ტროპარი, ხმა 1: რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესო; ამისთვისცა მერვესა დღესა წინადაცვეთა თავს იდევ, ვითარცა კაცმან; დიდებაი ყოვლადსახიერსა განზრახვასა შენსა, დიდებაი განგებულებასა შენსა, დიდებაი გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყუარე.
კონდაკი, ხმა 3: უფალი ყოველთა და მეუფე წინადაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა მაღლისა მღვდელთმთავარი და ნათლით შემოსილი საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.
ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად (შეს. 17,10-4; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამავე დროს ამზადებს გზას ახალი აღთქმისთვის — გულის წინადაცვეთისთვის, რომელიც რწმენითა და მადლით აღესრულება (რომ. 2:29). ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.
წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).
ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა (ხსენება 28 ოქტომბერს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.