მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: დეკემბერი :.


ძველით: 16 დეკემბერი
ახლით: 29 დეკემბერი


წინასწარმეტყველი ანგია (500 წ. ქრისტეს შობამდე)


წინასწარმეტყველი ანგია ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ლევიტელთა ტომიდან, ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. და შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი თოთხმეტი წლით შეეწყვიტათ. იუდეველებს არ სურდათ ტაძრის აშენებაში მონაწილეობა სამარიტელებსაც მიეღოთ, როგორც უწმინდურებსა და წარმართებს. მაშინ სამარიტელებმა მოისყიდეს ზოგიერთი სპარსული ოლქის ხელმძღვანელები და იუდეველებს ცილი დასწამეს სპარსეთის სამეფო კარის წინაშე. მაგრამ მთავარი წინააღმდეგობა მაინც ის იყო, რომ იუდეველთა მხურვალება განელდა და ისინი საკუთარი სახლების აშენებას და გამშვენებას შეუდგნენ, თავს კი იმით იმართლებდნენ, ჯერ ეკლესიის აშენების დრო არ არისო. და აი, უფალი იუდეველებს წინასწარმეტყველ ანგიას უგზავნის, მხილებითა და მუქარით, ასევე პირდება შეწევნას, და იმას, რომ მეორე ტაძარი პირველზე გაცილებით უკეთესი იქნება. ღვთის შეწევნითა და წინასწარმეტყველების ანგიასა და ზაქარიას დახმარებით ზორობაბელმა, იუდეველთა მეთაურმა დასძლია მტრის მზაკვრობა და და იუდეველთა უმოქმედობა და ქრისტეს შობამდე ხუთას ოც წელს დაწყებული ხუთას თოთხმეტ წელს დასრულდა, სპარსეთის მეფის დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.

გარდაცვალების შემდეგ წმინდა ანგია მღვდელმთავართა საფლავების სიახლოვეს დაკრძალეს, როგორც თვითონაც მღვდელმთავართა შთამომავალი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მოუსმინე: