მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 18 აპრილი
ახლით: 1 მაისი


† ღირსი მამაჲ ჩვენი ბასილი (რატიშვილი) (XIII)


ტროპარი, ხმა 1: ქრისტიანეთა ზედა მოწევნულთა ჭირთათვის, ღირსო მამაო, ამხილე მეფესა უწესონი ქორწინებანი და მთავართა – ბოროტნი ჩუეულებანი და ყოველსა ერსა კეთილმსახურებასა ასწავებდი. ევედრე ქრისტესა ღმერთსა სინანულისა მონიჭებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი, ხმა 2: მხნედ იღუაწე მარხვითა და ლოცვითა, და სული ღუაწლითა შრომისათა განსწმიდენ. ამისთვისცა შემდგომად სიკუდილისა ხორცთა უხრწნელებითა და საკვირველთმოქმედებითა იდიდე, ღირსო მამაო ბასილი, მოგვიხსენენ ჩუენ, თაყუანისმცემელნი პატიოსნისა ღუაწლისა შენისანი.

ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა.

წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხსენება 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას ზედ დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა - საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია.

ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. დემეტრე მეფეს კვლავ უწევდა მსხვერპლის გაღება, რასაც თანამედროვენი რენეგატობასა და სისუსტეში უთვლიდნენ. 15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის სამეფოს ტახტის მფლობელის კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა. უსაყვარლესი დაჲ თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რომელიც შემდეგ მიხრწნილმა სადუნ მანკაბერდელმა გამოისყიდა და ცოლად დაისვა; მცირეწლოვანი ასული რუსუდანი კი მონღოლთა დიდ ნოინს - ბუღას ვაჟს მიათხოვა.

ამგვარი საქციელის გამო მეფე ამხილა საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზმა და როცა ვერარა შეასმენინა, თავად განიძარცვა ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივი.

წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი. მეფეს მიეახლა და ვითარცა მოციქულმა, ამხილა ცოდვათა გამო, მოუწოდა დაეტოვებინა „უწესონი ქორწინებანი“, სამაგიეროდ კი შეჰპირდა: „მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.

ღირსმა ბასილიმ მეფესთან ერთად მთავრებიც ამხილა და მათი დაფარული გულისზრახვანი გააცხადა. დემეტრემ და მისმა ამალამ უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაჲ ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მალე გაცხადდა ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერზე განსაცდელი გარდამოვიდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო დემეტრე მეფე ურდოში დაიბარეს. „ბოროტად და უპატიოდ“ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ, „სხუამან დაიპყრა“ სამეფო მისი - იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, „შვილნი მისნი მიმოდაიბნინენ“: ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ - ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი - გიორგი (მომავალი გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.

ასე მოუვლენდა უფალი „ჟამით-ჟამამდე“ საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე:



რენეგატობა (ან რენეგატიზმი) — ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი რწმენის, იდეოლოგიის, პოლიტიკური პარტიის ან სხვა საზოგადოებრივი ერთეულის ღალატს და მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლას.

ეტიმოლოგია და მნიშვნელობა


სიტყვა „რენეგატი" მომდინარეობს გვიანდელი ლათინური სიტყვიდან Renegatus (< ლათ. Renego — „უარვყოფ").

რენეგატი არის ადამიანი, რომელმაც:

უღალატა თავის რწმენას ან მრწამსს;

მიატოვა საკუთარი იდეოლოგიური ან პოლიტიკური პოზიცია;

გადავიდა მოწინააღმდეგის ბანაკში და ხშირად აქტიურად ებრძვის ყოფილ მოკავშირეებს.


ისტორიული კონტექსტი


შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ევროპაში ტერმინი „რენეგატი" განსაკუთრებით გამოიყენებოდა იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ქრისტიანული რწმენიდან ისლამზე გადადიოდნენ და მუსულმანური სახელმწიფოების (მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის) მხარეს იბრძოდნენ.


თეოლოგიური განმარტება


საეკლესიო ლექსიკონებში რენეგატი განიმარტება, როგორც „ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაში გადასვლისას".


სინონიმები და მნიშვნელობის ნიუანსები


ქართულ ენაში რენეგატობის მნიშვნელობას უახლოვდება შემდეგი ცნებები:

მოღალატე — ვინც ღალატობს სამშობლოს, რწმენას ან იდეალებს;

განდგომილი — ვინც ტოვებს რწმენას ან ორგანიზაციას;

აპოსტატი — რელიგიური კონტექსტში: ვინც უარყოფს სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს;

დეზერტირი — სამხედრო ან პოლიტიკური კონტექსტში.


რენეგატობა ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ პასიურ მიტოვებას, არამედ აქტიურ წინააღმდეგობას ყოფილი პოზიციის მიმართ, რაც ამ ცნებას განასხვავებს უბრალო „გადასვლისგან" ან „აზრის შეცვლისგან".