მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: იანვარი :.


ძველით: 4 იანვარი
ახლით: 17 იანვარი


ღირსნი მამანი ჩვენნი - ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი


ტროპარი: ანგელოზებრივი ცხორებაი მოიგეთ, ღმერთშემოსილნო მამანო: ევაგრე, ელია დიაკონო და ანგელოზთა თანა უგალობთ მეუფესა ყოველთასა, რომელსაცა ევედრენით შეწყალებად ჩუენდა.

კონდაკი, ხმა 3: სულიერი სიბრძნით განმდიდრებულნო და გონების სიფხიზლით შემკობილნო მამანო ღირსნო, ლოცვითა და მდუმარებით შეიმოსეთ ზეციური ნათელი; ამიტომაც, ევაგრე, ილია დიაკონო და თქვენთან ერთად წმიდანნო, ქრისტეს წინაშე გვედექით მფარველებად, რათა ვპოვოთ ცოდვათა მიტევება და ხსნა.


ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მეექვსე საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.

თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.

ილია დიაკონი გამოირჩეოდა ეკლესიის მსახურებაში ერთგულებითა და სიმდაბლით. დიაკვნობის მსახურებას იგი ლოცვითა და სიწმინდით ასრულებდა, ხოლო პირად ცხოვრებაში მკაცრ მარხვასა და მოწყალებას მისდევდა. მისი ცხოვრება გვასწავლის, რომ საეკლესიო მსახურება თვითონვე არის წმინდანობის გზა.

წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით, მტრედი უზიდავდა საზრდოს.

ერთხელ ღირსი შიო მღვიმელი ნახა ამ მხარეში სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.

ღირსი ევაგრე გამორჩეული იყო ღრმა სულიერი განსჯითა და გონების სიწმინდით. იგი ასწავლიდა გულის ფხიზლობას, ვნებებთან ბრძოლას და უწყვეტ ლოცვას. მისი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ღვთის მადლით მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.

მათთან ერთად მოხსენიებული მამები იყვნენ ერთსულოვანნი სულიერ ბრძოლაში. ისინი ცხოვრობდნენ ძმური სიყვარულით, მდუმარებითა და უწყვეტი ლოცვით, რათა საკუთარი სიცოცხლე მთლიანად ღმერთისთვის შეეწირათ.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.



მოუსმინე: