მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: დეკემბერი :.


ძველით: 27 დეკემბერი
ახლით: 9 იანვარი


წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34)


დღეს წმიდა ეკლესია მადლიერებითა და სულიერი სიხარულით იხსენებს წმიდა მოციქულს, პირველმოწამესა და მთავარდიაკონს სტეფანეს — მას, ვინც პირველმა მოირგო ეკლესიის მოწამეობის გვირგვინი და თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს ჭეშმარიტება.

იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაიცა ვის უხმდა“ (საქმე 4, 33-35).

სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს „სახმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ - მთავარდიაკვნად აკურთხეს.

წმიდა სტეფანე შვიდ დიაკონთაგან უპირველესი იყო, დადგენილი არა მხოლოდ საქველმოქმედო მსახურებისთვის, არამედ სიტყვისა და სარწმუნოების დასაცავად. წმიდა წერილი მოწმობს, რომ იგი იყო „სავსე სარწმუნოებითა და სულიწმიდით“ და რომ მისით „დიდი სასწაულები და ნიშნები ხდებოდა ხალხში“ (საქმე 6,8). ეს მადლი არ იყო ადამიანური ნიჭის ნაყოფი, არამედ ღვთისადმი მთლიანად მინდობილი გულის ნაყოფი.

იერუსალიმში „სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძნდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით.

მისი ქადაგება არ იყო მჭევრმეტყველება ადამიანური სიბრძნით, არამედ ჭეშმარიტების მოწმობა სულიწმიდის ძალით. როცა სტეფანე სინედრიონის წინაშე წარდგა, იგი არ შეეშინდა არც ძალაუფლებისა, არც მუქარისა. მან გაახსენა ისრაელის ხალხს ღმერთის მოქმედება ისტორიაში და ამხილა გულქვაობა, რომელმაც წინასწარმეტყველები დაჩაგრა და ბოლოს თავად ქრისტე ჯვარზე გააკრა.

მამხილებელი სიტყვა ყველაზე მძაფრი მაშინ გახდა, როცა წმიდა სტეფანემ აღიარა: „ვხედავ ცათა გახსნილთა და ძესა კაცისასა მარჯვენით მდგომარეს ღმრთისასა.“ ეს სიტყვა იყო არა მხოლოდ აღსარება, არამედ რწმენის გამარჯვება სიკვდილზე. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაი“

როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმე, 7, 60).

მისი მოწამეობა გვასწავლის ქრისტიანობის უმაღლეს საზომს — მტერთა სიყვარულს. ქვებით ჩაქოლვის დროს წმიდა სტეფანე არ დაწყევლა თავისი მკვლელები, არამედ ილოცა მათთვის: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას.“ ამ ლოცვაში უკვე ისმოდა ჯვარცმული მაცხოვრის ხმა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან რასა იქმნენ.“

საყვარელნო, წმიდა სტეფანე გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება არ არის მხოლოდ სიტყვა ან გარეგნული აღსარება. იგი არის მზადყოფნა მსხვერპლისა, თავმდაბლობა ძალაში და სიყვარული ტკივილში. იგი გვასწავლის, რომ ქრისტესთან ერთგულება ხშირად გადის ტანჯვის გზაზე, მაგრამ ეს გზა გვირგვინით მთავრდება.

წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.

მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

ოთხას თხუთმეტ წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.

დღეს, როცა მის წმიდა ხსენებას აღვასრულებთ, ვევედროთ წმიდა სტეფანეს, პირველმოწამესა და მთავარდიაკონს, რომ მოგვმადლოს სიმტკიცე სარწმუნოებაში, სიბრძნე სიტყვისა და სიყვარული ყველას მიმართ — მეგობრისაც და მტრისაც, რათა ჩვენც ღირს ვიქმნეთ ცათა სასუფევლისა და მარადიული სიცოცხლისა ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში. ამინ.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მოუსმინე: