ტროპარი, ხმა 4: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ქსენია.
კონდაკი, ხმა 4: უცხოსა მაგის შენისა ხსენებისა აღმასრულებელნი, ჰოი ქსენია, პატივს გცემთ შენ და უგალობთ ქრისტესა, რომელმან მოგანიჭა შენ მადლი ეგე კურნებათა ყოველთა ზედა; მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ღირსი ქსენია (ერობაში - ევსებია), რომელიც დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა. მისი მშობლები დიდგვაროვანი და ძალიან შეძლებული ადამიანები იყვნენ და თავიანთ ერთადერთ შვილს დიდ სიყვარულითა და ზრუნვით ზრდიდნენ. ქსენია ჯერ კიდევ სიყრმიდანვე გამოირჩეოდა მშვიდი, მოკრძალებული, ღვთისმოსავი ბუნებით და გულის სიღრმით ჩადებული ჰქონდა სურვილი, მთელი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა. მშობლებმა განიზრახეს მისი გათხოვება, პარტნიორად დიდგვაროვანი სასიძო შეურჩიეს და ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. მან თავისი სამოღვაწეო სახელი თვითონ აირჩია — ქსენია, რომლის მნიშვნელობაა(„უცხო“, „უცნობი“, რათა „პიროვნული დიდება და ნათესაობის ხსოვნა“ მიეტოვებინა და სრულიად უფლისთვის მიეძღვნა ცხოვრება.
მოგზაურობისას ის კუნძულ კოსზე ჩავიდა, ხოლო შემდეგ ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა თავად და მისი თანამგზავრები. კეთილმოწესე მღვდელმა პავლემ მას და მის თანმხლებ ქალწულებს თავისი სახლ-კარი დაუთმო.
ევსებია მოძღვარს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. ქსენიის წმინდა ცხოვრებამ, დიდი სიმდაბლემ და მოყვასისადმი სიყვარულმა მალე მრავალი მიიზიდა. იგი ცნობილი გახდა როგორც „ქალწულების სულიერი დედა“. მის ირგვლივ შეიკრიბა ქალთა მცირე საზოგადოება.
მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა.
ქსენია ცნობილი გახდა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და მოწყალებით. მას არასოდეს განუჭვრეტია ადამიანის მდგომარეობა, - საწყალი იყო, თუ მდიდარი — ყველას თანაბარი სითბოთი იღებდა, აძლევდა სამოსს, საჭმელს, ყოვლად დაუზარლად ემსახურებოდა.
კაცთაგან დაფარულად, მხოლოდ ღმერთის წინაშე, ქსენია მრავალი ღვაწლით ეწამებოდა: ყოველ ღამე იდგა ლოცვაში; დღით კი მარხულობდა, შრომობდა, უვლიდა ავადმყოფებსა და გლახაკებს; უბრალოებისა და მშვიდობის მოყვარეობის გამო მას ხალხმა „ღიმილიანი დედა“ დაარქვა.
წმიდა ქსენიამ როცა შეიგრძნო გარდაცვალების მოახლოება, თავისი სულიერი შვილები შემოიკრიბა, ანდერძად დაუბარა ერთობა, მშვიდობა და მორჩილება. „მოწესურად, მშვიდობით წარმოთქვა თავისი ბოლო ლოცვა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.