მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 16 იანვარი
ახლით: 29 იანვარი


წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი,
ლეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი (+161-180)


ტროპარი, ხმა 4: ერთსულოვანნო მოწამენო ქრისტესნო, სამნი ძმანო დედითურთ, და თქვენთან ერთად უფლის აღიარებით განმტკიცებულნო, სპევსიპო, ელევსიპო და მელევსიპო, ლეონილავ, ნეონ, ტურვონ და იოვილ, ლოცვითა თქვენითა განამტკიცეთ სარწმუნოება ჩვენი და ითხოვეთ სულთა ჩვენთა ცხონება.

კონდაკი, ხმა 2: სისხლითა თქვენითა განაბრწყინეთ ეკლესია ქრისტესი, და სიყვარულითა დედობრივითა განმტკიცდა მოწამეობა შვილთა. ამით წარმოგვიჩინეთ ერთობა სარწმუნოებაში და მხნეობა ჭირთა შორის. აწ ზეცად მდგომნი, წმიდანო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის, რათა ვადიდოთ ქრისტე ღმერთი.


წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა მეორე საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში. (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში).

წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი იყვნენ სამნი ძმანი, წარმართ ოჯახში შობილნი, ერთსა და იმავე დღეს, კეთილმსახურ დედის — ლეონილასაგან, ქალაქ გალიაში (ძველი რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილი). მათი დედა ლეონილა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირნელის ერთი მოწაფის ხელით. ქრისტიანული სარწმუნოების მიღების შემდეგ გახდა მაგალითი შვილთა სულიერი აღზრდისა. შემდეგ მან თავისი შვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და აყვედრეს წარმართებს თავიანთი უგნურება. მტარვალებმა საჯალათო კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები გაბედულებისა და სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: „ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ”. ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილების სიკვდილის შემდეგ, ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს.

მათთან ერთად ევნენ წამებას წმიდა ნეონი, ტურვონი და იოვილი, რომელთაც ქრისტეს სარწმუნოება შეიტკბეს მოწამეთა მხნეობის ხილვით და აღიარეს უფალი.

კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და აშკარად აღიარა ქრისტე, მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს, შემდეგ კი ქედზე მახვილის დაკვრით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.

ეკლესიამ ისინი შერაცხა როგორც ერთსულოვანი აღმსარებელნი და მოწამენი, რომელთაც სისხლით დაამოწმეს ჭეშმარიტება ქრისტესი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: