მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: თებერვალი :.


ძველით: 17 თებერვალი
ახლით: 1 მარტი ნაკიან წელს. 2 მარტი მცხრალ წელს


† დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)


ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

ტროპარი, ხმა 2: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.

კონდაკი, ხმა 8: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

ღვთივ-მონიჭებულსა მადლსა სასწაულთასა მიანიჭებ ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა, ქრისტეს მოწამეო მხნეო თეოდორე, რომლისა-თვისცა შესხმით ესრეთ გიღაღადებთ: ტყვეთა გამოიხსნი და კურნებ უძლურთა, გლახაკთა განამდიდრებ და იხსნი განსაცდელთაგან; და მონათა ცუდსა ლტოლვასა აღვირ-ასხამ, და დაჰხსნი სიცბილსა მათსა, პარულსა განაცხადებ, და მპარავთა აბრკოლებ, და მხედართა აყენებ ტაცებისაგან; ყრმათა მიჰმადლებ თხოვათა მათთა, და მხურვალედ იღვწი და ხელთა აღუპყრობ ყოვლად-წმიდისა ხსენებისა შენისა მგალობელთა. მათ-თანა ჩვენცა, წმიდაო მოწამეო, შემსხმელთა ამათ შენთა და ვნებისა შენისა მადიდებელთა, გვითხოვე ქრისტეს ღვთისაგან დიდი წყალობა და გივხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და მოეც მშვიდობა სოფელსა და სიმტკიცე ეკლესიათა.



წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.

წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე:



† წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის წამება



† წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სასწაული