ტროპარი, ხმა 4: დღეს უშვილოებისა საკრველნი განიხსნებიან, რამეთუ იოაკიმ და ანას ვედრებაი შეისმინა ღმერთმან და გარეშე სასოებისა შობად აღუთქუა საღმრთო ქალწული მარიამ, რომლისაგან თვით იგი გარე შეუწერელი შობად არს, რომლისა მიმართ უბრძანებს ხმობად ნათესავსა კაცთასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი, ხმა 4: დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლადღებასა, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს, დავითის სამეფო გვარის ჩამომავალს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას.
წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - „წმიდაი იყო წყაროი იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“, - ამბობს წმიდა თეოდორე სტუდიელი. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.
ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.
ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაის ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაი და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათვის გლოვაი და ზოგადი ორთავე ბერწობაი დაჰხსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაი იგი განხმელი უშვილოებისა გუალვითა“, - (წმიდა ანდრია კრეტელი) - წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.
ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.
წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა.
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.