მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: აპრილი :.


ძველით: 13 აპრილი
ახლით: 26 აპრილი


† წმიდა დიმიტრი ყიფიანი (+1887)


სწავლა ყველას აპატიოსნებს, აფაქიზებს, აღონიერებს და აწონასწორებს, ზე-აღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოებასა.


ჩვენს სამშობლოს არასოდეს მოჰკლებია ერისკაცები, დიდების შარავანდედით რომ მოსავდნენ ქვეყანას თვისას და ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოევლინებოდნენ ხოლმე მხსნელად. "ერი თავისი გმირების ცხოვნებითა და მაგალითებით უნდა სულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს, და ეგრეც არის, რაკი ერი ერობს", - გვახსენდება ილია მართლის სიტყვები.

დიდი ადამიანები ქმნიან თავიანთი ერის ისტორიას და რაოდენ სასიხარულოა, როცა მათ ღვაწლს მემატიანე გამოუჩნდება და შეაფასებს. სწორედ ასეთ დროს იქმნება დიდი მხატვრული ტილოები - ხელოვნების ხელთუქმნელი ძეგლები. რომ არა დიმიტრი ყიფიანი, არ დაიწერებოდა აკაკის "განთიადი".

ისტორიკოსები და საზოგადო მოღვაწეები დიმიტრი ყიფიანს ხშირად "მეორე დიმიტრი თავდადებულსაც" კი უწოდებენ, რადგან იგი, დიდი სეხნიისა და წინაპრის მსგავსად, უყოყმანოდ ავიდა ერის სამსხვერპლოზე.

ტროპარი, ხმა 3: ყოველთა მართალთა ერთსულ და აღმსაარებელთა ქრისტესთა ერთზრახვა გამოსჩნდი, დიმიტრი ბრძენო, გზაი იგი საჭირველი კეთილად განვლე და მოწამეთა თანა ზატიკობ ზეცათა შინა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი, ხმა 6: რწმენით და საქმით სახე ექმენ სამწყსოსა ქრისტესსა, ყოვლადქებულო, კეთილმსახურებითა განათლებულო და კეთილჩუეულებითა განშუენებულო, სიმართლისათვის დევნათა თავს-მდებელო და სამშობლოსათვის წამებულო, მართალო დიმიტრი, ევედრე ღმერთსა სულთა ჩუენთათვის..

წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის თოთხმეტ აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში. მამა, ქოჩო ყიფიანი, სააბაშიოდან ქართლში ჩამოსახლებული წვრილი აზნაური იყო, დედა, ბარბალე - ფურცელაძის ქალი. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა.

დიმიტრი შვილებში ნაბოლარა ყოფილა, ჰყოლია ორი და და ერთი ძმა.

მშობლები ადრე დაღუპვია. უფროს ძმას, ქაიხოსროს, უკისრია მისი აღზრდა.

საოცრად ნიჭიერი ბავშვი სწრაფად დაუფლებია რუსულს, არითმეტიკას, გეოგრაფიას.

სასულიერო სასწავლებლიდან კეთილშობილთა სასწავლებელში გადასულა.

ათას რვაას ოცდაათ წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.

ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა ათას რვაას ოციან-ოცდაათიანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.

დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.

ბევრი სხვა ქართველისგან განსხვავებით, მასში ქართული სული მძლავრობდა. ამის დასტურია ის, რომ 18 წლის დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულთა შორის აღმოჩნდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. პირველად ვოლოგდაში გადაასახლეს. მისმა ნიჭმა აქაც თქვა თავისი სიტყვა - დიმიტრი ვოლოგდის საგუბერნიო სამმართველოს მდივნის სავარძელში აღმოჩნდა. მცირე ხნის შემდგომ სახელოვანი ბრუნდება საქართველოში.

ელვისებურად იზრდება მისი ავტორიტეტი.

მეფისნაცვლები გვერდიდან არ იშორებენ მრავალმხრივ განათლებულსა და შესაშური აზროვნების ქართველ ახალგაზრდას. ჯერ ვორონცოვს ჰყავდა თავისი საბჭოს კანცელარიის მმართველად, შემდეგ - მურავიოვს კანცელარიის დირექტორად, ბარიატინსკის კი თავისი საბჭოს წევრად დაუნიშნავს.

დიმიტრი ყიფიანი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, განსაკუთრებით კი რუსულს. ამ ენებიდან ქართულად თარგმნიდა პოპულარულ ნაწარმოებებს.

ათას რვაას ოცდაჩვიდმეტ წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.

ათას რვაას ორმოცდახუთ წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო, წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დიმიტრი ყიფიანს დარჩა სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.

წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი.

დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.

ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო: „მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტან გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..“ - წერდა დიმიტრი.

ათას რვაას სამოცდაოთხ წელს ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, ათას რვაას სამოცდათექვსმეტ წელს კი ტფილისის თავიც გახდა. ათას რვაასოთხმოცდახუთ-ოთხმოცდაექვს წლებში ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად გვევლინება.

დიდად აფასებდა განათლებას და თავგამოდებით იბრძოდა ხალხში მის დასანერგად. თანამემამულეებს ხშირად შეაგონებდა: "სწავლა ყველას აპატიოსნებს, აფაქიზებს, აღონიერებს და აწონასწორებს, ზე-აღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოებასა".

ყოველგვარ ადამიანურ სასწაულთა სათავედ, საწყისად და მასაზრდოებელ ძალად ღმერთი მიაჩნდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო.

დიმიტრი ყიფიანი კარგად იცნობდა ქართველი და რუსი ხალხის ხასიათს, გულწრფელად ფიქრობდა და ცდილობდა, როგორმე შეერიგებინა ერთურთისთვის ორი სრულიად საპირისპირო ძალა - რუსული შოვინისტური მონარქიზმი და სამშობლო საქართველო. ეძებდა პიროვნებას, ვისთანაც შეიძლებოდა ამის გამჟღავნება და საქმის დაჭერა. ასეთ პიროვნებად კი მეფისნაცვალი ვორონცოვი მიაჩნდა - ის მართლაც გამოირჩეოდა რუს მმართველთა შორის.

სხვაგვარად ფიქრობდნენ რუსული იმპერიის მთავარი იდეოლოგები. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ დიმიტრი ყიფიანისა და ვორონცოვის საეჭვო სიახლოვეს.

ათას რვაას ორმოცდათოთხმეტ წელს ვორონცოვი საქართველოდან გაიწვიეს. ამიერიდან ჟანდარმერიამ კიდევ უფრო გააძლიერა ყიფიანის მეთვალყურეობა. მალე კი დადასტურდა, რომ შეუძლებელი ყოფილა უცხო "მონარქისტული ტახტის" მბრძანებლობის პირობებში "შენი სამშობლოს საქმის გასწორება" და შუამავლობაც წყლის ნაყვაა მხოლოდ.

მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში მეფის რუსეთმა კავკასიაში მეფისნაცვლობა მთავარმართებლობით შეცვალა, შეიქმნა "ტფილისისა" და "კუტაისის" გუბერნიები.

ათას რვაას ოთხმოცდაორ წელს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ საქართველოში მთავარმართებლად მოავლინა დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელმაც კიდევ უფრო გაამძლავრა ანტიქართული ისტერია, მეფობაწართმეული ქართული სახელმწიფოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად კი ეგზარქოსი პავლე დასვეს. ასპარეზზე გამოჩნდნენ - კავკასიის სასწავლო ოლქის "მზრუნველი" იანოვსკი და სემინარიის რექტორი ჩუდეცკი.

დიმიტრი ყიფიანი ამ დროს დიდებისა და აღიარების მწვერვალზეა. ათას რვაას სამოცდაცხრამეტ წელს მან საფუძველი ჩაუყარა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თავმჯდომარეც თვითონვე იყო. საპირისპიროდ ამისა, იანოვსკი სკოლებიდან იწყებს ქართული ენის სრულიად განდევნას.

ფეხზე დადგა ქართველობა: ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი და, ცხადია, დიმიტრი ყიფიანი. ამაოდ ცდილობდა იგი რუს-ქართველთა შორის შემრიგებლური პოზიციის დაკავებას, უფსკრული კი მათ შორის უფრო და უფრო ღრმავდებოდა...

იმავე ათას რვაას ოთხმოცდახუთ წელს ბათუმში ჩამოდის დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელსაც ყიფიანმა ქუთაისში საგანგებოდ გამართულ ნადიმზე სრული ინფორმაცია მიაწოდა მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვის, იანოვსკის, ეგზარქოს პავლესა და სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მიერ ანტიქართული ისტერიის გაღვივების თაობაზე. არც დიდი მთავრის ჩამოსვლამ უშველა საქმეს, კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია. საქმეში ჩაერია იმპერიის განათლების მინისტრი გრაფი ტოლსტოი. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დავაში მხარი მთავარმართებელს დაუჭირა. მოვლენები დიმიტრი ყიფიანისთვის ძალზე არასასურველად ვითარდებოდა. იმპერატორისაგან კი მისი გაკიცხვის წერილი მოვიდა...

მალე მეფის რუსეთის ჟანდარმერიამ რევოლუციურად განწყობილი ქართველი სტუდენტების დევნა-შევიწროება დაიწყო. ამას კი ის მოჰყვა, რომ 1886 წლის ოცდაოთხ მაისს სემინარიის მსმენელმა სოსო ლაღიაშვილმა ხანჯლით განგმირა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ლაღიაშვილი ციმბირში, კატორღაზე გაგზავნეს. ეგზარქოსმა პავლემ არ დააყოვნა და მთელი ღვარძლი გადმოანთხია საქართველოსა და ყოველივე ქართულს: "დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკვლელიცა და ის ოჯახიც, რომელმაც შობა იგი, და ქვეყანა, რომელმაც შობა იგი, და დაიწყევლოს ხალხი და ერი, რომელმაც გაზარდა იგი!" - ასე გამოეხმაურა იგი ზემოაღნიშნულ ფაქტს.

დაწყევლას საყოველთაო რისხვა მოჰყვა ქართველი ხალხისა და ეს რისხვა უპირველესად დიმიტრი ყიფიანმა მიმართა ეგზარქოსისკენ. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: „...თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან...“ პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო! მთავარმართებელი და მისი დამქაშები იმპერატორის მიერ გაკიცხვის შემდეგ ყიფიანისგან აღარ მოელოდნენ ასეთ "თავხედობას". ფიქრობდნენ, დიმიტრი თავისი ფეხით მიბრძანდებოდა და შეწყალებას სთხოვდა იმპერატორსა და მის გარემოცვას. ამაოდ მოუწოდებდნენ მეუღლე და ნაცნობ-მეგობრები, შეწყალების წერილით მიემართა მეფისთვის. მისი უდრეკი სული კი სულ სხვას ფიქრობდა...

ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. 1886 წლის ზაფხულში 72 წლის მოხუცი ბორკილგაყრილი მიჰყავთ საქართველოდან სტავროპოლში. გასაცილებლად მისულ აკაკი წერეთელს იგი სიტყვას უტოვებს: ამით დავიწყე და ამით ვამთავრებო (ბორკილებს გულისხმობდა).

გადასახლებაში მყოფი სიყვარულით აღსავსე წერილს იღებს მოსკოველი ქართველი სტუდენტებისგან. საქართველოში სიამაყით ახსენებენ მის სახელს. სამშობლო კი ამაოდ ელის გადასახლებიდან მის დაბრუნებას...

1887 წლის ოცდაოთხ ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოუკვდა საქართველოს - ბლაგვი მძიმე საგანი ჩაერტყათ მისთვის თავში.

„ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, - წერდა აკაკი წერეთელი.

სრულიად საქართველომ დაიტირა მისთვის წამებული შვილი, ერისა და ქვეყნის ჭეშმარიტად გულდამწვარი ჭირისუფალი და იმ მკაცრ დროში ერთ-ერთი დიდი ქომაგი ქართველებისა და ყოველგვარი ქართულისა. სამშობლომ მთაწმინდის სავანეში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

გავა ხუთი წელი და აკაკი წერეთელი შექმნის ყველა დროის ქართული პოეზიის ერთ-ერთ გამორჩეულ ლირიკულ ლექსს - "განთიადი" დიდ მგოსანს დიმიტრი ყიფიანმა შთააგონა.

"დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო..."

ამ ლექსის ადრესატი დიახაც რომ იმსახურებდა ასეთ სიტყვებს, მან საქმით დაამტკიცა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და მშობელი ერი.


„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.




მოუსმინე: