წმინდანთა ცხოვრებამართლმადიდებლობის ზეიმი(გარდამავალია, იდღესასწაულება დიდი მარხვის პირველ კვირას)მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის ("წმიდა ორმეოცის") პირველ კვირას აღნიშნავს დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის კვირიაკე. იგი დღესასწაულად დაწესდა 842 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა წმინდა მეთოდე კონსტანტინოპოლელი. იგი გახლდათ კონსტანტინოპოლის პატრიარქი 843-847 წლებში (წარმოშობით სიცილიიდან). ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მონაზვნად კუნძულ ქიოსზე (ეგეოსის ზღვაში), შემდეგ მსახურობდა პატრიარქ ნიკიფორეს კარზე. ხატმბრძოლი იმპერატორების - ლეონ სომეხის (813-820), მიქაელისა (829-829) და მისი ძის, თეოფილეს (829-842) ზეობის პერიოდში მეთოდეს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ არ ღალატობდა მართლმადიდებლობას. მეცამეტე საუკუნის ხელნაწერში (შიომღვიმის ტიპიკონი – H-1349), დაცული „მართლმადიდებლობის ზეიმზე“ საკითხავი ტექსტი. მისი მთარგმნელია ცნობილი საეკლესიო მოღვაწე არსენ იყალთოელი. „წინაწარმეტყუელთა ვითარცა იხილეს, მოციქულთა ვითარცა ასწავეს, ეკლესიამან ვითარცა შეიწყნარა, მოძღუართა ვითარცა შჯულ-გჳდვეს, მკჳდროვანი ვითარცა თანაერთნება იქმნა, მადლი ვითარცა გამობრწყინდა, ჭეშმარიტებაჲ ვითარცა გამოჩნდა, ტყუვილი ვითარცა წარიდევნა, სიბრძნე ვითარცა კადნიერ იქმნა, ქრისტემან ვითარცა მადლიერ-მყვნა, ეგრეთ გურწამს, ეგრეთ ვმეტყუელებთ, ეგრეთ ვქადაგებთ ქრისტესა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა და წმიდათა მისთა სიტყუათა მიერ პატივ-ვსცემთ, აღმწერელობათა მიერ, მოგონებათა მიერ, მსხუერპლთა მიერ, ტაძართა მიერ, გამოხატვათა მიერ; მისნი ვიდრემე, ვითარცა ღმრთისა და მეუფისა თაყუანის-მცემელნი, ხოლო ამათნი – საზოგადოჲსა მეუფისათჳს. და ვითარცა საკუთართა მსახურთა მისთა პატივისმცემელნი და თჳსებითისა თაყუანისცემისა შემწირველნი. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე – სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე – სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ. ამან სარწმუნოებამან მკჳდროანი დაამტკიცა. ამათ-თანა კეთილმსახურებისა ქადაგთა ძმებრივობით და მამათმოყუარულობით, სადიდებელად და პატივად კეთილმსახურებისა, რომლისათჳს იღუაწეს მათ, განსათქუმელ ვჰყოფთ და ვიტყჳთ: გერმანესი, ტარასისი, ნიკიფორესი და მეთოდესი, ვითარცა ჭეშმარიტთა მღდელთმთავართა ღმრთისათაჲ და მართლმადიდებლობისა წინამბრძოლთა და მასწავლელთაჲ საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ! იგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი და ნიკოლაოსისი, წმიდათა და მართლმადიდებელთა პატრიარქთაჲ საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. ყოველნივე ძჳნად წმიდათა პატრიარქთა: ტარასის[ს]ა, ნიკიფორესსა და მეთოდისსა, იგნატისსა, ფოტისსა, სტეფანესსა, ანტონისსა და ნიკოლაოსისსა აღწერილნი ანუ თქუმული, შეჩუენებულ იყვნედ! ყოველნივე, თჳნიერ საეკლესიოჲსა მოცემისა და მოძღურებისა და დაწესებისა წმიდათა და მარადის საჴსენებელთა მამათაჲსა შჯულდებულნი და ქმნილნი, ანუ ამისსა შემდგომად ქმნადნი, შეჩუჱნებულ იყვნედ! სტეფანე ღირსისა მოწამისა და აღმსარებელისა ახლისაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ! ეფთჳმისი, თეოფილესი და ემელიანესი, მარადის სახსენებელთა აღმსარებელთა და მთავარეპისკოპოსთაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ! იოვანესი, ნიკოლაოსისი და გიორგისი, სამგზის ნეტართა აღმსარებელთა და მთავარეპისკოპოსთა და ყოველთა ერთგანზრახვათა მათთა ეპისკოპოსთაჲ, საუკუნო [იყავნ ჴსენებაჲ!]. თეოდორე, ყოვლად ღირსისა წინამძღურისა სტუდიელთაჲსაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ! ისააკისი, საკჳრველთმოქმედისაჲ და იოანნიკისი წინაწარმეტყუელებრივისაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. ილარიონ, ყოვლად ღირსისა არქიმანდრიტისა და წინამძღურისა დალმატელთაჲსაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. თეოფანე, ყოვლად ღირსისა წინამძღურისა დიდისა აგარაკისაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ! წმიდისა დედისა ნინოჲსი, ქართლისა განმანათლებელისაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. ქართველთა მონაზონებისა თავისა და წინამძღურისა, იოვანე ზედაზადნელისაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. უდაბნობსა ამის მაშენებელთა წმიდათა მამათა – შიოჲსი და ევაგრესი – საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!]. ესენი ვითარცა კურთხევანი მამათანი, მათგან ჩუენდა-მომართ ძეთა და მოშურნეთა კეთილმსახურებისა მათისათა მოიწევიან. ეგრეთვე უკუჱ და წყევანიცა – მამათმოძულეთა და სამეუფოთა მცნებათა შეურაცხისმყოფელთა ეწევიან. ვინაჲცა ზოგად ყოველნი ვითარ-იგი კეთილმსახურებისა სავსებისათჳს კურთხევასა, ეგრეთვე მათთჳს წყევასა, რომელი თვით შეამთხჳეს მათ თავთა თჳსთა, შემოვიღებთ. * * *ყოველნი მწვალებელნი შეჩუჱნებულ იყვნედ! ხელნაწერის ტექსტს რედაქცია გაუკეთა პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა მართლმადიდებლობის კვირიაკეს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "მართლმადიდებლობის კვირიაკე ძლევის დღესასწაულია. ჩვენ ვზეიმობთ იმ ძლევას, რომელიც სოფელსა ზედა მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ მოიპოვა. მაგრამ რითი მიიღო ეს ძლევა ჩვენმა სჯულმა? რით გაიმარჯვა ქრისტიანობამ? - სარწმუნოებითა, რამეთუ ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (1 ინ. 5,4). სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმუნოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული. ჩვენი სჯული, ქრისტეს სარწმუნოება, აკეთილშობილებს კაცს, აუმჯობესებს და წარმატებისკენ მიჰყავს - თუკი ადამიანმა შეიყვარა იგი და მთელი სულითა და გულით დაემორჩილა მას". ლელა ჩხარტიშვილი მოუსმინე: |