებდა. მეფე ბევრს ზრუნავდა ჯარისთვის, მისი გაწვრთნის, სულიერი სიმტკიცისა და საბრძოლო განწესრიგების ამაღლებისთვის, მაგრამ ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო, რადგან ყოველ ფეოდალს თავისი საკუთარი საბატონო ლაშქარი ჰყავდა და თუ თვითონ არ ინებებდა თავის ჯარს ბრძოლაში, არც კი გამოიყვანდა და შეიძლება ამ ჯარით თვითონ მეფის წინააღმდებაც კი გამოსულიყო საომრად. მეფეს სამი რიგის ჯარი სჭირდებოდა: 1: დაპყრობილ ქალაქთა დამცავ ციხიონებად 2: პირად გვარდიად 3: მუდმივ მოლაშქრედ (მრავალრიცხოვანი მხედრობა, რომელსაც თვითონ უწინამძღვრებდა და უპატრონებდა). ამიტომ მან საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისთვის უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მომთაბარე ყივჩაყთა ძლიერი და მეომარი ტომი. მათი მხედრობა განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო. ყივჩაყები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. (X ს-ის შუა ხანებში ისინი დაიძრნენ დასავლეთისაკენ და დაიკავეს უზარმაზარი ტერიტორია მდინარე დუნაიმდე, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ვერ მოახერხეს. 1115 წ. კიევის მთავრის ვლადიმერ მონომახის მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ). დავით IV, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. თვითონ იგი, შესაძლოა პოლიტიკური მოსაზრებებით, დაქორწინებული იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანისძის (ოტროკი შარუკანის) ასულზე - სიკეთით განთქმულ გურანდუხტზე. მეფე კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნებისა და მხნეობის ამბავი, ამიტომ წარავლინა მათთან ელჩობა („სარწმუნო კაცნი“) და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება და მშვიდობიანი გზის უზრუნველყოფა ითხოვა ოვსთაგან, რომელნიც საქართველოსა და ყივჩაყებს შორის ესახლნენ და ყივჩაყებს ემტერებოდნენ [ქართულ ისტოგრაფიაში, გამოთქმულია საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ კიევის რუსეთის დიდ მთავარ ვლადიმირ მონომახთან (1153-1125) მოლაპარაკების გარეშე ყივჩაყებთან ასეთი ურთიერთობის დამყარება და ჩამოსახლება შეუძლებელი იქნებოდა. ცხადია ვლადიმერ მონომახი, რომელიც ათეული წლების მანძილზე ებრძოდა ყივჩაყებს, საქართველოს მეფის მათთან კავშირს საეჭვოდ მიიჩნევდა სათანადო განმარტების გარეშე. ვლადიმერ მონომახი ამ ცნობას სიხარულით შეხვდებოდა, რადგან ყივჩაყთა 40.000 ოჯახის საქართველოში გადმოსახლებით თავიდან იშორებდა დაუძინებელი მტრის ერთ დიდ ნაწილს. იმდროინდელი რუსული მატიანეები ათრაქა შარაღანისძეს და მასთან ერთად საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაყებს კიევის მთავრის მიერ საქართველოში განდევნილად მიიჩნევენ]. თანხმობის მიღების შემდეგ დავითი მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელთან ერთად დარიალისაკენ გაემგზავრა. „შევიდეს ოსეთს და მოეგებნენ მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. ოსები ყმადნაფიცობის პირობით დაიმორჩილა „აღიხუნეს მძევალნი ორთაგანვე, ოვსთა და ყივჩაყთა“ და ჩამოაგდო მათ შორის მშვიდობა და სიყვარული. აიღო ციხენი - დარიალისა, ოსეთის კარისა და კავკასიის მთისანი, და არაგვ – დარიალის კარი, ჩრდილოეთის და სამხრეთის შემაერთებელ დიდ სამომავლო ,,მშვიდობის გზად“ გადააქცია. ოსეთში ყოფნისას გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი (დავითმა ,,ვაზირთა შორის უპირველესის“ თანამდებობა გიორგის დისშვილს სვიმონ ბედიელ-ალავერდელს გადასცა. 1125 წელს მას ჭყონდიდელობაცდაუმატა. დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს საეკლესიო კათედრები ერთი პირის ხელში მოექცა. ეს საქართველოს კიდევ უფრო აერთიანებდა. მეფემ სასამართლო საქმე, ე.წ. „სააჯო კარი“ მწიგნობართუხუცესს დაუქვემდებარა).

1118 წელს მეფემ ყივჩაყთა დიდი სიმრავლე (40 000 ოჯახი, სულ 200 000 სული) და თავისი სიმამრი და ცოლისძმები საქართველოსკენ წამოიყვანა (დემეტრეს გამეფების შემდეგ მათი დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი გაქრისტიანდა ანუ გაქართველდა). დიდი წუხილითა და ჭმუნვით დამძიმებული, სამგლოვიარო თალხით შემოსილი მოუძღოდა მეფე ყივჩაღებს, და მოასვენებდა თავის გამზრდელს, მამაზე უტკბესს – გიორგი ჭყონდიდელს. გზადაგზა ყაზბეგს სამების, ხოლო მლეთაში ლომისის ეკლესიაში დაუსვენებიათ. მშენებარე გელათის ტაძარში დაკრძალეს დიდებული მამულიშვილი. 40 დღე და ღამე გაუხდელად ემოსა სამგლოვიარო თალხი მეფეს, სწორედ მეორმოცე დღეს უფლისწული ვახტანგი (ცვატა) შეეძინა დედოფალ გურანდუხტს და მხოლოდ მაშინ დაილხინა მეფემ. ყივჩაღები ძირითადად საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და უახლოესი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაასახლეს (ჩრდ. სომხეთის ტერიტორია და დღევანდელი აზერბაიჯანის დასავ. ნაწილი - შამქორ-განჯამდე არსებული მიწა-წყალი. ამ ადგილებში შემორჩენილია ყივჩაღური ტოპონიმიკა. ამ ტერიტორიაზე ყივჩაღები მხოლოდ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ცხოვრობდნენ). მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ („მარჯვე“) ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთი) დააყენა. ყოველ ოჯახს მუდმივ სამხედრო სამსახურად ერთი კაცი უნდა გამოეყვანა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს (დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების გადმოსახლებითა და მათი მოთარეშეებად გამოყენებით დიდი სტეპიდან წამოსული ორი თურქული მოდგმა ერთმანეთს დაუპირისპირა, ანუ თურქი-ყივჩაღები - თურქ-სელჩუკებს. ეს კიდევ ერთი დასტურია დავით აღმაშენებლის დიდი გეოპოლიტიკური აზროვნებისა). ყივჩაღებმა ისწავლეს ხვნა, თესვა, ვენახის გაშენება, ბაღ-ბოსტნის გაწყობა, მესაქონლეობა, მიწის მოვლა-პატრონობა, მთისა და ბარის სამეურნეო მონაცვლეობა. [XII-XIV საუკუნეებში საქართველოში ხშირად ჩანან სხვა, „ახალი“ დაქირავებული ყივჩაყებიც (გიორგი III-ისა და თამარის დროს, XIII საუკუნის 20-იან წლებში, 1300-1308), ცენტრალური ხელისუფლება ყივჩაყებს იყენებდა ფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგ. დემნა ბატონიშვილის აჯანყების (1177) და გიორგი რუსის გამოსვლის დროს (1191). ამის გამო გაქრისტიანებულ ყივჩაყთა („ნაყივჩაყართა“) ნაწილი ქვეყნის საგამგებლო აპარატში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა. საქართველოში მყოფ ყივჩაყთა მასა XIII ს-ის 30-იან წლებში მონღოლთა ლაშქარს შეერია]. ამრიგად, მეფეს საკუთარი მონა-სპის ჩათვლით 45 000 მუდმივი მეომარი ჰყავდა იარაღქვეშ. დავითის დროშის ქვეშ სრულიად ქართველი საომარი ძალები იდგნენ, დაახლოებით 60-70 ათასი ჯარისკაცი და მოლაშქრე. ამის გარდა, დამატებით ძალად მეფეს შეეძლო მოეხმო როქის სპა – დაქირავებული მეომრები მეზობელი ტომებიდან (ლეკები, ქურთები, ჯიქები და სხვა). მან კარგად ააწყო სამობილიზაციო სამსახური და ინფორმაციის შეტყობინების სისტემა. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ზურგის სამსახურს (ტრანსპორტი, საკვებით მომარაგება, საჭურველისა და საბრძოლო ტექნიკის მოვლა-პატრონობა, ალაფისა და დაჭრილთა გადაყვანის სისტემა). ჩამოყალიბდა ერთიანი სამხედრო სამსახური ამირსპასალარის მეთაურობით (ამირსპასალარი სპარსულ-არაბულად ლაშქრის მეთაურს ნიშნავს). ამირსპასალარი სავაზიროს სრულუფლებიანი წევრი და ვაზირი (არაბულად „მრჩეველი“ იყო). მას სავაზიროში გადამწყვეტი ხმა ჰქონდა. მასვე ევალებოდა საბრძოლო გეგმის შედგენა და მეფის არყოფნის შემთხვევაში მთავარსარდლის ფუნქციის შესრულება. მისი პირველი თანაშემწე იყო ამირახორი, რომელსაც „ზარადხანა“ (იარაღის საწყობი) ჰქონდა ჩაბარებული. ამირახორი სავაზიროში სათათბირო ხმით სარგებლობდა და უმცროს ვაზირად ითვლებოდა. ასეთივე უფლებები ჰქონდა ამირეჯიბსაც, რომელსაც ლაშქრის საჯინიბოს გაძღოლა ეკისრებოდა. ასევე უმცროს ვაზირად ითვლებოდა და სათათბიროს ხმით სარგებლობდა ჩუხჩარხი, რომელიც მეფის პირადი სპასპეტი, მეაბჯრეთუხუცესი და მეფის პირადი გვარდიის - „მონა სპას“ სარდალიც იყო. სახელმწიფო ცერემონიების დროს მეფის მარჯვნივ იდგა ამირსპასალარი სამეფო ხმლით ხელში, რომელსაც თან ახლდნენ ამირახორი და ამირეჯიბი. მეფეს უკან მიჰყვებოდა ჩუხჩარხი „დატვირთული სამეფო ფარით, ლახტითა და ქარქაშით“.

1099-1118 წლებში თურქთა წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა დავით IV-ს საქრისტიანოს უძლეველი სარდლის სახელი მოუტანა. 1118 წლის აგვისტოში ერთმანეთის დაუძინებელი მტრები - მუჰამედ I (1106 - 1118) და ალექსი კეისარი ისე მოკვდნენ, რომ ერთმანეთის სიკვდილიც კი ვერ შეიტყვეს.

დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმებმა მოამწიფა თურქ-სელჯუკთა განდევნა საქართველოს მიწა-წყლიდან, მუდმივი ჯარის შექმნამ კი მისცა საშუალება, რომ მხოლოდ თავდაცვითი ომით არ დაკმაყოფილებულიყო და თავად მიეტანა იერიში მტერზე. დავითმა საქართველო წინა აზიის დიდ სამხედრო სახელმწიფოდ გარდაქმნა. მან აღმოსავლეთის ქვეყნებში საოცრად გააძლიერა თავისი აგენტურული ქსელი, ხოლო სირიისა და პალესტინის ქალაქებიდან თურქთა გასაძევებლად რამოდენიმეჯერ ჯარიც კი მიაშველა ჯვაროსნებს. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ.

1118 წლის დასაწყისში ბალდუინ I გარდაიცვალა და ჯვაროსანთა მიერ პალესტინაში დაარსებული იერუსალიმის სამეფოს ტახტი დაიკავა მისმა ღვიძლმა ბიძაშვილმა, ხანდაზმულმა, ომსა და მმართველობაში დიდად გამოცდილმა ედესის გრაფმა ბალდუინ დე ბურგმა ბალდუინ II-ის სახელით. იგი 1118 წლის 14 აპრილს აკურთხეს იერუსალიმის მეფედ ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში. შემდგომმა მოვლენებმა მსწრაფლ დაამტკიცა მისი სამხედრო-პოლიტიკური ნიჭის საჭიროება, რადგანაც მაჰმადიანები ხანგრძლივ განხეთქილებათა შემდეგ ნელ-ნელა იწყებდნენ გაერთიანებას ჯვაროსანთა მოსასპობად.

დამასკოს ათაბაგი თუღთეგინი იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიას შეესია. ამავე დროს სამხრეთიდან ეგვიპტის ფატიმიანთა ხალიფა შემოიჭრა იერუსალიმის სამეფოში. ბალდუინმა მოიხმო ჯარები ანტიოქიის სამთავროდან და ტრიპოლის საგრაფოდან, საკუთარ ძალებსაც მოუყარა თავი და აიცდინა საფრთხე. მაჰმადიანები უომრად გაეცალნენ იერუსალიმის მეფეს. ჯვაროსნებმა თავად შეუტიეს დამასკოს, სასტიკად დაამარცხეს თუღთეგინის ვაჟი, შემდეგ ალეპოსაკენ დაიძრნენ და მისი მიდამოები ააოხრეს. დამასკოს ათაბაგი თუღთეგინი და ბაღდადის გამგებელი და ალეპოს დამპყრობი ილღაზი საერთო ძალებით აპირებდნენ, ანგარიში გაესწორებინათ იერუსალიმის სამეფოს ჯვაროსნებთან, რომლებიც აღარ ასვენებდნენ დამასკოს, მაგრამ ანტიოქიის მთავარმა როჟერმა (როჟერს ნიჭიერი მხედარმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. 1115 წელს მან სასტიკად დაამარცხა ირანის თურქ-სელჩუკთა ლაშქარი, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაჰმადიანურ სამყაროზე. იგი გახდა ისეთივე ლეგენდარული ფიგურა, როგორც შემდგომში - რიჩარდ ლომგული). კილიკიის სომხებთან ერთად აიღო აზაზის ციხე (ალეპოს ჩრდილოეთით), ილღაზის რომ ეკუთვნოდა და უშუალოდ დაემუქრა ალეპოს. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ლაშქრობა ანტიოქიის წინააღმდეგ. შეთანხმების შესაბამისად, ილღაზი წამოვიდა მარდინიდან, მცირე ხნით შეჩერდა ედესასთან და 1119 წლის ივნისის დამდეგს გადაჭრა მდინარე ევფრატი. როჟერს აცნობეს მოახლოებული საფრთხის შესახებ. მან დახმარება სთხოვა ბალდუინს, რომელიც მყის შეუდგა სამზადისს, მაგრამ როჟერმა დატოვა ანტიოქია და გზას დაადგა. 20 ივნისს როჟერმა დაიკავა უვარგისი პოზიცია ორ მთას შუა, სოფელ ბალათთან, ათარიბის ციხის ჩრდილო-დასავლეთით. მან ჩათვალა, რომ ამ ადგილას კლდოვანი რელიეფი დააბრკოლებდა მტერს.

ამასობაში ილღაზი ელოდა თუღთეგინს ქალაქ ალეპოსთან, მაგრამ მის ამირებს მოსწყინდათ უქმად ყოფნა და მოითხოვეს დაუყოვნებლივ ამოქმედება. ილღაზი დათანხმდა. 27 ივნისს აშალეს ბანაკი და იმავე ღამეს ისარგებლეს რა სიბნელით, განლაგდნენ ჯვაროსანთა უშუალო სიახლოვეს. მეორე დღეს, გარიჟრაჟზე ილღაზის ლაშქარი სამი მხრიდან შემოერტყა ფრანკებს (ასე ეძახდნენ ევროპელებს აღმოსავლეთში) და მუსრი გაავლო. მრავალ რაინდთან ერთად დაიღუპა როჟერიც. სამოცდაათი რაინდი დაატყვევეს და ალეპოს გზას გაუყენეს. ამბობენ, რომ როჟერის მეომართაგან ოც კაცზე მეტი არ დაბრუნებულა ანტიოქიაში. ამ ბრძოლას ჯვაროსნებმა უწოდეს „სისხლის ველი“. თუმცა ილღაზის ბოლომდე არ მიუყვანია თავისი ტრიუმფი. ნაცვლად იმისა, რომ თავს დასხმოდა თითქმის დაუცველ ანტიოქიას, იგი დაკმაყოფილდა ათარიბისა და ზარდანას აღებით. ანტიოქიაში ჩავიდა ბალდუინი, დამხმარე ძალები მოიხმო ედესის საგრაფოდან და ილღაზის შესახვედრად დაიძრა. 14 აგვისტოს სოფელ დანითის მახლობლად გაიმართა შეტაკება. ილღაზის მეტისმეტად ჰყვარებია ღვინო. როჟერის დამარცხების შემდეგ დაუწყია სმა და ბალდუინის გამოჩენამდე ვეღარ გამოფხიზლებულა. უსამას მიხედვით, აგვისტოს ბრძოლა არც ერთ მხარეს არ მოუგია. ფრანკებიც ბლომად დახოცილან და მაჰმადიანებიც. ილღაზი დაბრუნდა მარდინში, ბალდუინი - ანტიოქიაში.

1119 წლის ზაფხულში მომხდარმა ამბებმა საგანგაშო ვითარება შეუქმნა ბალდუინს. როჟერისა და მისი რჩეული რაინდების ამოჟლეტა მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ჯვაროსანთა პოზიციების შესარყევად. მათ დაკარგეს ოთხი წლის წინათ მოპოვებული უშიშროება. ახლა მათ დაუპირისპირდა ძლიერი გამგებელი ალპოში (ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, როგორც მოსახლეობით, ისე ფართობით.) ილღაზის სახით, სადაც მუდამ ეგულებოდათ სუსტი მეტოქე. ევროპიდან ახალი ძალები კანტიკუნტად მოდიოდა და ჯვაროსანთა გაჭირვება კატასტროფულ ხასიათს იღებდა (სწორედ 1119 წელს დაარსდა ტამპლიერთა ორდენი, რომლის წევრები ნახევრად ბერები, ნახევრად რაინდები იყვნენ. როგორც ფიქრობენ, ტამპლიერთა ორდენი შეიქმნა მაჰმადიანური სამყაროსთვის თავზარდამცემი ასასინთა (მულიდების) ორდენის მიბაძვით. მკაცრი დისციპლინა და მტკიცე სამხედრო ორგანიზაცია თავიდანვე გახდა ტამპლიერთა გამოსარჩევი ნიშანი, მათ შესამჩნევი როლი ითამაშეს ჯვაროსანთა შემდგომ ისტორიაში). გასაჭირში ჩავარდნილმა ჯვაროსნებმა იმედის თვალი მიაპყრეს საქართველოს, რომელიც უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენდა და თამამად შეეძლო ჯვაროსანთათვის დახმარების გაწევა. თუმცა ჯვაროსან დამპყრობელთა და საქართველოს მიზნები ერთიმეორისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა, მტერი მაინც საერთო ჰყავდათ და ბუნებრივ მოკავშირეებად გამოდიოდნენ.

ბალდვინ მეორის საიდუმლოდ ჩამოსვლას და დავით მეფესთან შეხვედრას ახსენებს XVIII ს-ის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ენციკლოპედიური თხზულების „კალმასობის“ ავტორი, იოანე ბატონიშვილი (გიორგი XIII-ის ვაჟი) თავის ნაშრომში „ისტორია ქართლისა“: „იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობებისამებრ სხვათა ისტორიებთა“. მისი სიტყვით, ზემოთქმული ამბავი მომხდარა დავით აღმაშენებლის მიერ ლორეს აღების მეორე წელს, მაშასადამე 1119 წელს.

1118-1121 წლებში დავით აღმაშენებელი განუწყვეტლივ არბევდა ისლამური ქალაქებიდან დმანის-თბილისის გზით თბილისში მომავალ ქარავნებს. ამით მუდმივ სტრესში ამყოფებდა ადგილობრივ ურჯულოებს. 1120 წლის თებერვლის დამდეგს თურქთა ახალი ურდო შემოიჭრა და „ბორტიასთან“ დაბანაკდა. მტერი თამამად იყო, რადგან დავითი აჭარაში ეგულებოდა, მაგრამ საოცრად სწრაფად გადმოვიდა მეფე აჭარიდან და 14 თებერვალს მოულოდნელად თავს დააცხრა არხეინად მყოფ თურქთა ბანაკს, და ურიცხვი თურქი ამოწყვიტა. მხოლოდ მცირენი გადაურჩნენ სიკვდილს. იმავე წელს კარგად მომზადებულმა დავითმა შარვანში (შირვანში) გაილაშქრა. აქ თურქთა პოზიციები იმდენად ძლიერი არ იყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც დამპყრობლების მიმართ მტრულად იყო განწყობილი, დიდ დახმარებას უწევდა ქართველებს. დავითმა აიღო ციხე-ქალაქი ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი. ხანდაზმული, აღმოსავლური წყაროები მოგვითხრობენ ქართველების ლაშქრის შემოსევას მაჰმადიანურ ოლქში 1120 წლის ნოემბერში, ხოლო ერთი მათგანი სირიაზე თავდასხმასაც მიუთითებს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, „თვესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას (ისტორიული მხარე სომხეთში, არარატის პროვინციის ერთ-ერთი თემი (გავარი). მდებარეობდა მდინარე ერლეხის (ახლანდელი არაქსის) მარცხენა მხარეზე, ქ. კაღზევანის ჩრდილოეთით), დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარყვნა, და წარმოიღო ნატყუენავი მათი ურიცხჳ“. აქედან არც ისე შორს იყო ილღაზის სამფლობელოები - მარდინი და მაიაფარიკინი. ქართველები სირიის საზღვრებში შეიჭრნენ და თურქული ბანაკები გაანადგურეს. დავითი ალეპოსკენ მიიწევდა, ილღაზის სატახტოსკენ, მაგრამ მსტოვრებმა აცნობეს - ზურგიდან თურქთა ურდო გაიჭრა და საქართველოსკენ მიეშურებაო. შემოტრიალდა დავითი, სევგელმეჯთან წამოეწია მტერს და „არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა“. ამის შემდეგ რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. როგორც ჩანს, დავითმა გაილაშქრა ილღაზის სამფლობელოებზე (ალბათ, დიარბექირის მიდამოებში) და პირნათლად შეასრულა ბალდუინ II-ის თხოვნა და სამხედრო დახმარება გაუწია დასუსტებულ ჯვაროსნებს.

1121 წელს იწყება ჯვაროსანთა გამოცოცხლება. მაისში ისინი თავს დაესხნენ ათარიბის ციხეს და სერიოზულად დაემუქრნენ ალეპოს. ილღაზიმ უბრძანა თავის ვაჟს სულეიმანს (ათარიბის გამგებელს) ფრანკებთან დაზავება. ზავის პირობები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ჯვაროსანთა გამარჯვებები გრძელდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში. მათ ალყა შემოარტყეს ზარდანას და აიღეს, შემდეგ დაიძრენ ალეპოსაკენ და დაამარცხეს მისი დამცველები. ბალდუინ II რამდენიმე ციხეს დაეუფლა ალეპოს მიდამოებში. შეშფოთებულმა სულეიმანმა ზავი ითხოვა (ილღაზი უკვე საქართველოში იყო საომრად წასული), მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა, რადგან ბალდუინი დაჟინებით მოითხოვდა ათარიბის ჩაბარებას.

XII ს-ის 20-იან წლებში დავითის ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ შორს გასცდა საქართველოს ფარგლებს. მათი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში საფუძვლიანად შეირყა. თურქთა მძლავრობის ხანა თითქოს უნდა დამხობილიყო. მაგრამ ჩრდილოეთში, საქართველოს სახით ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება მაშინ, როცა დასავლეთით ახლად-შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკთათვის.

1121 წელს მძიმე ზამთარი დადგა. განუწყვეტლივ თოვდა. მეფე ამ დროს აფხაზეთში იყო, ბიჭვინთაში. თურქებს იმედი ჰქონდათ სანამ იგი თოვლიან მთებს გადმოლახავს, მანამ ჩვენ ქართლის აოხრებას მოვასწრებთო და მტკვრის ხეობაში შემოვიდნენ, მაგრამ შეიტყო თუ არა დავითმა, სასწრაფოდ წამოვიდა ქართლისკენ, ლიხის მთაზე თვითონ გაუძღვა ნიჩბით ხელში ჯარს, თოვლი გადათხარა, გზა გაიკვლია „და დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს (ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი. მდებარეობდა მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. თაუზჩაის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით თოფრაქყალის მთასთან (აზერბაიჯანი თოფრაქყალა - ალიზით ნაგები ციხე) და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგიდან (გაგი დაახლოებით ემთხვეოდა ძველი გარდაბნის პროვინციას და XIII საუკუნის დასაწყისისათვის მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დებედიდან ქ. შამქორამდე (აზერბაიჯანი), მდინარე მტკვარსა და განჯის მთებს შორის) ბერდუჯამდე [მდ. ძეგამჩაის (ახლანდ. აზერბაიჯანის ტერიტორია) ან შესაძლოა, მდ. დებედას ძველი ქართული სახელწოდება]. და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავისა. ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი“. იმავე წლის ივნისში ქართველებმა კიდევ ერთხელ გაწყვიტეს წყალდიდობის იმედად შემოსული თურქთა მხედრობა ბარდავს (ბარდა, ბარდავი, ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, ბარდის რაიონის ცენტრი).

დავით მეფე დღითი დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. იგი მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან - ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც, მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. მტრები უკვე ვეღარ ბედავდნენ ღმრთივკურთხეულ მეფესთან შებმას. საქართველო უკვე საშიში შეიქნა მეზობელი თურქული სამთავროებისათვის, მაგრამ თბილისი შუაგულ ქართლში და ასევე, დმანისი კვლავ ქართული სახელმწიფოებრივობის მიღმა იყო დარჩენილი. ამ ქალაქების ვაჭარ-ხელოსნური მუსლიმი მოსახლეობა, ეკონომიკურად დამოუკიდებული, გარკვეული თვითმმართველობით სარგებლობდა. ისინი გრძნობდნენ, რომ მათ ირგვლივ წრე იკვრებოდა. დავით აღმაშენებლისგან შევიწროებული თბილისელები საჩივლელად ჩავიდნენ განძის და არანის გამგებელ თოღრულ იბნ მოჰამედთან, რომელმაც მათ დასაცავად შიჰნა (ნაცვალი) დაუნიშნა. ამით თბილისელებს დიდი შვება ვერ უგრძნიათ. ამის შემდეგ ისინი თვით მეფესთან შეთანხმებულან, რომ საქართველოს მეფის სასარგებლოდ იკისრებდნენ ხარკს - 10 ათას დინარს და ქალაქში შემოუშვებდნენ სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელს - მეფის ნაცვალს 10 მხედრით. ამავე დროს საფრთხე დაემუქრა მათ სავაჭრო კავშირებს და მშვიდობიან მიმოსვლას. ამრიგად, საქართველოს სამეფოს წარმატებებმა შეაშფოთა ერთი მხრივ, თურქ-სელჩუკები, მეორე მხრივ - დამოუკიდებელი ქალაქები. მათ მფარველობა სთხოვეს მეზობელ მაჰმადიან მმართველებს. „ესევითარი ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს“... გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ, „რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად“, ერაყის თურქ-სელჩუკთა მმართველს, სულთან მაჰმუდ იბნ მუჰამედ II-ს (1118-1131) ეახლნენ ბაღდადში და „ესრეთ მოუთხრეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თვისა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა“. თბილისის „თავკაცები“ მისულან მარდინისა და მაიაფარიკინის პატრონ ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზისთანაც (ალ-ფარიკი).

ახლო აღმოსავლეთში იმდროინდელი თურქული სახელმწიფოების უსაფრთხოებას აშკარად დაემუქრა აღმავლობის გზაზე დამდგარი ქრისტიანული საქართველო და მისი მამაცი მეფე დავით აღმაშენებელი. ამიტომ სულთანმა თავის უპირვეს მიზნად დაისახა ქრისტიანული საქართველოს განადგურება და ხალისით გამოეხმაურა „თბილელ-დმანელ-განძელ“ მოქალაქეთა თხოვნას, რომელიც ინსპირირებული იყო ამ ქალაქების მუსლიმან მმართველთა მიერ. მუჰამედ მეორემ სასწრაფოდ უხმო არაბთა მეფე დურბეიზ იბნ სადაყას (ილღაზის სიძე), ჩააბარა თავისი შვილი მალიქი უზარმაზარი ლაშქრით და მოუწოდა მაჰმადიანურ სამყაროს, მონაწილეობა მიეღო საქართველოს წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში. მის მოწოდებას გამოეხმაურნენ ბაღდადის გამგებელი, აუღებლად მიჩნეული ციხის მარდინის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ამირა ილღაზი, რომელიც მთავარსარდლად დანიშნა (კანცლერ გოტიეს 1121 წლის ლაშქრობა საქართველოზე თითქმის ილღაზის პირად საქმედ მიაჩნია. მისი სიტყვით, ილღაზი ჯვაროსნებთნ მომავალი ომის წინ თავისი ზურგის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. აპირებდა დავით აღმაშენებლის დამარცხებას და მოსპობა-დამორჩილებას, რათა შემდეგ გულდამშვიდებით გაეშალა ოპერაციები სირია-პალესტინის ფრონტზე.); ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, არანის (სპარსეთის) და განძის გამგებელი თორღულ მუჰამედის ძე; ბითლისისა და არზაანის პატრონი და ქალაქ დვინის დამპყრობი თურქი ამირა თუღან არსლან კუზიანი; განძის ათაბაგი და სომხეთის ტერიტორიის წვრილ-წვრილი გამგებლები და ამირები. ასევე მონაწილეობა მიუღია: ყადს ელმ-ად-დინ ჯაბრის, მის შვილს, ქალაქ მარდინის ყადს აბულ ფათიბს და ვეზირს აბუ-თამამ-იბნ-აბდუნას“. არზრუმში შეიკრიბა საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტიდან კავკასიამდე, რჩეული თურქმენები; სპარსელები; არაბები; ქურთები; სომხები „შეითქუნეს და შემტკიცდეს სიმრავლითა, ვითა ქვიშა ზღვისა, რომელთა ვერ იტევდა ქვეყანა“ და 1121 წლის გაზაფხულზე საქართველოს მიმართულებით დაიძრა. სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. მუსლიმანური აღმოსავლეთის ერთიანი სამხედრო კოალიციის ჯარები შუბოსანთა და მოისართა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო თურქთა მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები, ფილაკავანები. კოალიციის მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით თბილისში შედიოდა. ალ-ფარიკის ცნობით, მუსლიმთა ჯარები მანგლისის მიდამოებიდან თბილისის მისადგომებთან უნდა შეყრილიყვნენ. მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი და თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო, რადგან დამარცხების შემთხვევაში ჯვაროსნებისაგან კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდათ. კოალიციური ლაშქრის რიცხობრივი მონაცემები არ არის ზუსტი - ანტიოქიის სამთავროს კანცლერის და ჯვაროსანთა ლაშქრობის მემატიანის, გოტიეს ცნობით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი ყოფილა 600.000, სომეხთა ისტორიკოსი მათე ურალიჰი ასახელებს 300.000 მეომარს, მათე ედესელის ცნობით 560.000, ივ. ჯავახიშვილის ცნობით, მათი ლაშქარი უნდა ყოფილიყო 300.000. იმ ეპოქაშიც არსებობდა სამხედრო დაზვერვა და მტერს სრულად ჰქონდა ინფორმაცია ქართული ჯარის რიცხოვნობაზე, ყივჩაღთა და ალანთა ჯარზე, ამიტომ სულთანი არავითარ შემთხვევაში არ წამოვიდოდა სალაშქროდ, თუ კოალიციური ჯარი რიცხოვნობით რამდენჯერმე არ იქნებოდა აღმატებული ქართულ ლაშქარზე.

მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამაგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავითს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაობის გრაფიკი. მართლაც, მეფის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკური, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგლის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას (დავითმა არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი - ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა დაკეტა, გარდა ერთისა. მას გენერალური ბრძოლის გამართვამდე რომ აეღო თბილისი და დმანისი, მაშინ ისლამურ კოალიციასთან ომი ლორეს, დმანისის, რუსთავის ანდა გიშის კედლებთან მოუწევდა, ანუ ის იძულებული გახდებოდა, გაშლილ ველზე ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რაც მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას შეამცირებდა).

მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც ილღაზის მებრძოლები თბილისში შესვლამდე თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდენ. დავითიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა მტერს. ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვით: „პყრობილ ყო მეფემან მსტოვარი სარკინოზთა ბათუყარ, გასტეხა იგი საიდუმლოსა შესახებ სპათა მომხვდურისა ურიცხვისა სულთა მოჰამედიანთა, რომელნი იწყეს ოხრება და ხოცა ქრისტიანეთა“.

დავით აღმაშენებლის განკარგულებაში 56.000 მეომარი იყო: 5.000-კაციანი ქართული მონა-სპა; 20.000 - რეგულარული ქართული შენაერთი; 15.000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი; 15.000 ყივჩაღი (ყივჩაღთა მუდმივი ჯარიდან მხოლოდ ისეთები შეარჩია, ვისაც ნამდვილად მიენდობოდა. უფრო მეტი უცხოელის გამოყვანა სარისკოდ მიაჩნდა); 500-კაციანი ოსური როქის-სპა და 100 (ან 200) „ფრანკი“ (ევროპელი). ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო და როგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა. ,,ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობითა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი... მცირედნიღა ვინ ჩუენნი მომკუდარ არიან სარეცელსა ზედა თავისსა მშვიდობით“, ამბობს დიდი ქართველი მხედართმთავარი გრიგოლ ბაკურიანისძე... დავითის მოლაშქრეები შეჭურვილნი იყვნენ: დავითფერულით და სხვა სახის ხმლებით, შუბებით, ხანჯლებითა და ლახტებით. ქართველი მშვილდოსნები კი ოდითგანვე სახელგანთქმულნი იყვნენ.

1021 წ. აგვისტოში მტერი თრიალეთის ხეობაში შემოვიდა. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს მრავალი ციხესიმაგრე თუ გამაგრებული ადგილი. განვლეს მანგლისი და ვიწრო ხეობით თბილისისკენ გაეშურნენ. ისინი ქართველთა სიახლოვეს გრძნობდნენ. ამიტომაც, ყიჟინითა და საბრძოლო იარაღის ჟღარუნით ცდილობდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ და დაეფრთხოთ ქართული ჯარი. მუსულმანთა კოალიცია დიდგორის მთას გაუსწორდა. ურიცხვი ლაშქარი ვიწრო ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე იყო გაშლილი „თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. მათ იცოდნენ, რომ დავითის მცირერიცხოვანი მხედრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი გენერალური ომის გამართვა სწორედ ვიწრობებში იყო. ამიტომაც ყოველ წამს ელოდნენ ქართველთა თავდასხმას.

ისტორიულად ქართველები თავდაცვით ომებს აწარმოებდნენ, იშვიათად - თავდასხმითაც. ამჯერადაც ასე იყო. სავარაუდოდ, მტერს თავისი მრავალათასიანი არმია ვერ უნდა აემოქმედებინა, მეფის დაზვერვა საგანგებოდ მუშაობდა, დავითს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, და როდესაც მტერმა გამაყრუებელი ყიჟინით შემოუტია, მოწინააღმდეგის პირველ იერიშს არ გამოეხმაურა, რადგან იგი წინასწარ იცნობდა მტრის მარშრუტს და გენერალური ბრძოლის გამართვას დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) აპირებდა. მეფე რჩეული მხედრობის ერთი ნაწილით მტრის დასავლეთ ფლანგზე, ნიჩბისის მხრიდან იყო ჩასაფრებული „ერთ ხეობაში... ორ მთათა შორის დაბურულ ტყეში“, ხოლო ქართველთა რჩეული ლაშქრის მეორე ნაწილი კი - მტრის წყობას მარჯვნიდან მოქცეოდა და დიდგორის ფერდობს ეფარებოდა. ამ ნაწილს უკვე საკმაოდ გამოცდილი და სახელოვანი სარდალი, უფლისწული დემეტრე მეთაურობდა.

ამ ბრძოლას, რომელიც ისტორიაში შევიდა დიდგორის ომის სახელწოდებით, როგორც ქართველი, ისე უცხოური ისტორიკოსებიც დაწვრილებით აღწერენ. ბრძოლის დაწყების წინ წმინდა მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“. ასეც მოიქცნენ, ნიჩბისის ხევიდან შიდა ქართლისკენ გამავალი გზები ჩახერგეს, რითაც ქართველთა ლაშქარს უკან დასახევი მოესპო (1500 ყივჩაღი უკან გასასვლელ გზებს უკეტავდა ქართველებს „ჩახერგვილა“ მხოლოდ ერთი მიმართულებით კეტავდა გზას, დავითმა თითქოს თავის მხედრებს ჩაუკეტა უკანდასახევი, სინამდვილეში კი ამით სელჩუკთა აგენტურას აუწყა, რომ ის გენერალურ ბრძოლას სწორედ დიდგორთან გამართავდა). მეფემ „წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“ ბრძოლის საქმე - წერს დავითის მემატიანე.

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის მისადგომებთან ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი ლაშქარი და ბრძოლის დაწყებას ელოდა. ის იყო ილღაზს შეტევის ნიშანი უნდა მიეცა მეწინავე რაზმისათვის, რომ უცნაური, მაგრამ ,,სასურველი“ ამბავი რამ მოხდა: ქართულ ლაშქარს 200 მეომრისაგან შემდგარი რაზმი გამოეყო და მწყობრი ნაბიჯით და არა საბრძოლო მარშით თურქებისაკენ დაიძრა. საომრად აღჭურვილი იყო ეს რაზმი, მაგრამ იარაღი შემართული არა ჰქონდათ, აშკარად ჩანდა საბრძოლველად არ მიდიოდნენ. ერთი შეხედვით, ისინი მოღალატეებს ან საქართველოს მეფის დესპანებს ჰგავდნენ. ვერც ერთი თურქმენი ვერ იფიქრებდა, რომ 200 კაცს სხვა რამ განზრახვა ჰქონდა და უზარმაზარ არმიასთან შეტაკებას გაბედავდა. სელჩუკთა არმია ვიწრობებში იყო შემოსული და ერთ ხაზზე 100 მებრძოლი თუ ეტეოდა. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში 200 ქართველს წარმატებით ბრძოლა ნამდვილად შეეძლო. გადამწყვეტი როლი სწორედ ამ რამდენიმე წამმა ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელ მსოფლიო ისტორიაში. მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და ისინი მწყობრის შიგნით შეუშვეს. ქართველებმა იხადეს მახვილი და სწორედ აქ დაიწყო „კრაზანის ორმაგი კბენის“ ეფექტის განხორციელება. ისინი გასაოცარი თავგანწირვით თურქებს დაერივნენ.

მეწინავე 200 საგანგებოდ შერჩეული მეომარი თურქ-სელჩუკების წინა ფლანგს შეეჭრა და გონს მოსვლა აღარც აცალა. თურქები დაიბნენ, აირივნენ, უკან დაიხიეს. უკანებს კი ეგონათ რომ წინა რაზმები დამარცხდნენ. სრული გაურკვევლობის გამომხატველმა შეძახილმა გადაურბინა მრავალი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულ „მტრის ლაშქარს“. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა. საკმარისი იყო რამდენიმე წამი, რათა მტერი გონს მოსულიყო, მოესპო 200 თავგანწირული ქართველი და კონტრშეტევა დაეწყო, მაგრამ სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ქართველთა ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია - ლაშქრის ერთი ნაწილი დავითის მეთაურობით ნიჩბისის ხევით, დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად გამზადებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს მედგრად ეკვეთა.

ყველა წყაროს ჩვენებით, მტრის ბანაკი ქართველებთან პირველივე შეტაკებისთანავე არეულა. ქართველთა სარდლობამ მტრის უზარმაზარ ჯარს არ მისცა გაშლის საშუალება. ფლანგებს ვერ შლიდნენ მხედართმთავრები, რიგებს ვერ აწყობდნენ და მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილიზებული არმია იმარჯვებდა გაცილებით მრავალრიცხოვანზე. ამ ომში ქართველთა მხარდამხარ, ხილულად იბრძოდა წმ. გიორგი, როგორც უტყუარი ნიშანი ღვთის წყალობისა და შემწეობისა, გაღებული მეფისა და ქართველთა ქრისტეს ერთგულებისათვის: „რამეთუ ხელი მაღლითა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ იგი უსჯულონი და უმეცარნი თვით აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა მას მთავარ-მოწამის გიორგისსა“.

მეფის ბრწყინვალე სტრატეგიულმა გამჭრიახობამ და თავგანწირულმა შემართებამ, ქართველთა სიმხნევემ და ზეციურმა სასწაულებმა უსჯულონი შიშით დაზაფრა. გატყდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა სელჩუკთა რჩეული, მეწინავე რაზმი. ისინი უკან მდგომებს ქელავდნენ. მეწინავეთა ისტერიულმა მდგომარეობამ სრული დემორალიზაცია გამოიწვია დანარჩენ მხედრობაშიც. „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“ (მათე ურჰაელი). ქართველებმა ბოლომდე სდიეს მტერს, ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვეები - „რამეთუ გლეხთა, იხილემცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ“! (დავითის მემატიანე).

თურქთა უზარმაზარი არმია თითქმის სულ გაწყდა (მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა), ხოლო ვინც გაქცევა მოასწრო, იმათ რვა დღე სდიეს ცხენოსანმა ქართველებმა და დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს, მუსრს ავლებდნენ, და ვინც გადარჩა, ტყვედ მიჰყავდათ... დანარჩენები კი საქართველო – სომხეთის საზღვრებიდან გადარეკეს. აღსრულდა „ძლევაჲ საკჳრველი“ - ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა უფლის წყალობით, სამ საათში სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს (დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო. იმ დღეს სწორედ მისი დახმარებით მოთავდა ბრძოლა ასე სწრაფად და ძალიან ბევრმა მუსულმანმა ისეთი ზაფრა მიიღო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლის ველისკენ აღარ გაუხედავს). სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს კი ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი (ყელსაბამი) ჩამოგლიჯეს. თავში მძიმედ დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა, თუმცა ჯვაროსანთა წინააღმდეგ საღვთო ომის სულისჩამდგმელსა და დაუცხრომელ წინამძღოლს მომდევნო წელს დამბლა დაეცა და მოკვდა.

ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება. დიდძალი ნადავლი დარჩათ გამარჯვებულებს. ქართველთა მეფეს გელათისთვის „გამარჯვების სამადლობელოდ“ და „ღვთის სახსენებლად“ შეუწირავს დიდგორის ბრძოლაში როგორც „იავარად მოხმული“ (ნადავლად აღებული) ნივთები, ასევე ტყვეებიც. შეწირულ ნივთებს შორის იყო დიდგორიდან სამარცხვინოდ გაქცეული არაბთა მეფის დურბეიზ სადაყას ძის ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი (ყელსაბამი).

დიდგორის ბრძოლა ქართული სამხედრო ხელოვნების მწვერვალია და იგი სამუდამოდ დარჩა იმის მაგალითად, თუ რა სასწაულის ჩადენა შეუძლია სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ერს, როცა მას ბრძენი მეთაური ჰყავს და როცა თითოეულ მებრძოლს შეგნებული აქვს თავისი მოვალეობა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. დიდგორის ომს მემატიანემ სამართლიანად ,,ძლევაჲ საკვირველი“ უწოდა, ხოლო დიდგორი ქართველი ხალხის სალოცავ ადგილად იქცა. დიდგორის უმაღლეს მთას ხალხმა დავითის მთა დაარქვა, რადგან ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ქართველთა ვერც ერთი გამარჯვება ვერ შეედრება თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და საერთაშორისო რეზონანსით დიდგორის გამარჯვებას. ამ საკვირველი ძლევის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი დავით აღმაშენებელი იყო. ქართველთა ძლევამოსილების ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. მტერმა და მოყვარემ - ყველამ ირწმუნა, რომ ახლო აღმოსავლეთში საქართველოს სახით გამოდიოდა ახალი უძლეველი ძალა. ამიერიდან საქართველოსათვის ანგარიშგაუწევლად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები ვეღარ გადაწყდებოდა.

დიდგორის ომმა მთელ ახლო აღმოსავლეთში შეცვალა პოლიტიკური წონასწორობა ქრისტიანთა სასარგებლოდ, გადაარჩინა ჯვაროსნები და განადგურებისაგან იჴსნა იერუსალიმის სამეფო და ანტიოქიის სამთავრო. დიდგორში გამარჯვებით საქართველომ აღიდგინა პოლიტიკური რეპუტაცია, საერთაშორისო უფლებრივი მდგომარეობა და დაიბრუნა ეკლესია-მონასტრები (როდესაც ჯვაროსნებმა დაკარგეს პოზიციები, საქართველო კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა გავლენას პალესტინასა და ანტიოქიაში. საუკუნეების მანძილზე იერუსალიმში ქრისტეს საფლავის კლიტენი ებარათ ქართველ მეფეებს და საქართველოს ეკლესია ზრუნავდა პალესტინის სიწმიდეებზე, რაც დიდგორის უთანასწორო ომში ქართველთა საკვირველმა გამარჯვებამ განაპირობა).

წმინდა დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება. დავით მეოთხის უძლეველობაზე ევროპაში მხატვრული ნაწარმოებებიც შეიქმნა. როგორც ცნობილია, ევროპის ჯვაროსნულ ქრონიკებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომლის მიხედვითაც ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალში“ მოხსენიებული „მეფე-ხუცესი“ იოანე პრესბიტერი დავით აღმაშენებელთან იყო გაიგივებული (იოანე პრესბიტერი სპარსეთის და არმენიის მიღმა მდებარე დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე ყოფილა. იგი თავის ხელქვეით აერთიანებდა როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებას. იგი ერთდროულად მეფეც იყო და ხუცესიც. ასე წერს გერმანელი მემატიანე ოტო ფრაიზინგელი ქრონიკებში, რომელიც 1145 წლით არის დათარიღებული.)... ეშენბახთან კავკასიაც არის დასახელებული. თუ ეს ასეა, მაშინ დავითის სახეში ფონ ეშენბახსაც და ჯვაროსნებსაც არა მხოლოდ მეომარი, არამედ, უპირველესად, სულიერი მოძღვარი დაუნახავთ....

ქართველი მოისარი, ომის მონაწილე შავგოგი ალხასტაისძე იხსენებს: „კაცმან ძლიერმან და ერმრავალმან ილღაზ ამირამან, როს დაიჭირა სომხითნი და მოსდგა სამძღვარსა ქართლისასა თრიალეთითგან, მეფეთ-მეფემან ჩუენმან დავით ბრძანა გაწურთვა სპათა მეომართა და აგრეთვეცა ყივჩაღთა ნათესავთა, რომელი მომტკიცებულ ჰყვანდა მრავლითა ფიცითა ერთგულობისა. ხოლო რომელი პყრობილ ყო მეფემან მსტოვარი სარკინოზთა ბათუყარ, გასტეხა იგი საიდუმლოსა შესახებ სპათა მომხვდურისა ურიცხვისა სულთა მოჰამედიანთა, რომელნი იწყეს ოხრება და კაცისა ხოცა ყოველგან ქრისტიანეთა. ამადაც განასრულა მეფემან დავით ნათესავნი ყივჩაღნი ცხენებითა და საჭურველითა, რომელთა არა აკლდეს სიმხნე, სისუბუქე და შეტევისა სიფიცხე ბრძოლასა შინა. ხოლო ქართველნი მოისარნი და მბრძოლნი ყოველნი იესოს სახელითა და მამულისა ჩუენისა გამოსახსნელად არა დაგიდევდით მოჰამედიანთა სიმრავლესა ჩუენთა ზედა, რამეთუ არა არს ძალი დათმობისა მიწისა, რომელი იყოს სახლი შენი და ოდეს შევიმოსენით ფიჩვითა საბეროითა და დავკოდენით ამირა მოჰამედიანთა, ლაშქარი მათნი აოტნეს და მრავალნიცა ტყუედ იქმნეს. ხოლო ხილვაჲ წმიდისა გიორგისი ჩუენთა მოისართა ვერა შემძლენი შევიქენით, რადგანცა პირველნი ვეკვეთენით მოჰამედიანთა სპასალარსა და ვერა ვიხილენით იგი წმიდა გიორგი, რომელი სდგა მეფეთ მეფისა ჩუენისა მარჯვნით — ახლოჲთ დავითისი და შორთა ჩუენსა...“.

ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე ჟან პიერ ჟან გალუა: „მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გეXI საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება გართულდა, რისი უშუალო მიზეზიც თურქული მოდგმის ტომების, სელჩუკების გამოჩენა იყო. „დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს“ დამაარსებლის თოღრულ-ბეგის (1038-1063) მემკვიდრემ და საქმის გამგრძელებელმა სულთანმა ალფ-არსლანმა (1063-1072) არაერთგზის დალაშქრა საქართველო (1065-1068წწ.). ქართველები ბაგრატ IV-ის წინამძღოლობით მხნედ ებრძოდნენ მომხდურ მტერს და ცდილობდნენ, რომ თურქ-სელჩუკებს ქართულ მიწაზე ფეხი არ მოეკიდებინათ. ალფ-არსლანი შეცვალა მალიქ შაჰ I-მა (1072-1092), რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა „თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო“. მისი მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალურ ხელისუფლებაზე („დიდ სელჩუკეთზე“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის (1041-1187), რუმის, ანუ კონიის (1077-1307), და სირიის სასულთნოები (1094-1117) და სხვა.

ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე ჟან პიერ ჟან გალუა: „მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გე