ტროპარი: ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისათვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიასა კეთილმეტყველი სვიმეონ და ნათლისა მიმართ მიგვიძღვის, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.
მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი იყო კლეოპას ძე, რომელიც წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმა იყო. ამრიგად, სვიმეონი იოსების ძმისწული და უფლის იესო ქრისტეს ბიძაშვილი (ხორციელი ნათესავი) იყო.
მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა სამოცდაათ მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს.
ევსები კესარიელის ცნობით: „იაკობის მოწამეობისა და იერუსალიმის დაცემის შემდეგ, მოციქულები და უფლის მოწაფეები შეიკრიბნენ, რათა გადაეწყვიტათ, ვინ იყო ღირსი, დაკავებინა იაკობის საყდარი. ერთსულოვნად აირჩიეს სვიმეონი, კლეოპას ძე, რომელზეც სახარებაც მოწმობს. იგი ხორციელი ნათესავი იყო მაცხოვრისა."
იმპერატორები ვესპასიანე და დომიციანე გამოსცემდნენ ბრძანებებს, რომ დავით მეფის შთამომავლები უნდა მოეკლათ, რადგან ეშინოდათ, რომ მესიანური მოლოდინები ახალ აჯანყებას გამოიწვევდა.
იმპერატორმა ტრაიანემ განაახლა ეს ბრძანება. რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა.
წარმართებმა შეიპყრეს წმიდა სვიმეონი, რომელიც იმ დროისთვის 120 წელზე მეტი იყო. რომაელმა მმართველმა ატიკამ პირადად დაჰკითხა იგი. წმიდა ეპისკოპოსმა გააოცა მსაჯული და მისი მსახურნი, — მან რამდენიმე დღის განმავლობაში გაუძლო სასტიკ წამებას ურყევი სულისკვეთებით, მიუხედავად ასაკისა და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
იგი მეორე ეპისკოპოსი იყო იერუსალიმისა და 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა ეკლესიას უდიდესი სიბრძნითა და თავგანწირვით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.