ტროპარი: ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცდურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯუელსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკვე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი: გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიე მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავტა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა სენთათვის.
წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.