მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

დეკონოზი ვალენტინ ამფითეატროვი


სიტყვა სამარიტელის კვირიაკეს


ერთხელ იესუ ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან საუბრობდა ჭის შორიახლოს. ეს ქალი აშკარად ცოდვას დაეპყრა. მისი სიყმაწვილის საუკეთესო წლებმა ამაო ყოფაში განვლო. წლებთან ერთად მისი ცოდვებიც მატულობდა.

იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სჳნიდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გადმოჰყავს – მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფევლის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს შეეწევა, ან – უშუალოდ, ან – ვინმეს მეშვეობით და დასაღუპად განწირული ადამიანი გადარჩება, მეტიც, შეიძლება სხვებსაც კი მოევლინოს მხსნელად.

სწორედ ასე მოხდა სამარიტელთანაც. იესუ ქრისტესთან საუბარი იმდენად ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ არა მარტო თავად ირწმუნა უფალი, არამედ სამარიტელთა შორის მქადაგებელი შეიქმნა; – აშკარა ცოდვილიდან იგი ქრისტეს ღირსეულ მოწაფედ იქცა.

ჩვენი გადარჩენაც ძალუძს იმას, რამაც ცოდვილი სამარიტელი იხსნა. მაინც რამ, ­ რამ აცხოვნა იგი? რა გზით შეიძლება ირწმუნოს ცოდვილმა და განიკურნოს? ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს იძლევა სახარება.

1. სამარიტელი დედაკაცის შეხვედრა იესუ ქრისტესთან თავდაპირველად სულაც არ ყოფილა სასიამოვნო. მან ცრურწმენისათვის დამახასიათებელი სიუხეშით შეხედა იესუს. მის ალერსიან თხოვნას: „მასუ მე წყალი“ (იოანე 4, 7), – უპასუხა სიტყვებით, რომლებშიც გამოკრთოდა დაცინვა, გაკიცხვა და სიძულვილიც კი. ასეთი გახლდათ ცოდვილის მართალთან შეხვედრის პირველი შთაბეჭდილება.

ცოტა ადამიანი როდი ხელმძღვანელობს გარეგნობით მიღებული შთაბეჭდილებებით. ისინი სამოსელს, სახეს ­ სულის სარკედ მიიჩნევენ, მაგრამ სწორედ აქ იმალება უდიდესი შეცდომა. ხშირად ლამაზი გარეგნობის მიღმა საზიზღარი სისაძაგლე იმალება, გარეგანად ბრწყინვალე ახალგაზრდული იერის საფარქვეშ კი ­ დახავსებული, განუკურნელი ზნეობრივი სიმახინჯე. სწორედ ამგვარი მცდარი შეხედულებებით ზომავდა სამარიტელი დედაკაცი უბრალო, ღარიბულად შემოსილ, დაღლილ იესუ ქრისტესაც, ჭასთან რომ ისვენებდა. მაგრამ რამდენიმე სიტყვამ, მაცხოვარმა რომ მიმართა, მალევე ჰპოვა მასში გამოხმაურება; დედაკაცმა საუბრის კილო შეიცვალა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ დედაკაცს მართალია, ცოდვილი, მაგრამ კეთილი გული ჰქონდა. მას შეეძლო ჭეშმარიტებისგან გარკვეულ შთაბეჭდილებათა მიღება, თუმცა ცრურწმენებით იყო გონდაბნელებული.

მაშ, სახარება მიგვითითებს სარწმუნოების ჭეშმარიტ გზაზე მოქცევის პირველ საშუალებაზე, ­ ესაა უხეში ცრურწმენებისაგან სულის განთავისუფლება და სიყვარულის ძიება, ძიება ცხოვრებაში არა გარეგანი ბრწყინვალებისა, არამედ შინაგანი სიცხადისა. გული კეთილი ­ აი, ადამიანთა ზნეობრიობის ყველაზე ქრისტიანული საზომი.

2. სამარიტელმა ყური მიუგდო იესუ ქრისტეს. იგი მას ცოცხალ წყალზე ესაუბრებოდა. სიტყვები კი ესმოდა, მაგრამ მისთვის გაუგებარი რჩებოდა აზრი. მაცხოვრის საუბარი იქით იყო მიმართული, რომ სული წყურვილს მხოლოდ ღვთიური მადლის ძალით მოიკლავს, მადლით, რომელიც განუწყვეტლივ მოედინება და მისდამი გახსნილ სულებს აურწყებს. ჩვენი ვნებიანი გულისთქმების ყველა სასურველი საგანი წარმავალი, ამაო და უმეტესწილად მატყუარაა. პატივ-დიდება, უპირატესობა ­ ესაა წყალი, რომელსაც სვავ, გულის წყურვილს კი მაინც ვერ გიკლავს. რამდენადაც უფრო მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას მოიპოვებს ადამიანი, რაც უფრო მეტად სჭექს მისი სახელი, მით უფრო გაუმაძღარია მისი ვნება. ყველა გრძნობისმიერი ტკბობა და სიამოვნება ასევე წააგავს წყალს, რომელიც ორთქლდება და უჩინარდება. ამის გამო თქვა მაცხოვარმა: „ყოველი, რომელიც სუმიდეს წყლისა ამისგან“, ამ მიწყივცვალებადი და ამაო სოფლისა „სწყუროდის კუალადცა. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელ მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“ (იოანე 4, 13-14).

ამ ნათქვამში მაცხოვარი ღვთიური მადლის ძალას გულისხმობდა. იგი გონებას სიბრძნეს ანიჭებს, გულს ­ მშვიდობასა და კმაყოფილებას, სიმართლესა და ჭეშმარიტებას. ვინც ამგვარ წყალს სვამს, მას უკუნისამდე არც მოსწყურდება და არც მოშივდება. ადამიანის მხრიდან აუცილებელია მტკიცე სურვილი და მადლის გათავისება. უკვე თავისთავად ეს სურვილი განსწმედს ადამიანს, განაცალკევებს მას ყოფითი ბიწიერებისა და უმსგავსობისაგან.

3. იესუ ქრისტემ გრძნობისმიერ სამარიტელში თავისი საუბრით კეთილი და უმაღლესი სწრაფვა გამოაღვიძა, მაგრამ მარტოოდენ სურვილი ხშირად სულში გაელვებულ ოცნებას, ტკბილ წარმოსახვას, მეტეორს ჰგავს, რომელმაც წამის-ყოფაში უკანმოუბრუნებლად გადასერა სულის ცარგვალი. ჩვენი რწმენისთვის კი რაღაც უფრო მეტია საჭირო. სამარიტელში გაორმაგდა რწმენა, როდესაც მაცხოვარმა მას განვლილი ცოდვიანი ცხოვრების უხამსობა და სიცარიელე დაუხატა:

­ შენ ხუთი ქმარი გყავდა, შენ ახლაც სიცრუე გაქვს სულში, შენში სიტყვა და საქმე შორიშორსაა. მთელი შენი ჩავლილი სიყმაწვილე და დაუბრუნებელი მიმავალი ახალგაზრდობა, ყველაფერი ეს ­ ვნებებია.

თავმოყვარეობა მტკივნეულადაა მოწყლული, მაგრამ სამარიტელს არც თავდაცვა უცდია და არც თავის მართლება. მასში სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარულმა წარსულ ცხოვრებას საბურავი გადახადა. გულისშემუსვრილებით წარმოთქვა: „უფალო, ვხედავ, რამეთუ წინასწარმეტყველი ხარ შენ“ (იოანე 4, 19). ასეა ჩვენთანაც. თავმოყვარეობის საფარველქვეშ, თითქოს, ყველაფერი კეთილდღეობად და სიმართლედ მოჩანს, მაგრამ საკმარისია, საფარველი გადახადო და უმალ გამოჩნდება: მანკიერებათა პირდაღებული უფსკრული, ზნეობრივი არაწმინდება, სირცხვილი და შეძრწუნება.

მაცხოვრის ნათქვამმა საბრალო სამარიტელი დედაკაცი გააოგნა, ­ მაგრამ ეს სიტყვები მადლის სიტყვები იყო, რომელიც დიდი ხანია სწადოდა მის გრძნობას. სამარიტელი იგივეს განიცდიდა ამ წუთში, რასაც ჩვენ განვიცდით, როდესაც დიდ-ხანს წვალებით ძებნილ საგანს სრულიად შემთხვევით წავაწყდებით. იგი იმ ნათელ სიხარულს განიცდიდა, რომლითაც გული აივსება ხოლმე, მეგობართან მოულოდნელი შეხვედრით, რომელსაც გული მოუთმენლად, საიდუმლოდ ელოდა. სულის ამგვარი შეგრძნება, ამგვარი მოძრაობა სულისა არის სწორედ ზეციური, სიხარულისა და კმაყოფილების მარადიული ნეტარი გრძნობა.

4. სახარების დღევანდელი საკითხავი კიდევ ერთ ჭკუის სასწავლებელ ჭეშმარიტებას გვაზიარებს. სახელდობრ, გვასწავლის არავისზე ვიმსჯელოთ გარეგნობით, ერთი მხოლოდ იერით, შესახედაობით. სამარიტელი გარეგნობით თვალშისაცემი ცოდვილი იყო, მაგრამ გულით კეთილგონიერი, კეთილი დედაკაცი აღმოჩნდა. ცოდვას იგი ოჯახში და საერთოდ იმ გარემოში ჰყავდა შეპყრობილი, სადაც იზრდებოდა და ტრიალებდა. ადამიანები, რომელნიც ცხოვრებაში შეხვდნენ, მხოლოდ ცოდვისკენ უბიძგებდნენ და თანამცოდველად ხდიდნენ. სწორედ ამიტომ ეცემოდა იგი აშკარად ცოდვით და უფრო ხშირად კი ფარულად; სინდისის იარები ტკივილებს აყენებდა მას. იგი უეჭველად დაიღუპებოდა. მაგრამ, აი, ღვთიური მცხინვარების სხივმა მისი სულის ჩაბნელებული ტაძარი გაანათა, და საბრალო ცოდვილი განცოცხლდა, ახალი ცხოვრება იწყო, ახლა იგი ბავშვივით სუფთაა. მისმა წარსულმა ცხოვრებამ მხოლოდ დაადასტურა და გაკვეთილი მოგვცა ქრისტეს მადლით სრულყოფილების აუცილებლობაზე, რომლის გარეშეც თითოეული ჩვენგანი სამოსგანძარცულ ადამიანს ჰგავს, იძულებული რომ გამხდარა სინდისნამუსდაკარგული დაეხეტებოდეს ცისქვეშეთში.

ჰოი, უფალო, ჩვენო მაცხოვარო, ღვთისმოსაობის წყლებით დაალტვე მოწყურებული ჩვენი სულები! ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა