არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ!
ღირსი და ნეტარი რუსი მამების ნათელხილვანი და სასწაულთქმედებანი
იოანე კრონშტადტელი (1829–1908)
შეგონება ურწმუნოსათვის
(ერისკაცის მოგონება)
მამაჩემი არარელიგიური ადამიანი იყო და დიდი უნდობლობით ეკოდებოდა, საახელდობრ მამა იოანე კრონშტადტელს. მის სასწაულებსა და არაჩვეულებრივ პოპულარობას ხსნიდა ჰიპნოზური მოქმედებით, გარემომცველ ადამიანთა სიბნელითა და გაუნათლებლობით და ა.შ.
ჩვენ მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით, მამაჩემი ადვოკატურაში მსახურობდა. იმხანად მე ოთხი წელი შემისრულდა. ერთადერთი ვაჟი ვყავდი ჩემს მშობლებს და მამის საპატივცემულოდ, მასავით სერგი მერქვა. უსაზღვროდ ვუყვარდი დედ–მამას.
კლიენტების საქმეებთან დაკავშირებით მამას ხშირად უხდებოდა პეტერბურგში ჩასვლა. ასე მოხდა ამჯერადაც — ორი დღით გაემგზავრა და, ჩვეულებისამებრ, ბინად თავის ძმასთან შეჩერდა. ძმა და რძალი ძლიერ აღელვებულები დახვდა — ავად გახდომოდათ უმცროსი გოგონა ლენოჩკა; მძიმე სენი შეპყრობოდა, და მიუხედავად მცირედი გამომჯობინებისა, მოწვეული ჰყავდათ მამა იოანე, პარაკლისის ჩასატარებლად, წუთი წუთზე ელოდნენ მის მობრძანებას.
მამაჩემს გინებაში ჩაეცინა მომლოდინეთა გულუბრყვილობაზე და სასამართლოსკენ გაეშურა, სადაც მისი კლიენტის საქმე ირჩეოდა. როდესაც ოთხი საათისათვის უკან მობრუნდა, ძმის სახლთან მარხილი და ზღვა ხალხი შენიშნა. მიხვდა, რომ ეს ალბათ მამა იოანე იქნებოდა მოსული. ძლივს გაარღვია ხალხის ტალღა და მისაღებ ოთახში შევიდა, სადაც მამა იოანე აღავლენდა სავედრებელ ლოცვას. მამაჩემი მოშორებით დადგა და ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს სახელგანთქმული სამღვდელო პირის მოქმედებას. იგი ძალიან გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ მამა იოანემ სწრაფად ჩაამთავრა ლოცვა მძიმე ავადმყოფ ელენეს სახელზე. მუხლებზე დაიჩოქა და გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მძიმე ავადმყოფ პატარა სერგის ჯანმრთელობისათვის. დიდხანს ლოცულობდა ამ ბავშვისთვის, მერე ყველა დალოცა და წავიდა.
— ეს კაცი არანორმალურია, — აღშფოთებას ვერ მალავდა მამაჩემი მისი წასვლის შემდეგ. აქ ელენეს სამკურნალოდ მოიყვანეს და მის მაგივრად ვიღაც სერგის განკურნებას სთხოვდა უფალს!
— მაგრამ ლენოჩკა ხომ ახლა თითქმის უკვე ჯანმრთელადაა! — მორიდებით შენიშნა რძალმა– არ ეთმობოდა გასაკილავად მთელი ოჯახისათვის პატივცემული მოძღვარი.
მამა ღამით გამოემგზავრა მოსკოვში. შემოვიდა თუ არა სახლში, ერთბაშად გაარკვია ოთახებში არსებულმა უწესრიგობამ და როდესაც დედაჩემის ნატანჯი სახე დაინახა, შეშფოთდა:
–რა მოხდა აქ ჩემს არყოფნაში?
–ჩემო ძვირფასო, –უთხრა დედამ –შენი მატარებელი ალბათ ჯერ მოსკოვიდან არ იქნებოდა გაცილებული, რომ სერიოჟა გაგვიხდა ავად. სიცხემ აუწია, დაეწყო კონვულსია და ღებინება. ექიმს დავუძახეთ, მაგრამ ვერ გაერკვია დიაგნოზში და კონსილიუმის მოწვევა მოითხოვა. შენთვის მინდოდა მედეპეშებინა, მაგრამ შენი ძმის მისამართი ვერ ვიპოვე. სამი ექიმი არ მოშორებია მთელი ღამე სერიოჟას ლოგინს და ბოლოს მისი მდგომარეობა უიმედოდ სცნეს. ნეტავი გაცოდინა, რა გადავიტანე! არავის არ გვძინებია, რადგან თანდათან უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. მე სულ გამთანგა მისმა მდგომარეობამ.
და უეცრად , გუშინ, ოთხი საათის შემდეგ, სუნთქვა დაუწყნარდა, სიცხემ დაუწია, და ჩაეძინა. მერე მთლად გამოკეთდა. ექიმებმა ვერაფერი გაიგეს. მე — მით უმეტეს. ახლა ჩვენი სერიოჟა მხოლოდ სისუსტეს გრძნობს, მაგრამ უკვე საკვებსაც ითხოვს და სათამაშოებითაც ერთობა ლოგინში.
მამაჩემი უსმენდა დედას და თანდათან უფრო და უფრო დაბლა ხრიდა თავს: აი, თურმე რომელ მძიმე ავადმყოფ პატარა სერგისთვის ლოცულობდა გუშინ მხურვალედ მამა იოანე კრონშტადტელი!
მკდვრეთით აღდგინება
ო–ვის ცოლი, სრულიად ჯანმრთელი ქალბატონი, რომელსაც უკვე ჰყავდა სამი თუ ოთხი შვილი, ფეხმძიმედ იყო და მორიგი ბავშვის გაჩენას ელოდებოდა. ერთბაშად რაღაც უცნაური რამ დაემართა: ცუდად იგრძნო თავი, სიცხემ ორმოც გრადუსამდე აუწია, ძალა წაერთვა და საშინელი ტკივილები დაეწყო.
მოსკოვის საუკეთესო მეანებს უხმეს და იოანე კრონშტადტელსაც უდეპეშეს.
მამა იოანე კარგად იცნობდა ამ ოჯახს, მოსკოვში ყოფნისას მათ სტუმრობდა ხოლმე. იგი მეორე დღესვე გაჩნდა მოსკოვში და პირდაპირ ქალის საძინებელ ოთახს მიაშურა, რომელიც გარშემორტყმული იყო მისი ნათესავებით და ახლობლებით.
ყველას უბრძანა , არავინ შეჰყოლოდა ოთახში და მარტო შევიდა მომაკვდავთან. წუთები ლამის საათებად გადაიქცა... გარეთ, მისაღებში, ისეთი სიჩუმე იყო, როგორც აკლდამაში.
როდის–როდის კარები გაიღო და გამოჩნდა ჭაღარა მღვდელი, ანაფორაზე გადაცმული გაცრეცილი სამღვდელო ოლარით, ლოცვითი დაძაბვისაგან შუბლდაცვარული და სახეაფორაჯებული.
გრგვინვასავით გაისმა მისი სიტყვები, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა:
„უფალმა ღმერთმა ინება სასწაულის ქმნა მკვდარი ნაყოფის აღდგინებით! ლიზა ბიჭს გააჩენს!“
„ვერაფერსაც ვერ ვიტყვი,– დამნაშავესავით თქვა ოპერაციის გასაკეთებლად მოსულმა ერთმა პროფესორთაგანმა იოანე კრონშტადტელის გამგზავრების შემდეგ– ნაყოფი ცოცხალია, ბავშვი ინძრევა, ტემპერატურამ 36,5 ხაზამდე დაიწია. არაფერი მესმის... მე ვამტკიცებდი და კვლავ დავიჩემებ, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და დიდი ხნის დაწყებულია სისხლის მოწამვლა“.
ვერაფერი გაეგოთ მეცნიერების სხვა კორიფეებსაც, რომელთა ეტლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩერდებოდნენ სადარბაზოს კარებთან. იმ ღამით ქალბატონმა ო–ვამ უმტკივნეულოდ და იოლად იმშობიარა და დაბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი.
დამალული პროფესორის „აღმოჩენა“
ყაზანის უნივერსიტეტის ცნობილმა პროფესორმა, ალექსანდრე ივანეს ძე ალექსანდროვმა, თავისი ახლობელი ოჯახისაგან მიიღო ბარათი: მას იწვევდნენ პარაკლისზე. რომელიც უნდა ჩაეტარებინა მოულოდნელად ყაზანში ჩამოსულ მამა იოანე კრონშტადტელს. ეს დაპატიჟება პროფესორს დიდად არ გახარებია — რაღაც შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი — როგორია, ვიღაც სასულიერო პირის პარაკლისზე დასწრება. უეცრად, დათქმული საათისათვის, მისმა აზრებმა სხვაგვარი მდინარება მიიღეს და გულმა გაუწია იმ ადგილისაკენ. მიუახლოვდა ნაცნობების სახლს, მაგრამ საპარადო შესასვლელი დაკეტილი დახვდა და უკანა მხრიდან მოუხდა შესვლა. იქ კი ღია იყო კარებები და ოთახებშიც არავინ ჩანდა. ალექსანდროვი მიხვდა, რომ მსახურება უკვე დაწყებულიყო და დაიძრა წინა ოთახისაკენ. მივიდა ოთახთან, სადაც მთელი ოჯახი და მათი ახლობლები შეკრებილიყვნენ, მაგრამ არ შევიდა; ყველასაგან შეუმჩნევლად ნახევრად მოღიავებულ ოთახის კარებს ამოეფარა და მიაყურადა.
მამა იოანე პარაკლისს ასრულებდა და ყველანი ჩაღრმავებულნი იყვნენ ლოცვებში. პარაკლისის შემდეგ მამა იოანე ჯვრით ხელში იდგა და მლოცველნი მოდიოდნენ მასთან და რიგრიგობით ემთხვეოდნენ ჯვარს, როდესაც ყველანი ემთხვეოდნენ, მამა იოანემ იქით გაიხედა, სადაც პროფესორი იდგა მოფარებულში და ხმამაღლა მიმართა:
–პროფესორი, პროფესორი რატომ არ მოდის?
მასპინძლებმა მიაშურეს იმ მხარეს, საითკენაც მამა იოანე იყურებოდა და იქ ნაცნობი პროფესორი დაინახეს.
მამა იოანემ უთხრა მას:
–პროფესორო, ჯვრისა გეშინიათ? თქვენ ხომ მალე თავად მოგიწევთ სხვისთვის ჯვრის გაწვდენა საამბორებლად?
დარცხვენილი პროფესორი მისკენ მიპყრობილ უამრავ მაცქერალთა თვალწინ ემთხვია ჯვარს. მამა იოანე სულიწმინდის მადლით ხედავდა კარსუკან დამალულ პროფესორს, რომელიც უარყოფითად იყო მისდამი განწყობილი. ამას გარდა მან მომავლის წინასწარმცნობელობაც გამოამჟღავნა — გარკვეული დროის შემდეგ პროფესორი განეშორა ქვეყნიურ ცხოვრებას და ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით იგი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორი და ეპისკოპოსი. მას შემდეგ იგი მამა იოანეს მიმართ უსაზღვრო ნდობით განიმსჭვალა. როდესაც, უკვე ეპისკოპოსობის დროს, იგი მძიმედ დაავადდა, მამა იოანეს მისწერა წერილი, სადაც თხოვდა მის ლოცვით დახმარებას გამოჯანმრთელებისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო პასუხი, რომ მისი თხოვნა შესრულებულია, სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი გამოჯანმრთელება. იგი გადაურჩა სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებას და მთლიანად აღიდგინა შერყეული ჯანმრთელობა.
მოულოდნელი საეკლესიო პატივი
მსგავსი ისტორია აქვს მონათხრობი დიდ ოპტინელ მოძღვარ ბერს — ბარსონოფის. ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც მოსკოვში მამა იოანე უნდა ენახა, კადეტთა კორპუსის ეკლესიას ესტუმრა, სადაც მამა იოანე ატარებდა მსახურებას და შევიდა საკურთხეველში. ამ დროს მამა იოანეს წმინდა ძღვენი გადაჰქონდა ტრაპეზიდან სამკვეთლოზე. უეცრად მან დადგა ბარძიმ–ფეშხუმი, მივიდა ოფიცერთან და ხელზე აკოცა. ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა მისი საქციელი, ყველანი დაიბნენ, თვით ოფიცერიც უხერხულად შეიშმუშნა. მერე დამსწრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ალბათ რაღაც მნიშვნელოვანს გულისხმობდა მის მომავალ ცხოვრებაში, მაგალითად იმას, რომ შეიძლებოდა გამხდარიყო სასულიერო პირი. ოფიცერს გაეცინა — მას თავში არასოდეს მოსვლია სასულიერო პირად გახდომის შესაძლებლობა. ისე კი გამოვიდა, რომ იგი არათუ სასულიერო პირი, დიდი მოძღვარი — ბერი ბარსონოფი ოპტინელი აღმოჩნდა!
ფულადი დახმარება ვაჭრისათვის
ერთი ვაჭარი ცენტრალური რუსეთიდან ჩავიდა მამა იოანესთან კრონშტადტში და წირვის შემდეგ რიგში იდგა ჯვარზე სამთხვევად. მამა იოანეს გვერდით ხელთ ეპყრათ ლანგარი, სადაც გროვდებოდა შემოწირულება უპოვართათვის. მოულოდნელად, მამა იოანემ მოხვეტა ფული ლანგრიდან და მიაწოდა ვაჭარს. ვაჭარი უარობდა, რადგან მისი თქმით, თავისი სემოსავლების კვალობაზე, პირიქით, მოეთხოვებოდა, რომ იქით დაედო ლანგარზე შესაწირი ფული. მაგრამ მამა იოანემ დაუჟინა: „აიღე ფული, გამოგადგება!“ ვაჭარმაც, ბოლოს და ბოლოს, ვეღარ გაუბედა შეწინააღმდეგება და გამოართვა, როდესაც დაბრუნდა შინ, გაიგო, რომ მისი საწყობები დამწვარიყო და, რომ არა ფული, რომელიც მას მისცა მამა იოანემ, სულმთლად უარაფროდ რჩებოდა.
დამარცხებული ქოლერა
80–იან წლებში ქოლერა მძვინვარებდა სამხრეთ რუსეთში, განსაკუთრებით, ქალაქ ნოვომოსკოვსკში. ქალაქის მცხოვრებნი ტელეგრაფით დაუკავშირდნენ მამა იოანეს, თხოვნით, ელოცა მათთვის. მიიღეს პასუხი: „ვლოცულობ თქვენთვის“. იმ დღიდან ქოლერის ეპიდემია შეწყდა.
ცოლის გარეშე წასული კაცი
ერთ ოჯახში ბავშვი დაავადდა დიფტერიით და ექიმებმა მისი მდგომარეობა უიმედოდ სცნეს.
ამ დროს ბავშვის მშობლებმა გაიგეს, რომ იოანე კრონშტადტელი მათი ქალაქისაკენ მოემგზავრებოდა და მისი მატარებელი გარკვეულ დროს გარკვეულ სადგირზე უნდა ჩამომდგარიყო.
ბავშვის დედამ უთხრა ქმარს, რომ წავიდოდა და მამა იოანეს თხოვდა, ელოცა ავშვის ჯანმრთელობისათვის. ქმარი გაუწყრა:
–სად წახვალ, ხალხის ჯგლეთაში გაგსრესენ, მირჩევნია მე წავიდე!
–მეც გამოგყვები, — თხოვდა ცოლი, მაგრამ ქმარი ვერაფრით ვერ დაითანხმა.
–მეც იმიტომ მივდივარ, რომ ცდა ბედის მონახევრეა, თორემ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, აბა, რისი იმედი უნდა გვქონდეს! უფრო თავის თავს ეპასუხებოდა ქმარი.
–გაჩერდა თუ არა მატარებელი, მამა იოანე გადმოვიდა ვაგონიდან და პირდაპირ სულთმობძავი ბავშვის მამისაკენ გასწია:
–ცოლი რატომ არ წამოიყვანე, რამდენს გეხვეწებოდა!
–ბავშვის მამა იმდენად დაიბნა, რომ რაღაც ამოილუღლუღა მხოლოდ დაბნეულმა. მამა იოანემ ცოტა კიდევ გაკიცხა და მერე დაამშვიდა:
–წადი სახლში, შენი პატარა გამოჯანმრთელდა!
–მართლაც, მოვიდა სახლში და ბავშვი საღ–სალამათი დახვდა.
შემარიგებელი გასაჭირი
პეტერბურგის მკვიდრთ: ლეიბ გვარდიის ფელდფებელ გრიგორი ჩერნუხინსა და მის მეუღლე ანას ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, სამწლინახევრის ანა, რომელიც თვეზე მეტი იყო უკვე მაღალი სიცხით ავადმყოფობდა. სამი ექიმი მოდიოდა ყოველდღიურად, მაგრამ ვერ გაერკვიათ სნეულების რაობა და ბოლოს ისღა უთხრეს დამწუხრბულ მშობლებს, უკვე აზრს კარგავდა წამლების მიცემა. ისღა დარჩენოდათ, დალოდებოდნენ უფლის განგებულებას. ამ სიტყვებმა მეხის დაცემასავით იმოქმედა ცოლ-ქმარზე: „თავად როგორ ვერ მოვიფიქრეთ ლოცვით მიგვემართა უფლისათვის?!“
მოულოდნელად ჩერნუხინებმა შეიტყვეს, რომ წმინდა იოანე კრონშტადტელი ატარებს მსახურებას. ისინი შეიპყრო დაუძლეველმა სურვილმა, მამა იოანესათვის ეთხოვათ, ელოცა მათი გოგონასათვის, მაგრამ როგორ უნდა მოეყვანათ სისრულეში თავიანთი განაზრახი? ამდენი ხნის თავმდგმურობით გასავათებული დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი, ხოლო ღამისთევებით ძალაგამოცლილი მამაც ვეღარ იდგა ფეხზე. სხვა ვინმე იყო გასაგზავნი მამა იოანესთან სათხოვნელად. ახლომახლო არც ნათესავი ჰყავდათ და არც მეგობრები, რომ მათი თხოვნა მიეტანა მამა იოანეს ყურამდე. არცთუ მოშორებით ცხოვრობდა ჩერნუხინის თანამშრომელი, მორწმუნე ადამიანი სიმეონ სუდოროგინი, რომელსაც შეეძლო ასეთი სამსახურის გაწევა, მაგრამ ისინი მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ და არც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ღვთიურმა მადლმა შთააგონა ჩერნუხინს იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელმაც სუდოროგინთან მიიყვანა. მივიდა და თვალებზე ცრემლმომდგარმა უთხრა: „თქვენ რელიგიური ადამიანი ბრძანდებით, შედით ჩემს მდგომარეობაში, დამეხმარეთ. მხოლოდ თქვენ შემიძლია გენდოთ, რომ ნამდვილად შეასრულებთ ჩემს თხოვნას, მიხვალთ ეკლესიაში და ძალას არ დაიშურებთ, ჩვენი გოგონას დასახმარებლად“.
სუდოროგინს იმდენად აუჩუყდა გული, რომ ბავშვის მამასავით მასაც აუცრემლიანდა თვალები და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მათ დასახმარებლად. ასე ექცა მტერი მოკეთედ და სუდოროგინი მადლობდა ღნერთს ამ სასწაულებრივი შერირებისათვის.
ეს ამბავი ხდებოდა 1901 წლის 4 დეკემბერს. სუდოროგინი დილის 5 საათზე მივიდა ეკლესიაში და სთხოვდა მღვდელს, პირადადშეეხვედრებინა იგი მამა იოანესთან, რათა უიმედოდ სნეული გოგონასათვის ლოცვების აღვლენის თხოვნა გადაეცა. ტაძრის წინამძღვარმა ყველაფერი ჩაიწერა და დაპირდა, რომ მამა იოანეცა და ყველა სასულიერო პირი ერთობლივად ილოცებდა ავადმყოფი გოგონა ბარბარეს გამოჯანმრთელებისათვის. და მართლაც, სუდოროგინი სმენაგაფაციცებული ისმენდა, თუ როგორ ლოცულობდა მამა იოანე სნეული ბავშვისთვის.
როდესაც სუდოროგინი ეკლესიიდან დაბრუნდა, ჩერნუხინებს სიხარული დაატყო სახეზე, რომლებმაც ამცნეს, რომ დილის 9 საათისათვის გოგონა გამომჯობინდა, სუნთქვა დაუმშვიდდა, სიცხემ დაუწია. ერთი საათის შემდეგ კიჯერ სავსებით გამოცოცხლდა, შემდეგ ღრმა ძილით დაიძინა. კარგა ხანს ეძინა და გამოძინებულზე საწმელი მოითხოვა. ერთი დღის სემდეგ ლოგინიდან ადგა, ხოლო 3-4 დღის შემდეგ უკვე ოთახებში დარბოდა.
იმხანად მთელი პეტერბურგი ამ სასწაულზე ლაპარაკობდა.
შეკვეთილი წვიმა
თავისი მშობლიური მხარის მონახულებისას მამა იოანეს თხოვეს ელოცა წვიმის მოსაყვანად., რადგან დიდი გვალვები იდგა. მამა იოანემ პარაკლისი გადაიხადა. ჯერ არ დაემთავრებინა ლოცვა, რომ ისეთი თქეში წამოვიდა, ძლივს შეასწრეს მლოცველებმა თავთავიანთ ძელურ სახლებში.
მშვიდი აღსასრული
1894 წელს ციმბირში, ქალაქ კრასნოიარსკში, 28 წლის ახალგაზრდა ქალი, პავლა ივანოვსკაია ღვიძლის დაავადებით იწვა ლოგინში. მას თავის საწოლთან ეკიდა მამა იოანეს პორტრეტი.ერთ დილას, 10 საათზე მან უთხრა თავის დას: „მე ვთხოვე მამა იოანეს, ლოცვით დამხმარებოდა გამოჯანმრთელებაში, მან კი მითხრა: „ ჩემო ძვირფასო, მოემზადე; შენი სულის ჩასაბარებლად ანგელოზი მოფრინავს შენსკენ!“ დას თხოვა, განებანათ და დაევარცხნათ იგი. ამ თხოვნის შესრულების შემდეგ იგი 11 საათზე მშვიდად აღესრულა.
ბავშვური სიხარული
პეტროპავლოვკელი და კამჩატკელი მთავარეპისკოპოსი ნესტორი იგონებდა მამა იოანეზე:
ჯერ კიდევ ბავშვობაში ხშირად გაეგონა მამა იოანეს სასწაულების შესახებ და ღმერთს ევედრებოდა, რომ ოდესმე ამ დიდი წმიდანისთვის შეეხვედრებინა იგი. განგებამ ასეთი შესაძლებლობა მოუვლინა: პატარა კოლიას (ასე ერქვა მას ერში) დედა გაუხდა მძიმედ ავად და ექიმებმა მისი გადარჩენის ყველა იმედი გადაუწურეს. მოულოდნელად, მამა იოანე აღმოჩნდა კოლიას ქალაქ ვიატკაში. ბიჭუნამ პოლიცმეისტერისაგან მიიღო საშვი, რომლითაც შეეძლო იმ სახლის სტუმრობა, სადაც მამა იოანემ დაიდო ბინა; შეაღწია მამა იოანემდე, მოუთხრო დედის უნუგეშო მდგომარეობის შესახებ და სთხოვა ლოცვითი დახმარება. მამა იოანე დათანხმდა. კოლია სულ თან დაყვებოდა კუდში მამა იოანეს, რაკიღა პოლიცმეისტერისაგან ნაბოძები საშვიც აძლევდა ამის უფლებას.
მეორე დღეს კოლიამ ეკიპაჟების მთელი წყება დაინახა თავის ქუჩაზე, რომლებიც მისი სახლის სიახლოვეს გაჩერდნენ. მამა იოანემ იკითხა:
-სად ცხოვრობს აქ ბიჭუნა კოლია, დედა რომ ჰყავს ავად?
მამა იოანე შევიდა სახლში, გადაიხადა ჯანმრთელობის პარაკლისი, შემდეგ მწოლარე ქალის, თავზე დაადო ხელი და უთხრა: „გამოჯანმრთელდები“!
მართლაც კოლიას დედა სავსებით გამოჯანმრთელდა.
მამა იოანეს თანხლებისას, კოლია სხვაგან შემსწრე იყო სურათისა, ჯანმრთელობის პარაკლისის შემდეგ როგორ მივიდა მამა იოანე პატარა ავადმყოფ ბიჭუნასთან, რომელსაც მანამდე სიარული არ შეეძლო, მოჰკიდა ხელი და უთხრა: „აბა, წავიდეთ“, და მართლაც როგორ მივიდა ბავშვი მამა იოანესთან, როგორ ეამბორა ჯვარსა და სახარებას და როგორ დაიწყო სიარული. ხოლო მერე ამ სასწაულმა როგორ გააოგნა ყველა იქ დამსწრე და როგორ ტიროდა ბავშვის მამა სიხარულისაგან!
ბერი ზოსიმა (1850-1936)
დაჩქარებული აღსარება
ერთხელ ბერს ეწვია ხნიერი ქალი თავის ახალგაზრდა ნათესავ გოგონასთან ერთად. უეცრად ბერი ამ კარგად ნაპატივებს, ლოყებღაჟღაჟა გოგოს ეუბნება:
„მინდა, რომ შენ ხვალ ქრისტეს საიდუმლოს ეზიარო, მე კი შენგან აღსარებას ჩავიბარებ. ახლა კი მიდი და შემოსასვლელის პატარა კიბე გადამირეცხე; მართალია კიბე თითქმის სუფთაა, მაგრამ შენთვის უფრო გავალებ მის გარეცხვას - ეცადე, ყოველ ახალ საფეხურზე გაიხსენო წარსულში ჩადენილი თითოეული ცოდვა და შეინანო, ხოლო დასუფთავებას რომ დაასრულებ, გაიხსენე სულის სვლა საზვერეებში“.
როდესაც გოგონა კიბის გასაწმენდად წავიდა, მისმა ნათესავმა ქალმა გაკვირვებით ჰკითხა ბერს: „რა აუცილებელია მისთვის ხვალ ზიარება, ახლა ხომ მარხვა არ არის; თანაც ის საგანგებოდ არ მომზადებულა, ჯანმრთელობასაც არ უჩივის - მშვენივრად გამოიყურება. არ სჯობდა, ემარხულა და ისე მიეღო წმინდა ზიარება?“
„შენ ამას ხვალ გაიგებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა ზიარების გადადება. წირვის შემდეგ მოხვალ ჩემთან და მაშინ დავილაპარაკოთ“ -მშვიდად მიუგო ბერმა.
გოგონამ გარეცხა კიბეები, ბერმა აღსარება ჩაიბარა მისგან. შეუნდო მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ცოდვები და ძალზე ალერსიანად, მამობრივი მზრუნველობით უცქერდა მთელი საღამოს განმავლობაში. მერე ჩაიც დაალევინა და გააცილა სტუმრები.
მეორე დღეს გოგონა ეზიარა და კარგ ხასიათზე დაბრუნდა შინ. ნათესავმა ქალმა ნამცხვრები დააცხო და გავიდა სამოვრის დასადგმელად. გოგონა სკამზე ჩამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო და თითქოს ერთბაშად ჩაეძინა. უფალმა მისი სული მიიბარა მშვიდად და უმტკივნეულოდ.
გოგონას გარდაცვალებით ელდანაცემმა ქალმა მიირბინა ბერთან, მას მომხდარის შესახებ თქმა არ დასჭირვებია - ბერი უკვე კითხულობდა სათანადო ლოცვებს ახლად შესვენებულისათვით, როდესაც ლოცვა დაამთავრა, ქალი ანუგეშებს:
„დამშვიდდი, მე ვიცოდი, უფალს რომ უნდა წაეყვანა იგი და ამიტომ ვაკურთხე და განვამზადე სასწრაფოდ ზიარებისათვის“.
ფიქრთა ამომცნობი
ერთხელ, როდესაც ბერი ზოსიმა საეკლესიო მსახურებას აღასრულებდა, მანამდე მისთვის უცნობი ქალი შევიდა ეკლესიაში და, რა იხილა მოფამფალებული და გამხდარი მწირველი, გაიფიქრა:
„ამისთანა ბერი ეკლესიაში მრევლის მომრავლების ნაცვლად სუყველას დააფრთობს!“
ბერის ნათელხილვით გაოგნებული ქალი, რომელსაც მართლა ოლღა რქმეოდა, დაეცა ბერის ფერხთით და პატიება შესთხოვა თავისი გაფიქრებისათვის. შემდგომში კი მის ერთგულ სულიერ შვილად იქცა.
სხვა დროს ბერის გვერდით მჯდომ ერთ მონაზონს გაუფიქრებია:
„მე რომ ნასწავლი ვიყო, ღმერთის სადიდებლად უფრო მეტს ვიქმოდი, ვიდრე ახლა, როცა ასეთი უცოდინარი ვარ“!
ბერს შეუხედავს მისთვის და მის ფიქრზე უპასუხნია:
„ღმერთს არ სჭირდება მცოდნეები და განათლებულნი, ღმერთს მხოლოდ სიყვარული სჭირდება!“
ერთ მხევალს ღვთისას დასვენება უნდოდა და არსად ჰქონდა საამისო საშუალება, მაგრამ არავის უმხელდა ამას . ბერმა ანუგეშა:
„ნუ სწუხარ, ყოველი ბუჩქი მოგვცემს ღამის გასათევს!|
მართლაც, მისდა გასაკვირად, სლ მალე შორეულმა ნათესავებმა მიიპატიჟეს, მათთან სოფელში ჩასასვლელად და ედასასვნებლად!
სტუდენტური შეკითხვები
ბერის ნათელხილვის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადეს სტუდენტმა გოგონებმა, რომლებიც მის სენაკს სტუმრობდნენ. ბევრი რამ სმენოდათ მის არაჩვეულებრივ სჯათა შესახებ და გადაწყვიტეს, ყველა ის შეკითხვა დაესვათ, რაც იმ დროისათვის აღელვებდათ -იქნებოდა ეს საზოგადოებრივი, ესთეტიკური-ფილოსოფიური თუ საოჯახო საკითხები.
ერთს ასეთი 40 შეკითხვა დაუგროვდა, მეორეს - 15. მივიდნენ. ხედავენ, რომ ბერი დაკავებულია. ბევრი ხალხი ჰყავს.
„შვილებო, ცოტა დამაცადეთ; აი, იქ, იმ კუთხეში ჩამოსხედით, მე ჯერ ესენი უნდა გავისტუმრო, შორიდან არიან ჩამოსულნი“, -დანარჩენ სტუმრებზე მიუთითა.
რაღას იზამდნენ სტუდენტები, დასხდნენ და დაიწყეს ლოდინი, როდესაც ლამის იყო ცდის უნარი ამოეწურათ, უეცრად მოუბრუნდა მათ ბერი და ეკითხება:
რა იყო, გეჩქარებათ? აბა, შენ, ლუბა, ამოიღე შენი 40 კითხვა. მოიმარჯვე ფანქარი და დაიწყე წერა“.
„წაგიკითხავთ მამაო“!
„წაკითხვა არ არის საჭირო, პასუხები ჩაიწერე!“ - და ყველა 40 შეკითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი ისე, რომ არც ერთი არ გამორჩენია.
„ახლა შენ ლიზა, ამოიღე შენი 15 გაურკვეველი საკითხი“. და ისევ ისე, უკითხავად უპასუხა მას იმ თანმიმდევრობით, როგორითაც გოგონას კითხვები ჰქონდა ჩამოწერილი.
„ახლა კი წადით, კარგად განსაჯეთ,რაც გითხარით. ღმერთი იყოს თქვენი შემწე; მე კი დღეს ბევრ შეჭირვებულს უნდა მივხედო; ხომ ხედავთ, არ მცალია - სხვა დროს მოდით სტუმრად“!
ეს ორი სტუდენტი გოგონა ბერის ერთგულ მოწაფეებად იქცა. მთელი ცხოვრების მანძილზე სულ ბერის გვერდით იყვნენ. ერთი მათგანი 40-ზე ცოტა მეტი ხნისა ჭლექით გარდაიცვალა და სასიკვდილო სარეცელზე იხილა ბერი. ზოსიმა მოვიდა მასთან და აკურთხა. იგი, როგორც ცოცხალი, ისე იდგა მის თავთით. ხოლო გადასახლებაში ყოფნისას ბერის ხილვა ჰქონდა, რომელიც მას მონაზვნად აღკვეცდა ანასტასიას სახელით, თუმცა მისი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მონაზვნობაზე ფიქრსაც კი ვერ გაივლებდა გულში!
სასწაულებრივი კურნებანი
მორწმუნე ქვრივი ქალის, ანა პეტროვნას დამ, საკუთარი გაუფრთხილებლობით თავი გაიტეხა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა. თავი შეუხვიეს, ექიმმა დაიბარა, საჭიროა სრული სიმშვიდე, დააწვინეთ, მოასვენეთ, მაგრამ თუ ღებინება დაეწყო, ვეღარაფერს ვიღონებთ, დაიღუპება.
ანა პეტროვნა მთელი ღამე დადიოდა ოთახში და შემწეობას ითხოვდა:
„ღმერთო, მიშველე, მამაო ზოსიმა, ილოცე და გადამირჩინე და!“
დილით ძლიერ ყინავდა. ბერმა ზოსიმემ გაღვიძებისთანავე სთხოვდა თავის მესენაკე დედას, ეტლი მოეყვანა.
„ამ ყინვაში როგორ გაგიშვათ?“ –შეცბუნდა მონაზონი. ბერმა დაჟინებით მოითხოვა წასვლა და როდესაც მან ანა პეტროვნას სახლის ზღურბლს გადააბიჯა, გაფითრებულმა და მთელი ღამის უძილობით გათანგულმა ქალმა ესღა ამოთქვა:
„მამაო, მე არ გელოდით, ასეთ ყინვაში როგორ შესძელით მოსვლა?“
„არ მელოდი? მთელი ღამე არ მასვენებდა და რას ქვია არ მელოდით? აბა სწრაფად, მაჩვენე ავადმყოფი!“
ბერი მივიდა ავადმყოფთან, თავზე ხელები დაადო და დიდხანს ლოცულობდა. არ გასულა დიდი დრო და თავშეხვეული ავადმყოფი მათთან ერთად მიირთმევდა ცაის. მალე სამსახურშიც გავიდა კიდეც.
იყო ასეთი შემთხვევაც: ერთმა ქალმა გაიგო თუ არა, რომ მის უკურნებელი სენით დაავადებულ მეგობარს, რომელიც ძალიან უყვარდა, ფეხის მოკვეთა გადაუწყვიტეს, პირდაპირ მუშტი დაუბრახუნა მაგიდაზე ბერს და კი არ სთხოვდა, მოსთხოვა:
„შენი ლოცვით უნდა გადამირჩინო მეგობარი და თანაც ისე, რომ ფეხიც შერჩეს და საავადმყოფოშიც არ მოხვდეს!“
ბერი არ გაწყრომია სიფიცხისათვის, პირიქით მშვიდად უპასუხა:
„მოგეცეს შენი შენი რწმენისამებრ!“
როდესაც ამ ქალმა მოკლე ხანში თავისი მეგობარი ინახულა, გაიგო, რომ ისარც საავადმყოფოში მოხვედრილა და ფეხის ტკივილმაც თავისით გაუარა, მკურნალი ექიმების გასაკვირად!
ორი ქალის სტუმრობა
ერთხელ ორმა ქალმა გადაწყვიტა ბერის მონახულება. ერთი მთელი გზა საკუთარ ცოდვებს ინანიებდა:
„ღმერთო, როგორი ცოდვილი ვარ — აი, ესა და ეს საქმეჩავიდინე; ესა და ეს ადამიანი განვიკითხე; იქით ის გავჭორე... ღმერთო, შემინდე და მაპატიე“ –მთელი თავისი ცხოვრება თვალწინ გადაეშალა და სულ ინანიებდა და ინანიებდა.
მეორე გულარხეინად მიდიოდა ბერთან:
„მივალ, აღსარებას ვიტყვი, ხვალ ვეზიარები. ეხლა კი გზად გონებაში დავაწყობ, რომელი ქსოვილი შევიძინო ჩემი გოგონასათვის საკაბედ, რომ მოუხდეს და დამშვენდეს...“– მსგავსი ამქვეყნიური საზრუნავით იტვირთავდა გონებას.
ერთად შევიდნენ ბერის სენაკში. ბერმა პირველ მათგანს უთხრა:
„დაიჩოქე, მე შენ ახლა ცოდვებს შეგინდობ!“
„როგორ მამაო, მე ხომ შენთვის ჯერ არაფერი მითქვამს!“
„არ არის საჭირო თქმა, შენ ხომ ყველაფერს ღმერთს ეუბნებოდი; მთელი გზა სულ ინანიებდი და ინანიებდი, მე ყველაფერი მესმოდა; ახლა გაგისტუმრებ და სახვალიოდ ზიარებისათვისაც გაკურთხებ!“
„შენ კი — ახლა მეორე ქალს მიუბრუნდა — წადი და უყიდე საკაბე შენს ქალიშვილს, აირჩიე ფასონი და შეუკერე ისე როგორც განიზრახე! ხოლო როდესაც შენი სული აღიძვრება სინანულად, მოდი ჩემთან და მითხარი აღსარება. ახლა კი ვერ მიიღებ ჩემგან კურთხევას ზიარების მისაღებად!“
სიკვდილის დღე დანიშნულია
ბერს ჰყავდა ერთი სუიერი შვილი, გვარად რეშეტნიკოვა, რომელიც გაწამებული იყო თავისი ვაჟის გამო და თვალცრემლიანი შესჩიოდა ზოსიმას:
„გავწამდი მისგან, მამაო, ღმერთი არა სწამს. ეკლესიაში არ დადის, საიდუმლოთ არ ეზიარება, მშობლებს პატივს არ გვცემს. სვამს , ეწევა, ქალებში დადის. ჩვენი შეგონებანი არ ჭრის მასზე — დაგვცინის და გვამასხარავებს. ღამეებს თეთრად ვათენებ მასზე დარდით — რა პასუხს მისცემს უფალს, ეს მიწიერი ცხოვრება შემოეფცქვნება ხელში და მარადიულში რა ხვედრი ერგება ამისთანა ცხოვრების განმვლელს?“ — და ქვითინი აწყვეტინებდა ხოლმე სათქმელს.
ბერი აძლევდა რჩევებს, ანუგეშებდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ– პავლეზე (ასე ერქვა ქალის ვაჟს) არაფერი ჭრიდა. ერთხელ ქალმა ძალისძალადმიუყვანა შვილი ბერს სასაუბროდ, მაგრამ პავლემ უხეშობის გარდა თავი ვერაფრით გამოიჩინა. წამოვიდა და ძველებურად განაგრძო ცხოვრება. ბერი კი მისთვის ლოცვას არ წყვეტდა.
ერთხელ ზოსიმა ქუჩაში შეხვდა პავლეს. გაუბა გულთბილი საუბარი. პავლემ უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა და ქედმაღლური დაცინვით ჩაუჭმუჭნა ხელის გულში მანეთიანი. ბერმა იმ წუთასვე მათხოვარს მისცა ის ფული და ღმერთს შესთხოვა, ასეთი გულგრილობით გაღებული თანხა მაინც შეეწირა და ამ მოწყალების ფასად გადაერჩინა ცოდვაში დანთქმული მისი სული.
„უფალო და ზეციურო დედოფალო, განმიცხადეთ საიდუმლო, მიკარნახეთ, რა ვიღონო, რომ პავლემ მოინანიოს და მარადიული სასუფევლის ღირსი გახდეს!“ –გულმხურვალედ შესთხოვდა ბერი ზეციურ მეოხთ. და გაუმხილა ღმერთმა მას ეს საიდუმლო — პავლე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოინანიებდა და გადარჩებოდა. თუ მას ახლო მომავალში ეწეოდა სიკვდილი — დაენიშნებოდა გარდაცვალების თვე და რიცხვი. ბერს დედა ეყოლებოდა და შესთხოვდა უფალს სხვაგვარი შველის შესაძლებლობას. მაგრამ ზეციდან მხოლოდ იგივე პასუხი ესმოდა:
„არ არის სხვა გზა. დაელაპარაკე დედამისს და დაუნიშნე სიკვდილის დრო!“
ერთხელაც, როცა რეშეტნიკოვა მორიგი ჩივილებით მოვიდა მასთან, ბერმა დაუფარავად ამცნო გამოსავლის ერთადერთი საშუალება:
„თუ გინდა, რომ შენი შვილი გადარჩეს მარადიულ ცხოვრებაში, დათანხმდი იმას, რომ ერთი წლის თავზე გამოესალმოს სიცოცხლეს. ამ ხნის მანძილზე ის გონს მოეგება, იავადმყოფებს, მოინანიებს, ეზიარება ქრისტეს საიდუმლოთ და ქრისტიანად აღესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მივა უფალთან და სული მისი დაიღუპება სამარადჟამოდ. რას იტყვი, თანახმა ხარ?“
დედა დიდი ხნის მანძილზე არ თანხმდებოდა, პავლე კი თანდათან უფრო და უფროუარესად იქცეოდა. ბოლოს ის დრეც დადგა, როცა დედა თვით მივიდა ბერთან და სთხოვა, ისე მოქცეულიყო მისი ვაჟის მიმართ, როგორც ამას რმერთი უკარნახებდა, ოღონდ კი მისი სული გადარჩენილიყო.
„კეთილი, დაო, –მიუგო ბერმა –უთხარი შენს შვილს, რომ მისი სიკვდილის ვადა დადგენილია ზუსთად ერთი წლის თავზე, ამა და ამ თვეში, ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ საათზე. მოინანიოს ცოდვები და მოემზადოს მარადიულობისთვის“
ცრემლებით დაენამა ქალს სახე. მაგრამ ეს უკვე სასოწარკვეთილების ცრემლები კი არარ იყო, არამედ ცრემლები იმედისა და იმ რწმენისა, რომლითაც თვალს აწვდენდა ზეციურ სასუფეველს...
დედამ სიტყვა–სიტყვით გადასცა პავლეს ბერის დანაბარები, მაგრამ პავლემ ყურიც არ შეიბერტყა.
მაგრამ დრო გადიოდა და ახლოვდებოდა ზოსიმას მიერ მიცემული ვადის გასვლის ჟამი. და აი უეცრად, ჯანმრთელი და საღსალამათი პავლე პარტახტიანი ტიფით დაავადდა და სასიკვდილო სარეცელზე აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ თავად ითხოვა აღსარება– მოუყვანეს მღვდელი. ცოდვები მოინანია. ეზიარა, ყველას გამოეთხოვა და ბავშვივით მშვიდად და უმანკოდ მიებარა უფალს.
მომხდარით გულშეძრული დედა პავლეს გარდაცვალებისთანავე გაქანდა ბერთან და განცვიფრებამ შეიპყრო, როდესაც დაინახა, რომ ბერი უკვე პანაშვიდს იხდიდა ახლადშესვენებულისათვის.
„ხედავ დაო, რაგვარია უფლის მოწყალება? მიმართა მან რეშეტნიკოვას — შენი შვილი სასუფეველში მოხვდა. როგორც ხედავ, ის მანეთიანი არ დაკარგულა, მან რომ გაიღო უპოვართათვის. ღმერთმა იგი იოლი და ნეტარი სიკვდილის ღირსი გახადა. მას დავიწყნია მღვდლისათვის ერთი ცოდვის აღსარებაში მოხსენიება და მე შევუნდე მას დაუსწრებლად. ახლა კი ნუღარ სწუხარ და გიხაროდეს მისი კეთილი აღსასრული. თავადაც ემზადე ციური სასუფევლისათვის. შენი ჟამი მოახლოებულია“.
პავლე აღესრულა სწორედ იმ თვეში, იმ დღეს და იმ საათს რომელიც მას ბერმა უწინასწარმეტყველა.
ბარსონოფი ოპტინელი (1845–1913)
ბერობა – საღვთო მოწოდება
ბერის მოგონებებიდან:
„ერთხელ, როცა 6 წლისა ვიყავი, მოხდა ასეთი შემთხვევა –ვცხოვრობდით ჩვენს მამულში, ორენბურგის განაპირა აგარაკზე. ჩვენი სახლი დიდ ბაღში იდგა, რომელსაც დარაჯები და ძაღლები იცავდნენ, ასე, რომ გარეშე პირთათვის შეუმჩნევლად იქ შემოსვლა შეუძლებელი იყო.
ერთხელ მე და მამაჩემი ბაღში დავსეირნობდით და უეცრად ჩვენ წინ წარმოსდგა უცნობი ბერი. მიუახლოვდა მამაჩემს და უთხრა:
–დაიმახსოვრე, მამიკო, გავა დრო და შენი შვილი სულებს დაიხსნის წარწყმედისაგან!
ესა თქვა, მიტრიალდა და გაქრა... ამაოდ ვეძებდით მას შემდგომ –არც ერთ დარაჯს არ უხილავს იგი...
35 წლისას დედინაცვალმა (ღვთივსათნო ქალი, რომელიც დედის მაგივრობას უწევდა) მისაყვედურა:
–რატომ არიდებ თავს ქალიშვილებს, გაგივა წლები და აღარავინ გამოგყვება ცოლად!
გადავწყვიტე, დავმორჩილებოდი აღმზრდელის ნებას... ამ დღეს ნაცნობებთან სადილად ვიყავით დაპატიჟებულნი. „მოდი — გავიფიქრე — ვის გვერდითაც მომიწევს ჯდომა, მასვე გავესაუბრები. სუფრასთან გვერდზე მომისვეს მღვდელი, რომელიც განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებით გამოირჩეოდა. ამ მღვდელმა იესოს ლოცვაზე გამიბა ბაასი.
სადილის დასრულების სემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, არ დავოჯახებულიყავი“.
დავიწყებული ცოდვები
იმ პერიოდში, როდესაც ბერი უკვე სულებს იხსნიდა წარწყმედისაგან, არც წუთისოფლის მდგმურთ აკლებდა ყურადღებას — დავიწყებული ცოდვების შეხსენებით ეხმარებოდა სრულყოფილი აღსარების თქმაში, მისი სულიერი შვილი, ახალგაზრდა გოგონა იგონებდა:
მივედით სენაკთან, რაღაც არაკეთილი ძალა მიბიძგებდა აქედან წასასვლელად, მაგრამ პირჯვარი გადავიწერე და მტკიცედ შევაბიჯე... იქაც გადავიწერე პირჯვარი ღვთისმშობლის ხატის წინ და იქვე ავიტუზე.
შემოვიდა მღვდელი... მე სენაკის შუაში ვდგავარ... მღვდელი მიუახლოვდა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატს და დაჯდა...
–მოიწი ჩემსკენ!
მე კრძალვით მივედი.
–დადექი მუხლებზე... ჩვენთან ასეა მიღებული... ჩვენ ვსხედვართ და ჩვენს წინ მუხლებზე იჩოქებიან მორჩილებით.
მე კი არ ჩავიჩოქე, დავემხე... ბერმა მხრებში მომიკდა ხელი, თვალებში ჩამხედა უსაზღვროდ ალერსიანად, როგორც არავის არასდროს შემდოუხედავს ჩემთვის ა მომმართა:
ჩემო შვილი, ჩემო კეთილო, ჩემო ძვირფასო, შენ 26 წლისა ხარ?
დიახ, მამაო!
შენ 26 წლისა ხარ... რამდენისა იყავი 14 წლის წინ?
ერთი წამის შეყოვნების შემდეგ ვუპასუხე:
თორმეტის...
სწორია და სწორედ ამ ასაკიდან გაქვს ჩადენილი ის ცოდვები, რომლებსაც მალავ ხოლმე აღსარებაში: გინდა ჩამოგითვალო?
და ბერმა დაიწყო წლობით და არათუ წლობით, თვეებით ამ ცოდვების ჩამოთვლა, თითქოს გადაშლილი წიგნიდან კითხულობსო...
აღსარება ამ სახით გრძელდებოდა 25 წუთის განმავლობაში, მე სრულიად განადგურებული ვიყავი ჩემი ცოდვიანობისა და იმ გარემოების შეგნებით, თურა დიდი ადამიანი იყო ჩემს გვერდით.
როგორ ფრთხილად მახსენებდა ჩემს ცოდვებს, როგორ ეშინოდა, ტკივილი არ მოეყენებინა ჩემთვის და, ამავე დროს, როგორ მკაცრად მამხილებდა და, როცა ხედავდა, როგორ მწარედ განვიცდიდი, ახლოს მომადებდა თავის ყურს ბაგეებთან, რათა მე ოდნავ გასაგონად ამიმეღერღა:
–დიახ...
არადა, მანამდე ჩემი წარმოდგენით საკუთარ თავზე, მეგონა, რომ სხვებისაგან სწორედ ქრისტიანული სათნო ცხოვრებით განვსხვავდებოდი. ღმერთო, თურმე როგორ დაბრმავებული ვყოფილვარ... რა სულიერი სიბრმავე დამუფლებია!
–ადექი, შვილი ჩემო!
მე ავდექი და მივედი ანალოგიასთან.
–გაიმეორე ჩემთან ერთად: „გული წმიდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა...“ გახარის ეს სისოვს, საიდან ტყვები?
50–ე ფსალმუნიდან.
შენ ამ ფსალმუნს წაიკითხავ ყოველდღე, დილა–საღამოს! რომელი ხატია შენს წინაშე?
ზეციური დედოფლისა?
–რომელი ზეციური დედოფალია? ტიხვინისა... აბა ჩემთან ერთად გაიმეორე ლოცვა...
როდესაც მე თავი დავხარე და მამა ბარსონოფიმ ოლარი გადამაფარა და შენდობის ლოცვა წამიკითხა, მე ვიგრძენი, როგორ ჩამომვარდა უზარმაზარი სიმძიმე — რაღაც არაბუნებრივ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.
–ყოველივე იმის შემდეგ, რაც უფალმა გამიმხილა შენს შესახებ, შენ მოგინდება ჩემი წმინდანივით განდიდება, მაგრამ ეს არ უნდა ჩაიდინო, გესმის? მე ცოდვილი ადამიანი ვარ, და შენც არავის არაფერს ეტყვი; ჩემო ძვირფასო... ღმერთი იყოს შენი მფარველი!
ყრუ-მუნჯის კურნება
სტარო-გოლუტვინში ბერმა ბარსონოფიმ მუნჯი ჭაბუკის კურნების სასწაული მოახდინა.
,,ეს არის საშინელი ავადმყოფობა, რომელიც მის მიერ ბავშვობაში ჩადენილ უმძიმეს ცოდვას უკავშირდება, — უმხელს ბერი ყმაწვილის დედას და რაღაცას უჩურჩულებს ყრუ-მუნჯს ყურში.
,,მამაო, მას ხომ თქვენი არ ესმის, — წამოიძახებს დედა, — ის ხომ ყრუ არის.“
,,ეს შენი არ ესმის, — პასუხობს ბერი. — ჩემი კი ესმის“ — და კვლავ აგრძელებს ჩურჩულს მის ყურთან.
შეძრწუნებულ ყმაწვილს თავლები უფართოვდება და მორჩილად აკანტურებს თავს. აღსარების შემდეგ ბარსონოფი აზიარებს და ავადმყოფობა ტოვებს ყმაწვილს.
უზიარებელი სიკვდილი და აუცილებელი თვითმკვლელობა
მოძღვარი ბერი ბარსონოფი თავის სულიერ შვილებს უზიარებდა შემდეგ გამოცდილებას:
,,განსაკუთრებით დასანანია, რომ კეთილი სულის ადამიანები ზოგჯერ დაუდევრად ეპყრობიან ხოლმე თავიანთი ცხონების საკითხს, მედღეხვალიობით სულდგმულობენ, არ აცნობიერებენ თავიანთ ქმედებებს და თავს იღუპავენ.
შორეული წარსულიდან მიცოცხლდება ჩემი კარგი ნაცნობ-მეგობრის, მუსიკოსისა და კომპოზიტორის, პასხალოვის სახე... ეს იყო უზარმაზარი ტალანტის მქონე პიროვნება, მის კონცერტებზე ათასობით ადამიანი იყრიდა თავს.
საერო მოღვაწეობის პერიოდში მუსიკის დიდი მოყვარული ვიყავი და თავადაც ვუკრავდი ფისჰარმონიაზე. დაკვრაში დასაოსტატებლად სწორედ მას ვთხოვე ჩემთვის გაკვეთილების ჩატარება. დიდი თანხა მომთხოვა, მაგრამ მქონდა და დავემოწაფე. მერე მე, უღირსი, მას იმდენად მოვეწონე, რომ შემომთავაზა უსასყიდლოდ მეცადინეობა, რასაც, ცხადია, არ დავეთანხმე. ჩვენი სწავლა-განათლება წარმატებით მიდიოდა, მაგრამ მე მაწუხებდა, რომ პასხალოვი სავსებით ჩამოშორდა ეკლესიას. ამის თაობაზე ხშირად გვქონდა ხოლმე საუბარი.
— ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ცხონება, — ვეუბნებოდი. — თქვენ ხომ გწამთ ღმერთის, მაშ რატომღა უარყოფთ ხსნის ამ საშუალებას?
— ისეთს რას ვაკეთებ? ვცხოვრობ, როგორც ყველა, ან, როგორც უმრავლესობა; წეს-ჩვეულებების ჩატარება რაღა საჭიროა? ეკლესიაში სიარულის გარეშე რა, ვერ ცხონდება ადამიანი?
— ვერა! — ვპასუხობდი მე, — არსებობს ცხონების შვიდი კარი; ერთში უკვე შეხვედით, მაგრამ საჭიროა სხვებში შესვლაც.
— რომელი შვიდი კარი? მსგავსიც არაფერი გამიგია.
— შვიდი კარი ეს შვიდი საიდუმლოა. ნათლობის საიდუმლო თქვენზე უკვე შესრულებულია, შესაბამისად, ერთი კარი გავლილია; ახლა გმართებთ გაიაროთ სინანულის კარი და შეუერთდეთ ქრისტეს, ზიარების საიდუმლოში...
— აბა, რას მეუბნებით, ღმერთს ყველა ისე ემსახურება, როგორც შეუძლია; ბოლოს და ბოლოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს; აი, თქვენ ეკლესიაში დადიხართ, მარხვას იცავთ და ასე შემდეგ, მე ღმერთს მუსიკით ვემსახურები — განა ერთი და იგივე არ არის?
პასუხს აღარ დაელოდა და დაიწყო დაკვრა.
მე არასოდეს მომისმენია მსგავსი შესრულება, შეუდარებელი იყო ამ საღამოს. ყველა დერეფანი ხალხთ გაივსო, ყველა ოთახის კარი გაიღო, ყველა ხარბად უსმენდა გენიალურ კომპოზიტორს. ბოლოს მან დაამთავრა დაკვრა.
— არაჩვეულებრივად კარგია — შევნიშნე მე — მაგრამ მუსიკა მუსიკად და, ეკლესიას იგი მაინც ვერ შეცვლის, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ჩვენი საუბარი იმ საღამოს შუადღემდე გაგვიგრძელდა. წავიდა ის განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობილებით, რაღაც სხვანაირად დამშვიდებული და სიხარულით აღვსილი; მეორე დღეს მან თავად მომაკითხა.
— იცით, მთელი ღამე ვიფიქრე, თუ რარიგად ცოდვილი ვარ; მართლაც — რამდენი წელია არ მიმარხულია. აი, დადგება მალე დიდმარხვა, უსათუოდ ვიმარხულებ და ვეზიარები!
— რატომ ელოდებით დიდმარხვას? ახლავე დაიწყეთ მზადება ზიარებისთვის.
კარგად ფიქრობდა პასხალოვი, ოღონდ მას დაავიწყდა, რომ არსებობს მტერი, რომელსაც არად ესიამოვნებოდა მისი ამგვარი სახეცვლილება, და რომ საჭირო იყო მზადება ბრძოლისათვის. ეს ამბავი კი მას გამოეპარა მხედველობიდან. ერთხელაც, ის გვიან საღამოს დაბრუნდა სახლში და მოახლეს უბრძანა, ანგარიში გაესწორებინა მეეტლესთან. მოახლე გავიდა ქუჩაში, მაგრამ მეეტლის ნაცვლად ეტლის კოფოზე ურჩხული იხილა, რომელსაც ისეთი საზარელი სახე ჰქონდა, რომ მას გული წაუვიდა. კაცმა არ იცის, სად ატარა მთელი დღე მტერმა პასხალოვი — ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეორე დღეს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. და ამრიგად, სამუდამოდ დაიღუპა მისი სული. დღემდე გული მტკივა ამ ადამიანზე. მტერს ყველგან აქვს თავისი ბადე გაშლილი კაცთა მოდგმის დასაღუპად და ღუპავს კიდეც გაუფრთხილებელთ.
იყო კიდევ ასეთი შემთხვევა:
როდესაც მე ჯერ კიდევ ერში ვცხოვრობდი, მაგრამ თანდათანობით ვეკრძალვოდი საერო ცხოვრებას, ბევრ ძველ ნაცნობს დავშორდი და ორიოდ კეთილმორწმუნე სახლეულსღა ვსტუმრობდი ხოლმე. ასეთი იყო ერთი ოჯახი, რომელიც შედგებოდა დედის, მისი ქვრივი ქალიშვილისა და შვილიშვილისგან. ერთხელ, ვახშმობისას, ახალგაზრდა ქვრივი გამენდო:
,,რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ახლად დაღუპული მყავდა მეუღლე, ძალიან განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას. ცხოვრებამ ჩემთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. სულ უფრო ხშირად მაკითხავდა თვითმკვლელობის განზრახვა. არასოდეს დამავიწყდება იმ საბედისწერო წლის აღდგომის წინა დღე. დედაჩემის მეცადინეობით სანაქებოდ ვიყავით მომზადებულნი სააღდგომოდ, ჩვენი ბინაც სადღესასწაულოდ გამოიყურებოდა; ოღონდ ჩემს სულსა და გულს არ ეკარებოდა ეს განწყობილება, მათში მრუმე ფიქრებსა და სასოწარკვეთილებას დაესადგურებინა.
დედამ იცოდა ჩემი მდგომარეობა და თითქმის არ მტოვებდა მარტო. ამიტომ ჩემი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მე გადავწყვიტე მესარგებლა აღდგომის ღამით. დედა ეკლესიაში წავიდოდა, სახლში ჩემი პატარა გოგონას გარდა არავინ იქნებოდა და ვერავინ შემიშლიდა ხელს. მე ვუთხარი დედას, რომ ღამისთევის ლოცვაზე ვერ წავყვებოდი, თავის ტკივილის გამო.
— დაწექი, დაისვენე — მითხრა დედამ, — იქნებ დაგიამდეს თავის ტკივილი და ეკლესიაშიც ერთად წავალთ მერე.
ზედმეტი ლაპარაკით რომ აღარ შემეწუხებინა დედა, დავწექი და შეუმჩნევლად დამეძინა. ვხედავ საშინელ სიზმარს — ვდგავარ ჩამოსკვარამებულ მიწისქვეშეთის პირას, შორს მოჩანან ცეცხლის ბოლქვები და მიწისვეშეთის სიღრმიდან მორბის შეტრუსული, საშინელი შესახედავი, კისერზე თოკმობმული ჩემი ინსტიტუტის მეგობარი გოგონა.
— ოლია, ოლია, რა დაგემართა? — შევძახე მე.
— უბედურო, შენც აქ გინდა მოსვლა? — მიყვირის იქიდან და უეცრად ისმის მკაფიო და ხმამაღალი ხმა ზარისა. მე შიშით და ძრწოლვით შეპყრობილმა გავახილე თვალები და როდესაც ჩემი ოთახი დავინახე, შვებით ამოვისუნთქე, რომ მიწისქვეშეთში არ ვიყავი. ამ დროს ოთახში შემოვიდა დედა.
— რა ქენი, გაიღვიძე, ჩემო ძვირფასო? როგორა გაქვს თავი?
— თავის ტკივილმა გამარა, წამოგყვები ეკლესიაში — ვუთხარი მე.
— მადლობა ღმერთს! — გაუხარდა დედას — თორემ მე უკვე ლამის იყო დავღონდი, რომ ცისკრის ლოცვას ვერ დაესწრებოდი.მსახურების შემდეგ, როდესაც მე და დედამ მივულოცეთ ერთმანეთს აღდგომა და გავიხსნილეთ, ყველაფერი მოვუყევი მას. დიდი გაჭირვებით მოვიძიეთ სიმბირსკში მცხოვრები ოლიას ბიძის მისამართი და შეკითხვით მივმართეთ, თუ სად იმყოფებოდა ამჟამად ოლია. მისგან მივიღეთ სამწუხარო ცნობა, რომ უკვე ორი წელი სრულდებოდა, რაც მის დისშვილს თავი მოეკლა. მაშინ კი ჩვენთის, ორივესათვის გასაგები გახდა სიზმრის შინაარსი.
საზოგადოდ, მე არ ვანიჭებ მნიშვნელობას სიზმრებს, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული სიზმრები. ამ შემთხვევაში უფალმა სიზმრის მეოხებით გაუხსნა გონება განსაცდელში მყოფ ადამიანს.“
იოანე მაქსიმოვიში (1896-1966)
მოულოდნელი ზიარება
მეუფე იოანე ხშირად სტუმრობდა საპატიმროებს და ატარებდა ლიტურგიას ტუსაღებისთვის. მეუფის დანახვა სულიერ ავადმყოფებსაც ამშვიდებდა და განაწყობდა ზიარებისთვის. ერთხელ მეუფეს შანხაის რუსულ საავადმყოფოში უხმეს მომაკვდავის საზიარებლად. საავადმყოფოში მისვლისას მან დაინახა სიცოცხლით სავსე ოციოდე წლის ახალგაზრდა, რომელიც გარმონზე უკრავდა. მას მეორე დღეს უპირებდნენ გაწერას საავადმყოფოდან. მეუფემ მიმართა მას: ,,მე მინდა, რომ გაზიარო!“ გაოცებულმა თანამხლებლებმა ჰკითხეს მას, თუ რატომ არ გაეშურა იგი მომაკვდავისაკენ და რად შეყოვნდა აშკარად გამოჯანმრთელებულ ყმაწვილთან. მეუფემ უპასუხა: ,,ის ამაღამ მოკვდება, ხოლო თქვენი მძიმე ავადმყოფი კიდევ მრავალ წელს იცოცხლებს!“ ასეც მოხდა.
ზიარების წმინდა ნაწილის მადლი
შანხაიში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა ერთი ქალი, გვარად მეშნიკოვა. ცოფის თავიდან ასარიდებლად მკურნალობა არ იყო ჩატარებული და ქალი ამ სასიკვდილო სენით დაავადდა.
მეუფე იოანემ აზიარა ავადმყოფი. სწორედ ამ დროს მას დაეწყო შეტევა და ნერწყვთან ერთად, რომელსაც ვერ იკავებდა, პირიდან წმინდა ზიარებაც გადმოუვარდა. მეუფემ ფრთხილად აიღო და თავად ჩაიდო პირში წმინდა ზიარების ეს ნაწილი. ამ სურათის მნახველნი ძალიან ღელავდნენ მეუფის მომავალი ჯანმრთელობის გამო, რადგან იცოდნენ ცოფის ვერაგი და გადამდები ბუნების შესახებ. მაგრამ მეუფემ მაშინვე დაამშვიდა ისინი, რომ არაფერი მოხდებოდა, რადგან ეს წმინდა ნაწილი იყო და მართლაც ყველაფერმა მშვოიდობიანად ჩაიარა.
შუაღამის სტმარი
შანხაიში სიმღერის მასწავლებელი ანა პეტროვნა ლუშნიკოვა მეუფეს სწორი სუნთქვითი მოძრაობებით ასწავლიდა სიტყვების წარმოთქმას, დიქციის გასაუმჯობესებლად. ყოველი გაკვეთილის შემდეგ მეუფე მას ჰონორარის სახით 20 დოლარს უხდიდა. ერთხელაც, ომის დროს, 1945 წელს, ეს ქალი მძიმედ დაიჭრა და მოხვდა ფრანგულ ჰოსპიტალში. ისეთი თვითგრძნობა ჰქონდა, რომ მეორე დილამდე ვერ გააწევდა და თხოვნით მიმართა მედდებს, მისთვის სასწრაფოდ მამა იოანე მოეყვანათ სიკვდილისწინა ზიარებისათვის. მედდებმა უარით უპასუხეს, რადგან სამხედრო მდგომარეობის გამო ღამ-ღამობით ჰოსპიტალი იკეტებოდა. თანაც ამ ღამეს ძლიერი შტორმიც იყო. ანა პეტროვნა კი უხმობდა და უხმობდა მეუფეს. უეცრად, 11 საათისთვის პალატაში შემოვიდა მეუფე. ანა პეტროვნამ თავლებს არ დაუჯერა და ჩაეკითხა, მართლა ის იყო. თუ სიზმარში ხედავდა მას. მეუფემ გაუღიმა, დალოცა და აზიარა. ამის შემდეგ ქალი დამშვიდდა და ჩაეძინა. მეორე დილით ანა პეტროვნა სავსებით გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას არავინ დაუჯერა მონაყოლი ღამინდელი სტუმრობის შესახებ, რადგან ჰოსპიტალის კარები ყრუდ იყო დაკეტილი. ერთი ადამიანი ემოწმებოდა მხოლოდ — მისი პალატის მეზობელი, რომელიც ადასტურებდა მეუფის სტუმრობას. ყველაზე მთავარი სამხილი კი ის იყო, რომ ანა პეტროვნას ბალიშის ქვეშ 20 დოლარიანი ბანკნოტი იდო, ამ სასწაულის ნივთიერი მტკიცება!
გამომცნობი
დეკანოზ სტეფანე პავლენკოს მოგონება:
დედაჩემი ბავშვობაში მეგობრობდა მომავალ მეუფე იოანესთან და ჰქონდა მასთან მიმოწერა მას შემდეგაც, რაც ის გაემგზავრა ჩინეთში, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზებით, მათი მიმოწერა შეწყდა. როდესაც მე შემისრულდა 9-10 წელი, შედგა საზღვარგარეთის რუსული მართმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო მორიგი კრება და მღვდელმთავრებს უნდა ჩაეტარებინათ მსახურება წმინდა ვლადიმირის ტაძარში სოფლად, რომელიც მაშინ იწოდებოდა კასვილად და ახლა ჰქვია ჯაკსონი, ნიუ-ჯერსის შტატში. ჩვენ მაშინ ვცხოვრობდით ქალაქ ვაილანდში, ჯაკსონიდან 70 მილის დაშორებით. დედაჩემმა გამგზავნა ამ დღესასწაულზე ჩვენს მოძღვართან ერთად, რათა მიმეღო ლოცვა-კურთხევა მეუფე იოანესაგან. იმის გამო, რომ დედას აღარ ჰქონდა მეუფესთან მიმოწერა, მან არაფერი იცოდა ჩვენი ოჯახის შესახებ. მე დედას ვკითხე: ,,როგორ მივხვდები, მღვდელმთავრებიდან რომელია მეუფე იოანე?“ დედამ, მისთვის უჩვეულო იუმორით მიპასუხა, რომ ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ემგვანება მეუფეს, იქნება სწორედ მეუფე იოანე,“ თანაც დასძინა, რომ იგი ბეჭებში მოხრილი უნდა იყოს და შიშველ ფეხზე წამოცმული უნდა ჰქონდეს ,,ბათინკები.“ ტაძარში მისვლისთანავე მე შევედი საკურთხეველში თანამსახურისთვის. მანამდე მე იქ არავის ვუნახივარ. უეცრად მოდის ჩემთან მეუფე იოანე და გამოვყავარ საკურთხევლიდან (საკურთხეველში ის ზედმეტად ხმას არ იღებდა) და კლიროსზე მომმართავს შემდეგი სიტყვებით: ,,გამარჯობა სტიოპა! როგორ არის დედაშენი მარინკა? როგორ არიან შენი ძმა და შენი დები?“ მერე ღიმილითა და გაბრწყინებული თავლებით ჯიქურ ჩამაცქერდა და მკითხა, თუ როგორ ვიცანი იგი. მე დავიმორცხვე, გავიხსენე დედის მიერ ნაკარნახევი მის აღწერილობა და კრძალვით რაღაც წამოვილუღლუღე. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ვსწავლობდი წმინდა სამების სემინარიაში და მომიწია შეხება გულთამხილაობის არსთან, მერეღა მივხვდი, რომ გასაკვირი ის კი არ იყო, რომ თითქოს მე ვიცანი იგი, არამედ ის, რომ მან ამომიცნო — იცოდა ჩემი სახელი, ვინაობა და მთელი ოჯახის ავან-ჩავანი.
მადლიერი სტუმარი
შანხაიში მოხდა ზებუნებრივი მოვლენა, ერთ ესპანელთან დაკავშირებული. იგი ჰოსპიტალიზირებული იყო ფრანგულ საავადმყოფოში, სადაც, ბუნებრივია, იმყოფებოდა კათოლიკური სარწმუნოების პერსონალის გარემოცვაში. ავადმყოფის მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, რომ იგი მოათავსეს შირმის მიღმა, რათა არავის შეეწუხებინა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. გამოჯანმრთელების იმედი არ არსებობდა. წუთი წუთზე ელოდნენ მის აღსასრულს. უეცრად მისი პალატიდან ზარის ხმა გაისმა — მედდა შევიდა მასთან და საწოლზე მჯდომარე იხილა. ავადმყოფი შეეკითხა მას: ,,ვინ იყო აქ ამ წუთას? რომელი სამღვდელო პირი მადგა თავს? მე ვკვდებოდი, ის ჩემს გვერდით ლოცულობდა და მე ვიგრძენი როგორ დამიბრუნდა ჯანმრთელობა.“ მედდამ მიუგო რომ არავინ შეუნიშნავს.
ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ ამ ადამიანმა ყველა კათოლიკური ეკლესია შემოიარა იმ ადამიანის ძიებაში, ვინც ის გადაარჩინა. ერთმა კათოლიკე მღვდელმა ურჩია მას, რუსულ ტაძარშიც შეევლო, რადგან, მისი განმარტებით, იქ მსახურობდა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, თავისებური სალოსი და არაჩვეულებრივი ადამიანი.
იმხანად, ამ ტაძრის ერთი ეპისკოპოსი საბჭოთა მხარეს იყო გადახრილი და მას ბევრი საბჭოთა აგენტი სტუმრობდა, ამიტომ ყველანი დადარაჯებულნი იყვნენ ტაძარში, ყმაწვილები ცდილობდნენ არ დაეტოვებინათ მეუფე იოანე განსაკუთრებული მეთვალყურეობის გარეშე.
ერთხელ, საღამოს მსახურებისას ყველამ დაინახა, როგორ შემოვიდა ტაძარში ჩასხმული, ტანადი ადამიანი. იგი კარგად იყო ჩაცმული, ძალიან ლამაზ ლურჯ კოსტუმში, რომლის ღილკილოში დიდი წითელი ყვავილი ჰქონდა დაბნეული; ყველანი აღელდნენ, რადგან ის ბოლშევიკების აგენტად მიიჩნიეს. მსახურების შემდეგ, როდესაც თითოეული ლოცვა-კურთხევისათვის მიდიოდა მეუფესთან, ისიც მიუახლოვდა მას. მრევლი გარს შემოერტყა მეუფეს, რათა ხიფათის შემთხვევაში რიცხოვნობით მაინც დაეცვათ იგი. მაგრამ ყველასდა გასაკვირად დაინახეს, როგორ მივიდა ეს გიგანტი ნეტართან, მუხლებზე დაეშვა მის წინაშე და გამოსთხოვა კურთხევა; გარშემომყოფთათვის კი განმარტა, რომ ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ადამიანი, ვინც ზებუნებრივი ძალის მეოხებით განკურნა იგი ჰოსპიტალში. იერარქი გაიბადრა, გაუღიმა და დალოცა სტუმარი. ყველამ შვებით ამოისუნთქა. ეს კაცი მადლობდა მეუფეს და მას მსოფლიო პატრიარქს უწოდებდა.
დახმარება ზედმეტი ემოციის გარეშე
ერთხელ მეუფესთან მოვიდა თვალცრემლიანი ქალი, რომელიც თავისი დისათვის სთხოვდა დახმარებას. მის დას, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, დიდი სტრესი გადაეტანა, გონება დაჰკარგვოდა და იქ რომ ვერაფერი ეშველათ მისთვის, ბოლო იმედად ამ ქალისათვის მეუფე იოანეს გზა-კვალი ესწავლებინათ. ნეტარმა იოანემ მოუსმინა ქალს, პასუხი არ გაუცია, დალოცა მხოლოდ და წავიდა... ქალი აქვითინდა და ყველას ერთად საყვედურობდა მოთქმით, ვინც კი ამ უგულო ადამიანთან გამოაგზავნა, თანაგრძნობის ნიჭიც რომ არ გააჩნდა.
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ. ერთხელ, როდესაც ნეტარი იოანე მსახურობდა ტაძარში, ეს ქალი კიდევ მოვიდა; ამჯერად მას ხელთ ეპყრა წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ მისი და ბარბარე გამომჯობინდა. ქალი მოვიდა, რათა მადლობა ეძღვნა უფლისათვის. ეპისკოპოსი აკმევდა ამ დროს და ქალის მიმართულებით მოდიოდა. ქალმა გონებაში მიმართა მას: ,,ხედავ რომ ჩემი და შენი ლოცვების გარეშეც გამოჯანმრთელდა?!“ როდესაც ეპისკოპოსმა გვერდზე ჩაუარა და მას გაუსწორდა, ქალმა გაიგო მისი ხმა: ,,კარგია, მადლობა ღმერთს; მადლობა ღმერთს, რომ თქვენი და ბარბარე გამომჯობინდა“ და გააგრძელა სვლა.
საწყალი ქალი გახევდა, ალმურმა გადაჰკრა სახეზე, მზად იყო, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. აკი იგი უმადურობდა, რომ მისი და მეუფის ლოცვების გარეშე გამოჯანმრთელებულიყო მაშინ, როდესაც მეუფეს თურმე ღვთის უსაზღვრო მოწყალებისთვის მიენდო იგი და სახელით უხსენებდა დას, რომელიც მას არც კი გაემხილა მეუფისთვის. მაშინღა მიხვდა ქალი, რა დიდი ღვთივსათნო იერარქი იყო ის, ვინც მისი დის გადარჩენაში მეოხმყოფობდა.
ებრაელთა კურნება
შანხაის ებრაული ჰოსპიტლის მედდა იხსენებდა:
აღდგომის შვიდეულში ნეტარი იოანე მოვიდა ჰოსპიტალში, რათა მოენახულებინა იქ მწოლიარე რამდენიმე რუსი მართლმადიდებელი. ერთ-ერთ პალატაში იგი შეჩერდა შირმასთან, რომელიც ფარავდა საწოლს, სადაც უკანასკნელ წუთებს ითვლიდა ერთი ხნიერი ებრაელი ქალი. მისი ნათესავები, რომლებიც საავადმყოფოს ვესტბიულში იცდიდნენ, მზად იყვნენ მისი სიკვდილის უწყებისათვის. ნეტარმა იოანემ მაღლა შემართა ჯვარი მისი შირმის თავზე და შესძახა: ,,ქრისტე აღსდგა!“ ავადმყოფი გონზე მოვიდა და წყალი მოითხოვა. ნეტარი იოანე მივიდა მედდასთან და უთხრა: ,,ავადმყოფი წყალს ითხოვს!“ მთელი პერსონალი გაოგნებული იყო სულთმობრძავის გადარჩენით. მალე ეს ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა და გაეწერა ჰოსპიტალიდან.
რუსეთიდან ჩამოსულ ერთ ებრაელ მანდილოსანს ჰყავდა ავადმყოფი ვაჟი, რომელსაც ვერაფრით შველოდა. ლამის სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. მას უთხრეს, რომ რუსებს ჰყავთ მეუფე იოანე, რომლის ლოცვითაც მრავალნი იკურნებიან. იგი მივიდა ტაძარში და დაელოდა, სანამ მეუფე დაასრულებდა მსახურებას. როდესაც მეუფე გამოვიდა, მოკრძალებით მიეახლა და სთხოვა, ელოცა მისი ვაჟისათვის; ამასთანავე, მათი ებრაელობა რომ არ გამომჟღავნებულიყო, ,,მიშა“ უთხრა შვილის სახელად. ნეტარმა იოანემ შეხედა ქალს და მიუგო:
— მე ვილოცებ შენი მოშესათვის!
მალე ბავშვი გამოჯანმრთელდა.
1945 წელს შანხაიში იყო ასეთი შემთხვევა — ღამის 12 საათზე გაისმა ებრაულ ჰოსპიტალში ზარის ხმა და მეუფე იოანემ სწრაფად შეაბიჯა დერეფანში. შევიდა პალატაში, სადაც ექიმთა კონსილიუმი იყო მოწვეული. კონსილიუმის შემდეგ დაასკვნეს, რომ ქალი ამაღამ გარდაიცვლებოდა. ქალს თავთით უჯდა მისი ძმა. მეუფე შევიდა პალატაში, დააბრძანა ხატი და დაიწყო ლოცვა. როდესაც გაასრულა, ჰკითხა ქალის ძმას, ზიარებულა თუ არა მისი და ოდესმე.
— არა — უპასუხა ძმამ — ჩვენ იშვიათად ვყოფილვართ ეკლესიაში.
მეუფე წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალმა თვალები გაახილა და ჰკითხა ძმას:
— მე ვხედავდი, რომ ჩემს საწოლთან იდგა ბერი და ლოცულობდა, მერე მკითხა, ვზიარებულვარ თუ არა. მე ვუპასუხე, არა-მეთქი; პირჯვარი გადამწერა და წავიდა.
— ისურვებდი ზიარებას? — ჰკითხა ძმამ.
ქალი დათანხმდა. ძმამ ჰკითხა მედდას, რა უნდა მოემოქმედებინათ ამისათვის. მედდამ უპასუხა, რომ დილით ადრე დარეკავდა ტაძარში. ვიდრე ისინი დარეკავდნენ, მოვიდა მღვდელი და თქვა, რომ იგი მეუფე იოანემ გამოგზავნა და პალატაც დაუსახელა, სადაც ავადმყოფი იწვა. მღვდელმა აზიარა ქალი, რომელმაც წმინდა ძღვენი სიხარულით მიიღო და ძალიან მალე გამოჯანმრთელდა.
როდესაც ქალი ჰოსპიტალიდან გაეწერა, ძმასთან ერთად ეწვია მეუფეს ტაძარში და დაინახა თუ არა, შესძახა:
— თქვენ იყავით ჩემთან ჰოსპიალში!
მეუფე გაესაუბრა მათ და დაარიგა:
— არ დაივიწყოთ უფალი, იარეთ ეკლესიაში და ილოცეთ!
წინასწარმეტყველება
ერთ ქალბატონს ძალიან აწუხებდა ფეხები. მსახურების შემდეგ ის ყოველთვის კიბის ქვედა საფეხურებზე იჯდა ხოლმე და ელოდა მეუფის ტაძრიდან გამოსვლას. ერთხელაც, ეს ქალი ეუბნება მეუფეს: ,,თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მე მალე მოვკვდები!“
მეუფემ გაუღიმა და უთხხრა:
— არა, მე შენზე წინ მოვკვდები!
ასეც მოხდა. იგი გარდაიცვალა 1966 წლის 19 ივნისს, რამდენიმე დღეში კი ის ქალბატონი.
სიზმრად ნანახი ბერი
მხევალი ღვთისა ფოტინე იგონებს:
რამდენიმე წლის წინ ჩემს ქმარს მოუხდა ამერიკაში გამგზავრება, სადაც მას შესთავაზეს სამუშაო კონტრაქტით.
ჩვენ გავემგზავრეთ შორეულ ქვეყანაში.
გამგზავრების წინ რუსეთის მრავალი მონასტერი შემოვიარე, რათა ბერებისაგან ამეღო კურთხევა.
პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა, ერთთავად სულ ვლოცულობდი და ვტიროდი.
და აი, ერთხელ, ძილში გამომეცხადა მომცრო ტანის ბერი.
ჩვენ ერთად ვიდექით მშვენიერ ტაძარში, სადაც შემოდიოდნენ ავადმყოფი ადამიანები და გადიოდნენ ჯანმრთელნი და ბედნიერნი.
ბერმა მანუგეშა, მითხრა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი მოგვარდებოდა.
ორი დღის შემდეგ მე დამირეკა მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელმსახურმა, რომელიც მოვიდა ჩვენთან, გვიკურთხა სახლი, ბავშვებთან ერთად წაგვიყვანა თავიანთ მონასტერში, სადაც გავიცანით შესანიშნავი ადამიანები; მათგან ერთი ქალბატონი დაგვპირდა დილაობით ეკლესიაში წაყვანას, მსახურებაზე დასასწრებად (ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც პრაქტიკულად არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).
გარკვეული დროის შემდეგ ბანკმა მოგვცა სესხი და შევძელით მანქანის ყიდვა.
იმავე ხანებში ჩემი დისგან მივიღე საჩუქრად წიგნი, რომელიც მღვდელმთავარ იოანე მაქსიმოვიჩს ეძღვნებოდა. წიგნში დაბეჭდილი ფოტოსურათიდან სწორედ ის ბერი მიცქერდა, რომელიც სიზმრად მყავდა ნანახი!
ლოცვაში ,,ხელის შემშლელი“
შანხაის რუსულ საავადმყოფოში იწვა მძიმე ავადმყოფი ქალი. იგი ყველას ეხვეწებოდა,რომ დაებარებინათ მასთან მეუფე იოანე, რათა მას ეზიარებინა და ელოცა მისთვის. ექიმმა კი უბრძანა მედდებს, არ შეეწუხებინათ მეუფე, რადგან ავადმყოფს უკვე აღარაფერი ეშველებოდა. მეორე დღეს, ყველასდა გასაკვირად, თავისით მოვიდა მეუფე და პირდაპირ იმ პალატას მიაშურა, სადაც მომაკვდავი ქალი იწვა.
— რატომ მიშლი ხელს ლოცვაში? — ,,უსაყვედურა“ ავადმყოფს — ეხლა ხომ მე ლიტურგია მაქვს ჩასატარებელი! — შემდეგ წმინდა საიდუმლოს აზიარა მომაკვდავი, დალოცა და წავიდა.
ავადმყოფმა ჩაიძინა და მას შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელდა
,,ფსალმუნების“ კითხვისას
,,ფსალმუნების“ კითხვის დროს მეუფე ერთთავად ანალოგიაზე იყო მიყრდნობილი. ტაძრის სიღრმეში დედა ქსენიამ წაიჩურჩულა:
— ღამღამობით არ სძინავს და ახლა კი თვლემს!
მეუფე მოტრიალდა და ჯიქურ შეხედა ქსენიას.
დარცხვენილმა ქსენიამ აღარ იცოდა თავი სად წაეღო.
ძველი სტილის უპირატესობა
მეუფის მადლიერი ქალბატონის მოგონება:
ეს შემთხვევა დაკავშირებულია ჩემი პირმშოს, ირლანდიურ-ინგლისურ-ფრანგულ-რუსული წარმოშობის ადამ რასელის დაბადებასთან. მე მაშინ ვიყავი ახლადმოქცეული მართმადიდებელი, პირველ ბავშვზე ორსულად, 23 წლისა. როგორც ბევრი სხვა, ვინც იცნობდა მეუფე იოანეს, ვინც იცოდა მისი სასწაულებისა და კურნებების შესახებ: გადარჩენილი ობლების, უპოვართა დახმარების, მართლმადიდებლური თემების დაარსების (რომლებშიც შედიოდნენ ფრანგები, ჰოლანდიელები, ჩინელები, ირლანდიელები, ფილიპინელები, იაპონელები და სხვანი) შესახებ, ის აუცილებლად განეწყობოდა დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ამ ნეტარი მეუფის მიმართ. ამიტომ, როდესაც ვლოცულობდი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახელზე, როგორც წესი, მეუფესაც მივმართავდი ხოლმე ჩემს ლოცვებში.
ვცხოვრობდი სიეტლში, იმ ქუჩის საპირისპირო მხარეზე, სადაც გარდაიცვალა მეუფე იოანე და ყოველთვის ვგრძნობდი სიამაყეს იმით, რომ ყოველ ხუთშაბათს მქონდა საშუალება მიმეღო მონაწილეობა მისი სულის მოსახსენიებელ მსახურებებში იმ პატარა ოთახში, სადაც მან მიაბარა სული უფალს. პატივით ვეამბორებოდი იმ სკამს, რომელზეც იგი აღესრულა, მის კუნკულას, შესამოსელსა და სკვნილს...
მე მქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა, მაგრამ არ მესმოდა კალენდრის ძველი სტილის მნიშვნელობა. რაკიღა მე ბავშვის მოლოდინში ვიყავი, რომელიც სობის დღეებში უნდა დაბადებულიყო, დედა ღვთისას და მეუფე იოანეს შევთხოვდი, რომ ჩემი შვილი ნამდვილ შობას მოვლენოდა ქვეყანას. 25 დეკემბერი მოვიდა და წავიდა. 7 იანვარი ახლოვდებოდა. მე ვღელავდი, მაგრამ ვერასოდეს ვიოცნებებდი იმაზე, რისი განცდაც მომიხდა.
იმ დროისათვის უკვე მიჭირდა კიბის საფეხურებზე ასვლა,რადგან ბოლო თვეში ვიდექი, მაგრამ კიდევ უფრო მხურვალედ აღვავლენდი ლოცვას მეუფისადმი. 7 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე გამაღვიძა განსაკუთრებულმა მოვლენამ (ჩემს მეუღლე მელქისედეკს იქვე გვერდით ეძინა). ჩემი ოთახი გაცისკროვნებული იყო შესანიშნავი, საოცარი თეთრი ნათებით. მე მეგონა, რომ ვმღვიძარებდი, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სამოთხეში ვიყავი. თეთრით მოსილი მონაზონი დედა მუხლებზე დაეშვა ჩემი საწოლის თავით, საბავშვო აბაზანის გვერდით, მაგრამ მე მის სახეს ვერ ვხედავდი, რადგან მას თავი დახრილი ჰქონდა. მერე კი კარებში დავინახე თვით მეუფე — ბრწყინვალე თეთრ შესამოსელში. მე ვიცოდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რადგან მასზე ვფიქრობდი — ტანდაბალი, სახეზე ნათელი გადასდიოდა, იდგა და მლოცავდა. ეს ხილვა სულ მცირე ხანს გაგრძელდა. დარწმუნებული ვარ, რომ მონაზონი წმინდა ელისაბედ თეოდორეს ასული იყო, რადგან მე მასზეც ვფიქრობდი.
1970 წლის 7 იანვარს 3.00-ზე დამეწყო სამშობიარო ტკივილები და 4.00-ზე დაიბადა ჩემი ვაჟი ადამი. მე განვადიდე უფალი, დედა ღვთისა და წმინდანები — მეუფე იოანე და ელისაბედი! ახლა უკვე ვიცოდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი ძველი საეკლესიო კალენდრის ერთგული.
ამფილოქე პოჩაეველი (1894-1971)
ეკლესიად მოქცეული
პოჩაევის მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ტატიანა ურწმუნო იყო და ეკლესიაში არ დადიოდა. ამ ქალს ვენების დახშობის შედეგად განუვითარდა განგრენა. ექიმები ამპუტაციას სთავაზობდნენ, მაგრამ ქალი აჭიანურებდა გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც შეიტყო სასწაულმოქმედი ბერის არსებობის შესახებ, ფული ისესხა და მასთან გაემგზავრა. ბერი გამოვიდა სენაკიდან, გადახედა რიგში მდგომ ადამიანებს, მომლოდინეთაგან სწორედ ის გამოარჩია და თავისთან უხმო. მოუსმინა, დაუყვავა და დაარიგა, რომ ოპერაცია არ გაეკეთებინა. მისცა მალამო, ნაკურთხი წყალი და აუხსნა, რომელი ლოცვები უნდა წაეკითხა; ქალმა მოკრძალებით გაუწოდა ფული, მაგრამ ბერმა არ გამოართვა და უთხრა: — შენ ფული შენთვის არ გაბადია და მე რას მაძლევ, ეგ ფულიც ხომ ნასესხები გაქვსო. შემდეგ კარადიდან 50 მანეთი გამოიღო და გადასცა ქალს. ტატიანა სულ მალე გამოჯანმრთელდა და არა მარტო ხორციელად, სულიერადაც, რეგულარულად დაიწყო ეკლესიაში სიარული.
ფარული კურნება
ერთ ქალს ბერთან მიჰყავდა თავისი თორმეტი წლის უსინათლო გოგოა. სოფლიდან ისინი ტყის ბილიკს მიუყვებოდნენ. გზაზე ბავშვი ხის ფესვს გამოედო, დაეცა და უცებ თვალები აეხილა. ბავშვურად გულუბრყვილოდ მიმართა დედას:
— წავიდეთ უკან, მე ხომ უკვე ამეხილა თავლები!
მაგრამ დედამ იცოდა, რომ გოგონას თვალის ჩინი დაუბრუნდა ბერის ლოცვის შედეგად, რომელიც გულისხმაჰყოფდა, რომ მასთან მოდიან განკურნების იმედითა და რწმენით და მათი რწმენისაებრ მიაგო მან სასურველი კურნება. ხოლო იმ მიზნით, რათა საკუთარი სათნომყოფობა დაეფარა, ისე მოაწყო, რომ ბავშვს თვალები დაცემისას ახილვოდა. გოგონა ხომ ალბათ ადრეც დავარდნილა, მაგრამ განიკურნა მხოლოდ მისკენ გზად მიმავალი. დედამ შვილს უპასუხა:
— არა, წავიდეთ ბერთან, მადლობა ვუთხრათ; ეს მისი ლოცვებით განიკურნე!
ბიჭუნას აღდგინება
ერთხელ, როდესაც ბერი მთელი დღით იყო ავადმყოფთან წასული, მოუყვანეს 13 წლის მომაკვდავი ბიჭუნა. ბერი გვიან ღამით დაბრუნდა და შეიტყო, რომ დახმარების გარეშე დარჩენილი პატარა გარდაცვლილიყო. მამა ამფილოქე მიუახლოვდა სკამლოგინს, რომელზეც გარდაცვლილი ბავშვი იწვა, დაიხარა მისკენ და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ პირჯვარი გადაწერა და ბიჭუნამ თვალები გაახილა. ბერმა განკარგულება გასცა, საჭმელი მოეტანათ მისთვის.
ცოდვა ბარტყების მიმართ
ახალგაზრდა ქალს მიუმართავს ბერისთვის თხოვნით, დაებრუნებინა თვალის ჩინი დაბადებიდან უსინათლო მისი ვაჟისათვის. ბერს უპასუხნია, რომ ეს სენი შვილს დედის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგად გამოჰყოლია — პატარაობისას, ეს ქალი თურმე ხეებზე ძვრებოდა, ბუდეებიდან ბარტყები ამოჰყავდა და თვალებს უჩიჩქნიდა... ქალს გული ამოუჯდა და ტირილი დაიწყო. მასთან ერთად ტიროდა ბერიც.
უკურნებელი ავადმყოფის გადარჩენა
მრევლის წევრი ქალბატონის მოგონება
,,60-იან წლებში ავად გამიხდა მამა... სამედიცინო კომისიამ კუჭის კიბო დაუდგინა. ჩვენ გავემგზავრეთ ბერთან. ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა. ყველა მას ელოდა. მალე ბერიც გამოვიდა და ჩემზე მოათითა. მე ვამცნე, რომ მამაჩემი გამოწერეს საავადმყოფოდან, რადგან უძლურნი იყვნენ დახმარებოდნენ მას. ბერმა ილოცა, მომცა ბალახები და მითხრა, რომ მამა გამომიჯანმრთელდებოდა. მამაჩემმა მას შემდეგ კიდევ 16 წელი იცოცხლა.“
მადლიერი ხელისუფალი
ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს უკრძალავდნენ ბერთან სტუმრობას. აუქმებდნენ ავტობუსის მარშრუტებს, მაგრამ ხალხი ფეხით მიდიოდა. ერთხელ ბერთან ჩავიდა პარტიის ტერნოპოლის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. ჩაუყვანა ერთადერთი შვილი. 19 წლის ბიჭს ფეხზე სარკომა ჰქონდა და ექიმებმა ამოწურეს დახმარების საკუთარი შესაძლებლობანი. ბერმა გასინჯა ხელისუფლების მოხელის ვაჟი და ორი კვირით დაატოვებინა თავისთან, თან გააფრთხილა,რომ მხოლოდ ლოცვებით უმკურნალებდა. მდივანმა ბინად შვილი უახლოეს სოფელში მოათავსა. ბერის კურთხევით ახლაგაზრდა ყოველ დილით მიდიოდა პარაკლისზე, ნაკურთხი წყლის პკურებით, სვამდა ნაკურთხ წყალს, იხმევდა ნაკურთხ საკებს. ორი კვირის შემდეგ სარკომა უკვალოდ გაქრა.
მადლიერმა მამამ საგანგებოდ გამოყო ავტობუსის ახალი მარშრუტი: კრემენცი-მალაია ილოვიცა.
ზებუნებრივი ორტოპედი და ტრავმატოლოგი
ბერს შეეძლო მოტეხილ ხელზე ზემოდან გაეხაზა ძვლის დაზიანების ადგილები და რენტგენზე, მის მიერ ფანქრით მონიშნული, ზუსტად ემთხვეოდა მოტეხილობის არეებს. ექიმებს ანცვიფრებდა უბრალო ბერის ასეთი ზებუნებრივი მცნობელობა.
იხსენებენ, როგორ სასწაულებრივად უმკურნალა მან ხელმოტეხილ ქალს. მოტეხილი ხელი მას აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა და აიძულებდა, შეეზღუდა მოძრაობა. ბერმა ორივე ხელი თავზე დაადებინა. დაიდო თუ არა ხელები თავზე, ქალს სავსებით გაუარა ხელის ტკივილმა.
ბერს ნათქვამი ჰქონდა ყველასათვის, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს ეცნობებინათ მისთვის, თუ ვინმეს ექნებოდა მოტეხილობა. ასე დაემართა ერთ მეტყევეს. გვიან ღამით, ტყეში ტრაქტორს ვერ აუქცია გვერდი და მუხლუხომ ტერფზე გადაუარა. ბერმა ერთი საათი უექიმა მის ტერფს და ბოლოს მუყაოთი დაუფიქსირა. შემდეგ ტრაქტორისტი, მასთან ერთად მყოფი აგრონომი და მეტყევე სუფრასთან მიიპატიჟა. როდესაც ტრაპეზის შემდეგ სახლში მიდიოდნენ, აგრონომმა და ტრაქტორისტმა გადაწყვიტეს ხელში აყვანილი მიეყვანათ მეტყევე ტრაქტორამდე, მაგრამ ბერმა უბრძანა, თავად წასულიყო საკუთარი ფეხით. მეტყევემ შიშნეულად დაადგა ფეხი იატაკზე, მაგრამ ტრაქტორისაკენ მტკიცე ნაბიჯით გასწია. ბერმა ლოცვით გაუმთელა ფეხი.
ყრუ-მუნჯის ამეტყველება
დნეპროპეტროვსკიდან ჩამოვიდნენ მეგობარი გოგონები — სამკერვალო ფაბრიკის მკერავები. ერტი მათგანი ყრუ-მუნჯი იყო. ბერმა ჰკითხა:
— რა გქვია?
მის მაგივრად მეგობარმა უპასუხა:
— მამაო, ის ყრუ-მუნჯია!
— გაჩუმდი, შენ არავინ გეკითხება! — დაუტატანა ბერმა და ისევ ჰკითხა გოგონას სახელი.
მან რაღაც ამოიღმუვლა, მაგრამ ბერი სულ ეკითხებოდა და ეკითხებოდა. უეცრად გოგონამ სრულიად გარკვევით თქვა:
— გალია — და დაუბრუნდა სმენა და მეტყველება. ასეთი საოცრებით შეძრულმა მეგობარმა ტირილი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ სამი წლის ასაკში ბავშვი სასტიკად უცემია დედინაცვალს და შიშისაგან მეტყველება და სმენა დაჰკარვია...
მაგრამ იყო სხვაგვარი შემთხვევაც. მშობლებმა თავისი ორი ყრუმუნჯი შვილი ჩამოუყვანეს ბერს და სხვათა მაგალითებით შეგულიანებულები, თხოვდნენ, მათი შვილებისთვისაც დაებრუნებინა მეტყველებისა და სმენის უნარი. მაგრამ ბერმა ურჩია, ყრუ-მუნჯთა სპეციალიზზებულ სკოლაში მიებარებინათ ბავშვები.
მშობლები არ ეშვებოდნენ და მაინც ეხვეწებოდნენ, შეგვეწიეო. მაშინ კი მკაცრად ჩაეკითხა ბერი ბავშვების მამას, ღვთის გმობა ხომარ ჰქონდა ჩადენილი. ყრუ-მუნჯთა მამამ თავი ჩაჰკიდა და მწარედ ატირდა.
— ამიერიდან შენი შვილები მდუმარენი იქნებიან, ეს შენი სასჯელია ღვთის გმობისათვის! — უფლის განაჩენი განუცხადა ბერმა მწუხარე მშობელს.
უეცარი ელდა
ესტუმრა ბერს საშუალო ასაკის ცოლ-ქმარი. შემოვიდნენ ეზოში და ერთდროულად დაკარგეს გონება. როდესაც გონება დაუბრუნდათ, შემდეგი რამ გაირკვა: მათი ერთადერთი ქალიშვილი თოთხმეტი წლის მანძილზე ყოფილა პარალიზებული. ბევრი ექიმისთვის მიუმართავთ, მაგრამ ვერავინ დახმარებია. ბოლოს მათ ურჩიეს ბერისათვის მიემართათ. ერთი თვის წინ ჩამოუყვანიათ აქ ქალიშვილი. ბერს გოგონა თავისთან დაუტოვებია და უთქვამს, თვე რომ გავიდოდა, ჩამოსულიყვნენ. ჰოდა, ჩამოვიდნენ და დაუნახავთ, როგორ მორბოდა მათკენ მათი ქალიშვილი. შემდეგ მოხდა ის, რითაც იწყება ეს პატარა მოგონება.
შეგონება ბაგეებით ლოცვის მკითხველს
ერთხელ, ზამთრის ღამეში, ბერის მორჩილი სამლოცველო ოთახში ფსალმუნს კითხულობდა მექანიკურად და ამ დროს მისი ფიქრი ამსოფლიურ ყოფით თემას დასტრიალებდა. უნებურად გაიხედა ფანჯრისაკენ და დაინახა მამა ამფილოქე, რომელმაც ძალიან მკაცრად შემოხედა. როდესაც მოგვიანებით ის სამლოცველოში შემოვიდა, მხილებით უთხრა:
— შენი ბაგეები ლოცვას კითხულობენ, გონება კი შორს დაქრის ღმერთისგან!
მკვლელი დედა
1970 წელს ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ავადმყოფი ხუთი წლის გოგონა ჩამოუყვანა ბერს და დაუწყო საუბარი შვილის ავადმყოფობის თაობაზე, იმის იმედად, რომ ბერი განკურნავდა ბავშვს. თხოვნის პასუხად მამა ამფილოქემ უეცრად სამზარეულოდან დიდი დანა გამოატანინა დედას, ხელში ჩააბღუჯინა და მკაცრად მიმართა:
— მიდი და მაგ დანით დაკალი შენი შვილი!
დედამ შიშით შეხედა ბერს და გულზე მიიკრა გოგონა, მაგრამ ბერმა კიდევ უფრო მბრძანებლურად შეუყვირა:
— დაკალი, შენ რომ გეუბნებიან!
ქალმა კიდევ უფრო ძლიერად ჩაიკრაბავშვი გულში და ძრწოლვით შეჰყვირა.
მაშინ ბერმა საყვედურით აღსავსე თვალები მიაპყრა და ჰკითხა:
— რაო, შეგეცოდა? ისინი კი არ გეცოდებოდნენ, მუცელში რომ იკლავდი? ისინი ამაზე უკეთესები იყვნენ! სწორედ შენი ცოდვის გამოა, ეს ბავშვი რომ ავადმყოფობს!
სიზმრად ხილული ბერი
საქართველოდან ჩამოსულ ერთ ქალს ძილში გამოეცხადა ბერი, რომელიც მას ადრე არასოდეს ენახა და ურჩია, რომ მისი ავადმყოფი შვილიშვილი ჩამოეყვანა მის საფლავზე. მართლაც, შვილიშვილი განიკურნა. იმ ქალმა სამადლობელი პარაკლისი შეუკვეთა ლავრაში და შემდეგ სადილი გამართა ყველა იქ მყოფთათვის.
სულიერი ოპერაცია
ქ. ვლადიმირ-ვოლინსკელი დეკანოზის, იაროსლავ ანტონიუკის მონათხრობი:
ყველაფერი დაიწყო 1965 წელს. მე ვიყავი წმიდათა კოზმანისა და დამიანეს ეკლესიის წინამძღვარი როვნოს ოლქის ქალაქ კორეცის გარეუბანში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დახურვის შემდეგ, მისმა მრევლმა მთხოვა, მსახურება ჩამეტარებინა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს. საღმრთო ლიტურგიის და ჯვრის დიდებით მსვლელობის დამთავრების შემდეგ, სხვისი მწუხარების თანაზიარებით — წმინდა ტაძრის დაკარგვის შთაბეჭდილებით შეძრულმა, ისეთი ემოციურობით ვიგალობე ,,მრავალჟამიერი“, რომ ხმის იოგები დამიწყდა.
მეორე დილას უკვე ლაპარაკი აღარ შემეძლო. დავიწყე მკურნალობა: ინჰალაციები, ნემსები, აბები. მაგრამ უკეთესობა არ მეტყობოდა. სად აღარ ვიმკურნალე — მოსკოვში, კიევში. ლარინგიტისა და ტონზილიტის ფონზე ხმის იოგებზე გამიჩნდა წანაზარდები. მკურნალობის მიუხედავად, სულ დავკარგე ხმა. ერთი წლის შემდეგ უკვე ჩურჩულითაც აღარ შემეძლო ლაპარაკი. ღვთისმსახურებაში დიაკვანი და მღვდლები მეხმარებოდნენ.
მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში დამისვეს საბოლოო დიაგნოზი: ,,ყელის კიბო, მესამე ხარისხის, ოპერაციას არ ექვემდებარება.“ პროფესორმა ასეთი დასკვნა გამომიტანა:
— თქვენ მღვდელმსახური ხართ, ადამიანებს ამზადებთ მარადიული ცხოვრებისათვის. ახლა დროა, თავად მოემზადოთ, იმიტომ, რომ მკურნალობა ვერარას გიშველით, პროცესი შეუქცევადია.
მე შევეგიუე ჩემს მდგომარეობას. ღვთისმსახურებას აღარ ვატარებდი, მაგრამ გამუდმებით ვიყავი ტაძარში და კორეცის მონასტერში. ღვთისმშობლის შობას, ღამისთევის ლოცვის სემდეგ, ჩემთან მოვიდნენ კრემენეცელი მონაზვნები, რომლებიც თავიანთი მონასტრის დახურვის შემდეგ კორეცში ცხოვრობდნენ. მათ მირჩიეს, მიმემართა პოჩაეველი ბერისათვის, რომელიც ცხოვრობდა კრემენეცთან ახლოს, სოფელ ილოვიცაში.
მათი რეკომენდაციით გავემგზავრე. კრემენეცის ავტობუსი ხალხით იყო სავსე. ილოვიცასთან მიახლოებისას ზოგიერთ მგზავრს დაეწყო ეშმაკეული შეტევები. სოფელში რომ ჩავედით, მივყევი ხალხს. ამ პერიოდში მე წვერს არ ვატარებდი და საერო სამოსი მეცვა. დამინახა თუ არა ბერმა, სავახშმოდ მიმიპატიჟა და მითხრა, რომ სოფელში ყოველ ხატაში შემიძლია ღამის გათევა, ხოლო დილით მიმიწვია მცირე წყალკურთხევაზე, ღვთისმშობლის მიძინების დაუჯდომელით.
მე ჟესტებით ვამცნე, რომ არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ მან მკაცრად მისაყვედურა, საკურნებლად ჩამოსული არ უნდა ეჭვობდესო და მიბრძანა იესო ტკბილის დაუჯდომლის წაკითხვაც.
მე ვივახშმე, დავიძინე და დილაადრიან ექვსის ნახევარზე მივედი იმავე ეზოში.
იქ იყო შეგროვილი ორმოცდაათამდე ადამიანი. ყველაფერი მზად იყო უკვე წყლის კურთხევისათვის. მე შევიმოსე სამღვდელო სამოსით, ოლარით, საბუხრეებით, ფელონით, მაგრამ როგორ გინდა ჩაატარო მსახურება, როცა ჩურჩულიც კი არ შეგიძლია.
ამ დროს ბერი ბაღში დადიოდა, ხეებს გარშემო უვლიდა და ლოცულობდა. წყალკურთხევის დასაწყისში მე ვცადე ჩურჩულით მაინც მეთქვა: ,,კურთხეულ არ ღმერთი ჩვენი...“ მაგრამ ჩურჩულის ნაცვლად ხმამ დაიჭექა. არ ვიცი, რა დამემართა — ჩავატარე ლოცვა, წავიკითხე დაუჯდომლები, ჩამოლოცვა და ვაპირებდი წყლის სხურებას ხალხისათვის. ამ დროს მოვიდა ბერი და თქვა, რომ ის ხალხს კი არ ასხურებს, არამედ ფინჯნით დაასხამს წყალს, რაც გააკეთა კიდეც.
შემდეგ მიმიწვია საუზმეზე თავის სენაკში. მე ისევ საერო სამოსში ვიყავი. მინდოდა მადლობა მეთქვა კურნებისათვის, მაგრამ ხმა ისევ წამივიდა. რამდენჯერმე ჩავახველე, მაგრამ ამაოდ, ხმა აღარ მქონდა.
დავსხედით სასაუზმოდ სენაკში, სადაც იდგა ხის მაგიდა და სკამლოგინი. ჩვენ მოგვიტანეს შემწვარი ქათამი, თევზის ნაჭერი, ორი ჭიქა და ნახევარლიტრიანი არაყი. სანამ ბერი არაყს ხსნიდა და ასხამდა, მე ვფიქრობდი: ,,ესეც შენი ბერი! არაყს რომ დალევ და შემწვარ ქათამს მიატან, მერე კურნების წინაშეც არ დაიხევ უკან!“ მან თითქმის სავსე ჭიქა დამისხა, ხოლო თავისთვის — ნახევარზე ნაკლები. მე ჟესტების ვანიშნე, რომ ყელის ტკივილის გამო არაყს ვერ დავლევდი. მან კი ძალა დამატანა, აკი მაინც ვკვდებოდი.
მე დავლიე. ბერს არაყი არ დაულევია. მე ქათმის ნაჭერი მომიჭრა, თვითონ თევზი მოციცქნა. დავლიე და სიმწრით გავიფიქრე — თითქმის მთელი არაყი მარტომ დავლიე, მთელი ქათამი შევჭამე და ბერს კი განვიკითხავდი. მერეღა, მოგვიანებით აღვიდგინე, რომ ღვინოცა და არაყიც ბერს საკურნებელი თვისებებისა ჰქონდა.
ბერმა შემომთავაზა დარჩენა და ბალახებით მკურნალობა.
მე კიდევ მაკლდა სულიერი სიმწიფე და ბოლომდე არ მქონდა შეგნებული, თუ რატომ ჩავედი. არაფერი მითხოვია და არაფერი წამომიღია, თუმცაღა საკუთარ თავზე კი გამოვცადე კურნების სასწაული წყალკურთხევისას — ეს ერთი და არავითარი თრობა არ მიგრძვნია არყის დალევის შემდეგ — ეს ორი! მაგრამ მე მაშინ ყველაფერ ამას ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე.
რაკიღა სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიე, გავაგრძელე მკურნალობა კიევში ჰომეოპათ პოპოვთან. მაგრამ ავადმყოფობა პროგრესირებდა. დამეწყო ძლიერი ტკივილები. ასე გავიდა ნახევარი წელიწადი. დადგა 1968 წლის დიდმარხვა. შაბათს, ღვთისმშობლიის სადიდებელ დაუჯდომელზე მე ვიყავი კორეცის მონასტერში, დილით კი მსახურება მქონდა. მაგრამ დამემართა ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს შემმთხვევია — ვერ გავიგონე ტაძრისაკენ ხმობის ძახილი და მხოლოდ ეკლესიის ზარებმა გამაღვიძა. ცისკრის ლოცვისას ისევ თვალწინ მედგა სიზმრის სურათები: სიზმარში მე აღმოვჩნდი ბერის ეზოში. ადრიანი დილა იყო, შორეული ტყე და ველები ნისლით იყო დაბურული. ეზოში ორმოცამდე ადამიანი ვიყავით. ბერი ხეების შემობარვით იყო დაკავებული. მცირეოდენი ხნის შემდეგ მან ბარი გვერდზე გადადო და თითით მიმიხმო თავისკენ. როდესაც მე მივუახლოვდი, პირი გამაღებინა და საჩვენებელი და შუა თითი ჩამიყო პირში. მისი თითები ისეთი გრძელი აღმოჩნდა, რომ მტკივან ადგილს მისწვდნენ. მამა აფილოქემ თითებით მოსინჯა სიმსივნე მარცხენა მხარეს, მერე მოიმწყვდია თითებს შორის, მოგლიჯა და მიწზე მოისროლა. შემდეგ იგივე ჩაიდინა მარჯვენა მხარეს არსებული სიმსივნის მიმართაც. ხელი დამიქნია გამოსამშვიდობებლად და გამომიშვა. სწორედ ამ დროს იყო, ეკლესიის ზარმა რომ დარეკა და გამომაღვიძა. დაიწყო ღვთისმშობლის სადიდებელი დაუჯდომელი, მე შევედი სადიაკვნეში და ჩემი ხმა შევამოწმე. აღმოვაჩინე,რომ ხმა დაბრუნებოდა. მადლობა შევწირე უფლას, მის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მამა ამფილოქეს, მაგრამ ვშიშობდი თუნდ ერთი სიტყვის წარმოთქმას, რათა არ განმეორებულიყო ის, რაც წყალკურთხევისას მოხდა. ლიტურგიის შემდეგ კიდევ ერთხელ შევამოწმე ხმა სადიაკვნეში. ხმა არ წამსვლოდა, ყელის ტკივილი აღარ მაწუხებდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კვირას ვეზიარე კიდეც.
მაინც კიდევ არ მჯეროდა გამოჯანმრთელებისა და სამშაბათს წავედი პოლიკნინიკაში იმ ექიმთან, რომელიც თავიდანვე მიწევდა მეთვალყურეობას. მისალმებისთანავე ვთხოვე, ჩემი ყელი გაესინჯა.
— აი, ხედავთ, იაროსლავ ვასილევიჩ, — მითხრა კმაყოფილებით. — მე ხომ თავიდანვე გეუბნებოდით, რომ ოპერაცია გაგეკეთებინათ და ყველაფერს მოევლებოდა. გაგიკეთებიათ და თქვენი ყელიც წესრიგში ჩამდგარა, — მითხრა ექიმმა გასინჯვის შემდეგ.
— არავითარი ოპერაცია მე არ გამიკეთებია, — ვიუარე მე.
მან რაღაც მალამო წამისვა ყელში და თან იჭვნეულად გამომხედა:
— რას ჰქვია არ გაგიკეთებიათ, ოპერაციის შემდგომი ჭრილობა ჯერ ბოლომდე არც კი არის შეხორცებული.
მე ვეცადე დამერწმუნებინა იგი, რომ ოპერაცია კი არა, ბალახებით მკურნალობა დამეხმარა. მხოლოდ მერე, გაცილებით გვიან ვუამბე მთელი სიმართლე.
ამ სასწაულის შემდეგ ის ექიმი ქრისტიანად მოექცა და ეკლესიაში დაიწყო სიარული.
მას შემდეგ ოცდათორმეტი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მე ყელი არ მტკიებია. ხმაც დამისტაბილურდა.
მადლიერებით დავდივარ სქემიღუმენ ამფილოქეს საფლავზე, რომელმაც მე სიცოცხლის მრავალი წელიწადი მაჩუქა. სიზმრად აღსრულებული სასწაული ღირსი მამის იმ მაღალ სულიერებაზე მეტყველებს, რომელთა მეოხებითაც მისი ლოცვა აღწევდა ღმერთამდე. დღემდე ამიტომაც არ წყდება მომლოცველთა ნაკადი მის საფლავთან, სადაც ადამიანები იღებენ კურნებასა და ნუგეშს.
სერაფიმე ვირიცელი (1866-1949)
მეგობრის ლოცვის ძალა
ერთი ახალგაზრდა კაცი იმდენად იყო გადაყოლილი სმას, რომ უკვე საკუთარი სახლიდან გაჰქონდა ნივთები გასაყიდად, დასალევი ფული რომ ეშოვა. დედამ და ცოლ-შვილმა ვერ გაუძლეს მასთან ერთად ცხოვრებას და სახლიდან გაეცალნენ.
ამასობაში მისმა მეგობარმა გაიგო, რომ ვირიცაში ცხოვრობს ბერი, რომელსაც თურმე ალკოჰოლიკებიც მოურჩენია და სცადა მეგობრის დაყოლიება ვირიცაში გასამგზავრებლად: ვინ იცის, იქნებ შენც გიშველოსო ბერმა. ლოთი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, დათანხმდა. აიღეს ბილეთები და ჩავიდნენ ლენინგრადში. ბალტიის ვაგზალზე მეგობარი სალაროსკენ გაეშურა, ვირიცამდე ბილეთების ასაღებად. სანამ ის რიგში იდგა, ამასობაში ლოთი ტუალეტში გავიდა და მცირედი ულუფა არყის საფასურად პერანგი და შიდა საცვლები მიჰყიდა პირველივე შემხვედრს და ფუფაიკისა და შარვლის ამარა დარჩა.
მეგობარი ვერაფრით მიხვდა, სად და როდის მოასწრო ამ უხიაგმა არყის დალევა. ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ. როდესაც ბერის სახლთან მივიდნენ და წინკართან შედგნენ, სწორედ ამ დროს მამა სერაფმე ჰყვებოდა იგავს ცხვრის შესახებ, რომლის საძებნადაც მისი პატრონი მიეშურება. ლოთმა საყვედურით მიმართა მეგობარს: ,,ეს სად მომიყვანე, აქ ადამიანები კი არა, ცხვრები ყოფილან!“ ეს იყო ისე აგდებულად ნათქვამი სიტყვა, როგორც საზოგადოდ იციან ხოლმე ბახუსში მყოფებმა, როდესაც მათ ბოროტი ძალა ენას უხსნის დამცინავი და ენამწარე საუბრებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის.
მერე კარებს ამოეფარა და უარის ნიშნად განაცხადა: ,,არაფრის დიდებით არ შევალ ოთახში, მე აქ არაფერი მესაქმება!“ და უეცრად მოესმა ბერის ხმა:
,,სერგეი, მოდი აქ!“
მას ერთბაშად გამოუნელდა სასმელი.
,,საიდან იცის ჩემი სახელი?“ — შეეკითხა მეგობარს.
ბერი კი უკვე ხმამაღლა უხმობდა:
,,სერგეი, რომელიც მეგობართან ერთად ჩამოვიდა ჩემთან, შემოვიდეს!“
სერგეი შევიდა და უამრავი ხალხი დალანდა ოთახში.
ბერმა ყველანი მისკენ მოახედა: ,,აი, შეხედეთ, საყვარელო ძმებო და დებო, ეს ადამიანი მიატოვეს დედამ და ცოლმა. იგი დაეშვა საწყალობელ მდგომარეობამდე. მან ეს ესაა ვაგზალზე ერთი დალევის საფასურად თავისი პერანგი და საცვლლები გაყიდა და ფუფაიკის ამარა მოაღწია ჩვენამდე. ადამიანებმა მიატოვეს, მაგრამ უფალს არ მიუტოვებია იგი. ღმერთმა გამოუგზავნა მას მეგობარი, რომელმაც ჩვენს იმედად ჩამოიყვანა იგი ვირიცაში. ღმერთი შეეწია მას, რადგან სხვები ლოცულობდნენ მისთვის. ახლა მთელ მის არსებაში საშინელი ბრძოლა მიმდინარეობს — ბოროტი სული, რომელსაც ის შეპყრობილი ჰყავს, კარნახობს, რომ მან დამარტყას მეც, მის მეგობარსაც, მერე გააქციოს აქედან და ამიტომ ძალიან ძნელია მისი დაკავება. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ თვით ბოროტი სულისთვის არის ძნელი აქ ყოფნა, თითქმის აუტანელია, რადგან აქ ლოცულობენ, რადგან აქ სიწმინდეებია. ჩემო ძვირფასებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, საით წავა და რა ბედს ეწევა ეს უბედური ადამიანი. მოდით, ყველამ ერთად ვილოცოთ უფლისა და ღვთისმშობლისადმი, რათა ისინი დაეხმარონ და გონებაზე მოიყვანონ! ყველაფერი ჩვენზეა ახლა დამოკიდებული — მოდით, დავეხმაროთ სერგეის!
ყველა იქ მყოფმა დაიჩოქა და ბერთან ერთად დაიწყო ლოცვა. ვინც როგორ იცოდა, ზოგიერთს ცრემლებიც ჩამოსდინდა ღაპაღუპით.
უეცრად ლოთი იატაკზე განერთხო, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ქვითინით ახლიდა თავს იატაკს. მერე დიდხანს იწვა შიშველ იატაკზე და ტროდა. ხალხი კი მისთვის ლოცულობდა.
ბოლოს ბერი წამოდგა და თქვა:
,,ის მეტად აღარ დალევს; მას თავი უკვე გაწირული ჰქონდა, მაგრამ თუ გამოუსწორებელი ნაბიჯი არ გადადგა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ლოცულობდნენ. ლოცვები იცავენ ადამიანს ბოროტი ძალების მოქედებისაგან. განსაკუთრებით დიდი შემწეობა აქვს ახლობლების — დედისა თუ მეგობრის ლოცვას!“
ამ ლოთს მთელი ცხოვრების განმავლობასი წვეთი აღარ დაულევია და ბერის სულიერი შვილი გახდა.
ბერი ყველას მოუწოდებდა, ვის რა სნეულებც არ უნდა შეყროდა, სუფრის კოვზით მიეღო ნაკურთხი წყალი. ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ არ არის უფრო უებარი საშუალება, ვიდრე ნაკურთხი წყალი და ზეთის ცხება.
განსაკუთრებულად აფრთხილებდა ყველას ტრაპეზობის წინ: ,,ჩვენ ხშირად ვსნებოვდებით იმიტომ, რომ არ ვლოცულობთ ტრაპეზობის წინ, ხშირად ჩვენ არ ვიცით, რა ხელმა გააკეთა საჭმელი, რომელიც უნდა მივირთვათ; ვინ იცის, მისი კეთებისას მზარეული ან ილანძღებოდა, ან იწყევლებოდა. ამიტომ ლოცვასთან ერთად ყოველი ჩვენი საკვები აუცილებლად უნდა ვაპკუროთ ნაკურთხი წყლით.“
რწმენაში მოქცეული ექიმი ოკულისტი
ცხოვრბდა ლენინგრადში ცოლი და ქმარი, პროფესიით ექიმები. ქმარი — პროფესორი, ცოლი — დოცენტი, თვალის ჰოსპიტალის გამგე, შესანიშნავი ექიმი, რომელსაც მარავლი ადმიანისთვის დაებრუნებინა თვალის ჩინი. მეორე მსოფლიო ომში ერთად იყვნენ ფრონტზე. ქმარს ძალიან უნდოდა შვილების ყოლა, ცოლს კი — არა და ამიტომ 18 აბორტი ჰქონდა გაკეთებული. ბოლოს და ბოლოს ქმარმა მიატოვა და სხვა ქალს დაუკავშირა ცხოვრება.
ფრონტიდან ლენინგრადში დაბრუნებულმა ქალმა ვერაფრით ვერ აიწყო ცხოვრება — ვერც სამსახური იშოვა და საბინაო პრობლემებიც შეექმნა: ბინა ქმრის სახელზე იყო გაფორმებული და ჩაწერის გარეშე სამსახურში არ იღებდნენ. ქუჩაში აღმოჩნდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველგვარი საარსებო სახსრის გარეშე. როგორც პარტიის წევრმა, ქალაქკომსაც მიმართა, მაგრამ იქაც ვერ ჰპოვა თანადგომა. მაშინ მან თავის მოკვლა გადაწყვიტა.
სახედადარდიანებულად ქუჩაში მიმავალს, გზად ფრონტელი ნაცნობი გადაეყარა. მან გულშემატკივრულად გამოჰკითხა სევდის მიზეზი და შემდეგ ურჩია, რომ ვირიცაში მცხოვრებ ერთ მოხუცს, ვისაც ბევრისთვის აღმოუჩენია შემწეობა მათი მომავლის განსაზღვრაში, მისთვისაც შეეძლო დახმარების გაწევა.
ქალმა ეს მოხუცი მკითხავად ჩათვალა და გადაწყვიტა, მიემართა მისთვის, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა. ვირიცაში მიაგნო ბერის სახლს, სადაც მას დაეკითხნენ:
— თქვენ მამაოსთან ხართ?
მან იუკადრისა:
— რომელ მამაოსთან! ესღა მაკლია ახლა მღვდელთან მქონდეს საქმე! — და გამობრუნდა. მაგრამ ქუჩაში, მისთვის გაუგებარი მიზეზით, ფეხები წაერთვა, უმწეოდ დაეშვა ქუჩის განაპირა თხრილში და აქვითინდა. გულში უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ქმარსაც, პარტიასაც, იმ თავის ნაცნობსაც, რომელმაც ამ ვიღაც მღვდელთან გამოგზავნა; მაგრამ წამოდგომა არ შეეძლო, ფეხები სხეულს ვერ იმაგრებდნენ.
ანაზდად სახლიდან ქალი გამოვიდა და მიმართა;
— მობრძანდით, მამაო გიხმობთ!
მან კატეგორიულად იუარა. მაგრამ ქალი მიუახლოვდა და ბერის დანაბარები გადასცა:
— თქვენ გქვიათ N, თქვენ ხართ ექიმ-ოკულისტი, ესესაა დაბრუნდით გერმანიიდან, თქვენ გეძახით მამაო.
თავისდა მოულოდნელად ქალი ადგა და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ შეჰყვა სახლშინ მასპინძელს.
სენაკში მას დახვდა საწოლში მწოლიარე მოხუცი სქემოსანი ბერი. ბერმა უთხრა, რომ თავს დატეხილ განსაცდელში თავად იყო დამნაშავე, რადგან საკუთარი შვილები ჰყავდა დახოცილი.
ქალი მიხვდა, რომ ბერის წინაშე მთელი მისი ცხოივრება იყო გაშიშვლებული და ქვითინით დაეცა მუხლებზე მის წინაშე. ბერმა იქვე ანუგეშა იგი:
— გაემგზავრე სმოლნში, შენ დაგნიშნავენ პეტერგოფის კლინიკის გამგედ, ოთახსაც მოგცემენ. შემდეგ გახდები ერთი პაციენტის მეურვე და საცხოვრებლად გადახვალ მასთან ლენინგრადში. ჩამოხვალ ხოლმე ჩემთან და რომ აღარ ვიქნები, ჩემს საფლავსაც ესტუმრები დროდადრო.
— ეს რა ზღაპრებს ჰყვება?! — გაიფიქრა N-მ.
— მე ზღაპრებს არ ვყვები! — უპასუხა მის ფიქრებს ბერმა — რაც გითხარი, სრულიად აგიხდება.
მართლაც, სმოლნში მას მისცეს დანიშნულება პეტერგოფის კლინიკაში, იქვე გამოუყვეს ოთახი, მოგვიანებით კი გადავიდა ლენინგრადში. გახდა დიდად მორწმუნე, იცხოვრა ღრმა სიბერემდე და სიცოცხლის ბოლომდე ჩადიოდა ვირიცაში ბერის საფლავზე.
იდუმალი პოლკოვნიკი
ერთი მეომარი, ყოფილი ლეიტენანტი და ბატალიონის მეთაური ყვებოდა, როგორ დაიკავა თავის ჯარისკაცებთან ერთად სპირტის ქარხანა გერმანიაში. შენობა სავსე იყო სპირტის ცისტერნებით. ყველანი ცას ეწივნენ სიხარულით — აწი აღარაფერი უჭირდათ! უეცრად გამოჩნდა პოლკოვნიკი და ბატალიონის მეთაურს უთხრა:
— გიბრძანებთ, დაუყოვნებლივ დახვრიტოთ ცისტერნები!
უფროს ლეიტენანტს არც უცდია შეპასუხება, ბრძანება გასცა და ჯარისკაცებმა დახვრიტეს ცისტერნები. სპირტი მიწაზე დაიღვარა. მთელი ბატალიონი გამოლენჩებული იდგა, ვერ გაეგოთ, რა საჭირო იყო ამის გაკეთება. ბოლოს გადაწყვიტეს, ეკითხათ პოლკოვნიკისთვის, რამ გააცემინა ასეთი განკარგულება. პოლკოვნიკი კი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვეღარსად აღმოაჩინეს. ბატალიონის მეტაური დაეჭვდა, მოჩვენება ხომ არ ჰქონდა, მაგრამ ჯარისკაცებმა დაუდასტურეს, რომ ნამდვილად მოდიოდა ასეთი ბრძანება პოლკონიკისგან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცისტერნებში ყოფილა მეთილის სპირტი, ასე რომ, მის დამლევს უეჭველი სიკვდილი ელოდა.
როდესაც უფროსი ლეიტენანტი ომიდან სახლში დაბრუნდა, დედამისის სალოცავ კუთხეში ბერის ფოტოსურათი აღმოაჩინა, ვის სახეშიც ის პოლკოვნიკი შეიცნო, ცისტერნები რომ დაახვრეტინა. იკითხა, თუ ვინ იყო იგი. დედამ უპასუხა, რომ ეს იყო სქემოსანი ბერი სერაფიმე ვირიცელი და დასძინა:
,,ის შენთვის ლოცულობდა მთელი ომის განმავლობაში. მე ვთხოვე მას, რომ შენი თავი ცოცხალი დაებრუნებინა ჩემთვის!“
გაკიცხული ექიმი-ჰომეოპატი
ერთი ექიმი-ჰომეოპათი ქალი რამდენიმე წლის მანძილზე იხდიდა სასჯელს გადასახლებაში იმის გამო, რომ ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, მაინც მკურნალობდა პაციენტებს. გადასახლებიდან დაბრუნებული აღარ იღებდა ავადმყოფებს, რადგან ახალი გადასახლების ეშინოდა. მაგრამ, როგორც კი აიღო ხელი მკურნალობაზე, დაბრმავდა.
ამ ხანებში მან შეიტყო, რომ ვირიცაში ცხოვრობს ბერი, ვისაც შეუძლია დახმარებს გაწევა მისთვის. სთხოვა ქმარს, რომ წაეყვანა ბერთან.
ქალმა ვედრებით შესთხოვა ბერს:
— მამაო, შემეწიეთ ლოცვით, ორი წელია ვეღარ ვხედავ დღის ნათელს.
— მერედა რად გინდა, რომ ხედავდე?
— როგორ თუ რად მინდა, მე ხომ სრულიად წყვდიადში ვარ ჩაძირული.
— შენ რა იცი, რომ მე შენი შველა შემიძლია?
— სხვებისაგან გამიგია, რომ თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ ჩემთვის და დამეხმაროთ.
— მე არ შემიძლია, ღმერთს შეუძლია! მაგრამ მე რატომ უნდა გიმკურნალო? შენ ხომ არ მკურნალობ სხვებს, გეშინია, რომ არ ჩაგსვან ხელახლა. იმიტომაც დაგაკარგვინა უფალმა თვალის ჩინი, რომ არ გსურს სხვისი განსაცდელის დანდახვა და მათი დახმარება.
— მამაო, ოღონდ მხედველობა დამიბრუნე და სადაც გინდა გადამასახლონ, სანამ ცოცხალი ვარ ვუმკურნალებ ადამიანებს.
— მომიტანეტ ზეთი! — თქვა ბერმა.
როდესაც ზეთი მოიტანეს, მიმართა ქალს:
— წაისვი თვალებზე!
ზეტის წასმიდან ორიოდე საათის შემდეგ ბერმა ნაკურთხი წყალი მოატანინა.
ბერმა ქალს თვალებზე აპკურა წყალი და მხედველობა დაუბრუნდა. ქალმა დაინახა საწოლზე მწოლიარე ბერი სერაფიმე. მის სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. ბერმა კი უთხრა:
— ხმა არ ამოიღო და არავის უთხრა სად განიკურნე!
ის დღე იყო და ის დღე, ამ ექიმ-ჰომეოპათს არავისთვის უთქვამს სამედიცინო დახმარებაზე უარი.
გადარჩენილი თვითმკვლელი
ერთხელ ბერს მოუკითხეს ათასი მანეთი. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. მამა სერაფიმემ არ გამოართვა ფული შემწირველთ და აკურთხა ისინი, აუცილებლად გადაეცათ თანხა სადგურის გზაზე პირველივე შემხვედრისათვის.
შემხვედრი აღმოჩნდა ნასვამი მამაკაცი. კურთხევისამებრ სწორედ მას გადასცეს ფული, მიუხედავად იმისა, რომ გულს ეთანაღრებოდათ. არ იცოდნენ, მართებულად იქცეოდნენ თუ არა.
კაცი, ვისაც მოულოდნელი წყალობა ეღირსა, წამიერად გამოფხიზლდა:
— ჩემო ძვირფასებო თქვენმე სიკვდილს გადამარჩინეთ.
როგორც გაირკვა, მას ვაჭრობაში უმუშავნია და ზუსტად ამ თანხის დანაკლისი აღმოსჩენია. ასეთი თანხა მას სახლში არ გააჩნდა და წინ უეჭველი ციხე ელოდებოდა. გამწარებულს თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რომ არ გასჭირვებოდა, მხნეობისათვის დაელია.
დაუჯერებლობის შედეგი
ვერა ბარიშევას მონათხრობი:
ჩემი მეგობარი ეკატერინე ქმართან ერთად ცხოვრობდა ლიგოვოში. ოქტომბრის გადატრიალებამდე მათ ჰქონდათ ბეწვის ქუდების პატარა სამკერვალო სახელოსნო და იქვე დახლი — თავიანთი ნაწარმის გასაყიდად. ოჯახში სამი ბავშვი ჰყავდათ და ახალი ხელისუფლების პირობებსი გაუჭირდათ დღიური ლუკმის შოვნა. ნეპ-ის პერიოდში მათ განაახლეს თავიანთი საქმიანობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ოჯახის უფროსი დააკავეს; ეკატერინე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. იგი მეოთხე ბავშვს ელოდა. ნათესავ-ახლობლები ურჩევდნენ ბავშვის მოცილებას. ეკატერინე კი თავის ძველ ნაცნობთან, მამა სერაფიმესთან გაემგზავრა, რჩევისა და ლოცვა-კურთხევისათვის. ბერმა ძალიან თბილად მიიღო იგი, ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: ,,მოდი, ახლა ვილოცოთ: შენ აქ, მე კი საკურთხეველში!“
საკურთხევლიდან გამოსვლის შემდეგ ბერი მიუახლოვდა ეკატერინეს და უთხრა: ,,აი, რას გეტყვი: არაფერი ჩაიდინო. ყოველივე უფლის განგებულებას მივანდოთ. შენს ქმარს გაამართლებენ და 40 დღის შემდეგ დაგიბრუნდება, ხოლო შენ ისეთი ბიჭი გაგიჩნდება, რომ ყველას ძალიან ეყვარება. დაარქვით ნიკოლოზი, უფლის დიდი მღვდელმთავრის სახელი. ლოცვას არ მოუკლო, დახმარება შესთხოვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა ნიკოლოზს — მსწრაფლშემსმენელს. უფალი ყველაფერში დაგეხმარება. ცოტა ხნის მერე კი დასძინა: ,,ის თუ იცი, რა ძნელია, როდესაც ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი უკვდებათ ტუბერკულოზისგან?!“ ეკატერინე დაიბნა და გაიფიქრა: ,,ნეტავ ამას რაებს მეუბნება მამა სერაფიმე?“
ლიგოვოში დაბრუნებულმა, თავისიანებს მოუთხრო მამა სერაფიმესთან შეხვედრის თაობაზე. მოსმენილმა ყველა ძალიან დააეჭვა, ქარაფშუტობადაც კი ჩაუთვალეს ეს მგზავრობა: ,,დაგიჯერებია შენც ვიღაც ბერისათვის...“ ეკატერინეს არ უპასუხნია მათთვის. აიღო ,,ღვთისმშობლის დაუჯდომელი“ და ყოველდღე კითხულობდა ბავშვებთან ერთად. საგანგებოდ ლოცულობდა წმინდა ნიკოლოზის სახელზე — გულმოდგინედ ასრულებდა ბერის დავალებას. ათი დღის შემდეგ მიიღო ბარათი მეუღლისაგან, რომელიც ატყობინებდა, რომ ერთი თვის განმავლობასი გაათავისუფლებდნენ. მთელმა ოჯახმა კიდევ უფრო უმატა ლოცვას, ელოდნენ მამასა და მეუღლეს. ახდა ბერის წინასწარმეტყველება — ეკატერინეს მეუღლე გაანთავისუფლეს, თანაც საბუთები განთავისუფლების შესახებ მას ჩააბარეს ზუსტად მეორმოცე დღეს ეკატერინეს მიერ ბერის მონახულებიდან. მერე გავიდა დრო და ქვეყანას მოევლინა მათი მეოთხე შვილი — ნიკოლოზი.
უფროსი შვილი, ნინოჩკა, ნიჭიერებით გამოირჩეოდა. იგი შესანიშნავად ხატავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა და კარგად სწავლობდა. ძალიან ცოცხალი და ხალისიანი იყო. ერთხელ, როდესაც ციგურებით სრიალებდა, დასცხა, ზედა მოსაცმელი გაიძრო, გაცივდა და ფილტვების ანთებით დაავადდა, რომელიც მზიმე ფორმებში მიმდინარეობდა. ეს ავადმყოფობა ტუბერკულიოზში გადაეზარდა; მკურნალობას არ მოჰქონდა შედეგი. ექიმები ურჩევდნენ მშობლებს შვილის ყირიმში გაგზავნას, რასაც ბერი სერაფიმე ეწინააღმდეგებოდა.
მშობლებმა არ დაუჯერეს მამა სერაფიმეს, უშოვნეს ქალიშვილს სანატორიუმის საგზური და გაამგზავრეს. ნინა გზაში გარდაიცვალა. ამ დროს იგი ჩვიდმეტი წლისა იყო.
სერაფიმე სობოლევი (1881-1950)
სიკვდილმისჯილი ჯარისკაცის გადარჩენა
სერაფიმე სობოლევი ბულგარეთში მოღვაწეობდა და ამ ქვეყანაში დღემდე სასწაულმოქმედის სახელით არის ცნობილი.
ერთმა გასაჭირში მყოფმა ქალმა ისე მიიღო დახმარება მთავარეპისკოპოს სერაფიმესაგან, რომ მანამდე მასზე არაფერი სმენოდა, რაკიღა ურწმუნო გახლდათ. იგი გიმნაზიის მასწავლებელი იყო და ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ სლივენში. მისი შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა ბულგარეთის სამხრეთ საზღვრებზე. იმ წელს ძალიან მკაცრი ზამთარი იდგა — ცივი და თოვლიანი. ერთხელ, პოსტზე დგომისას, დაღლილი და გაყინული ჯარისკაცი თოვლში ჩაეფლო და ღრმად ჩაეძინა. ამ დროს დაემთხვა დივერსანტებისაგან საზღვრის გადაკვეთის მცდელობა. საბედნიეროდ, ამ ჯარისკცის რაზმელებმა შეძლეს მათი გაუვნებელყოფა. მაგრამ, როდესაც გუშაგის მოძიება სცადეს, იგი მძინარე იპოვეს თოვლში, დააპატიმრეს და სამხედრო სასამართლოს გადასცეს სოფიაში. იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად და სხვა ჯარისკაცების შესაგონებლად, სასამართლომ გამოიტანა ყველაზე მკაცრი განაჩენი — დახვრეტა!
შეწყალებისათვის საშუამდგომლოდ არავითარი საშუალება არ არსებობდა... გულშეძრულ დედას ერთი იმედიღა დარჩენოდა მხოლოდ, ვაჟიშვილის ცხედარი გამოეთხოვა, რათა მიწისათვის მიებარებინა ადამიანურად. იგი სოფიაში ჩავიდა და ყოველ დილით შიშით ზარდაცემული რეკავდა საპატიმროში იმის გასარკვევად, აღსრულებული იყო თუ არა განაჩენი. ამ უიმედო ყოფაში ერთხელ ჩასთვლიმა ღამით, უეცრად თვალწინ გამოეცხადა სათნო სახის მოხუცი და უთხრა:
,,ტანჯულო დედავ, მოდი ჩემთან რუსულ ეკლესიაში და მე დაგეხმარები!“
ქალი დილით, უთენია, ბინდ-ბუნდში გაიქცა ეკლესიისაკენ. ფიქრობდა, რომ ალბათ რომელიმე წმინდანის ხატი გამოეცხადა იმ ეკლესიიდან. შემოიარა ეკლესიის ყველა კედელი, მაგრამ მსგავსი სახება ვერ აღმოაჩინა და გულდაწყვეტილი დაბრუნდა სახლში. თავისი ხილვა ჰალუცინაციად ჩათვალა. მაგრამ შემდეგ ღამეს ხილვა ისევ განმეორდა:
,,შენ იყავი რუსულ ეკლესიაში, მაგრამ ჩემთან არ ჩამოსულხარ, ჩამოდი დაბლა ჩემთან და მე შეგეწევი შენ!“
განცვიფრებული ქალი მიხვდა, რომ ეს ჰალუცინაცია არ იყო. იგი კვლავ წავიდა რუსულ ეკლესიაში და გამოიკითხა, ხომ არ ინახებოდა მათ სარდაფში სასწაულმოქმედი ხატები. იგი ჩაუშვეს სარდაფში და თვალი მოჰკრა თუ არა არქიეპისკოპოს სერაფიმეს სურათს, მაშინვე იცნო ღამეული სტუმარი თავისი ხილვებიდან. დიდხანს ლოცულობდა მის წინაშე და მერე თვალცრემლიანი გამოვიდა სარდაფიდან. ეკლესიას გამოსცდა თუ არა, მას მოულოდნელად შეხვდა ძველი ნაცნობი, მისი გარდაცვლილი მეუღლის თანაკურსელი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა. იმ დროისათვის ეს ადამიანი ყველაზე ცნობილ ადვოკატად ითვლებოდა მთელ სოფიაში. როდესაც მან შეიტყო ქალის გასაჭირი, არ დაუხანებია, მაშინვე მასთან ერთად გაეშურა თავდაცვის სამინისტროში, მთავარ სამხედრო პროკურორთან. პროკურორი დაუკავშირდა ტელეფონით იმჟამინდელ მინისტრ-თავჯდომარე ვ.ჩერვენკოვს, რომელიც დათანხმდა, გაეუქმებინა სასიკვდილო განაჩენი და შეეცვალა სამუდამო პატიმრობით. რამდენიმე თვის შემდეგ ჯარისკაცი პირველივე ამნისტიით გაანთავისუფლეს.
ჯარისკაცის დედა, რომელიც მანამდე ათეისტი იყო, მხურვალე მორწმუნე გახდა. ღმერთისადმი მადლიერების ნიშნად მან რუსულ ეკლესიაში გულუხვი ტრაპეზი მოაწყო და ყველას უყვებოდა სასწაულებრივი დახმარების სესახებ, რომელიც მეუფე სერაფიმესაგან მიიღო.
უსამართლო ბრალდება
ზემოხსენებული ამბავი ჯარისკაცთან დაკავშირებით, ნათასავის მეშვეობით გაგონილი ჰქონდა სახელმწიფო დაწესებულების ერთ რიგით მოხელე-ინკასატორ ქალბატონს, რომელსაც თავადაც დასჭირდა მეუფის შემწეობა. აი, მისი მონათხრობი:
,,როდესაც ჯარისკაცის ისტორიას მიყვებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ სულ მალე, მე თვითონ მომიხდებოდა მთავარეპისკოპოსის შეწუხება.
1952 წლის ივლისში ავად ვიყავი. მოულოდნელად შეტყობინება მივიღე სადაზღვევო ინსტიტუტიდან (სადაც ინკასატორად ვმუშაობდი), გამოვცხადებულიყავი ადგილზე რევიზიის შედეგებთან დაკავშიერებით, რომელიც ჩემს არყოფნაში ჩაეტარებინათ. მე დაუყოვნებლივ მივედი სამსახურში. რევიზორმა მითხრა, რომ რევიზია უკვე დამთავრებულია და მე ბრალად მედება 4 800 000 ლევის გაფლანგვა. დარჩენილი იყო აქტის შევსება და ჩემი ხელმოწერა. ამის გაგონებისთანავე ცუდად გავხდი. რევიზორმა კი სადილობის თადარიგი დაიჭირა და გულგრილად დასძინა, რომ სადილის შემდეგ თავად შეადგენდა სარევიზიო აქტს და ხელსაც მომაწერინებდა.
ღონეგამოცლილი და ელდანაკრავი ოთახიდან გამოვედი ბარბაცით. სასოწარკვეთილი ანგარიშმიუცემლად მივდიოდი ქალაქის ცენტრისკენ და ტრამვაის ქვეშ ჩავარდნას ვლამობდი. უეცრად მეუფე სერაფიმეს მიერ ჯარისკაცის მიმართ ჩადენილი სასწაული გამახსენდა. გამიჩნდა იმედი, რომ მეუფე მეც დამეხმარებოდა. გავეშურე რუსული ეკლესიისაკენ, ვითხოვე სამაროვანში შეშვება და იქ დიდხანს, ქვითინით და ლოცვით შევთხოვდი მეუფე სერაფიმეს ჩემი სიმართლის დაცვას. ნასადილევს შიშნეულად გავეშრე ინსტიტუტისაკენ, მაგრამ რევიზორი არც იმ დღეს და არც მეორე დღეს არ გამოჩენილა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ სადილობისას ის უეცრად ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა.
მის ნაცვლად გამოგზავნეს ახალი რევიზორი, ასაკოვანი და ძალზე გამოცდილი. მან არ ისურვა სხვის სარევიზიო აქტზე ავტომატურად ხელის მოწერა და თვითონ შეამოწმა ყველაფერი თავიდან. დეტალური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა განზრახ ფალსიფიკაციას. აღმოჩნდა, რომ ჩემზე გადმომისამართებული იყო სხვა ორი ინკასატორის მიერ გაფლანგული 4 800 000 ლევი. სულ მოკლე ხანში უეცარი სიკვდილით დაიღუპა ის ორი ინკასატორიც. მოგვიანებით დავადგინე, რომ იმ პირელ რევიზორს ბევრი ინკასატორი მიეყვანა საპატიმრომდე და მათი უმრავლესობა სრულიად უდანაშაულოდ.
მადლობა ღმერთსა და მის სათნომყოფელ მეუფე სერაფიმეს, ვისი მეოხებითაც ღვთაებრივი სამართლით შევძელი ადამიანური უსამართლობის დამარცხება.
დახმარება გამოცდაზე
ორიენტალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა მ.პ., 1988 წლის ივნისში, აბარებდა ძალიან რთულ გამოცდას თურქულ ლიტერატურაში. როგორც მორწმუნემ, თავისი გასაჭირი გაანდო ნაცნობ მონაზონს. მონაზონმა მოუთხრო მას, თუ როგორ ბრწყინვალედ ჩააბარა მეუფე სერაფიმემ გამოცდები პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში უფლის დახმარებით. მ.პ.-მ გადაწყვიტა დახმარებისთვის მეუფე სერაფიმესათვის მიემართა.
სტუდენტმა ძნელად, მაგრამ სრულყოფილად აითვისა ერთი საკითხი, რომელიც შედარებით იოლი ეჩვენა. გამოცდის წინ მივიდა რუსულ ეკლესიაში და დიდხანს ილოცა მეუფე სერაფიმეს საფლავის წინაშე. გამოცდაზე შიშით მიუახლოვდა მაგიდას, სადაც ბილეთები იყო გამწკრივებული. აიღო ის ბილეთი, რომელიც ყველაზე ახალოს იდო მასთან. აღმოჩნდა, რომ მასში სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც მას ჰქონდა ნასწავლი. პედაგოგი ძალიან კმაყოფილი დარჩა მისით და შეაქო კიდეც, რომ ასე კარგად იყო მომზადებული გამოცდისათვის.
გარკვეული დროის შემდეგ მას სხვა საგნის ჩაბარება დასჭირდა. მან დაუფიქრებლობით ჩათვალა, რომ მხოლოდ მეუფე სერაფიმეს ლოცვითი დახმარებით გავიდოდა იოლას და არ იმეცადინა. მაგრამ გამოცდაზე ,,ორიანი“ მიიღო. მას შემდეგ ის სწავლას უთავსებდა მეუფისადმი აღვლენილ ლოცვას და ყოველთვის გრძნობდა მის შეწევნას.
სასწაულებრივი კურნება
ერთ ხნიერ ქალბატონს 1988 წელს დიდი შიშის გადატანა მოუხდა — პირის ღრუში აღმოაჩნდა სიმსივნე, რომელიც თვალსა და ხელს შუა ისე გაეზარდა, რომ ჭამას და ყლაპვას უშლიდა და ძლიერ ტკივილებს ჰგვრიდა. ბევრ ექიმს მიაკითხა, ვიდრე ბოლოს ცნობილმა ონკოლოგმა არ დაუსვა საბედისწერო დიაგნოზი: ,,ენის სწრაფად მზარდი სიმსივნური დაავადება“ და დასძინა, იმდენად შორს იყო წასული პროცესი, რომ მედიცინა უძლური იყო მას დახმარებოდა.
იმედგადაწურულმა ქალმა, რომელსაც ჯერ კიდევ თავის მშობლიურ ქალაქ პლოვდიში სმენოდა მეუფე სერაფიმეს სასწაულებრივ დახმარებათა შესახებ, მიაკითხა რუსულ ეკლესიას და მეუფის საფლავთან ყოველდღე გულმხურვალე ლოცვებს აღავლენდა შეწევნისათვის. მეექვსე დღეს ის მარტო იყო სამაროვანში და უეცრად მოესმა ხმა: ,,ხელში რომ გიჭირავს, ის სანთელი ჩააწე კანდელში და ზეთი იცხე მტკივან ადგილას!“ განცვიფრებისა და სიხარულის გრძნობებით ერთდროულად შეპყრობილმა ქალმა სწრაფად აღასრულა მითითება და აუტანელი ტკივილები ერთბაშად ჩაუცხრა. მომდევნო დღეების მანძილზე ის განაგრძობდა მტკივან ადგილზე ზეთის წასმას. სიმსივნე თანდათან დაუპატარავდა და ერთი კვირის შემდეგ სრულიად გაუქრა.
როდესაც თავის პროფესორს ეჩვენა, აღელვებულმა დასტაქარმა ჰკითხა, რით მკურნალობდა და ვინ მოარჩინა. ქალმა დაწვრილებით მოახსენა მას თავისი განკურნების საიდუმლო. ექიმმა სრულიად გულახდილად უთხრა, რომ მას მიუგნია მკურნალობის ყველაზე უტყუარი საშუალებისთვის და გულწრფელი სიხარულით აღმოთქვა: ,,დიდება ღმერთსა და წმინდა მეუფე სერაფიმეს!“
განსაცდელი რწმენის შესაძენად
ბერკოვიცელი პ.ვ.-ს მონათხრობი:
რამდენიმე წლის წინ სრულიად ურწმუნო გახლდით. მე ორი შვილის დედა ვარ, ჩემი მეუღლე პოლიციაში მსახურობდა. 1990 წლის 13 ივნისს ის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი ქალაქის ,,თეთრი არყების“ რაიონში. გვერდით გაუარეს ფურგონში მოთავსებულ იმპროვიზირებულ კაფეტერიას. იქ მისი თანამშრომელი შეკამათდა ვიღაც მძღოლთან. მძღოლი გაბრაზდა, წავიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ თავისი ამხანაგების მთელი გუნდი მოიყვანა — ოცდაათამდე კაცი. დაიწყო ჩხუბი. ჩემს ქმარს შეეძლო გასცლოდა იქაურობას, მაგრამ ამხანაგი ვერ მიატოვა გასაჭირში, ან კი როგორ მიატოვეებდა სამი მცირეწლოვანი ბავშვის მამას, ჩხუბში ჩაერია და ერთად იგერიებდნენ თავდამსხმელებს. ამ თანადგომამ უფრო გააცოფა მძღოლები, ისინი რკინის ჯაჭვებით უმოწყალოდ სცემდნენ ორივეს, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს.
ცხადია, მე არაფერი ვიცოდი მომხდარის შესახებ. ჩემი ქმარი იმ დღეს არ დაბრუნებულა სახლში, მაგრამ მე არ შემშინებია, რადგან სხვა დროსაც შეყოვნებულა სამსახურებრივ საქმეეებთან დაკავშირებით. მხოლოდ მეორე დღეს გავიგე მომხდარის შესახებ, მას შემდეგ, რაც მის სამსახურში დავრეკე. ხოლო, როდესაც საავადმყოფოში ვნახე ჩხუბის შედეგად ნაცემ-ნაგვემი ჩემი ქმარი, რომელსაც ისე ჰქონდა პირისახე და სხეული დამახინჯებული, რომ მისი ცნობა არ შეიძლებოდა, გული წამივიდა.
ჩემს ქმარს მთელ თვეს მკურნალობდნენ საავადმყოფოში, მაგრამ, როდესაც გამოწერეს, წინ ახალი ძლიერი დარტყმა გველოდა — აცნობეს, რომ იგი განთავისუფლებულია სამსახურიდან და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად თუ ვინ იყო დამნაშავე.
მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. როგორ უნდა ვიცხოვრო აწი, ორი ბავშვით, ავადმყოფი მეუღლით, რომელსაც მძიმე ბრალდებას უყენებენ; თანაც, ყოველგვარი სახსრებისა და იმედის გარეშე! ამ გამოუვალ მდგომარეობაში უფალი დამეხმარა თავისი სათნომყოფელის, მეუფე სერაფიმეს დახმარებით. ჩვენმა მეზობელმა მ-მ, რომელსაც დედაჩემი გაენდო ჩვენი გასაჭირის თაობაზე, ურჩია მას, დასახმარებლად მიგვემართა მეუფე სერაფიმესათვის. ,,ეს განსაცდელი თქვენი შვილის ოჯახზე დაშვებულია უფლისაგან, რათა ისინი მიეახლონ სარწმუნოებას“ — უთქვამს მას დედაჩემისთვის.
ასე გავიგე ცხოვრებაში პირველად მეუფე სერაფიმეს შესახებ. დავიწყე მის საფლავზე ყოველდღე ან დღეგამოშვებით სიარული და მის წინაშე ვღვრიდი ცერმლებად მთელ ჩემს მწუხარებას. ამასობაში გამოძიება გაიწელა... ჩემმა მეუღლემ ყოველგვარი იმედი დაკარგა და ლამის თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი. ამან მე კიდევ უფრო ამაფორიაქა. ერთხელ, როდესაც მხურვალედ ვილოცე მეუფის საფლავთან, აზრად მომივიდა, თვითონ დავკავშირებოდი მის უფროსს. დავურეკე მას ტელეფონით და შევეხვეწე, დაეჩქარებინა გამოძიება, რათა ჩემი ქმრის უდანაშაულობა დამტკიცებულიყო.
ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ მათთან მივიდა მთავარი სამხედრო პროკურორი. მან გამოიკვლია საქმე, მოითხოვა გამოძიების მასალების გაცნობა და როდესაც დარწმუნდა, რომ ჩემი მეუღლე და მისი თანამშრომელი დამნაშავენი არ იყვნენ, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა მათ. არ გასულა ერთი კვირა და ორივე აღადგინეს პირვანდელ სამუშაოზე და გადაუხადეს იმ დღეების გასამრჯელო, რაც გამოძიების პროცესს ემთხვეოდა. დავრწმუნდი, რომ ეს მოულოდნელი შემობრუნება მეუფე სერაფიმეს ლოცვების შედეგად მოხდა. მან არა მარტო დიდ უბედურებას გადაარჩინა ჩვენი ოჯახი, არამედ რწმენისაკენ მიმავალი გზაც გვიჩვენა. ჩემი მეუღლეც მოექცა სარწმუნოებაზე, ჩვენ ჯვარი დავიწერეთ ეკლესიაში, მე კი დღემდე დავდივარ მეუფე სერაფიმეს საფლავზე მადლიერების გრძნობითა და უფლის წინაშე მისი ქომაგობის რწმენით.
ლავრენტი ჩერნიგოველი (1868-1950)
შეწყვეტილი ტრაპეზი
მონაზონ ანას მოგონებებიდან:
,,მამა ლავრენტი უსაზღვრო სიყვარულით იყო აღსავსე ადამიანებისადმი. ჩვენ ასეთი ჩვეულება გვქონდა მონასტერში — საკუთარი ანგელოზის დღეს ყოველი მონაზონი ეზიარებოდა, მერე სეფისკვერი მიჰქონდა მამა ლავრენტისთან. იგი მოატეხდა პატარა კვნიტს და ულოცავდა ანგელოზის დღეს. ხშირად სატრაპეზოდაც იტოვებდა იმ დღის წმინდანთა მოსახელეს. ერთხელ მეც მომიხდა ასეთ ტრაპეზზე ყოფნა. უეცრად მამა ლავრენტიმ თავი ასწია და ეუბნება დედა პ-ს:
— გახედე, იქ ვიღაც არის მოსული, შემოუძეხი!
დედა პ. გამოვიდა და ნახა, რომ მოთქმით ტიროდა ვიღაც ქალი და მამაოსთან შეშვებას ითხოვდა. მან დაზოგა ბერი და ქალს მიმართა:
— როდესაც მამა ლავრენტი მოათავებს ტრაპეზს, მაშინ გიხმობთ! — შემობრუნდა და უთხრა ბერს: — მიირთვით, მამაო, იქ არავინ არის.
მამა ლავრენტიმ ორიოდ კოვზი შეჭამა და ისევ მიმართა პ-ს:
— მე შენ გეუბნები, რომ იქ ქალი დგას და ტირის — ადგა და თვითონ გავიდა.
მალე ჩვენს წინაშე გამოჩნდა საშუალო ხნის ქალი, რომელიც სლუკუნ-სლუკუნით მოჰყვებოდა ბერს. მამა ლავრენტიმ ის თავის სენაკში გაიყვანა... რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ სულ სხვა ქალი ვიხილეთ — გამოვიდა მომღიმარი, თავი დაგვიკრა და დაგვემშვიდობა. ბერი მიუჯდა მაგიდას და მიმართა პ-ს:
— როდესაც მტირალი ადამიანი დაინახე ლუკმა როგორ გადაგივიდა ყელში?
,,ნეტავ რა იცის ამ ბერიკაცმა?“
ერთხელ, ჩერნიგოვის სამების მონასტრიდან დაბრუნებულმა კიევის მონასტრის იღუმენია ფლავიამ თავისი მონასტრის მონაზვნებს უამბო მისი შეხვედრებისა და სულისთვის დიდად მარგი საუბრების შესახებ დიდ მამა ლავრენტისთან.
ხაზინდარმა, დედა ანტონიამ, ბოროტისაგან ჩაგონებით ცხვირში ჩაიდუდღუნა: ,,უპოვიათ ვიღაც ბერიკაცი და აქებ-ადიდებენ! რა ცოდნა იმას უნდა ჰქონდეს?!“ იღუმენიამ შეამჩნია ეს უარყოფითი განწყობილება და თქვა:
— აი, წაგიყვანთ ყველას მასთან და აღსარებას მაინც იტყვით წესითა და რიგით.
თავისი სიტყვა შეასრულა კიდეც. რამდენიმე მონაზონი ჩაიყვანა ჩერნიგოვში, მათ შორის, ხაზინდარი დედა ანტონია. შემოუსხდნენ მაგიდას და დედა იღუმენიამ სთხოვა მამა ლავრენტის:
— მამაო, მოგვიყევით რამე.
მამა ლავრენტიმ კი უპასუხა:
— აბა, რა შეიძლება იცოდეს ამ ბერიკაცმა?
დედა ანტონია მაშინვე მიხვდა, რომ ბერმა ამოიკითხა მისი იდუმალი ნაფიქრი, შენდობა სთხოვა და მას შემდეგ უღრმესი მოკრძალება გაუჩნდა ბერის მიმართ.
დაგვიანება სიცოცხლის საფასურად
ერთხელ მამა ლავრენტის ესტუმრა მხევალი ღვთისა, რომელმაც გამოსთხოვა კურთხევა შვილთან გასამგზავრებლად. ბერმა ქალი სუფრასთან მიიწვია და სადილით გაუმასპინძლდა. ის კი თავპატიჟს იდებს, ეჩქარება, მატარებელზე უგვიანდება. ბერი კი მშვიდად უხსნის, რომ არაფერი საჭიროა სიჩაქარე; მთლად უკეთესი იქნება, დღეს თუ არ გაემგზავრება. ქალი, როგორც იყო, დათანხმდა დარჩენას. გვიან საღამოს კი გაირკვა, რომ იმ მატარებელს საგზაო კატასტროფა შეემთხვა.ყველამ ერთხმად შესწირა ღმერთს მადლობა და მის დიდ სათნომყოფელ, მამა ლავრენტის. მან კი მხოლოდ ის თქვა:
— ეს ამბავი მე მისმა მფარველმა ანგელოზმა მამცნო!
მოულოდნელი დახმარება
ტაძრის შესარემონტებლად მონასტერს ესაჭიროებოდა კირი. ერთხელ დილით მამა ლავრენტი ეუბნება ეკონომოსს:
— გაქანდი სასწრაფოდ ბაზარში, თან ლოცვები იკითხე და თანაც დაელოდე!
ეკონომოსი ასეც მოიქცა, დადგა ბაზართან, დაიწყო ლოცვა და ლოდინი. უცებ უახლოვდება მეზობელი სოფლის თავმჯდომარე და ეკითხება, თუ ვის ელოდება. ქალმა მონასტრის გასაჭირის შესახებ უამბო. თავმჯდომარე მანქანაში სვამს და სადგურისკენ მიჰყავს. იქ უფასოდ უტვირთავს მთელ მანქანა კირს.
როდესაც მასალა მონასტრამდე მიიტანეს, მამა ლავრენტი გამოვიდა, მადლობა გადაუხადა თავმჯდომარეს, დედები კი მადლობას სწირავდნენ ღმერთსა და ბერს, მისი წმინდა ლოცვებისათვის.
გადარჩენილი მონაზვნები
ერთხელ, ომის დროს, მონაზვნები იდგნენ აბანოსთან... გზად მიმავალმა ბერმა უცებ მორთო ყვირილი: ,,გაიქეცით, თორემ ახლა ჭურვი გასკდება!“ ასეც მოხდა. დატოვეს ის ადგილი თუ არა, სწორედ იქ აფეთქდა ჭურვი.
ტბაში გადასული მუხლუხო
მონაზონთა დარგულ კომბოსტოს მუხლუხო გაუჩნდა. მიმართეს ბერს. ბერმა ილოცა და მთელი მუხლუხო ახლო მდებარე ტბაში გადაცოცდა.
აწმყო და მომავალი
მონაზონი ყვებოდა, რომ ერთხელ გულში წაუმღერია გალობის ერთი მუხლი, მამა ლავრენტის კი შეუქია:
— ო, რა კარგად გამოგივიდა! — და თუმცა იმ დროისთვის იქ ეკლესია არ ჰქონიათ, დაუმატებია:
— კარგად იგალობებთ ეკლესიაში!
მოგვიანებით სრულიად ახდა მამა ლავრენტის წინასწარმეტყველება.
ჯვრისწერისას
მონაზონი ს. ყვებოდა, რომ მამა ლავრენტი არასოდეს არ რჩებოდა ჯვრისწერაზე, ერთხელ კი დარჩა. როდესაც ლოცვა მოათავა, თქვა:
— ეს იყო ნამდვილ უმანკოთა წყვილი. ვხედავდი, სულიწმინდა როგორ გადადიოდა ერთიდან მეორეზე და თვალების გამომეტყველებაც კი ეცვლებოდათ!
ბერი მატარებელში
სქემმონაზონ სვიატოსლავას მონათხრობი:
როდესაც მე მატარებლის გამცილებლად ვმუშაობდი, საწვავს არ გვაძლევდნენ: თავად იშოვი ნახშირს ვაგონების გასათბობდ — ციხე გელის, მილებში წყალი გაიყინება — მაინც ციხეში გიშვებენ, ვარ ასეთ მძიმე მდგომარეობაში — ნახშირი უნდა შევიტანო ვაგონში. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მილიციელი და მიმათრევს ქვევით. მე მორწმუნე ქალებისაგან მატარებელში არაერთგზის გამეგონა ჩერნიგოველი მამა ლავრენტის შესახებ და ახლა გამახსენდა... მიმათრევს მილიციელი, წიხლებს მკრავს, მირტყამს და მე კი გულში ვლოცულობ: ,,დედაო ღვთისავ, მამა ლავრენტი და ყველანო წმინდანნო, დამიცავით მე, ცოდვილი!“ მილიციელი უცებ გაქვავდა, მგზავრებმა კი ერთად დაუწყეს ყვირილი... ასე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიმაგდო. მგზავრებმა მომხედეს, შემიყვანეს ვაგონში და დამშვიდება დამიწყეს. გული გამალებით მიცემდა, სუნთქვა მიჭირდა... უეცრად ჩემს წინაშე აღიმართა ბერი, ჯვარი გადამსახა და გაქრა. მე ერთბაშად დამიბრუნდა ჯანმრთელობა, წამოვდექი ფეხზე და ვკითხე მგზავრებს: ,,სად არის ბერი?“
— რომელი ბერი? აქ არავითარი ბერი არ ყოფილა!
სამოციან წლებში მე გავემგზავრე ჩერნიგოვს, მამა ლავრენტის ფოტო ვიხილე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მასზე ის ბერი ამოვიცანი, რომელმაც მე მატარებელში ციხეს და ფიზიკურ ტრამვასა და იარებს გადამარჩინა.
ღამის სტუმრები
ეს მოხდა 1939 წელს. მამა ლავრენტი მთელი ღამე ვიღაცეებთან საუბრობდა. ვინ იყვნენ ვერ გავარჩიე. ასვლა და ნახვა ვერ გავბედე. დილით მოძღვარმა მითხრა:
— დედაო, ჩვენ სტუმრები გვყავდნენ, რისი მოწმეც თვითონა ხარ.
— ვინ იყვნენ? — ვკითხე მე.
მან აღტაცებული ხმით მითხრა:
— წინასწარმეტყველი ელია და მართალი ენოქი. ისინი მე უკანასკნელ ჟამზე, რუსეთზე, მართლმადიდებელ მეფესა და ანტიქრისტეზე მიყვებოდნენ. მაუწყეს, რომ ჩემთან სასაუბროდ თვით იოანე ღვთისმეტყველიც მოვიდოდა.
1940 წელს ღამით მამა ლავრენტის იოანე ღვთისმეტყველიც ესტუმრა, ეს იყო საეკლესიო ძველი სტილით 26 სექტემბერს (ეს ის დღე გახლავთ, როდესაც მოციქულმა ეფესოს გარეუბანში შვიდ მოწაფეს თავი დაამარხვინა ცოცხლად, ხოლო როდესაც ეფესელებმა სამარე გათხარეს, იქ იოანე ვეღარ ნახეს. ყოველი წელიწადის 26 სექტემბერს მოციქულის საფლავზე სასწაული ხდებოდა — სამარიდან კეთილსურნელება და ვარდის სურნელოვანი მტვერი იფრქვეოდა. სინას მთის ლავრაში ამ დღესასწაულს ,,ვარდისა“ ეწოდებოდა). ღირსმა მამამ და მოციქულმა შვიდი საათი ისაუბრეს. იოანე მახარებელმა შეავსო ელიასა და ენოქის ნათქვამი და მოუთხრო უფლის მეორედ მოსვლისას ცაში ჯვრის გამოჩენაზე, მკვდართა აღდგომასა და განკითხვის დღეზე.
სებასტიან ყარაგანდელი (1884-1966)
,,არ მოვიხსენიებ!“
მონასტერში დამყარებული ტრადიციის მიხედვით, ბერი სებასტიანი განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებდა მიცვალებულთა მოსახსენიებელ მსახურებას და თავად იხდიდა პანაშვიდებს.
— ...განუსვენე უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა... ვინ მომაწოდა ეს მოსახსენებელი — ივანესი, სვიმეონისა, ოლღასი, მარიამისა?
— მე მოგაწოდეთ, მამაო — მორიდებით ეპასუხება უცნობი ქალი.
— ეს სვიმეონი როდის გარდაიცვალა?
— დიდი ხანია მამაო.
— აიღეთ თქვენი მოსახსენებელი, მე არ მოვიხსენიებ მას; ჯერ მისი სიკვდილის ცნობა მომიტანეთ!
— მე რა, პატარა გოგო ხომ არ ვარ, ასეთი საქმეები რომ ჩავიდინო! (არსებობს ცრურწმენა — თუკი ცოცხალი ადამიანის სახელს ჩაწერენ გარდაცვალებულთა მოსახსენებელში, იგი დიდ განცდებში ჩავარდება და დაუბრუნდება მისგან მიტოვებულ იმ პიროვნებას, ვინც მას იხსენიებდა).
— ჰოდა, თუ არ ხარ, ცნობა მომიტანე!
ეს ქალი ჩამოსული იყო სხვა ქალაქიდან და ბერის ვინაობა არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაუბედავდა სიცრუის თქმას.
ავტობუსის მგზავრთა გადარჩენა
მამა სებასტიანი ხშირად ეხმარებოდა მათ, ვინც მისგან შორს მყოფი ლოცვით შეწევნას სთხოვდა.
ერთხელ მისი სულიერი ასული ბრუნდებოდა სტუმრობიდან. თავზეხელაღებული მძღოლი ცდილობდა მინდვრის გადაკვეტვას, რათა წინ მიმავალ ავტობუსს დასწეოდა და თავის სატრანსპორტო საშუალებას ისეთ ვირაჟებს აკეთებინებდა, რომ მგზავრთა შორის ბავშვები ტიროდნენ და ზოგიერთ უფროსთაგანს გულიც მისდიოდა. საკმარისი იყო ავტობუსს ორმოში ჩავარდნოდა ბორბალი, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. მძღოლი კი აზარტში იყო შესული და ვეღარაფერს ამჩნევდა.
,,მამაო, გვიხსენი! მამაო, გადაგვარჩინე!“ — ჩურჩულებდა შეშფოთებული ქალი. უეცრად ავტობუსმა სვლა შეანელა. დაინახეს, რომ შარაგზაზე იდგა წინა ავტობუსი და მძღოლი საბურავს უცვლიდა.
მეორე დღეს სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვა ტარდებოდა. ის-ის იყო მხევალი ღვთისა განემზადა გუშინდლი თავსგადახდილი ფათერაკის მოსაყოლად, რომ მამა სებასტიანმა ჰკითხა:
— ეს თქვენ იყავით, გუშინ რომ მთხოვდით: ,,მამაო გვიხსენი, მამაო გადაგვარჩინე?“
— დიახ!
— მერედა, მე რომ მეძახით, ხომ უნდა განმისაზღვროთ, ვინა ხართ, რისგან გადაგარჩინოთ? ჩემთვის ძნელია ამის გარეშე; მესმის — ,,გვიხსენი“ და ვინ, ან რისგან ვიხსნა, არ უნდა მითხრათ? რა ჰქენით, მშვიდობით იმგზავრეთ?
გაუხსნელი წერილი
დედა ბარბარე (დრონოვა) ჰყვებოდა, როგორ განკურნა მამა სებასტიანმა მისი ქალიშვილი, რომელსაც ყოველდღე აწუხებდა გულყრა, ხელ-ფეხი ერთმეოდა და მკვდარივით ეგდო ხოლმე ძირს.
მას შემდეგ, რაც ექიმებისაგან დახმარების იმედი გადაეწურა, დედა ბარბარემ მისწერა წერილი მამა სებასტიანს ყარაგანდაში. წერილი გაგზავნილი იყო დიაკვნის, მამა ნიკოლაი სამარცევის მისამართით. ჩაუშვა თუ არა წერილი ყუთში, თავად გამგზავნმა წამიერად იგრძნო შვება. იმ დღეს მის ქალიშვილს გულყრა არ ჰქონია, არც მეორე დღეს. მერე კი ავადმყოფობა უკვალოდ გაქრა.
ამასობაში დიაკვანს დავიწყებოდა და ჯიბით დაჰქონდა გაუხსნელი წერილი. ერთი თვის შემდეგ, ჯიბეში ტარებით გაცრეცილი და დაჭმუჭნული კონვერტი, როგორც იყო, გადასცა მამა სებასტიანს და ჩაჰკითხა: ,,წაგიკითხოთ?“ ,,უკვე აღარ არის საჭირო“ — მიუგო მამა სებასტიანმა.
დავიწყებიდან გამოხმობილი მშობლები
ეკლესიის მგალობელთა შორის ერთი გოგონა, მარია სტაკანოვა, ბავშვთა სახლში იყო აღზრდილი, სადაც თოთო ბავშვების სახლიდან მოხვედრილიყო და არაფერი იცოდა თავისი მშობლების შესახებ. ერთხელ მარიამმა ბერს თხოვნით შეჰბედა — მას სურდა ელოცა თავისი მშობლების სულის მოსახსენიებლად და ძალიან წუხდა, რომ არც სახელები იცოდა მათი, არც ეროვნება და ბრკოლდებოდა თავის კეთილ განზრახვაში.
,,ახლა არ მცალია, — უთხრა ბერმა — ხვალ მოდი და დავილაპარაკოთ.“
მეორე დღეს მან თავად იხმო გოგონა და უთხრა:
,,მარუსია, შენი მშობლები რუსები იყვნენ, მართმადიდებლები, გადასახლებულნი. მამაშენს ერქვა...“ — და მან მშობლების სახელები უკარნახა გოგონას. მარიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა — მას ლოცვის საშუალება მიეცა საკუთარი მშობლების სულთა მოსახსენიებლად.
წყალი, სეფისკვერი და ვაშლი
1960 წელს მამა სებასტიანთან იჟევსკიდან ჩამოვიდა პელაგია მელნიკი. ნახევარი წლის განმავლობაში მას არ უგემნია არც პური და არც სხვა რამ პროდუქტი — მხოლოდ რძისა და უმი კვერცხის ხმევა შეეძლო.
იგი ითხოვდა, რომ ურიგოდ შეეშვათ ბერთან, მაგრამ მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ. უეცრად გაიღო კარი, გამოვიდა თვით მამა სებასტიანი და მიმართა მის მომლოდინეთ: ,,გამოატარეთ ეს ქალი, იგი ძლიერ ავადაა.“ ბერმა ქალს მისცა ჭიქა წყალი, ახალი სეფისკვერი და ვაშლი, დასვა დიდ სკამლოგინზე და აკურთხა ნაბოძები საკვების შესაჭმელად. პელაგიამ მიიღო საკვები და მყისიერად ჩაეძინა. ზუსტად 24 საათი ეძინა. გამოიღვიძა სრულიად ჯანმრთელმა.
ღვთისმშობლის კარავში
ერთხელ ღირს მამა სებასტიანს სთხოვეს წესი აეგო გარდაცვლილი მოხუცისათვის. საშინლად ყინავდა, მაგრამ მამა სებასტიანი სასაფლაოსკენ თხელ ანაფორაში გამოწყობილი გაემართა, ხელში ლითონის ჯვრით. მთელ გზაზე — თითქმის ათი კილომეტრის მანძილზე ეპყრა ხელთ ეს ჯვარი.
როდესაც შინ დაბრუნდნენ, ჰკითხეს:
— მამაო, როგორ გაუძელით ამხელა გზას?
— ეს რა არის — გაეღიმა მამა სებასტიანს — ერთხელ, როდესაც დაკითხვაზე ვყავდით ,,გპუ“-ში და მართლმადიდებლობის უარყოფას მაიძულებდნენ, ასეთივე თხელი ანაფორით დამაყენეს ყინვაში. ჩემი მცველები ყოველ ორ საათში იცვლებოდნენ, მე კი ვიდექი ნირშეუცვლელად. ეს იმიტომ, რომ დედა ღვთისმშობელმა ზემოდან კარავი გადამაფარა და იმ კარავში თბილად ვიყავი.
კუკშა ოდესელი (1875-1964)
ყვავის მიერ გაჩენილი ლუკმა
ბერი კუკშას გადასახლებისდროინდელი მოგონებიდან:
,,ეს იყო აღდგომას. გადასახლებაში გამოვლენილი ძნელბედობების შემდეგ მე ვიყავი ისეთი დასუსტებული, ქარი მაქანავებდა. არადა, მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ. თოვლი დნება. მე მივუყვები ზონას მავთულხლართების გასწვრივ, აუტანლად მშია, ხოლო მავთულხლართს მიღმა მზარეულებს სამზარეულოდან სასადილო ოთახისაკენ დაცვის თანამშრომლებისათვის თავზე შემოდგმული ლანგრებით გადააქვთ ღვეზელები. მათ თავზე კი ყვავები დაფრინავენ. მე ლოცვად დავდექი: ,,ყვავო, ყვავო, შენ ხომ კვებავდი უდაბნოში ილია წინასწარმეტყველს; მომიტანე რა, მეც ღვეზელი“ უცებ თავს ზემოთ მესმის: ,,ყვა-ყვა!“ და ჩემს ფეხებთან ეცემა ღვეზელი, რომელიც ყვავმა ააციცქნა მზარეულს ლანგრიდან. მე ავიღე ღვეზელი, თვალცრემლიანმა შევწირე მადლი უფალს და მოვიკალი შიმშილი.“
მაკურნებელი ლითონის ჯვარი
ავადმყოფი ქალბატონი, რომლისთვისაც უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია შუბლიდან ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად, ოპერაციის წინ ჩამოვიდა კუკშასთან. ბერი დიდხანს იბარებდა ავადმყოფისგან აღსარებას, შემდეგ აზიარა, მისცა ლითონის ჯვარი და დაარიგა, რომ ეს ჯვარი გამუდმებით ჰქონოდა მჭიდროდ მიბჯენილი სიმსივნეზე. ავადმყოფი მონასტერში ოთხ დღეს გაჩერდა, ბერის კურთხევით ყოველდღე ეზიარებოდა და ჯვარს სასოებით იბჯენდა შუბლზე. სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სიმსივნის ნახევარი გაქრობოდა და მის ადგილზე ცარიელი თეთრი კანი იყო დარჩენილი, შემდეგი კვირის ბოლოს გაქრა სიმსივნის მეორე ნახევარიც — მთელი შუბლი გათეთრდა, გაიწმინდა და კიბოს ნასახიც აღარ დარჩა.
ოჯახის შექმნა თუ მონაზვნობა?
ერთი ქალი სთხოვდა ბერ კუკშას, მიეცა მისი ქალიშვილისათვის კურთხევა გათხოვებისათვის. გულთამხილავმა ბერმა უპასუხა:
,,შენი ქალიშვილი არასოდეს არ გათხოვდება!“ ქალი უხსნიდა, რომ ახალგაზრდებს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ ქორწილისთვის, მხოლოდ კაბის შეკერვაღა დარჩენილიყო, ხოლო ნააღდგომევს ჯვარსაც დაიწერდნენ; მაგრამ ბერი დარწმუნებით უმეორებდა: ,,შენი ქალიშვილი არასოდეს არ გათხოვდება!“
ქორწილამდე ერთი კვირით ადრე საპატარძლოს უეცრად დაეწყო ეპილეფსიური გულყრა, რაც მანამდე არასდროს ჰქონია და შეშინებული სასიძო ნაჩქარევად გაემგზავრა თავის სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ ყოფილი საპატარძლო აღიკვეცა მონაზვნად გალინას სახელით, ხოლო დედამისი — ვასილისას სახელით.
სხვა შემთხვევაში კი ახალგაზრდა ქალი თხოვდა კურთხევას მონაზვნობისთვის, მაგრამ ბერმა კურთხევა მისცა გათხოვებაზე. უბრძანა, გამგზავრებულიყო სახლში, სადაც მას სემინარისტი ელოდებოდა. ბერის წინასწარმეტყველება სულ მალე ახდა — გოგონა სემინარისტს გაჰყვა ცოლად. ბერის სულიერმა შვილმა ღვთის სიყვარულით შობა და აღზარდა შვიდი შვილი.
ბერთან თანაგანცდილი ლიტურგია
ერთ ქალს, ბერის სულიერ შვილს, მოუნდა იმის გაგება, თუ რას განიცდის ბერი საღმრთო ლიტურგიის აღსრულების ჟამს. აი, მისი მონათხრობი:
,,როდესაც შევედი ტაძარში, სადაც ბერი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა, თავიდანვე ვიგრძენი სულის უჩვეულო სიახლოვე ღმერთთან, თითქოს ირგვლივ არავინ ყოფილიყოს, მხოლოდ ღმერთი და მე. ლოცვად მდგარი ბერის ყოველი სიტყვის წარმოთქმისას უსაზღვროებისაკენ ატაცებული ჩემი სული აღივსებოდა ისეთი მადლით, თითქოს ცაზე ვმდგარიყავი პირდაპირ უფლის წინ. მთელი ჩემი არსება აღვსილი იყო ბავშვური სიწმინდით, არაჩვეულებრივი სინათლით, სიმსუბუქითა და სიხარულით. არც ერთი გარეშე ფიქრი არ მაღელვებდა და არ განმარიდებდა უფლისაგან. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ლიტურგიის დასრულებამდე. ლიტურგიის შემდეგ სხვებთან ერთად მივუახლოვდი ბერ კუკშას. მან მაკურთხა და ყურადღებითა და ღიმილით ჩამაცქერდა თვალებში, უკეთ რომ ვთქვა, თვალებიდან სულში, თითქოს სურდა გარკვევა, რა მდგომარეობაში იყო ჩემი სული ასეთი სუფთა ლოცვის შემდეგ. მე მივხვდი, რომ ბერმა მომცა საშუალება, განმეცადა ისეთივე ნეტარება, როგორშიც იგი ყოველთვის იმყოფებოდა საღმრთო ლიტურგიის ჩატარების დროს.“
შეგონება თბილისელი ქლებისთვის
50-იან წლებში ჩვენი მორწმუნე ქალები რუსეთში დადიოდნენ სქემ-იღუმენ კუკშასთან. ეს იყო მაღალი სულიერი ცხოვრების მამა, რომელსაც მასთან მისული ადამიანების აზრების წაკითხვაც შეეძლო. ,,წავიდეთ, — თქვეს ერთხელაც, — წმინდა კაცი მოვინახულოთო,“ სულ შვიდნი იყვნენ. მივიდნენ, ჯერ სიტყვაც არ ქონდათ ნათქვამი, სქემ-იღუმენმა კი მიმართა: ,,რაო, თბილისელო დედაკაცებო, ცოდვილი კუკშას სანახავად ჩამოხვედით?! თქვენთან კი, ახლოს მთებში ორი მნათობი ბრწყინავს, იქ წადით და მათგან მოიკრიბეთ სულიერი ძალა!“ მხოლოდ სახელები არ უთქვამს. როგორც ჩანს, იგი ჩვენს ბეთანიელ მამებთან, მამა გიორგისთან და მამა იოანესთან სულიერად იყო დაკავშირებული. თბილისის მახლობლად მთებში ორი მნათობი სხვა არავინ შეიძლება ყოფილიყო, თუ არა ეს ჩვენი ორი ბერი.
მონათლულნი თუ მოუნათლავნი?
ერთი ქალი საგანგებოდ ეწვია კუკშას თავისი დიდი საწუხარით — იგი ყმაწვილობისას ძველმესტიელთა ოჯახში გაუთხვებიათ და ბავშვებიც იმათი წესით მოუნათლავთ. თვალცრემლიანი მიადგა ქალი ბერის სენაკს, რათა გაერკვია, ჩაითვლებოდნენ ისინი მონათლულებად თუ არა. სწორედ ამ დროს ბერი სენაკიდან გამოდიოდა. ისე, რომ არ დაუცდია ქალის შეკითხვისთვის, ბერმა მიმართა მას:
— ნუ ტირიხარ! არიან შენი შვილები მონათლულნი, არიან მონათლულნი.
ქრისტეს გზაზე დამდგარი ინჟინერი
ბერთან ხშირად ჩამოდიოდა მისი სულიერი შვილი ე. იგი იყო მეცნიერ-მუშაკი, პროფესიით ქიმიკოსი. ამ ქალს მეუღლე ჰყავდა სამთო ინჟინერი, სამთო ქანებისა და წიაღისეულის დარგში დიდი სპეციალისტი. ქმარი არ იყო მონათლული და ეს იმდენად აწუხებდა ქალს, რომ მასთან განქორწინებაზეც ფიქრობდა სერიოზულად, მაგრამ ბერი ურჩევდა მოთმინებას და ლოცვას, არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე აუცილებლად გახდებოდა ქრისტიანი.
კუკშა უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც, ერთხელ ქალი გაემგზავრა ფსკოვო-პეჩორის სავანეში, ქმარს ჩააყვანინა იქ თავი. პეჩორის მონასტერში არის ღვთივქმნილი მღვიმეები, სადაც კრძალავენ გარდაცვლილ ბერებს. ე-მ შესთავაზა ქმარს, დაეთვალიერებინა საცხედრეები, რომლებსაც აქაური ჩვეულებისამებრ კი არ მარხავენ, არამედ მღვიმეებში ერთიმეორეზე აწყობენ. როდესაც ე-ს ქმარმა დაინახა მრვიმეთა თაღები, იგი როგორც ინჟინერი, განაცვიფრა იმ გარემოებამ, რომ ფხვიერი ქვიშაქვა კი არ იფშვნებოდა, არამედ ქვასავით მტკიცედ იდგა და არსად არ ჩამოშლილიყო. მასზე ამ საოცრებამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მან გააცნობიერა, რომ ქვიშას მხოლოდ ღვთიური ძალა იჭერდა და იქვე გადაწყვიტა დაუყოვნებლივ მონათლულიყო. შემდგომში ცოლთან ჯვარიც დაიწერა და ბავშვივით გულალალად მიენდო უფალსა და სულიერ მამებს.
ტრაგიკული მოვლენის მცნობელობა
მხევალს ღვთისას ვ-ს, ოდესის მკვიდრს, სტუმრად ჩამოუვიდა დის შვილიშვილი, 15 წლის გოგონა. უეცრად, ორი დღის შემდეგ, მიიღო დეპეშა თავისი დისგან (გოგონას ბებიისგან), რომ ბავშვი დაუყუვნებლივ გაემგზავრებინა თავის სახლში.
გაკვირვებული ვ. დეპეშით ხელში გაემართა ღირს მამასთან მიზეზის გასარკვევად. მის შეკითხვაზე ბერმა თავმდაბლად უპასუხა, რომ მას არ ხელეწიფებოდა წინასწარმეტყველება. მაგრამ ქალი გულმხურვალედ სთხოვდა და ბერმა ამცნო, რომ გოგონას მშობლები (ვ-ს დისშვილი, მეურლესთან ერთად) წავიდნენ სათევზაოდ და ბერის თქმით ,,თევზებთან მოხვდნენ“, ანუ დაიხრჩვნენ და ისიც დასძინა, რომელს რომელ დღეს დაიხსნიდნენ წყლიდან და მოიხსენია ისინი სახელებით, თუმცა მათ შესახებ მანამდე არაფერი სცოდნოდა. მოგვიანებით ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა.
,,მღვდელმონაზონი“
ერთხელ ბერი იდგა ხალხით შემორაჯული. მათ მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. უეცრად ბერი მიმართავს მას: ,,მღვდელმონაზონო!“
ახალგაზრდამ ხალხი გაარღვია და ამცნო ბერს, რომ ცოლი ჰყავდა და ორი შვილი, მაგრამ ბერმა კვლავ ,,მღვდელმონაზონი“ უწოდა და კურთხევა სთხოვა. მომავალში, როდესაც ცოლის თანხმობა მიიღო და შვილები გზაზე დააყენა, ეს კაცი მართლაც გახდა მღვდელმონაზონი.
მშიერის დაპურება
სქემმონაზონი ა. იგონებს:
რაღაც საქმეზე მივედი ბერთან, ის კი უეცრად მეუბნება, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის პირდაპირ ზის ერთი ტანსრული აღნაგობის შლიაპიანი კაცი, ძალიან, ძალიან მშიერი და რომ მე მას გავუტანო რაიმე სახმევად. მე წავიღე საკვები და მართლაც, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინ ვხედავ, ზის ჩაფსკვნილი შლიაპიანი მამაკაცი. მივედი და ვუთხარი, რომ მამა კუკშამ მას საჭმელი გამოუგზავნა. იგი გაოგნდა, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო; თქვა, რომ მართლაც სამი დღე არაფერი ეჭამა და ისე დაუძლურებულიყო, რომ სკამიდან ადგომის თავიც არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მისთვის სადგურში ფული და ხელბარგი მოუპარავთ, თხოვნაც ერცხვინებოდა და შიმშილისგან დაოსებული სასოწარკვეთილი იყო. ბერის გულთამხილაობით დიდხანს ვარ მალავდა განცვიფრებას.
,,ჭილოფში ამოცნობილი“ გენერალი
პოჩაევის ლავრას სტუმრობდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ერთი გენერალი და ცნობისმოყვარეობით უცქერდა თუ როგორ იღებდა ბერი აღსარებებს.
უეცრად კუკშამ თავისკენ იხმო იგი და კარგა ხნით გაუბა ლაპარაკი.
გენერალი დაშორდა ბერს მთლად გაფითრებული, უაღრესად აღელვებული და იმავ დროს გაოგნებული. ხმამაღლა ამბობდა ყველას გასაგონად:
— ეს ვინ ყოფილა, კაცო? საიდან იცოდა ყველაფერი?! როგორ მამხილა ჩემს მიერ ჩადენილ ყველა საქციელში.
წვიმა მორჩილის დასახმარებლად
მონასტერში იყო ერთი მორჩილი, რომლის მორჩილება მეეზოვის საქმიანობით გამოიხატებოდა — მონასტრის ეზოს დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. როდესაც ის საქმით დაიღალა და გაბეზრდა, სთხოვა კუკშას:
— მამაო, ილოცეთ, რომ გაწვიმდეს და მიწა გადამირეცხოს.
— კეთილი, ვილოცებ — დაპირდა კუკშა.
ორი საათის შემდეგ უღრუბლო ცაზე ღრუბლები გამოჩნდა, დასცხო შხაპუნა წვიმამ, რომელმაც მთელი მტვერი გადაწმინდა მიწიდან და მორჩილი ერთი დღით დაასვენა...
პატარა გოგონას მკვდრეთით აღდგინება
ალბათ ყველაზე საოცარი, ბერის მიერ აღსრულებული მრავლის უმრავლეს სასწაულთაგანი იყო ორი წლის ქსენიას მკვდრეთით აღდგინება შობის შემდგომი ღამით 1995 წელს, რის შესახებაც ბავშვის დედამ დატოვა წერლობითი მოწმობა. მაღალი სიცხით დაუძლურებული გოგონა პროფესიით ექიმ ბებიას ჩააკვდა ხელებში; ხოლო მას შემდეგ, რაც დედამ შუბლზე დაადო ნაწილები კუკშას შესამოსელიდან და საცხედრედან, ქსენიამ ერთი კი ამოისუნთქა და უსულოდ გადასვენებული სხეული აამოძრავა, სიცოცხლე დაუბრუნდა პატარას, გოგონამ ხელები გაიშვირა ღირსი მამის ხატისაკენ და ამოიძახა:
— მომეცით კუკშა!
სიკვდილისშემდგომი ბედ-იღბალი
ნეტარმა კუკშამ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრულის დღე. მისი სულიერი შვილი სქემმონაზონი ა. იგონებს: ,,კუკშა ხშირად ამბობდა, რომ 90 წლის ასაკში იგი აღარ იქნებოდა ამქვეყნად. ხოლო მისი დაკრძალვა მოხდებოდა ნაჩქარევად — ბარებითა და ნიჩბებით დაფლავდნენ სწრაფად...“ მართლაც იგი გარდაიცვალა 90 წლისა და ხელისუფლებამ, რომელსაც ეშინოდა ხალხის მოზღვავებისა, სულ ორი საათი მისცა მონასტრის ძმობას ბერის დასამარხავად.
იგივე მონაზონ ა-სთვის მას ჰქონდა დაბარებული: ,,მადლობა უფალს, რომ ამხსენი.“ მას დიდხანს არ ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა; მხოლოდ ბერის სიკვდილის შემდეგ გაარკვია. როდესაც ბერი ჩაასვენეს საცხედრეში, მან თავი შეუხვია ბინტით, რათა გარდაცვლილს ბაგეები მოკუმული ჰქონოდა, მაგრამ ნაჩქარევი დაკრძალვის გამო მხოლოდ ტაძრიდან გამოსვლისასღა გაახსენდა, რომ ნახვევი უნდა შეეხსნა. მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლისაგან მიიღო კურთხევა და როდესაც შეხსნა სახვევი, ბერის სიტყვები გაახსენდა.
და კიდევ სხვა დანაბარებიც აუხდა მონაზონს: ,,არ შეგიშვებენ, შენ ღობეს გადაევლები და კუკშასთან ხარ!“ მართლაც, დაკრძალვის შემდეგ სასაფლაო დაკეტეს, კუტიკარს ბოქლომი დაადეს. მონაზონს გახსენებოდა ბერის კურთხევა, გალავანს გადაევლებოდა და ისე მიდიოდა მის საფლავზე.
მონაზონი მ. იგონებდა, როდესაც ის იყო ოდესის მამათა მონასტრის საძმო საფლავზე, მოვიდა კუკშა და ერთ ადგილზე მიანიშნა მას:
— აი, აქ ამომითხრიან მე საფლავს, მაგრამ ზუსტად აქ არ დამკრძალავენ, რადგან დახვდებათ ჩამარხული კუბო; იქვე მიწაში გააკეთებენ გვერდით ღრმულს (მან ხელით უჩვენა ჩრდილოეთის მხარისაკენ) და იქ შეასვენებენ ჩემს კუბოს.
სწორედ ასე მოხდა ბერის დასაფლავებისას: როდესაც გათხარეს მიწა, იქ ადრე დამარხული ადამიანის კუბო აღმოჩნდა და ახალი საფლავის თხრა რომ არ დაეწყოთ, ჩრდილოეთის მხრით მიწას გაუკეთეს ღრმული და იქ შეასვენეს მისი საცხედრე.
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ
|