მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 21 იანვარი
ახლით: 3 თებერვალი


წმიდა მოწამე აგნია ქალწული (+დაახლ. 304)


ტროპარი, ხმა 4: უმანკო სძალო ქრისტესო, წმინდაო აგნია, სიწმინდითა და სიმტკიცით სძლიე მდევნელთა სიძულვილს და სიყვარულით აღნთებული თავის წარკვეთით მიეახლე მოუკლებელ ნათელს. დაურღვეველო რწმენის გვირგვინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგვიწყალოს და განმწმენდილნი ღვთისმაძიებელთა შორის დაგვაყენოს.

კონდაკი, ხმა 2: სიწმინდის მშვენებით შემოსილო აგნია, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულება აღირჩიე, და ამքით განდიდებულმა მოწამეობის ბაღში ჰპოვე უხრწნელი სიხარული. აწ კი, ღირსო მფარველო, ლოცვით შეგვეწიე ჩვენ, რომ განვმტკიცდეთ სარწმუნოებაში და სოფლის სიძნელეებში ქრისტეს მადლი გვფარავდეს.


წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა – უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრული ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!” ამ სასწაულის მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მოწამეობრივად აღესრულა წარმართთა ხელით.

წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს – კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). წმიდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: