|
ხილვები ცოდვილთა იმქვეყნიურ ხვედრზე
ცოდვილის აღსასრული
(წმინდა ანდრია სალოსის ხილვა)
ჩვენი ცხოვრების დასასრულს მკათათვე დადგება ჩვენთვის, და კეთილნი ბოროტთ
განეყოფიან, როგორც ხორბალი ღვარძლს (მათე 13, 40-42). მაშინ, როდესაც უფალი კეთილ
და მართალ ადამიანებს თავის წმინდა ანგელოსებს წარმოუგზავნის, რომელნიც სულს
სხეულისგან განჰყოფენ და ამ მართალ სულს ეშმაკის ძალმომრეობისგან დაიცავენ, ზეცად
აღამაღლებენ მას და ღვთის წინაშე წარადგენენ, - ცოდვილს ჯერ კიდევ სასიკვდინე
სარეცელზე გარემოადგებიან დემონები და თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარებენ.
ამასთან დაკავშირებით, აი, როგორი გამოცხადება ჰქონდა წმინდა ანდრიას, ქრისტესთვის
სულელს.
ერთხელ კონსტანტინეპოლის ქუჩაში მიმავალმა წმინდა ანდრიამ დაინახა, რომ მიცვალებულს
მოასვენებდნენ. გარდაცვლილი ძალზე მდიდარი იყო. მის კუბოს უამრავი ადამიანი
მოჰყვებოდა ანთებული სანთლით; გუნდი, ჩვეულებისაებრ, გალობდა საგალობლებს წესის
აგებასა ზედა, ხმამაღლა მოსთქვამდნენ ნათესავები. ანდრია შეყოვნდა, პროცესიას
მიაჩერდა და აი, თავისი გამჭრიახი თვალით ხედავს შავკანიან ეთიოპელებს, რომლებიც
წინ მიუძღვიან კუბოს და გაჰყვირიან: „ვაჲ მას, ვაჲ მას!“ ზოგს ხელში ნაცრის გუდა
უჭირავს და ხალხს, რომელიც კუბოს მიჰყვება, ნაცარს აყრის, ზოგი ურცხვად ცეკვავს და
იცინის, ზოგი ქოფაკივით ყეფს, ზოგიც ღორივით ღრუტუნებს, სხვები კი რაღაც მყრალ
სითხეს აპკურებენ მიცვალებულს.
უცებ ხედავს ნეტარი, რომ ცეცხლივით თვალებაელვარებული ეშმაკთა მთავარი, რომელსაც
ხელში გოგირდი და ფისი უჭირავს, მკვდარს უახლოვდება და გვამის დაწვას ლამობს.
პროცესიას ბოლოს ჭაბუკის იერის მქონე ანგელოსი მიჰყვება, სახედამწუხრებული და
მწარედ მოტირალი. როდესაც იგი წმინდა ანდრიას გაუსწორდა, ნეტარი მიუახლოვდა და
ჰკითხა: „მითხარ, ღვთის გულისათვის, რატომ ტირი? არასდროს მინახავს, გარდაცვლილს
ასე დასტიროდნენ, როგორც შენ“. და ანგელოსმაც უთხრა: „იმად ვტირი, რომ მე ამ
გარდაცვლილთან ვიყავი დადგენილი, ვისაც შენ ხედავ და ვინც ეშმაკს დარჩა. აი, ამიტომ
ვტირი და ვწუხვარ“. წმინდანმა უთხრა: „გვედრი შენ, ჰოჲ ანგელოსო ღვთისაო, მითხარ რა
ცოდვები ჰქონდა, რომ საბოლოოდ ეშმაკი დაეპატრონა?“ ანგელოსმა უპასუხა: „ეს
ადამიანი, მეტისმეტად ცოდვილი და სასტიკი პირად ცხოვრებაში, დიდ პატივში ჰყავდა
მეფეს, მაგრამ, აი, მიილია მისი ცხოვრება, სიკვდილი უნანელს, აურაცხელი ცოდვებით
დამძიმებულს ეწვია, რის გამოც სული მისი ეშმაკებს დარჩათ, ხოლო როგორი აბუჩად
აგდებით მიაცილებდნენ მის შებილწულ სხეულს ბოროტი სულები, შენ თავად იხილე.
ამიტომაც ვწუხვარ და ვტირი, რომ ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფს დემონები დასცინიან“.
ამ სიტყვებით ანგელოსი გაუჩინარდა.
ქუჩაში მიმავალნი, თავიანთი უღირსების გამო, ანგელოსს რომ ვერ ხედავდნენ, ერთმანეთს
ეტყოდნენ: „ერთი შეხედეთ ამ სულელს, როგორ მასხარაობს და უაზროდ ელაპარაკება
კედელს“, - ამასთან ხელს კრავდნენ და აგდებდნენ იქიდან. ნეტარი უჩუმრად გაეცალა
იქაურობას და მარტო დარჩენილი მწარედ ატირდა დაღუპულ ადამიანზე.
გულფიცხი ადამიანის იმქვეყნიური ტანჯვა
ერთი ღვთისმოსავი მხედარი აგონიის შემდეგ სიცოცხლეს დაუბრუნდა და ასეთ რამეს მოყვა:
„ვიხილე ბნელი და პირქუში მდინარე, რომელზეც ხიდი იყო გადებული; ამ ხიდზე გამოცდა
უნდა გაევლოთ: ცოდვილი მყრალსა და ბნელ მდინარეში ვარდებოდა, ხოლო მართალნი მასზე
თავისუფლად და უვნებლად გადიოდნენ. მდინარის მეორე ნაპირზე მწვანე და აყვავებული
მდელო მოჩანდა, სურნელოვანი ბალახები და ყვავილები, მოჩანდა ასევე მართალთა
სავანეები, რომლებიც იქ თეთრად შემოსილები ბინადრობდნენ. ზოგიერთი საცხოვრებელი
მდინარესა და ხიდთან ახლოს იყო, სხვები – მოშორებით. ზოგან აღწევდა მდინარის
სიმყრალე, ზოგან – არა. ვიხილე ერთი ოქროს ქვისგან მშენებარე ნათელი სავანე,
საკვირველი და მადლმოსილი, მაგრამ ვისთვის შენდებოდა უცნობი იყო. ისეთი
კეთილსურნელება ტრიალებდა იმ ადგილას, რომ მაცხოვრებლები თუ გამვლელები ერთი მხოლოდ
ამ სურნელებით პურდებოდნენ. იმ საზარელი მდინარის ახლოს ვეებერთელა ბორკილებით
შებორკილი ოთხი წლის წინ გარდაცვლილი ვინმე პეტრე ეკიდა და იტანჯებოდა. მე
დავეკითხე, თუ რისთვის იტანჯებოდა იგი. მან მომიგო: „იმის გამო, რომ როდესაც
რომელიმე დამნაშავის დასჯას მიბრძანებდნენ, მე ვსჯიდი არა იმდენად მორჩილების გამო,
რამდენადაც ჩემი სასტიკი და არაადამიანური ხასიათის გამო“.
თვითმკვლელის იმქვეყნიურ ყოფაზე
ერთმა ღვთისმოსავმა ბერმა თავის სულიერ მამას გაანდო, რომ დიდი ხანია აწუხებს
ხორციელი მამის მდგომარეობა, რომელმაც ნაადრევად და არაქრისტიანულად დაასრულა
ცხოვრება, ჩამოიხრჩო რა თავი და წესის აგების გარეშე დაკრძალეს ტყეში. „ძალიან
მეცოდებოდა მამაჩემი, - ეუბნებოდა ბერი მოძღვარს, - და ხშირად ვფიქრობდი მასზე.
ხოლო როდესაც წამოვიზარდე და დამაქორწინეს, შევუდექი სამსახურსა და ცხოვრებას,
მაგრამ მამა არ მშორდებოდა გონებიდან. ვიწყე ღამ-ღამობით ლოცვა და ვევედრებოდი
ღმერთს, რათა გამოეცხადებინა, სად იყო ახლა სული მამისა ჩემისა. ერთხელაც სიზმარში
ვიღაც ჩემი მსგავსი კაცი მეკითხება:
- გსურს, შეიტყო სადაა მამაშენი?
- დიახ, მივუგე მე, - მსურს ვიცოდე.
- მომყევი, - მითხრა მან.
დიდხანს ვიარეთ, ვერ გამოვთქვამ სად, ბნელი ტყის მსგავსი რამ გადავიარეთ; რაც მეტად
შევდიოდით სიღრმეში, მიწა მით უფრო მეტად ცხელდებოდა ისე, რომ ფეხებს მწვავდა.
ბოლოს ისეთ ადგილზე გავედით, სადაც ღელეში მიწიდან ცეცხლი იფრქვეოდა; მესმის
ხმაური, ზათქი. უცნობს სულ უფრო და უფრო ახლოს მივყავარ; უკვე ჩემი ნების
წინააღმდეგაც კი ისე, რომ შიშმა ამიტანა და სიცხისაგან ტკივილმა მიმატა. იმ ცეცხლის
წიაღში დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები; რაღაც ძალა, თითქოს ცეცხლთან ერთად
ამოისროდა ხოლმე მათ უფსკრულიდან, ხოლო შემდეგ კვლავ ცეცხლის ალში ცვივდებოდნენ;
სახე და სხეული ერთიანად ნახშირივით გაშავებოდათ. საზარელი იყო მათი გმინვა და
მოთქმა!
- ჰოჲ უფალო! სჩანს, აქ ცოდვილები იტანჯებიან, - წამოვიძახე მე.
- აქ მამაშენიცაა, - მითხრა თანმხლებმა.
მაგრამ მე მამაჩემს ვერ ვხედავდი.
ასეთი საზარელი სიზმრეული ხილვის შემდეგ მე გადაჭრით არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,
რითი დავხმარებოდი მამაჩემს, - მინდოდა კი მეშველა. ასეთ ფიქრებში ერთხელაც
ჩამეძინა... ჩამეძინა მამის ხვედრზე მწარე ფიქრებში და ისევ ვხედავ სიზმარში:
დედამიწიდან ვეებერთელა ალი ამოდის, საზიზღარ, მყრალ სუნს ვგრძნობ და მესმის
საშინელი გრგვინვა და მოთქმა ადამიანებისა. ვაკვირდები, ახლოს მივდივარ, ვფიქრობ,
იქნებ მამაჩემსაც მოვკრა-მეთქი თვალი. მოულოდნელად მართლაც გამოჩნდა ზედაპირზე,
მაგრამ ისეთი შავი, თითქოს კუპრში ამოავლესო... ძლივს ვიცანი.
- ოჰ, ვანო, საყვარელო! გამომისყიდე მე აქედან... მანდაური ჩვენი კაპიკი აქ მანეთად
ფასობს...
და ისევ გაუჩინარდა.
შიშისაგან ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. ვწუხვარ, რატომ არ ვკითხე, რითი შემეძლო
დავხმარებოდი? ეგებ, მან იცის. ვდგავარ და საშინელ ცეცხლს მივშტერებივარ, იქნებ
კიდევ მოვკრა-მეთქი თვალი მამას. ამასობაში შევამჩნიე, რომ სადღაც ზევიდან
ცვარ-ნამივით ცრის ცეცხლზე და ცეცხლის ძალაც რამდენადმე კლებულობს. ისევ ფიქრებს
ვეძლევი: ნეტავ, რას ნიშნავს ეს? და მესმის ხმა:
- ეს, ცვარ-ნამივით რომ ეცემა და ცეცხლს აგრილებს, წმინდანთა ლოცვა და მოწყალებანია
მათთვის, ვინც აქ იტანჯება.
მას შემდეგ მეტის გულმოდგინებით გავცემდი მოწყალებას, თეოდორეს, მამაჩემის
სულისათვის და მივხვდი მის სიტყვებსაც: „მანდაური თქვენი კაპიკი აქ მანეთად
ფასობს“. ოღონდ ეგაა, რომ შეძლებული არა ვარ: უფრო მეტს გავცემდი მოწყალებაში,
მაგრამ არაფერი გამაჩნია“.
ასე დაასრულა მოხუცებულმა თავისი შესანიშნავი მოთხრობა.
ლოთის აღსასრული
ლეუშინსკის მონასტრის იღუმენია თაისი თავის მოგონებაში ასეთ შემთხვევაზე
მოგვითხრობს:
- ერთხელ მამა იოანე კრონშტადტელთან ერთად ნიკოლაევსკის ხიდზე მივემგზავრებოდით,
მეეტლეს ებრძანა სანაპიროზე მარცხნივ გადაეხვია. როდესაც ეტლი ხიდზე სამლოცველოს
გაუსწორდა, დავინახეთ გვერდით სანაპიროს გასწვრივ, მარცხენა მხრიდან მიცვალებულს
მიასვენებდნენ; დროგი მიცვალებულით ერთ ცხენს მიჰქონდა, პროცესია რვა ან ათ კაცს
მოიცავდა, რის გამოც თითოეული კარგად ჩანდა. უცებ მოძღვარს სახე შეეცვალა: იგი
დაჟინებით უმზერდა მსვლელობას და რამდენადაც პროცესია სანაპიროზე ჩვენს გასწვრივ
მიდიოდა, ჩემგან მხარმარცხნივ, მოძღვარი იძულებული იყო ჩემსკენ გადმოხრილიყო, რის
გამოც შეუძლებელი იყო, არ შემემჩნია ცვლილება მის სახეზე. ბოლოს პროცესიამ შეუხვია,
მოძღვარიც რამდენადმე დამშვიდდა და იწყო პირჯვრის წერა. „რა საშინელია ლოთების
სიკვდილი“, - მომმართა მე. ვვარაუდობდი რა, რომ მამა იოანე იცნობდა მსვლელობის
მონაწილეებს და იმიტომ ამბობდა განსვენებულზე, დავეკითხე: „თქვენ იცნობდით მას,
მამაო?“ მან კი მიპასუხა: „ისევე, როგორც შენ“. ვერას მივხვდი რა, განვუმარტე, რომ
პროცესიის მონაწილეთაგან არავის ვიცნობდი. „მეც ასევე, - მითხრა მან, - მაგრამ
ვხედავ ეშმაკებს, რომლებიც ხარობენ ლოთის წარწყმედით“.
ღვთისმგმობის გამოცხადება იმა ქვეყნიდან
არსებობს სარწმუნო გადმოცემა, რომ XI საუკუნის ბოლოს მცხოვრები დოქტორ რაიმონდ
დიორი, კაცი სწავლული, მაგრამ მოხიბლული საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენით
ღვთისგმობამდე მივიდა. ასეთ ყოფაში მას სიკვდილმა მოუსწრო და როდესაც მეგობრებს
მიცვალებული სამარისკენ უნდა წაესვენებინათ, მოულოდნელად იგი წამოდგა და თქვა: „მე
ახლა ღვთის სამსჯავროზე უნდა წარმადგინონ“, - და ისევ მოკვდა. რაღაც დროის შემდეგ
კვლავ წამოდგა და წამოიძახა: „ღვთის სამართლიან სამსჯავროზე მე განკითხულ ვიქმენ“,
რომლის შემდეგაც ისევ დავარდა სასიკვდინე სარეცელზე. ბოლოს უკანასკნელად წამოდგა
და თქვა: „ღვთის სამართლიან სამსჯავროზე მე უკვე მომეზღო“, - და ამის შემდეგ მას
აღარ გაუღვიძია.
ამ გასაოცარმა მოვლენამ ჰერბიპოლენელი ეპისკოპოსი ბრუნო, რაიმუნდის მოწაფე და
რამდენიმე მისი ამხანაგი განაწყო, რომ შარტრის განმარტოებაში გასულიყვნენ და თავისი
ძმობისთვის ყველაზე უფრო მკაცრი წესდება შეედგინათ, რომელთაც კარტეზიანელთა ორდენი
ეწოდათ.
ცოდვილთა მტანჯველი აღსასრულის შესახებ
ერთხელ ანდრია სალოსი აგონიაში მყოფ დიდად ცოდვილ და მანკიერ ადამიანს ეწვია,
რომელიც ღვთისმგმობლობით გამოირჩეოდა. ანდრიამ დაინახა, რომ მომაკვდავს უფლის
ანგელოსი წარმოუდგა ცეცხლოვანი მახვილით ხელში და ზეგარდამო ბრძანებით იწყო
ცოდვილის ცემა მით, ვიდრე იგი საშინელი ტანჯვით არ მოკვდა. ანგელოსს მხოლოდ ანდრია
და მომაკვდავი ხედავდნენ, სხვებს კი მხოლოდ დარტყმის ხმა ესმოდათ.
ერთხელ ერთი უკეთური წარმართი მხედართმთავარი ასკლიპიოტი შუა ნადიმში მოულოდნელად
ძირს დაეცა და იკლაკნებოდა რა სასტიკი ტკივილისაგან, მოთქმა იწყო: „ვაიმე! სად
არიან წარმართული ღმერთები, ვისაც მე ვეთაყვანებოდი? სადაა ზევსი? სად არის
მერკური? ვაიმე, რამეთუ არ არსებობენ ისინი და ვერ შემეწევიან მე. ხოლო მე კი
ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სამსჯავროზე მივყავარ მას, ვისაც მე ვდევნიდი“. ამის
შემდეგ მან კბილებით საკუთარი სხეულის გლეჯა იწყო, ენის ღეჭვა და ასეთი სასტიკი
ტანჯვით მოკვდა.
უდები ბერი ლოცვამ იხსნა
ზოგჯერ სული ჯერ კიდევ სხეულში ყოფნისას იტანჯება დემონებისაგან, რიგ შემთხვევაში,
ზოგიერთებთან, ის გულისხმაში მოყვანისათვის ხდება, ხოლო სხვებთან მსმენელთა
დასაფიქრებლად.
„მეტისმეტად მოუსვენარი ყრმა თეოდორე, - წერს წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, - ჩემს
მონასტერში არა იმდენად თავისი სურვილით მოვიდა, რამდენადაც გაჭირვების გამო. არაა
გასაოცარი, რომ მისთვის ძნელი მოსასმენი იყო, როდესაც ვინმე ცხონებაზე საუბრობდა;
მას სიკეთის არა თუ მხოლოდ კეთება, არამედ მოსმენაც კი არ შეეძლო. იტყუებოდა რა,
მრისხანებდა რა, ილანძღებოდა რა, ამით აჩვენებდა, რომ წმინდა ცხოვრებას იგი
არასდროს შეუდგებოდა. ჭირიანობის დროს, როდესაც მრავალნი იხოცებოდნენ, მას გვერდი
დაუსნეულდა და სიკვდილს უყურებდა თვალებში. სასიკვდინე სარეცელზე ძმები შეიკრიბნენ,
რომ მისი სულის განსვლის ჟამს ელოცათ. მისი სხეული უკვე გაშეშდა, სიცოცხლე ოდნავ
ოდნავ ფეთქავდა მკერდში. ძმებიც გულმოდგინედ ლოცულობდნენ, რაკი სიკვდილის
მოახლოებას ხედავდნენ. მოულოდნელად მან ძმებს დაუწყო ძახილი, ისე რომ ლოცვასაც კი
აწყვეტინებდა: „გამშორდით, - ყვიროდა ის, - გამშორდით! გველს გადამცეს შესაჭმელად
და თქვენი ლოცვის გამო მას არ ძალუძს შეჭმა. აი, მან ჩემი თავი მოაქცია ყბებს
შორის... თავი მანებეთ, რომ მან მეტი აღარ მტანჯოს; დე, რაც სურს დამმართოს. თუკი
შესაჭმელად ვარ მიცემული, თქვენს გამო რისთვისღა ყოვნდება?“ მაშინ ძმებმა მიმართეს:
„რას ამბობ, ძმაო? პირჯვარი გადაიწერე“ – „მსურს გადავიწერო, - უპასუხა მან, მაგრამ
არ ძალმიძს: ამ გველის ქერცლი მთრგუნავს მე.“ ამის გაგონებაზე ძმები ქვე დაემხნენ
და კიდევ უფრო მეტის გულმოდგინებით და თვალაცრემლებით იწყეს ლოცვა ძმის
დახსნისათვის. და აი, სნეულმა კიდევ ერთხელ აიმაღლა ხმა: „მადლობა ღმერთს! გველი,
რომელმაც ჩემი გადაყლაპვა იწყო, გაიქცა, - ვეღარ შეძლო გაჩერება თქვენი ლოცვების
გამო. ილოცეთ ახლა ჩემთა ცოდვათა გამო, რამეთუ მზად ვარ მოვიქცე და გადავწყვიტე
დავტოვო ამსოფლიური ცხოვრება“. მომაკვდავი ადამიანი დაუბრუნდა სიცოცხლეს და მთელი
გულით მოიქცა ღვთისაკენ. სულიერად შეცვლილი, იგი დიდხანს იტანჯებოდა ჭრილობებისაგან
და ბოლოს სული თვისი ჩააბარა ღმერთს.“
ერთი საათი ჯოჯოხეთში
ერთი პარალიზებული ბერი, სულმოკლეობაში ჩავარდა და ქვითინით შეევედრა უფალსა და
მფარველ ანგელოსს, სამანი დაედოთ მისი ტანჯული ცხოვრებისათვის.
- კეთილი, - უთხრა სნეულს ჩვენებით გამოცხადებულმა ანგელოზმა, - უფალმა, რომელიც
გამოუთქმელად სახიერია, შეისმინა შენი ვედრება, იგი სწყვეტს შენს დროებით
ცხოვრებას, ოღონდ ერთი პირობით: დედამიწაზე ერთი წლით ტანჯვის სანაცვლოდ, რითაც
ყოველი ადამიანი განიწმინდება, როგორც ოქრო ცეცხლში, მზადა ხარ სამი საათით
ჯოჯოხეთურ ტანჯვაში იყო? შენი ცოდვები განწმენდისთვის საჭიროებს შენსავ სხეულში
ტანჯვას, კიდევ ერთი წელი უნდა დაჰყო პარალიზებულ მდგომარეობაში, რადგანაც შენთვის,
ისევე როგორც ყოველი მორწმუნისათვის, არაა სხვა გზა ზეცისკენ, გარნა ჯვრიანისა,
რომელიც უცოდველმა ღმერთმა გაკვალა. დედამიწაზე შენ ეს გზა მოგბეზრდა, მაშინ
გამოსცადე ტანჯვა ჯოჯოხეთში მხოლოდ სამი საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, წმ.
ეკლესიის ლოცვით, შენ დახსნილი იქნები.
სნეული ჩაფიქრდა: კიდევ ერთი ტანჯული წელიწადი დედამიწაზე, - ეს საზარლად
ხანგრძლივი პერიოდია. სჯობს ტანჯვის სამი საათი დავითმინო ჯოჯოხეთში, ვიდრე
წელიწადი დედამიწაზე.
თანახმა ვარ, ჯოჯოხეთში! – უთხრა ბოლოს ანგელოსს. ანგელოსმაც მშვიდად ამოართვა სული
და ჩაიყვანა ჯოჯოხეთის სატანჯველში. განშორებისას სანუგეშო სიტყვები დაუგდო: „სამი
საათის შემდეგ მოგაკითხავ“.
ირგვლივ გამეფებულმა წყვდიადმა, სივიწროვემ, ცოდვილთა აუხსნელმა მოთქმა-ვაებამ,
რომელიც ყოველი მხრიდან მოისმოდა, ბოროტ სულების ხილვამ მთელ მათ ჯოჯოხეთურ
უსახურობაში, - საბოლოოდ უბედურ ტანჯულს სულში ენით აუწერელი შიში და უბედურება
ჩაუყენა. მას ყოველი მხრიდან ესმოდა და ეჩვენებოდა მხოლოდ ტანჯვა და მოთქმა და
იოტისოდენა სიხარულის ნაპერწკალიც კი არ ჩანდა ჯოჯოხეთის თვალუწვდენელ უფსკრულში;
ერთი მხოლოდ დემონთა ცეცხლოვანი თვალები ელავდნენ ქვესკნელის უკუნეთში და მხოლოდ
მათი გიგანტური აჩრდილები ჩანდა, რომლებიც მზად იყვნენ მიეჭყლიტათ იგი და ფერფლად
ექციათ თავიანთი ჯოჯოხეთური სუნთქვით. საბრალო ტანჯული აცახცახდა და წამოიყვირა;
მაგრამ მის ყვირილსა და მოთქმას მხოლოდ ჯოჯოხეთის უფსკრული პასუხობდა თავისი შორს
მიმქრალი გამოძახილითა და გეენიური ცეცხლის თრთოლვით, რომელიც აკანკალებული
ტანჯულის სახით წამომართულიყო. მას ეჩვენებოდა, რომ ტანჯვა-ვაების მთელი საუკუნეები
განვლო; წუთი-წუთზე ელოდა ნათლითმოსილი ანგელოსის დაბრუნებას, მაგრამ ანგელოსი არ
ჩანდა. ბოლოს, ტანჯულმა სამოთხისეული ანგელოსის გამოჩენის იმედი დაჰკარგა და
კბილების ღრჭიალით დაიგმინა; მაგრამ არც ამჯერად ისმინა მისი ვინმემ. თითოეული
ცოდვილი, განწირულები ჯოჯოხეთის უფსკრულში, მხოლოდ საკუთარი თავით იყვნენ
დაკავებულნი, მარტოდენ თავისი პირადი ტანჯვით, ხოლო საზარელი დემონები ჯოჯოხეთური
სიხარულით აბუჩად იგდებდნენ ცოდვილთა ტანჯვას.
ბოლოს, ანგელოსური სინათლე მშვიდად განეფინა უფსკრულსა ზედა, სამოთხისეული
ღიმილით მოუახლოვდა ნებაყოფლობით ტანჯულს და დაეკითხა მის მდგომარეობაზე.
- ვერ ვიფიქრებდი, რომ ანგელოსულ ბაგეზეც დაიდებდა ბინას სიცრუე, - ტანჯვისაგან
ჩაწყვეტილი ხმით ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ვნებულმა. – შემპირდი რომ მხოლოდ სამი
საათით დამტოვებდი, მაგრამ აუტანელ ტანჯვაში განვლო წლებმა, ჩაიარეს საუკუნეებმა.
- რას ამბობ: რა წლები, რის საუკუნეები? – მშვიდად მიუგო ანგელოსმა. ჯერ მხოლოდ
ერთი საათი გავიდა, რაც განგეშორე, კიდევ ორი საათი მოგიწევს აქ ყოფნა.
- ორი საათი? – შეშინებული დაეკითხა ტანჯული. – ორი საათი! და მხოლოდ საათმა
განვლო? ოჰ, აღარ შემიძლია მეტის ატანა, ძალა აღარ მაქვს! თუკი შესაძლებელია, თუ
ამაზე ღვთის ნება იქნება, გევედრები: გამიყვანე აქედან! მიჯობს დედამიწაზე წლები,
საუკუნეები ვიტანჯებოდე, თუნდაც უკანასკნელ დღემდე, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
აუტანელია! შემიბრალე! – გმინავდა ტანჯული, განართხამდა რა ხელებს სინათლის
ანგელოსისაკენ.
- ღმერთი, ვითარცა მამა წყალობისა და ნუგეშინისცემისა, - პასუხობს ანგელოსი, -
აჩენს შენზედა მადლსა თვისსა, აღგისრულებს თხოვასა შენსა. მაგრამ შენ უნდა იცოდე
და გახსოვდეს რამდენად სასტიკი და აუტანელია ჯოჯოხეთური ტანჯვა.
მონაზვნის მონათხრობი
დაეკითხნენ რა, თუ რამ გადააწყვეტინა მონაზვნობა, ერთმა ღვთისმოსავმა მონაზონმა
შემდეგი გვიამბო: „ჩემი დედ-მამა სრულიად ურთიერთგანსხვავებულ ცხოვრებას მისდევდა.
მამა მშვიდი და თავმდაბალი იყო, მაგრამ სუსტი და ავადმყოფური აღნაგობისა; იგი
დღე-მუდამ სულის ცხონებაზე ზრუნვით იყო დაკავებული, დროის უმეტეს ნაწილს ლოცვასა და
მარხვაში ატარებდა, იშვიათად თუ საუბრობდა ვინმესთან და მოთმინებით იტანდა
ავადმყოფობას. დედაჩემი პირიქით, აღვირახსნილსა და უღირს ცხოვრებას ეწეოდა, იმდენად
ბევრს ლაპარაკობდა, იფიქრებდი, მთელს მის არსებას ერთი მხოლოდ ენა შეადგენდა.
ყველას ეჩხუბებოდა, ლოთობდა, ქონებას სახლიდან ანიავებდა, და ამასთან, ისე განვლო
ცხოვრება, რომ არასდროს ფრჩხილიც კი არ წამოსტკივებია. ასე მიედინებოდა ჩემი
მშობლების ცხოვრება. მათი გარდაცვალების შემდეგ სრულიად ახალგაზრდა დავრჩი, -
მოგვითხრობდა მონაზონი. – ერთ საღამოს ჩავფიქრდი, თუ რომელი მათგანისთვის მიმებაძა:
მამისთვის, რომელიც მშვიდად და თავშეკავებით ცხოვრობდა, მაგრამ მთელი სიცოცხლე
არანაირი სიკეთე არ უნახავს და იგი ავადმყოფობასა და მოწყენილობაში განვლო? სჯობს
ისე ვიცხოვრო, როგორც დედაჩემი ცხოვრობდა, მიკარნახეს ფიქრებმა. როდესაც მე,
შეჩვენებულმა, გულში გადავწყვიტე დედაჩემის გზა ამომერჩია, დაღამდა და დავწექი
დასაძინებლად. სიზმარში ვიღაც მაღალი და საშინელი გამომეტყველებით წარმომიდგა და
მითხრა: „წადი და იხილე ორივე: მამაც და დედაც, შემდეგ კი ამოირჩიე გზა
სურვილისაებრ“. ამის შემდეგ ერთ ვეებერთელა გაშლილ ადგილზე მიმიყვანა და სწორედ იქ
შემიძღვა, სადაც უამრავი ლამაზი ბაღები გადაჭიმულიყო. იქ მამა შემომეგება,
მომეხვია და მაკოცა. გახარებულმა ხელები შემოვხვიე და ვთხოვე, დავეტოვებინე.
„ამჟამად ეს შეუძლებელია, - მითხრა მამამ, - მაგრამ თუ ჩემნაირი ცხოვრებით
იცხოვრებ, შენც აქ მოხვალ“. როდესაც მე თხოვნა დავუწყე, ჩემმა აქ მომყვანმა უკან
გამიყოლა და მითხრა: „წამოდი, გაჩვენო როგორ იწვის დედაშენი ცეცხლში, რათა იცოდე
როგორ წარმართო შენი ცხოვრება“. მან მე გავარვარებული ღუმელი მაჩვენა და მოთუხთუხე
ფისი; საზარელი არსებები იდგნენ ღუმელთან. მე ღუმელის სიღრმეში შევიხედე და
დედაჩემი დავინახე: იგი კბილებს აღრჭენდა, ცეცხლში იწვოდა, - გულისამრევი
სიმყრალე იფრქვეოდა მის ირგვლივ. თვალი მომკრა თუ არა, მაშინვე შესძახა ქვითინით:
„ვაიმე, შვილო ჩემო! ეს ტანჯვა – ჩემი საქმეების შედეგია; გეენია დავიმკვიდრე უქმი
ცოდვიანი სიამოვნებებისთვის, უბადრუკი მხიარულებებისთვის საშინელი ტანჯვა მომეზღო.
შემიბრალე, შვილო ჩემო! შეწევნისა ხელი აღმიპყარ და გამიყვანე აქედან. ნუ
უგულებელს-ჰყოფ შენი მშობელი დედის ტირილს. ნუ მომიძაგებ მე, ვიღუპები გეენიის
ცეცხლში!..“ არანაირად არ შემეძლო რა დედას დავხმარებოდი, თავადაც დავიწყე მოთქმა
და ტირილი. ქვითინმა ჩემი შინაურები გააღვიძა; ისინი მეკითხებოდნენ, თუ რად
მოვთქვამდი ასე მწარედ. მე ყველაფერი ვუამბე, რაც ვიხილე. მაშინ გადავწყვიტე, -
დაასრულა მონათხრობი მონაზონმა, - მამაჩემისეულ ცხოვრებას შევდგომოდი,
გულისხმა-მიყო რა მოწყალემან უფალმან, თუ რა საშინელი სატანჯველია გამზადებული
ცოდვილთათვის.“
მხედარ ტაქსიოტის მიერ ჯოჯოხეთის ხილვა
ჩრდილო აფრიკის ქალაქ კართაგენში ცხოვრობდა ერთი ადამიანი, სახელად ტაქსიოტი. ის
მხედარი იყო. თავის ცხოვრებას იგი უდიდეს ცოდვებში ატარებდა.
როდესაც კართაგენში ეპიდემია გაჩნდა, ტაქსიოტმა შიში იგრძნო და გონს მოეგო. იგი
სინანულში ჩავარდა, ცოლთან ერთად დატოვა ქალაქი, სოფელში გადასახლდა და მდუმარებას
მიეცა.
ცოტა ხნის შემდეგ მან ერთი გლახაკის ცოლთან იმრუშა, რომელიც მის მიწას იჯარით
ამუშავებდა და მასთან ერთ სოფელში ცხოვრობდა.
ამ ცოდვიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ტაქსიოტს გველმა უკბინა და მოკვდა.
სოფლის შორიახლოს მამათა მონასტერი იყო. ტაქსიოტის ცოლმა ბერებს სთხოვა, მისი ქმარი
მონასტერში გადაესვენებინათ და ეკლესიაში დაეკრძალათ.
და აი, მათაც დილის ცხრა საათზე მიწას მიაბარეს ტაქსიოტის გვამი.
როდესაც სამმა საათმა მოაწია, საფლავიდან საზარელი გმინვა მოისმა:
- შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე!
ბერებმა სასწრაფოდ გათხარეს საფლავი და ტაქსიოტი ცოცხალი აღმოჩნდა.
განცვიფრებული მამები ტაქსიოტს ეკითხებოდნენ, რა დაემართა და როგორ გაცოცხლდა.
მაგრამ ტაქსიოტი ძლიერ ტიროდა და არაფრის თქმა არ შეეძლო. იგი მხოლოდ ერთს ითხოვდა
ყველასგან, რათა ღვთის მონასთნ, ეპისკოპოს ტარასისთან მიეყვანათ.
და მართლაც მკვდარყოფილი ეპისკოპოსთან მიიყვანეს, რომელიც სამი დღე ეცადა
ტაქსიოტისგან გაეგო, თუ რა იხილა მან.
ტაქსიოტმა მხოლოდ მოეთხე დღეს შეძლო ალაპარაკებულიყო.
- როდესაც მოვკვდი, - თქვა ტაქსიოტმა, - რომელიღაც ეთიოპიელები დავინახე, რომელნიც
ჩემს შორიახლოს იდგნენ. შესახედაობით ძალზედ შიშისმომგვრელნი იყვნენ, სული ჩემი
ფრთხოდა და იტანჯებოდა. შემდეგ ორი ჭაბუკი ვიხილე მშვენიერზე უმშვენიერესი და სული
ჩემი ხელთა მათთა შინა შეფრინდა.
და მაშინვე ჩვენ, თითქოს მივფრინავთო, ვიწყეთ მიწიდან ზეცად ამაღლება. შემოგვხვდა
საზვერეები, რომელიც ყოველ ადამიანს აბრკოლებდა აღმასვლაში და თითოეული საზვერე
სტანჯავდა თავისი ცოდვისთვის: ერთი – სიცრუისთვის, მეორე – შურისთვის, სხვა –
სიამაყისთვის...
და მე ვიხილე ყველა ჩემი კეთილი საქმე პატარა სკივრში, რომელიც ანგელოსებს ხელთ
ეპყრათ; თითოეულ საზვერეში ისინი სკივრიდან კეთილ საქმეებს იღებდნენ და მით
აქარწყლებდნენ ცოდვებს. ასე განვლეთ საზვერეები. როდესაც უკვე ცის კარს
ვუახლოვდებოდით, შევედით მრუშობის საზვერეში. იქ დადარაჯებულმა დემონებმა
შემაჩერეს და ყველა ჩემი მრუშობის ცოდვა გამოამზეურეს, რომელიც კი ბავშვობიდან
სიკვდილამდე ჩამედინა.
ჩემმა თანმხლებმა ანგელოსებმა მითხრეს:
- ყველა შენი ცოდვა მრუშებისა, რომელიც კი ქალაქში ჩაიდინე, მოგეტევა, რადგანაც
შეინანე.
მაგრამ დემონებმა შემიბღვირეს და მითხრეს:
- მაგრამ ქალაქი რომ დატოვე და სოფელში გადასახლდი, შენ გლეხის ცოლთან იმრუშე.
ამის გაგონებაზე ანგელოსებმა კეთილი საქმე ვეღარ ნახეს, რათა ეს ცოდვა
გაექარწყლებინათ და განმშორდნენ მე.
მზაკვარმა სულებმა შემიპყრეს, მიწყეს ცემა და ქვევით ჩამიყვანეს. დახეთქილ მიწაში,
ვიწრო და მყრალი ჭაბურღილების მიერ მოვხვდი ჯოჯოხეთის ქვესკნელში. იქ ცოდვილთა
სულები არიან ჩამწყვდეულნი უკუნ წყვდიადში, სადაც მათ არა აქვთ შვება, არამედ –
ტანჯვა დაუსრულებელი, ტირილი უნუგეშო და გამოუთქმელი ღრჭენაჲ კბილთა. იქ ყოველთვის
ძლიერ მოსთქვამენ:
- ვაჲ ჩვენდა, ვაჲ! ვაჲ, ვაჲ!
იქაური უბედურების გამოთქმა შეუძლებელია და ვერ ავხსნი იმ ტანჯვას, რაც მე იქ
ვიხილე. ისინი მოთქვამენ და არავის ებრალება, ტირიან და არ სჩანს მანუგეშებელი,
ითხოვენ და არავინ უსმენს, არც არავინ დაიხსნის.
და მეც მათთან ერთად ვიყავი ჩამწყვდეული ამ უკუნეთში. ვტიროდი და მოვთქვამდი, ვიყავ
რა დამწყვდეული ცხრიდან სამ საათამდის.
შემდეგ მე მცირე სინათლე ვიხილე და ორი ანგელოსი, რომელნიც იქ მოვიდნენ.
გულმოდგინედ ვუწყე ვედრება, რათა იქედან გავეყვანე და მე მოვასწრებდი, სინანული
გამომეთქვა ჩემი ცოდვების გამო.
ანგელოსებმა მითხრეს:
- ამაოდ გვევედრები, საყოველთაო აღდგომამდე აქედან ვერავინ გავა.
მე კვლავ განვაგრძობდი ვედრებას და აღვუთქვამდი სინანულს.
მაშინ ერთმა ანგელოსმა მეორეს ჰკითხა:
- დაუდგები თავდებად, რომ მართლაც მოინანიებს?
- დავუდგები, - უპასუხა მეორე ანგელოსმა.
და მე დავინახე, რომ ჩემმა თავმდებმა პირველ ანგელოსს ხელი მისცა.
ანგელოსებმა ამომიყვანეს ქვესკნელიდან, შემიყვანეს საფლავში ჩემს სხეულთან და
მითხრეს:
- შედი, საიდანაც გამოხვედ.
და ვიხილე მე სულისა ჩემისა ბუნება, მოელვარე, როგორც ალმასი, ხოლო სხეული, როგორც
ჭაობი, შავი და მყრალი და ვთაკილობდი მასში შესვლას.
მაშინ ანგელოსებმა მითხრეს:
- სხვაგვარად არ ეგების ინანო, თუ არა სხეულში, რამეთუ სხეულთან ერთად სცოდავდი.
მაგრამ მე კვლავ ვედრება ვიწყე ანგელოსის მიმართ, რადგანაც არ მსურდა სხეულში
შესვლა.
- შედი სხეულში, - მითხრეს ანგელოსებმა, - თუ არადა, ისევ იქ დაბრუნდები, საიდანაც
ამოგიყვანეთ.
მეც შევედი სხეულში, გავცოცხლდი და ყვირილი ვიწყე: „შემიწყალეთ მე“.
- შეჭამე რამე, - შესთავაზა ეპისკოპოსმა ტარასიმ ტაქსიოტს.
მაგრამ ტაქსიოტს არ სურდა საჭმელი და იგი მხოლოდ ტაძარში იარებოდა ყოველდღიურად,
სადაც იატაკზე ქვედამხობილი ცრემლითა და ამოოხვრებით შენდობას სთხოვდა ღმერთს. იგი
ყველას უებნებოდა:
- ვაჲ, შემცოდეებს, რამეთუ მათ საუკუკნო სატანჯველი ელით!
- ვაჲ, უნანელებს, - ჯერ კიდევ დროა!
- ვაჲ, საკუთარი სხეულის შემბილწველებს!
ტაქსიოტმა თავისი აღდგომის შემდგომ ორმოცი დღე იცოცხლა. სინანულით განწმენდილს
სიკვდილამდე სამი დღით ადრე ემცნო აღსასრულის შესახებ და ისიც წარდგა მოწყალე და
კაცთმოყვარე უფლის წინაშე, რომელიც შთაიყვანებს ჯოჯოხეთში და ამოიყვანებს იქიდან.
ამინ.
| |