მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 16 იანვარი
ახლით: 29 იანვარი


თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი


ტროპარი, ხმა 4: რომი არა დაუტევე, და ჩუენდა მოიწია ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი, ხმა 2: კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ ერნო სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.


თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი უკავშირდება იმ ჯაჭვებს, რომლებითაც წმიდა მოციქული პეტრე იერუსალიმში იყო შებორკილი ქრისტეს სახელისათვის, რომელიც აღწერილია წმიდა ლუკა მახარებლის საქმე მოციქულთას მეთორმეტე თავში. გადმოცემის მიხედვით, ეს ჯაჭვები მადლმოსილი გახდა და მრავალი სნეულისა და სატანჯველისაგან განკურნებას ახდენდა; ამიტომაც ეკლესიამ დააწესა მათი საზეიმო თაყვანისცემა.

რა სულიერი აზრი არის ჩადებული?

ჯაჭვები, როგორც ადამიანური ტანჯვისა და დევნის ნიშანი, ქრისტეში იქცა თავისუფლებისა და მადლის ჭურჭლად. მოციქული პეტრე გვასწავლის, რომ უფლისათვის დათმენილი ბორკილებიც კი ხსნისა და კურთხევის წყაროდ იქცევა.

დაახლოებით ორმოცდაორ წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაი ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღვიძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცვივეს ჯაჭუნი იგი ხელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე 12, 6-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის იულიუსის კალენდრით თექვსმეტ იანვარს, ხოლო გრიგორიანული კალენდრით ოცდაცხრა იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: