ოსმალთა ზეობისას XVII ს. ზღვისპირა ქალაქ სოხუმში მდებარეობდა უზარმაზარი ეზოთი გარშემორტყმული საუცხოო სახლი, რომელიც ერთ ქრისტიან ლაზს, დიმიტრის ეკუთვნოდა. მან ცოლი და ოთხი ვაჟი კონსტანტინოპოლ ჩუმად გაგზავნა, რათა თურქებს ხელიდან დასხლტომოდნენ, თვითონ კი ყოვლისშემძლე ქრისტეს წინაშე ფიცი დადო, რომ თურქულ ჯარს არ შეუერთდებოდა და ქრისტიანთა წინააღმდეგ არ იბრძოლებდა.
ერთ ღამესაც მას საშინელი ხმაური მოესმა, და როდესაც ფანჯრიდან იკითხა თუ ვინ იყო, პასუხად მოესმა, რომ ეფესი მურათ გიოჯე ვარ და მოვედი, რომ შენს ცოლ-შვილთან ანგარიში გავასწოროო. დიმიტრიმ ფანჯარა დახურა, უკანა ეზოდან ღამის წყვდიადს შეერია და სწრაფად დატოვა სოხუმის მიდამოები. უკვე გათენებული იყო, როდესაც სოფელ მესოხორისში ჩავიდა და ტყეში დაიმალა, რომ ვერავის შეამჩნია და გზის გასაგრძელებლად დაღამებას დაელოდა, რომ რუსეთის საზღვრამდე მისულიყო. მან გადაწყვიტა გარკვეული პერიოდი ემუშავა, ფული შეეგროვებინა და კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალ ნებისმიერ რუსულ გემს გაჰყვებოდა. მომდევნო ღამეს დიმიტრიმ გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო, და ზღვისპირა პიტიუნტიდან (ბიჭვინთა, პიცუნდა) გემით ყირიმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, რუსულ ქალაქ ოდესაში ჩავიდა (1792 წლამდე ოდესა თათრულ სოფელს წარმოადგენდა და ჰაჯიბეი ერქვა. ადმირალმა ოსიპ დერიბასმა მის ადგილას ქალაქის გაშენების იდეა ეკატერინე II-ს შესთავაზა. ოდესა 1794 წელს უწოდეს. 1820 წლისთვის ოდესის 40 ათასიანი მოსახლეობა მრავალეთნიკური იყო). იგი ოდესაში რუსებს სამსახურს სთხოვს და ტყავების მტვირთავად იწყებს მუშაობას, ორი თვის შემდეგ კი პოულობს კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალ სავაჭრო გემს და თურქეთში მიემგზავრება.
ქალაქ კონსტანტინოპოლში (ქალაქს სტამბოლი 1930 წელს დაერქვა. ამ დროს უკვე არსებობდა თურქეთის რესპუბლიკა. მალე მისი დედაქალაქი სტამბოლის ნაცვლად ანკარა გახდა.). ჩასული დიმიტრი თავისი ოჯახის ძებნას იწყებს, და დანგრეულ შენობაში შეფარებულები, მშივრები და დასნეულებულები იპოვა ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ შორეულ უბანში, გალატში (სტამბოლის ევროპულ ნაწილშია) გი დაუყოვნებლივ სამუშაოს ძებნას იწყებს და გალათას ერთ-ერთ უბანში, ქარაქოიში, ქრისტიანი ხაძიპანაიოტის ტავერნაში (სასადილო) იწყებს მუშაობას მეთვალყურედ. თავაზიანობითა და პატიოსნებით გამორჩეული დიმიტრი მალე იხვეჭს ტავერნის მუდმივი სტუმრების პატივისცემას, განსაკუთრებით კი ის უყვართ ლაზებს, რომლებიც საღამოობით ხშირად სტუმრობენ ტავერნას ყავისა და ღვინის დასალევად.
ერთ საღამოს პონტოდან ჩამოსული ვინმე ბეი (ძველი თურქული ტიტული, ბატონი, უმაღლესი ოფიცრისა და მოხელის ტიტული) ორ კაიმაკამთან (თანაშემწესთან) ერთად ტავერნაში შევიდა ღვინის დასალევად და მაგიდას მიუჯდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაგიდას მუშტი დაარტყა და იყვირა: გიაურებო, ჩემ წინაშე მუხლებზე დაიჩოქეთო. ტავერნის მეპატრონე ხაძიპანაიოტისი მას მიუახლოვდა, მის წინაშე ერთგული მონასავით დაიჩოქა და უთხრა: ეფენდი ბეი (თურქეთში მამაკაცისადმი საპატიო მიმართვა, `ბატონი~), გაუმარჯოს დიდ სულთანს აბდულ-ჰამიდს. გახარებულმა მუსულმანმა მას ღვინის ჩამოსხმა უბრძანა, რომ ერთად დაელოცათ დიდი სულთანი, რომელმაც სამუდამოდ ჩააქრო გიაურების (უღვთო, ურჯულო, გარეწარი - მუსლიმანთა სალანძღავი სიტყვა) ვარსკვლავიო. და უთხრა: გიაური ხარ, მაგრამ ჩვენთვის არასდროს გიღალატია, სწორედ ამიტომ დაიმსახურე ჩვენი ნდობა, შეხედე, ვინც ახლა აქ ვსვავთ, ყველანი ოტომანები ვართო. ეფენდი ბეის სიტყვების დასტურის ნიშნად პატივმოყვარე ელინი (ელინები. ძვ. საბერძნეთის (ელადის) მკვიდრნი; ძველი ბერძნები) თავს ხრის, ამით იგი მალავს თავის ჯაშუშურ საქმიანობას, რომელსაც ტავერნაში ეწევა თურქული ხელისუფლების წინააღმდეგ. შემდეგ ხაძიპანაიოტმა თავისთან მიიხმო მეთვალყურე ლაზი დიმიტრი და უთხრა: წადი ეფენდი ბეისთან და მოემსახურე, რადგან კარგი ადამიანია და ჩვენ ძალიან ვუყვარვართო.
დიმიტრი მიუახლოვდა ეფენდის და მის თანმხლებთ, რომელთაც სხვადასხვა სახის ღვინითა და ნაირ-ნაირი კერძებით უმასპინძლდებოდენ სხვა მიმტანები. თურქები მალე დათვრნენ და ელინების მისამართით უწმაწურ სიტყვებს ხმარობდენ. მთვრალ ეფენდის ტავერნაში მყოფი სხვა თურქებიც შეუერთდენ და ერთხმად დაიწყეს ელინთა, როგორც ქრისტიანთა, დამამცირებელი სატირული ხასიათის სიმღერები, მოიხსენიებდენ მათ ვირებად, ძაღლებად და ღორებად, რომლებიც ერთად უნდა დაიხოცონ, რომ სამყარო გაიწმინდოს.
ამ უწმაწური სიტყვების გამგონე დიმიტრის მოთმინების ფიალა ევსებოდა, მაგრამ ხედავდა თუ როგორ ანიშნებდა მეპატრონე თავის შეკავებას და კვლავ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. თურქები კი არ გაჩერდნენ, მთვრალი ეფენდი ბეის. ბრძანებით დიმიტრის ხელი სტაცეს, მაგიდაზე დასვეს, და უბრძანეს: გვიცეკვე ლაზური, რომ ვნახოთ, თუ როგორ ცეკვავთო. აღელვებული დიმიტრი ფიქრობდა ქრისტიანების მოძულე თურქისათვის დანის წართმევას, მაგრამ უკან დაიხია, რადგან თავისი ოთხი შვილი გაახსენდა. ეფენდი ბეი კი არ ცხრებოდა, რის გამოც კამათი მოუვიდა ერთ-ერთ კაიმაკამთან, რომელიც გიაურების ლანძღვის შეწყვეტას სთხოვდა. კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ეფენდი ბეიმ დანა აიღო, კაიმაკამს გულში გაუყარა და მოკლა, თუმცა მაშინვე დაჭრილი ცხოველივით დაიწყო ღრიალი: ძმებო, დაიჭირეთ მკვლელი... აი ის, ამ ლაზმა მოკლა ჩემი მეგობარი კაიმაკამი, დამეხმარეთო. თურქები თავს დაესხენ დიმიტრის, სცემეს და ვეზირთან მიათრიეს. პატივცემულო ვეზირო, მოგიყვანეთ მკვლელი, რომელმაც გალათას კაიმაკამთან იჩხუბა, რადგან სულთანი გალანძღა, რაც კაიმაკამმა ვერ მოითმინა და ნაბუშარი გიაური უწოდა, რის გამოც მან დანას ხელი სტაცა და კაიმაკამი მოკლაო. ვეზირმა მოწმეები იკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ ბევრი მოწმე ჰყავდათ, მათ შორის ის ხალხი, რომელიც ტავერნაში იმყოფებოდა, და ეფენდი ბეი, რომელიც ერთი თვის წინ ჩამოვიდა პონტოდან. ვეზირმა ბრძანა დიმიტრის ციხეში ჩასმა, რომ მეორე დღეს ხალხის წინაშე გაესამართლებინათ.
მეორე დღეს, 1784 წლის 6 თებერვალს, ხალხი გალათიდან ერთ დიდ სასამართლოში შეიკრიბა. სავარძელში მჯდომი ვეზირი დაელოდა, თუ როდის შემოიყვანენ პონტოელ ქრისტიანს, კაიმაკამის მკვლელს. დარბაზი სავსე იყო ხალხით, რომელიც განვითარებულ მოვლენებს ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს. როდესაც კისერზე ჯაჭვმობმული დიმიტრი შემოიყვანეს და ვეზირთან მიიყვანეს, მკაცრი გამომეტყველებით შეეკითხა: რატომ მოკალი კაიმაკამი, შე გიაურო? - მე არ მომიკლავს! - მშვიდად უპასუხა დიმიტრიმ. კმარა - უყვირა გაბრაზებულმა ვეზირმა - შენ მოგიკლავს თუ არა, არ მიკითხავს, გეკითხები, რატომ მოკალი, რა დაგიშავა იმ საცოდავმა? ვეზირო, მე არ მომიკლავს კაიმაკამი, ტავერნაში ყველა დათვრა, მე კი მაგიდაზე ლაზურის საცეკვაოდ ამიყვანეს, ასე ბრძანა ეფენდი ბეიმ, რათა ამგვარად ჩემი წარმომავლობა აბუჩად აეგდო. არა...არა...გაისმის პროტესტის ხმები, იტყუება გიაური, იტყუება. ვეზირი ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი გამოიძახა მოწმეები, ეფენდი ბეი და მეორე კაიმაკამი და უბრძანა მოყოლა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. მე მოგიყვებით ყველაფერს, ამბობს ეფენდი ბეი, ჩემს გვერდით დგანან მოწმეები, რომლებიც გუშინდელ მკვლელობას შეესწრნენ, და თავად მუჰამედიც კიო, ვეზირმა კი სასამართლოს მწერალს უბრძანა ყველაფრის ჩაწერა. მისმინე, ვეზირო, იწყებს დამნაშავე, მე სულ ცოტა ხნის წინათ ჩამოვედი პონტოდან, კერძოდ ლაზეთიდან, დაღლილ-დაქანცული ტავერნაში ორ კაიმაკამთან ერთად შევედი ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ გავიგე, თუ როგორ ლანძღავდა ეს ნაძირალა ჩვენს სულთანს, აბდულჰამიდს, ვერ მოვითმინე და როდესაც ზურგში ჩავარტყი, ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფაც დაიწყო, რის გამოც ორჯერ გავარტყი სახეში, და იმის ნაცვლად, რომ შეშინებულიყო, მუჰამედის შეურაცხყოფაზე გადავიდა, შემდეგ კი დანა აიღო და კაიმაკამს მუცელში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. თქვენს წინაშე დგანან ადამიანები, ვინც გუშინ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და თავადაც დაინახეს, რომ ყველაფერი ასე მოხდა.
ყველა ოტომანია მოწმე? - შეეკითხა ვეზირი დანარჩენ მოწმეებს. ყველა - ერთხმად დაიძახეს მათ და ქრისტიანზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. განრისხებული ვეზირი დიმიტრის მიუბრუნდა და უთხრა: მითხარი ვინ ხარ და რა ქონება გაგაჩნია, რომ მოკლული კაცის ოჯახს გადავცე. მე დიმიტრი მქვია, პონტოელი ვარ, ქონება არ გამაჩნია, მაგრამ მკვლელობა არ ჩამიდენიაო - უპასუხა მან. მაშინ, შენი აზრით, ვის უნდა ჩაედინა? - ჰკითხა ვეზირმა. ჩემმა ქრისტემ იცის ვინც არის და მკვლელიც ამ წუთში დარბაზში იმყოფებაო - უპასუხა დიმიტრიმ, ხოლო ვეზირის თხოვნაზე, რომ მკვლელისათვის ხელი დაედო, მან უარი თქვა, და ვეზირის რისხვა დაიმსახურა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი თურქი, სახელად დაისი ფეხზე წამოდგა, ვეზირთან მივიდა და უთხრა: პატივცემულო ვეზირო, თუ ნებას დამრთავთ, ერთი რამ მინდა ვკითხოო და როდესაც ნება მისცეს, ჰკითხა: არ მეტყვი, პონტოს რომელი კუთხიდან ხარო - ლაზეთიდანო - უპასუხა დიმიტრიმ, და როდესაც ქალაქის ან სოფლის დასახელება მოსთხოვა - დიმიტრი მიხვდა, რომ მისი აღსასრული ძალიან ახლოს იყო, თავს მაღლა ასწია და ჰეროიკული პათოსით უპასუხა: დიდებული სოხუმიდან ვარო. გახარებული დაისი ხალხს მიუბრუნდა და შესძახა: ძლივს არ ვიპოვე ის ქრისტიანი, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდიო? და გაკვირვებულ ვეზირს უთხრა: ის თავის ოჯახს გაპარვაში დაეხმარა, თვითონ კი ფიცი დადო, რომ დიდებულ თურქულ ჯარს არ შეუერთდებოდა, და აი ახლა ხელ-ფეხ შეკრული მაინც ჩვენს ხელთააო. გაგონილით კმაყოფილმა ვეზირმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიღო და განაცხადა: ეს გიაური, მოწმეების ჩვენების თანახმად კაიმაკამის მკვლელიაო და ადამიანი, რომელიც მკვლელი აღმოჩნდა, არ იმსახურებს სიცოცხლესო. შემდეგ კი ბრალდებულს მიმართა: ლაზო, თვალებში შემომხედე, შენ ორი არჩევანი გაქვს, პირველი სიკვდილით დასჯა და მეორე, ჩვენი მუჰამედისა და ყურანის წინაშე მუხლებზე დაჩოქება, არჩიე ერთ-ერთიო. უკვე ავირჩიეო - უპასუხა დიმეტრიმ. რომელი? - დაინტერესდა ვეზირი. პირველი - მხნედ განაცხადა წმინდანმა. შე უგუნურო, სიკვდილი აირჩიე? - დასცინა ვეზირმა. ჩემს ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, მოციქულებთან და წმინდანებთან განშორებას ათასჯერ სიკვდილი მირჩევნიაო - უპასუხა დიმიტრიმ. მაშინ ვეზირმა კიდევ ერთხელ მიმართა მას: გიაურო, თანახმა ხარ მაჰმედიანი გახდე? - არა, მე ქრისტიანი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანი ვიქნებიო - მიიღო პასუხად. იყოს შენი ნება, გიაურო, თუ ნამდვილად სიკვდილი გირჩევნია, მოკვდიო, უთხრა ვეზირმა და მწერალს მიმართა: ჩაიწერე მისი განაჩენი, რომელიც ორ დანაშაულზე იქნება აგებული, მკვლელობაზე და ჩვენი სარწმუნოების უარყოფაზეო. შემდეგ პატიმარი ჯალათებს გადასცა და უთხრათ: წადით იმ ტავერნაში, სადაც მკვლელობა მოხდა, და მის გარეთ, ქუჩაში მოკალით, რომ ბევრი ხალხი შეიკრიბოს და შეეშინდეთ ქრისტიანებს, რადგან უსამართლობაა, რომ ჩვენმა მონებმა მოგვკლან. ჯალათებმა სიკვდილმისჯილს ხელები შეუკრეს და სასჯელის აღსასრულებლად გაემართნენ. გავიდენ თუ არა სასამართლოდან, ვეზირის თანაშემწე გამოვიდა და შეჩერება უბრძანათ. ამ დროს დარბაზიდან ვეზირიც გამოვიდა, ტრიბუნაზე ავიდა და ხმამაღლა ორჯერ დაუყვირა დიმიტრის - მოიქეცი ჩვენს სარწმუნოებაზე და ყველაფერს მოგიტევებ, მდიდარს გაგხდი, წოდებას მოგცემ, და შენი შვილებიც გაიხარებენო. თუმცა ამ დაპირებებმა წმინდანი ვერ აცთუნა. მან თავი მაღლა ასწია, ვეზირს თვალებში შეხედა და ღიმილით უთხრა: ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მოვკვდებიო.
კეთილი, ელინო, უთხრა ვეზირმა და ჯალათებს ანიშნა, გზა გააგრძელეთო. როდესაც მოწამე ტავერნასთან მიიყვანეს, რომელიც იმ დღეებში დაკეტილი იყო, დაჩოქება უბრძანეს, და სწორედ ამ დროს მოირბინა ვეზირის შიკრიკმა, ჯალათს ხმალს წაართვა და უთხრა: დიმიტრი, ვეზირს ძალიან ეცოდები, რადგან დიდ ოჯახს მარტო ტოვებ, სიცოცხლეს გაჩუქებს, თუ ამ წმინდა წიგნს აკოცებო და ყურანი გაუწოდა. წმინდანმა მისკენ არც კი გაიხედა და დაიჩურჩულა - მე ქრისტიანი ვარ და მხოლოდ წმინდა სახარების წინ ვიჩოქებ, მომკალით, რომ მალე წავიდე ჩემს ქრისტესთანო.
ურჯულო ჯალათმა ლაზს თავი მოჰკვეთა ჩვ.წ. აღ. 1784 წ. 6 თებერვალს, მისი წმინდა სული კი უფლის ანგელოზებმა სასუფეველში დაავანეს. ქრისტეს ერთგული დიმიტრის წმინდა ნაწილები სამი დღე-ღამის განმავლობაში ქუჩაში ეყარა ქრისტიანთა დასაშინებლად, და მცველები, რომლებიც მის ნეშტს დარაჯობდნენ, და მთელი გალათის მოსახლეობაც ყვებოდა, რომ სამი ღამე მათ თავზე ზეციური ნათელი ედგათ.
ტავერნის მეპატრონემ, ხაძიპანაიოტისმა გაბედა და წმინდა მოწამის დიდებული ნაწილი აიღო, მაგრამ ის მცველებმა დაიჭირეს, მთელი ფული წაართვეს და ვეზირს წარუდგინეს, რომელმაც ისიც სიკვდილით დასაჯა.
ასეთია მოკლე გადმოცემა სოხუმელი ახალმოწამე დიმიტრი ლაზის გმირული მოწამეობისა, რომლის მეოხება გვეწეოდეს სრულიად საქართველოს. ამინ!
მოამზადა: თინათინ მჭედლიშვილმა