ტროპარი, ხმა 4: უდაბნოს მფარველო და მარხვის მოძღვარო, ანგელოზთა მსგავსად მცხოვრებო, ღირსო პავლე თებაიდელო; სრულყოფილი სიწყნარითა და განუწყვეტელი ლოცვით შეიქმენ ზეციური მოქალაქე. ამისთვისცა, მამაო წმიდაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთა.
კონდაკი, ხმა 1: ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა და მმარხველთა მტკიცო საფუძველო.
ღირსი პავლე თებაიდელი, პირველი უდაბნოსმკვიდრი, დაიბადა ეგვიპტეში, თებაიდაში, ქრისტიანულ და კეთილშობილ ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა სიბრძნითა და სიწმინდით. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დიდი ქონება ერგო, მაგრამ სოფლის ამაოებას გულით გაერიდა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.
ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის (ხსენება 17 იანვარს) ეუწყებინა. ერთხელ, ანტონს გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა: „ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოს სიღრმეში და ჰპოვებ მას”. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს გადააწყდა. ღირსი მამა წინ გამოეგება სტუმარს, რითაც მას თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ამბორს უყვეს ურთიერთას, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მიფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონს, რომ მოწევნული იყო მისი მიცვალების ჟამი და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა, ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასწარმეტყველების და მოციქულების თანხლებით. უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. ღირსმა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფელის ცხედარი, თან წამოიღო პალმის ფოთლებისგან შემზადებული მისი სამოსელი და თავის სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმინდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ – აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა სამას ორმოცდაერთ წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო.
ღირსი პავლე თებაიდელი პატივით იხსენიება როგორც პირველი მეუდაბნოე, მონაზვნური ცხოვრების სათავე და სრულყოფილი სიწყნარის მაგალითი. მისი ცხოვრება დღემდე შთააგონებს მორწმუნეთ თავმდაბლობას, განშორებას ამქვეყნიურისაგან და ღმერთთან შეუწყვეტელ ურთიერთობას.
XII საუკუნეში, იმპერატორ მანუელის (1143-1180) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.