ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი

ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

როულინგის აპოლოგეტთა დამცავი არგუმენტი სიუჟეტის ზღაპრული წარმომავლობაა... თითქოს ზღაპარი ყველაფერს დასაშვებად მიიჩნევს და მისი საზღვრები მხოლოდ ფანტაზიის ინდივიდუალურ მასშტაბებს შეესაბამება. ამ საკითხში გარკვეულ მკითხველთა ნაწილს კარგად მოეხსენება, რომ ზღაპრის სტრუქრუტა საკმაოდ მოწესრიგებულია, განსხვავებით ან გაჭიანურებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ამბისაგან, სადაც ასევე განსხვავებულად არის ესთეტიზირებული სიბნელე, ჭუჭყი და სიმყრალე.

აქ უფლისწულებს, მზეთუნახავებსა და კეთილ ფერიებს ვერ შეხვდებით. ავტორი, საშინელებათა უკვე გაჩვეულ კადრთა მსგავსად, მკითხველისათვის ჭარბი ადრენალინის გამოყოფაზე მუშაობს. ბაჭიებს, დათუნიებს, მელაკუდებს აქ გომბეშოები, ბუები, დრაკონები და ვირთხები ცვლიან. თუ რატომ, ამაზე იძულებული ვართ მძიმე, ღრმა ექსკურსი შემოგთავაზოთ. მანამდე კი რამდენიმე ციტატა წიგნიდან:

„კარზე დააკაკუნეს და კუპეში ის პუტკუნასახიანი ბიჭი შემოვიდა... ბიჭს თვალები ცრემლებით ავსებოდა.

- უკაცრავად, - მოიბოდიშა ბიჭმა, - სადმე გომბეშო ხომ არ გინახავთ?

ამათ თავი გააქნიეს, არაო. ბიჭი ატირდა...

- დამეკარგა! სულ გამირბის ხოლმე!

- გამოჩნდება სადმე, - ანუგეშა ჰარიმ.

- ჰო, - საწყლად თქვა ბიჭმა, - თუ სადმე ნახოთ... - და წავიდა.

- ნეტა რა ანერვიულებს? - გაიკვირვა რონმა. გომბეში რომ მყავდეს, რაც შეიძლება მალე დავკარგავდი მე თვითონ. თუმცა ჩემი ვირთხების პატრონი ამას არ უნდა ვამბობდე.

რონის მუხლებზე მოკალათებული ვირთხა ისევ თვლემდა.

- რომც მოკვდეს, განსხვავებას ვერ შეამჩნევ, - ზიზღით თქვა რონმა“ /გვ.98/

„ვიტრინებში გამოდგმული ჰქონდათ ღამურას ელენთითა და გველთევზას თვალებით სავსე კასრები“ /გვ.69/

აქ „ზღაპრის“ ფაბულა ბნელეთში ამოგზაურებს და იქ დარჩენის ნატვრასაც ამოათქმევინებს მის არასრულწლოვან და სულიერად ჩვილ მკითხველს.

სინათლის ესთეტიკაზე აღზრდილი მკითხველი კი ამ უკუღმართი ზღაპრიდან ნამდვილად ისმენს რას უამბობენ, რას ასწავლიან და როგორ წვრთნიან ჯადოქრები და ალქაჯები თავიანთ შვილებსა და აღსაზრდელებს.

არც შემთხვევითობით და არც ორიგინალობით არის გამოწვეული ზემოხსენებულ ცხოველთა ჩართვა როულინგის ნაწარმოებში. საქმე იმაშია, რომ დემონოლოგიურ თეორიაში: ოჯახის სული, პირადი დემონი, ჭინკა წმინდა ინგლისური და შოტლანდიური შენატანია. ევროპულ სასამართლოებზე ეს საკითხი ძალიან იშვიათად იხილებოდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ეშმა, რომელიც დადებდა შეთანხმებას ქალთან და ალქაჯად აქცევდა რომელიმე ნაკლებადცნობილ დემონს მიუჩენდა, რომელიც მცირე ზომის შინაური ცხოველის სახეს იღებდა. იგი იძლეოდა რჩევებს და ახორციელებდა პატარ-პატარა ბოროტგანზრახვებს და მათ შორის მკვლელობებსაც. ჯადოქარს შეეძლო მემკვიდრეობითაც მიეღო სხვა ალქაჯისაგან ზემოხსენებული სული, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებდა თავისი პატრონისაგან და პასუხისმგებელი იყო მასზე. „შინაური დემონი“ განსხვავდებოდა თავად ეშმასაგან - ბოროტების უმაღლეს განსახიერებისაგან, /მთ. 12, 24/. იგი ეწვეოდა ჯადოქარს და იღებდა ამა თუ იმ სულდგმულის სახეს. 1608 წელს გვაცომ, XVII საუკუნის მკვლევარმა, განმარტა: „ეშმაკს შეუძლია მოვლინება მრავალგვარი ეფემერული სახით: ესენია: ძაღლი, კატა, თხა, ხარი, კაცი, ქალი ანდა რქიანი ბუ“. კ.მეზერი ახსენებს „ადამიანის მწოველ ეშმას“, რომელიც ორი შხამიანი გომბეშოს სახით იყო წარმომდგარი. ზემოხსენებული სულები ითვლებოდნენ მფარველი ანგელოზების მოწინააღმდეგეებად (რასელ ჰოუპ რობინსი Энциклопедия Колдовства и Демонологии, "ЛОКИД", "МИФ", გვ.149). ჟორჟ გიფორდი განმარტავს: „ალქაჯებს ჰყავთ თავისი სულები. ზოგს ერთი, ზოგს მეტი: ორი, სამი, ოთხი ანდა ხუთი. ისინი სხვადასხვა ცხოველს ემსგავსებიან: კატებს, სინდიოფალებს, გომბეშოებს ანდა თაგვებს, რომლებსაც ისინი კვებავენ რძით, წიწილებით ანდა საკუთარი სისხლის წვეთით“ ("Dialogue Concerning Witches").

მრუდე ქუჩის „ბნელი მაღაზიიდან ჩუმი, ნაზი ჟივჟივი ისმოდა“. აქ შეიძინა ჰაგრიდმა ჰარისთვის ბუ. „-ჰო, შენი დაბადების დღის საჩუქარი ჯერ არ მიყიდია... მოდი, ცხოველს გიყიდი. გომბეშო არ გვინდა, მოდაში არ არის. დაგცინებენ. „კატები არ მიყვარს. ბუს გიყიდი. ყველა ბავში ამაზე ოცნებობს. თანაც მაგრად გამოგადგება. წერილები მიაქ-მოაქ“ /გვ.77/.

ჰოგვორსტის მოწაფეებს ზოგს ბაყაყი, ზოგს კი ვირთხა ჰყავს ოჯახიდან გამოყოლებული.

„ცა თითქოს ისე, უბრალოდ იყო მოქუშული და არაფერს გვამცნობდა იმის თაობაზე, რომ მალე მთელ ქვეყანაზე გასაოცარი ჯადოსნური ამბები დატრიალდებოდა... დღისით-მზისით ცაში ბუები სულ გუნდ-გუნდად დაფრინავდნენ. გამვლელები სულ პირდაღებულნი იდგნენ ქუჩაში და თითს ცისკენ იშვერდნენ. ზოგს ბუ არასოდეს ენახა, არც ღამით და, მით უმეტეს არც დღისით“ /გვ.8-9/.

არის შემთხვევები, როცა ეშმაკი საკუთარი სხეულებრივი არსებობისათვის ჰაერს არ სჯერდება და იყენებს ცხოველის სხეულს ანდა ადამიანისას, მარკოზის სახარებაში მოყვანილი ღადარინელი ეშმაკეულისა და უფსკრულში დანთქმული ღორების მსგავსად /მარკ. 5/

როულინგი პირდაპირ ასახელებს და აღწერს „გობლინებს“, ისინი ჯადოქრების ბანკს „გრინგოტს“ დარაჯობენ და მართავენ.

გავარკვიოთ, ვინ არიან ეს „გობლინები“?

მიხეილ პსელი აღწერს დემონებს, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშ. მათ არ შეუძლიათ აიტანონ არც დიდი სიცხე და არც მზის სხივები. მან ასაგანგებოდ დაამუშავა ეშმაკთა სახეობები და ისინი, მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, ექვს სახეობად დაჰყო. გვაცომ "Compendium Maleficarium"-ში მეხუთე სახეობაში აღწერა მიწისქვეშა, მღვიმეებსა და უფსკრულებში მყოფი, ყველაზე დაცემული დემონები, მიწისძვრების გამოწვევისა და სახლის საფუძვლის შერყევის მოსურნენი.

მეექვსე საფეხურზე არიან სინათლის მოძულე დემონები, ისინი მხოლოდ ღამეში მოქმედებენ და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საქმეებს სჩადიან. შიგნიდან შავები და აგზნებულები მუდამ საზარელი საქმეების ჩადენის მზადყოფნაში არიან. ოლაფა მაგნუსს /1555 წ./ აქვს გამოსახული უდაბლესი დემონები სატირები და გობლინები. /იხ. ილუსტრაცია/. იხილე გვ.159 ენციკლოპედიაში/.

სწორედ ამ ქვესკნელის მეხუთე და მეექვსე საფეხურის მკვიდრ გობლინებს იყენებს, როგორც პერსონაჟებს როულინგი და მათ სახელებსაც არ ერიდება.

„ - გრინგოტსი იცი სად არის? ასობით მილის სიღრმეშია ლონდონის ქვეშ. მეტროზე ბევრად დაბლა“ /გვ.63/ „ორფრთიან კართან ოქროსფრით გაწყობილი უნიფორმით იდგა... გობლინი... ჰარიზე ერთი თავით დაბალი იყო. მას შავგრემანი სახე, გონიერი თვალები, წამახული წვერი და ძალიან გრძელი თითები და ტერფები ჰქონდა“.

ასეთი „ტევადი ინფორმაციით“ ტვირთავს ბავშვთა მწერალი ქალი მომავალ თაობას და მათ წარმოსახვას ქვესკნელის შრეებისაკენ მიაქანებს.

ამგვარად სჯობს გვახსოვდეს, რომ „პოტერი“ არც ზღაპარია და არც ლიტერატურული ნაწარმოები, საპნის სერიალთა მსგავსად ამ წიგნების წარმოებაში ჩაშვება დედამიწის მოზარდთა და ბავშვთა შორის ოკულტურ-ჯადოქრული მიდრეკილებებისა და იდეალების დანერგვას ისახავს მიზნად და მომავალი თაობის ერთადერთი მიმართულებით გარეკვას ემსახურება.

(გაგრძელება)

ნანა ბოკუჩავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 51 (259), 2003 წ.