წმიდა კელესტინე, რომის პაპი, მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაციპირველის გარდაცვალების შემდეგ კელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს.
ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. ოთხას ოცდაათ წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელესტინემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუ სწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან.
წმიდა კელესტინე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.
კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის ექვს აპრილს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.