ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერიანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში„ეშმაკთა და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“ „უფალმა თხლეი იგი ამა სოფლისაი
არა წარმოაცალიერა რაითა სუან იგი ყოველთა ცოდვილთა“ (დასკვნა)თბილისში 2004 წლის 23 იანვარს შედგა პრეზენტაცია წიგნისა „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ ეს არის ჯ. კ. როულინგის 1999 წელს გამოსული მეორე წიგნის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი. ...ფოიეს ამკობდ ბავშვთა საყვარელი გმირით - ჰარი პოტერით შთაგონებილი ნახატები... გასაგებია, ალბათ დიდია სურვილი კიდევ უფრო განმტკიცდნენ კითხვაში წიგნთან გაუცხოებული ჩვენი ბავშვები. რატომაც არა მშვენიერი დასამარცვლია: „გველ-თე-ვზას
ე-ლენ-თა!“ ამავე ლოგიკას თუ მივყვებით „გასამხირულებლად“ არც I წიგნში მოტანილი ბერტი ბოტის შემდეგი გემოს კამფეტების დამზადება და დარიგება იქნებოდა ურიგო: წვინტლის, ნარწყევისა და ყურის გოგირდის გემოიან კამფეტებს /იხ. გვ. 97, გვ.264,/ ჰარი პოტერის თაყვანისმცემელთათვის - წაკითხულის გამეორების ეფექტი ექნებოდა და II წიგნში ახალი, გონებისათვის წარმოუდგენელი საზიზღრობების გემოსთან მისადაგების მოლოდინსაც გაამძაფრებდა... როგორც წინასწარ ცნობილი იყო ჯადოქრობის სკოლაში სწავლების მეორე წელი მეორე წიგნში: „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ კიდევ უფრო დამძიმებულია. პირველი წიგნში შემოტანილი ჯოჯოხეთური შრეები მეორე ტომში სანატრელი გაუხდება ბავშვებს, ისინი ხომ ჰარი პოტერთან ერთად ჰოგვორტსის - ჯადოქართა სკოლის მეორე კურსზე ინაცვლებენ. წერილების ეს სერია დიდმა შეშფოთებამ დაგვაწერინა. მთელს სიუჟეტს აკრავს მოჩვენებითი კეთილშობილების რაღაც თხელი ფენა, რომელიც პერიოდულად აჩენს ეჭვს - იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე? მაგრამ საკმარისია ეს გარსი გაირღვეს და წუთხისა და შემზარავი პირველსახეების გასაოცარი, გადამლეკავი ნაკადი იფრქვევა. ეს ყოველივე, მწარე რეალობის გარდა კიდევ უფრო მწარე მომავლისაკენ გვახედებს: რითი აღვუდგეთ წინ მსოფლიოს ბავშვთა სრულიად გაუცხოებული თაობების ზიზღსა და სიძულვილს? როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები სიბნელის, სიმყრალის ესთეტიზირების, უფროსების მიმართ უნდობლობისა და შიშის ასეთი მძლავრი დარტყმისაგან? ეს „ნათესი“ ხომ სრული უეჭველობით აღმოაცენებს „თავის ეკალსა და კუროსთავს“! წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულვებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებლებთან ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია. ეს პრინციპი მხოლოდ თანამზრახველ მეგობართა ოთხეულზე არ ვრცელდება, ესენია: ჯადოქრული ენერგიით გამსჭვალული ჰარი, წიგნიერი ჰერმიონა, ბრიყვი, მაგრამ კეთილი რონი და შეუმდგარი ჯადოქარი, მარგინალი, ლოთი ჰაგრიდი, ყველა მათგანი „ცოცხზეა გადამჯდარი“ ანუ ჯადოქრობის გზით მავალი პერსონაჟია, სწორედ მათი ურთიერთობა აჩენს ზემოხსენებულ ილუზიას თითქოს აქ მეგობრობაზე, სიყვარულსა და ურთიერთთავგანწირვაზეა საუბარი. მთელს წიგნში, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისეთი სათნოებანი, როგორიცაა: მორჩილება და პატიება და ა.შ. შემოთავაზებული სინამდვილისათვის უადგილო, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ანუ ის თვისებები, რასაც ყველა კეთილგონიერი მშობელი ცდილობს გამოუმუშაოს შვილს აქ უარყოფილია. ახალი შაბლონის - ჰარი პოტერის ყველა მოქმედება მხოლოდ ურჩობითაა გაჯერებული. იგი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც „არ შეიძლება!“ მაგლების სამყაროშიც და ჯადოქრობის შემსწავლელ სინამდვილეშიც. მიღწეული და წახალისებული შედეგით კი მწერალი მოზარდს უქმნის ილუზიას, რომ სწორედ ეს გზაა გამარჯვებისაკენ მიმყვანებელი. ქრისტიანული სამყაროს მიმართ ოკულტისტებისა და წარმართების ამ სერიოზულ რევანშს შეუძლებელია, ამ წიგნში მოტანილი ყველა ასპექტის მხილების ამომწურავი პასუხი დაახვედრო. თავად სიტყვა ოკულტიზმი ნაწარმოებია ლათინური სიტყვიდან ოცცულტუს და აღნიშნავს საიდუმლოს, დაფარულს. ეს არის სწავლება, რომელიც აღიარებს ადამიანისა და უხილავი, ბნელი ძალების კავშირს. ის მიუღწეველი რჩება საერთო ადამიანური გამოცდილებისათვის და მას ფლობს ადამიანთა ის ნაწილი, რომლებმაც გაიარეს განსაკუთრებული განდობა და ფსიქოლოგიური წრთვნა. ცნობილია, რომ თავად განდობის რიტუალი ფსიქოლოგიურ ელდას, შერყევას, სიკვდილის განცდას და „ხელახალ შობას“ უკავშირდება, მიიჩნევა, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ხედვის ახალი საფეხურის და სამყაროს ახლებურად აღქმის, ადამიანის დაფარულ ძალებში საიდუმლო ცოდნის შეღწევა, ბუნებასა და ადამიანებზე ზემოქმედების მოპოვება, არადა ქრისტიანული მსოფლხედვის შუქზე სრულიად ნათელია რომ მთლიანად ეს სწავლება სულის წარწყმედის უტყუარი გზაა და წმიდა მამათა მიერ საუკუნეების მანძილზე არაერთხელაა მხილებული. ოკულტიზმის როლი და ზეგავლენის მასშტაბები საუკუნეების მანძილზე ხან იზრდება და ხან სუსტდება. იგი სხვადასხვა ეტაპზე რთულ ურთიერთობაში შედის კულტურასთან, მეცნიერებასთან, ფილოსოფიასთან, ხელოვნებასა და რელიგიასთან. პირველივე საუკუნეებიდანვე ხდება დიდი ქრისტიანი მამების მიერ ოკულტიზმის მხილება და სულის ცხონების მოსურნეთა გაფრთხილება ამ საცდურის მიმართ. შეიმჩნევა, რომ ოკულტური სინამდვილისთვის ნიშანდობლივი უძირითადესი პრინციპები გათვალისწინებულია პოტერის ავტორის მიერ. მთავარი პერსონაჟის ჰარის ცხოვრებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ელდა, შერყევა, სიკვდილის განცდა და „ხელახალ შობა“ ჩვილზე თავად ეშმაკთ მთავრის მიერ თავდასხმით და ელვის ნაიარევის მიყენებით განხორციელდება, რასაც ავტორი არ აღწერს და საიდუმლოდ ტოვებს, მაგრამ შემდეგ როულინგი ცდილობს საყვარელ მოქმედ პირთან ჰოგვორტსის კედლებში განვითარებული საშინელებებიდან თავდაღწევის თანაგანცდით მკითხველისათვის სტრესების, ელდის მიყენების ეფექტების გარდა ჯადოქრული მეთოდებით გამარჯვების სიხარულსაც მიაღწიოს. შედეგად თანამედროვე ბავშვებში ჯადოქრებად ჩამოყალიბების ძლიერი იდეალი უკვე ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. მაგრამ მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ყველას შევახსენოთ ადამიანის მტერთან გარიგებაში ყოფნას მეტად ხანმოკლე კეთილდღეობის მოტანა ძალუძს, საზღაური კი საკუთარი უკვდავი სულისა და თავად ამ ადამიანისთვის უძვირფასესი დასაყრდენების განწირულ სამიზნეებად დაყენებაა. ძველ აღთქმაში ჯადოქრების მიმართ უსაშინლესი სასჯელები იყო დაწესებული, ხოლო ახალ აღთქმაში ბრძოლა უკვე გადატანილია არა თავად ადამიანის მიმართ, არამედ თავად იმ უხილავი, ბოროტი ძალის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს მოკვდავი არსების ხილული სხეულით. ერთი თანამედროვე მოძღვარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ხელმძღვანელობს ოკულტიზმითა და ტოტალიტარული სექტებით დაზიანებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო ცენტრს, შემდეგ შეფასებას გვთავაზობს: „მიმაჩნია, რომ ჯოან როულინგის წიგნების გამოსვლა არამარტო უზნეობაა - არამედ ეს გენოციდს უახლოვდება. თავისუფალი გატაცება ჯადოქრობით, ოკულტიზმითა და ქრისტიანისათვის მიუღებელი გატაცებებით კარგს ვერაფერს მოგვიტანს. საუბედუროდ მე დამიგროვდა დიდი და სამწუხარო გამოცდილება იმ ბავშვებთან ურთიერთობისა, რომლებმაც გაუაზრებლად აიტაცეს ჰელოუნის აღნიშვნა. ასეთი დღესასწაულების შემდეგ ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ სტრესებს და ნევროლოგიურ სტაციონარებში ხვდებიან. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის განსაკუთრებულად ცხადია ამგვარი გატაცებების დამღუპველობა. ჩვენთან შემოდის „პოტერომანიის“ ტალღა და იგი სრული უეჭველობით დიდ ზიანს მოუტანს მოზარდ თაობას. მანიას მოსდევს ახალი ფსიქოლოგიური მოშლილობები და ეს უბედურების მხოლოდ ნაწილია.“ „დიდაქედ“ წოდებული თორმეტი მოციქულის მოძღვრება საცნაურს ხდის ყოველი ადამიანის საბედისწერო არჩევნის არსს: „გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.“ რაც არ უნდა ძნელი სათქმელი უნდა იყოს ამ წიგნის ავტორი თამაშობს მოზარდის ჯერ განუმტკიცებელ ნებაზე და ცდილობს ბავშვები სიკვდილის გზაზე შეაყენოს. გაფრთხილდით, თქვენი შვილები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან! უწმიდესისა და უნეტარესის ილია II 2004 წლის საშობაო ეპისტოლის ქვემოთმოტანილი ნაწილი თითქოსდა საგანგებოდ ესადაგება ჩვენს წინაშე გაჩენილ განსაცდელს: „-შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმიდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.“ ნანა ბოკუჩავა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 53 (261), 2003 წ. |