წმიდა მოციქულნი: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა, რაც მოთხრობილია ლუკას სახარების მეათე თავის პირველ ოცდაოთხ მუხლში.
და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თვისსა. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერხთაი და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. და რომელსაცა სახლსა შეხვიდეთ, პირველად თქუთ: მშვიდობაი სახლსა ამას! და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშვიდობისაი, განისუენოს მის ზედა მშვიდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაი. და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. გეტყვი თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტვიროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰხდე. რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. აჰა მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაი გევნოს. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაი, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. და მიექცა მოწაფეთა მისთა თვისაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინასწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაი, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს ოცდაათ მარტსაც იხსენიებს.
მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა და სოსთენი ძმაი“ (პირველი კორინთელთა 1, 1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.
წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაი ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუისთვის და იცოდა ნათლის-ცემაი ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაი იგი უფლისაი; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაი მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“ (საქმე 18, 24-28). წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (პირველი კორინთელთა 3, 6).
მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში 15, 5: და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ.
წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.
წმიდა ტვიქიკე - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს.
წმიდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაი ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭვი ესე ჩემი არა სირცხვილ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაი უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (1, 16-18). წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე თექვსმეტ სექტემბერს გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.