მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 21 იანვარი
ახლით: 3 თებერვალი


წმიდა მოწამე ნეოფიტე (+303-305)


ტროპარი, ხმა 4: მოწამეობრივი გვირგვინით ღირსად შეგამკო შენ ქრისტემან, ნეოფიტე, ვინაიდან დათრგუნე ეშმაკის ზაკვა და მტკიცედ აღიარებდი ქრისტეს. მისითა სასოებითა ლომნი დაგემორჩილნეს, ვითარცა უწყოდენ შემოქმედის ძალისა; და შენ მიერ განჭვრეტილ იქმნა სიმტკიცე სარწმუნოებისა. წმიდაო ღირს-მოწამეო, ამისთვისცა ვღაღადებთ: მოგვმადლე უფალო, შენ მიერ განშვენებულთა რჩეულთა რწმენა.

კონდაკი, ხმა 3: ყრმობიდანვე გამორჩეულ იქმენ, ნეოფიტე, მსასოებელო ქრისტესო, მღვიმეში დაამკვიდრე გონება შენი და უფლის მადლით აჯობე სიბრძნესა წარმართთასა. წინ აღუდეგ ბილწ მსაჯულთა ქედმაღლობას და სისხლით დააგვირგვინე მხნეობა მოწამეობისა. ამისთვისცა, წმიდაო, შევნატრით შენი სარწმუნოების სიმტკიცეს და გიგალობთ: შეგვეწიენ წმიდაო უფლისაო, რომელნიც აღვიარებთ სახსენებელსა შენსა.


წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. სიკეთის თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გამოიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ – ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა – მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.

დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა, უკვე არ იცოდნენ, რა მოემოქმედნათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: