მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული


ბიოგრაფია


წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში - გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ორლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს. მამამისი - ვასილი ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის ტაძარში მსახურობდა მღვდლად. დედა, ტატიანა - მღვდლის ოჯახიდან იყო. წმიდანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. გალისხმიერებით გამორჩეულმა ბავშვმა, ღვთის შეწევნით, ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, ასევე წარმატებით დაასრულა მან ჯერ ორლოვის სემინარია, შემდეგ კი - კიევის სასულიერო აკადემია. განმარტოებისაკენ მიდრეკილ გიორგის კიევო-პეჩორის ლავრის ბერებთან და სხვა მოსაგრეებთან ურთიერთობამ მონაზვნობის სურვილი აღუძრა. 1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს, ბერად აღიკვეცა თეოფანეს (რაც "ღვთის განცხადებას’’ ნიშნავს) სახელით. იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
წმიდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო: იგი მოღვაწეობდა კიევო-სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინოპოლის საელჩო ტაძარში; 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაცკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი - ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს.
ნეტარი მღვდელმთავრის სიტყვა და საქმე განუყოფელი იყო, თავისი ცხოვრებით იგი კეთილმსახურების მაგალითს იძლეოდა: უბრალოდ ეცვა, ცოტას ჭამდა, ბევრს ლოცულობდა, უხეშ და ქედმაღლურ სიტყვას მისგან ვერავინ გაიგონებდა, უნდობლობა ადამიანის შეურაცხყოფად მიაჩნდა, უსაზღვროდ ენდობოდა მასზე დაქვემდებარებულებს და ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა.
წმიდა თეოფანე აღადგენდა ტაძრებს, ზრუნავდა დაბალი ფენების განათლებაზე, ხსნიდა სამრევლო სკოლებს, ეხმარებოდა უმწეოებს და გაჭირვებულებს.
ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებდა, თავად უსაზღვროდ უყვარდა ყველა, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ სარბიელზე უკვე შვებას ვერ პოულობდა. 1866 წლის 17 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე წმიდა თეოფანე ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს და ვიშის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს. უკანასკნელ წირვაზე, ვლადიმირში, მან სამწყსოს ასე მიმართა: "ღვთის გულისათვის, შემინდეთ, რომ გტოვებთ. მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე... მე ვილოცებ თქვენთვის... უფალს მიენდეთ’’.
ვიშის უდაბნოში ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში წმიდა თეოფანეს მთავარი საქმიანობა ლოცვა და ღვთისმსახურება იყო. იგი გულღიად ხვდებოდა ახლობლებს, გულმოდგინედ უსმენდა რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და მოძღვრავდა მათ.
1872 წელს, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. თავისთან ღებულობდა მხოლოდ  მოძღვარს, უდაბნოს წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს და თავის მორჩილს - მამა ევლამპის. წმიდანმა თავის ერთ სენაკში მოაწყო ტაძარი ღვთის განცხადების სახელზე, სადაც საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულ დღეებში, ხოლო ბოლო 11 წლის განმავლობაში - ყოველდღე. წმიდანის ძირითადი მოვალეობა ლოცვა იყო: ზოგჯერ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ლოცულობდა დაუსრულებლივ. წმიდანს სენაკში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ავსებდა - თავისი პენსიის დიდ ნაწილს იგი სწორედ წიგნების შეძენას ახმარდა. ამ ბიბლიოთეკაში საერო წიგნებსაც შეხვდებოდით, "მოთხრობები და რომანები? მათ შორისაც არის კარგები”, - წერდა წმიდანი. კარგებად ის კაცობრივი გონების იმ ნაყოფებს მიიჩნევდა, რომლებიც ბუნებასა და ისტორიაში ღვთაებრივი სიბრძნის, მადლმოსილების, ჭეშმარიტებისა და ადამიანებზე უფლის მზრუნველობის კვალზე მიგვანიშნებენ.

ღირსი თეოფანე სამეცნიერო-ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო ღვაწლშიც იყო. იგი ეცნობოდა უამრავ ნაშრომს რუსულ და უცხო ენებზე, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებდა, შემდეგ დიდხანს ლოცულობდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერას.
დაყუდებაში მყოფი მეუფე თეოფანე მნახველებს არ ღებულობდა, მაგრამ ფოსტას მასთან ყოველდღე 20-40 წერილი მიჰქონდა, რომლებშიც სულიერად შეჭირვებულები თავიანთ სატკივარს უმხელდნენ მას და რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ. წმიდანი მოკლე და უმნიშვნელო წერილებსაც კი არ ტოვებდა უპასუხოდ.
ლოცვასა და გონებრივ სამუშაოს შორის შუალედებში წმიდანი ხელსაქმობდა. იგი მშვენიერი ხატმწერი იყო. მის სენაკში აღმოჩნდა მიკროსკოპი, ტელესკოპი, ფოტოაპარატი, წმიდანს ჯერ ფისგარმონზე, შემდეგ კი ვიოლინოზე და კვრითაც უცდია განტვირთვა.
წმიდანმა ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი; მიიცვალა 1894 წლის 6 იანვარს - საოცარი დამთხვევაა! - სწორედ უფლის განცხადების დღესასწაულზე. როცა მორჩილი მის სენაკში შევიდა, იგი მშვიდად იწვა თავის საწოლზე, მარცხენა ხელი გულზე დაედო, ხოლო მარჯვენა ხელის თითები თითქმის სამღვდელმთავრო კურთხევისათვის გაემზადებინა. როცა საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულ წმიდანს მღვდელმთავრის სამოსელს აცმევდნენ, ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაკრთა ღიმილი მის სახეზე.
წმიდა მამის მორჩილმა ევლამპიმ ვერ გაუძლო მოძღვართან განშორების მწუხარებას - ორ კვირაში ისიც მიიცვალა.
ღირსი თეოფანე უანგარო მოღვაწე იყო. თავის ნაშრომებში ის საზღაურს არ იღებდა, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარები ეგზავნებოდა,რომლებიც გასაჩუქრებისათვის იყო განკუთვნილი.