თეოდორიტე კვირელი
საეკლესიო ისტორიაწიგნი მესამე
თ ა ვ ი I [152]კონსტანციუსი შეწუხებული და მგლოვიარე გავიდა ამ ცხოვრებიდან, რადგან ზურგი შეაქცია მამისეულ რწმენას. როდესაც იულიანე ევროპიდან ასიაში გადადიოდა, მან შეიტყო კონსტანციუსის გარდაცვალება, და რადგან მოწინააღმდეგე არავინ ყავდა, ძალა მოეცა და მიიღო საიმპერიო ძალაუფლება. როდესაც მოწიფულობის ასაკს ცოტა აკლდა, და როდესაც ჭაბუკი იყო, იმავე [მოძღვრებას] იზიარებდა. მაგრამ ეშინოდა კონსტანციუსის, რადგან მან ძალაუფლების მიტაცების შიშით ამოწყვიტა მისი ნათესავები. იგი მკითხველთა245 დასში იყო აღრაცხული და საეკლესიო წიგნებს უკითხავდა ერს. იგი აგებდა მოწამეთა საფლავებს, მაგრამ მოწამეები არ ღებულობდნენ, რადგან წინდაწინ ჭვრეტდნენ უღმერთობისაკენ მის გადადრეკას. მისი ზრახვის მიბაძვით მტკიცე არ იყო საძირკვლები და მის კურთხევამდე დაინგრა. ეს იყო მისი ადრეული ასაკის საქმეები, ხოლო მომდევნო ასაკისა აღარ იყო ასეთი.
თ ა ვ ი II იულიანემ ეს კარგად იცოდა და არ ამხელდა სულის ურჯულოებას. ყველას იზიდავდა კეითილგანწყობის მოსაპოვებლად და ბრძანა, კონსტანციუსის მიერ განდევნილი და მსოფლიოს უკიდურესი მხარეებში გადასახლებული ეპისკოპოსები დაებრუნებინათ თავიანთ ეკლესიებში. როდესაც ეს კანონი გამოსცა, ანტიოქიაში დაბრუნდა საღვთო მელეტი, ალექსანდრიაში კი - მრავალსაგალობელი ათანასე"248.
თ ა ვ ი III როდესაც იულიანემ გააცხდა თავისი უღმერთობა, ქალაქები ამბოხებებით აღივსო. რადგან გათამამდნენ კერპთა საცთურს დამონებული ადამიანები, გააღეს კერპთა საკურთხვლები და აღასრულებდნენ იმ საძაგელ და დავიწყების ღირს საიდუმლოებებს. სამსხვერპლოზე ცეცხლი ააგიზგიზეს, მიწა მსხვერპლის სისხლით შებღალეს, ჰაერი მსხვერპლის სუნითა და ვვამლით წაბილწეს. მათ მიერ თაყვანისცემული დემონებისგან ცნობამიღებულები, გაცოფებულები და გაშლეგებულები ქუჩებში დაეხეტებოდნენ. წმინდანებს მანჭვა-გრეხითა და ტაკიმასხარობით თავს ესხმოდნენ, ძაგებისა და დაცინვის არცერთ სახეობას არ აკლებდნენ.
თ ა ვ ი IV ამ დროს ურჯულოთა მხრიდან კეთილმსახურთა წინააღმდეგ ყველგან მიწაზეც და ზღვაზეც სხვა ათასი დანაშაული იქნა ჩადენილი. რადგან ღვთისმოძულე ღიად გამოსცემდა კანონებს კეთილმსახურების წინააღმდეგ.
თ ა ვ ი V [160]ამ დროს ჭეშმარიტების უძლეველი მორკინალი ათანასე სხვა საფრთხეში ჩავარდა. რადგან დემონებმა ვერ აიტანეს ათანასეს ენისა და ლოცვის ძალა, თავიანთი მსახურები მის წინააღმდეგ საძაგებლად შეჭურვეს. მრავალი სხვა ხმებიც დაუყარეს, ითხოვდნენ "უღმერთობის წინამძღოლის", ათანასეს განდევნას, და ამასაც დასძენდნენ: "თუ ათანასე დარჩება, არცერთი ელინი არ დარჩება, არამედ ყველა საკუთარ ქვეყანაში გადასახლდება". იულიანემ შეიწყნარა ეს ვედრებები და ბრძანა ათანასეს არა მხოლოდ გაძევება257, არამედ განადგურებაც. როდესაც [მისი] მიმდევრები დაფრთხნენ, ამბობენ, რომ იწინასწარმეტყველა ამ ხმაურის სწრაფად დაცხრომა, მას უწოდებდა დრუბელს, რომელიც მალე გაქრებოდა. თუმცა, დაუთმო და გამოგზავნილ პირებს აუწყა, რომ წავიდოდა. მდინარის ნაპირთან მონახა ბორანი და თებელთა მხარეში გაემგზავრა. მის განადგურებაზე ბრძანების გამცემმა, როდესაც შეიტყო მისი გაქცევა, მთელი ძალით დაედევნა. როდესაც ერთმა მისმა ნაცნობმა დაასწრო და მას უთხრა, რომ მოსდევდნენ, მასთან ერთად მყოფთაგან ზოგიერთი ევედრებოდა, უდაბნოში გარიდებოდა, მაგრამ მან მესაჭეს უბრძანა, ალექსანდრიისკენ მიემართა ბორანი. როდესაც ასე მდევნელის შესახვედრად მიდიოდნენ, მოვიდა სიკვდილის ბრძანების მიმღები და იკითხა: "რამდენად შორს არის ათანასე?" მან მიუგო, რომ ის ახლოს იყო; იგი გაგზავნა, თავად კი ალექსანდრიაში ჩავიდა და იულიანეს დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში იქ იმალებოდა.
თ ა ვ ი VI
თ ა ვ ი VII [162]იულიანემ ვერ აიტანა იქ მისთვის მიყენებული სირცხვილი და მეორე დღეს ბრძანა ამ ქოროს წინამძღოლთა შეპყრობა. იმ დროს პრეფექტი იყო სალუსტიუსი, თუმცა ურჯულოებას იყო დამონებული, სურდა, ტირანი დაერწმუნებინა და არ დაეშვა, რომ დიდების მაძიებელ ქრისტიანებს მიეღოთ მათთვის საწადელი. მაგრამ როდესაც ხედავდა, რომ იმპერატორს არ ძალუძდა გულისწყრომის დაოკება, ერთი ყმაწვილი, საღვთო შურით შემკული, აგორაზე მიმავალი შეიპყრო, სახალხოდ ძელზე ჩამოკიდა და ტყავის შოლტებით ზურგს უფლითავდა, ბრჭყალებით კი ფილტვები დაუგლიჯა. ამას იქმოდა დილიდან მოყოლებული დღის დასასრულამდე. შემდეგ მას რკინის ბორკილი დაადო და ბრძანა მისი დაცვა. დილით ეს იულიანეს შეატყობინა, ყმაწვილის სიმტკიცეზეც აუწყა, ეუბნებოდა, რომ რაც მოხდა, მათთვის მარცხი იყო, ხოლო ქრისტიანებისთვის - სახელი. ასე დარწმუნდა ღვთისმოძულე და ამგვარად აკრძალა სხვების ვნება. თუმცა, ბრძანა თეოდორეს (ასე ერქვა ამ ყმაწვილსა და ჭეშმარიტების ნამდვილ მორკინალს) საპყრობილეში ჩამწყვდევა. ზოგიერთმა ჰკითხა მას, თუ გრძნობდა წუხილს, როდესაც ამ მწარე და სასტიკ ტანჯვა-წამებას იტანდა. მან მიუგო, რომ პირველად მცირე ტკივილს გრძნობდა, შემდეგ კი ვიღაც გამოეცხადა, ნაზი და გრილი ტილოთი განუწყვეტლად უწმენდდა სახიდან ოფლს და ამხნევებდა. ამბობდა: "ამიტომ, როდესაც ჯალათებმა შეწყვიტეს [წამება], არა თუ მეამა, არამედ დამტანჯა. რადგან წავიდა სულის სიმხნევის მომტანი". ცრუ მჩხიბავმა დემონმა აღაზევა მოწამის სახელი და გამოააშკარავა საკუთარი სიცრუე. ციდან მეხი ჩამოვარდა და მთელი საკურთხეველი დაწვა, და თვით პითიას ქანდაკება უწვლილეს მტვრად აქცია, რადგან იყო ხის და გარედან მოოქროვილი. ეს იულიანეს [163]ბიძამ იულიანუსმა შეიტყო. რიჟრაჟი იყო. მან სწრაფად გაქუსლა და დაფნაში ჩავიდა, ესწრაფოდა მათთვის სათაყვანებელი ღმერთის დაცვას. როდესაც იხილა, რომ ღმერთად წოდებული ფერფლად იყო ქცეული, ტაძრის მცველები აწამა, ფიქრობდა, რომ რომელიმე ქრისტიანმა დაწვა. მათ კი წამებისას აღარ შეეძლოთ სიცრუის თქმა. თქვეს, რომ ხანძარის სათავე არათუ ქვემოდან, არამედ ზემოდან იყო. ასევე მახლობელი სოფლების მაცხოვრებლებიდან მოსული ზოგიერთი ამბობდა, რომ იხილეს ზეციდან მეხის დაცემა.
თ ა ვ ი VIII უღმერთოებმა შეიტყვეს ეს ამბები და აღიჭურვნენ ყოვლიერების ღმერთის წინააღმდეგ. ტირანმა ბრძანა წმინდა საჭურჭლის საიმპერიო ხაზინაში გადაცემა და კონსტანტინეს მიერ აგებული დიდი ეკლესიის კარის აჭედვა, და მათთვის, ვინც იქ იკრიბებოდა, შეუვალი გახადა. იმ დროს იგი არიოზის მიმდევრებს ეჭირათ. იულიანესთან ერთად ღვთის ტაძარში შევიდა აღმოსავლეთის პრეფექტი, იმპერიის ხაზინადარი ფელიქსი, ელპიდიოსი, იმპერატორის ფულისა და ქონების განმგებლობის თანამდებობის მქონე, რასაც რომაელები ჩვეულებით უწოდებენ "Comes privalarum"- ს259. ამბობენ, ფელიქსიც და ელპიდიოსიც ქრისტიანები იყვნენ და უღმერთო იმპერატორის გასახარად განუდგნენ კეთილმსახურებას. იულიანემ წმინდა ტრაპეზს მცველი მიუჩინა, ხოლო როდესაც ევძოიოსმა ხელის შეშლა სცადა, ლოყაში გაარტყა, ამბობენ, უთხრა, რომ ქრისტიანთა [საქმეები] საღვთო მზრუნველობისაგან გაუდაბურებული იყო. როდესაც ფელიქსმა ტაძრების საჭურჭლეთა სიმდიდრე იხილა, რადგან კონსტანტინემაც და კონსტანციუსმაც [164]ამით უხვად შეამკეს, თქეა: "აჰა, როგორი ჭუჭლით ემსახურებიან მარიამის ძეს".
თ ა ვ ი IX ანაზდად იულიანუსი მძიმე სენმა მოიცვა, შიგნეულობა დაულპა, განავალი კი გამოყოფის ორგანოებიდან მეტად აღარ გამოსდიოდა, არამედ მისი ბილწი პირი, რომელიც გმობის ორგანოდ გაეხადა, იქცა განავლის გამოყოფის ორგანოდ. ამბობენ, მისმა რწმენით გაბრწყინებულმა ცოლმა მეუღლეს უთხრა: "ქმარო, გმართებს, უგალობო მხსნელ ქრისტეს, რადგან განსწავლის მეშვეობით გიჩვენებს შენ თავის ძალას. რადგან ვერ გაიგებდი, ვის ეომებოდი, მისთვის ჩვეული სულგრძელობით რომ იქცეოდეს და არ გიგზავნიდეს შენ ამ დვთივმოვლენილ დარტყმებს". ამ სიტყვებიდან და მისი ვნებებისგან ეს უბადრუკი მიხვდა სენის მიზეზს. იმპერატორს შეევედრა, უკან დაებრუნებინა ეკლესია მათთვის, ვისაც ეს წაართვა, მაგრამ ვერ დაარწმუნა და თვითონაც მიიღთ ცხოვრების აღსასრული. მაგრამ უცაბედად ფელიქსმაც იგემა ღვთივმოვლენილი შოლტი: მთელი დღეები და ღამეები პირიდან სისხლი სდიოდა, დრუებიდან ყველა მხრიდან პირის ამ ორგანოში ჩაედინებოდა. როდესაც ასე მთელი სისხლისგან დაიცალა, იგიც ჩაქრა და საუკუნო სიკვდილისკენ გაემგზავრა. ასე რომ, მათ ურჯულოებისთვის ასეთი სასჯელი მიეზღოთ.
თ ა ვ ი X [165]ერთი ყმაწვილი, მღვდლის ვაჟიშვილი, რომელიც ურჯულოებაში ცხოვრობდა, იმ დროს გადავიდა კეთილმსახურთა დასში. რადგან მისი დედის ახლობელი იყო ერთი ქალი, კეთილკრძალულებით გამოჩენილი და დიაკონისას მადლით ღირსქმნილი. როდესაც იგი თავის დედასთან ერთად მასთან დადიოდა, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი იყო. ეს ქალი თბილად ღებულობდა და კეთილმსახურებისაკენ შეაგონებდა. როდესაც დედა აღესრულა, ყმაწვილი მასთან მივიდა და ამ ქალისთვის მახლობელი მოძღვრებით დატკბა. და როდესაც რჩევები მყარად შეიწყნარა, მოძღვარს260 ჰკითხა, თუ რა გზით შეძლებდა, გაქცეოდა მამის სიშლეგეს და ზიარებოდა მისგან ნაქადაგებ ჭეშმარიტებას. მან მიუგო, რომ საჭირო იყო მამას გაქცეოდა და უპირატესობა მისი და თავისი შემოქმედისთვის მიენიჭებია; სხვა ქალაქში ჩასულიყო, რომეღლიც შეძლებდა დამალვას და დაუსხლტებოდა ურჯულო იმპერატორის ხელს; იგი შეპირდა, რომ მასზე იზრუნებდა. მაშინ ყმაწვილმა თქვა: "შემდეგ მოვალ და ჩემ სულს შენ ჩაგაბარებ". გამოხდა მცირე ხანი. იულიანე დაფნაში სახალხო ნადიმობის აღსასრულებლად ავიდა. მასთან ერთად ავიდა მისი მამაც, რომელიც იყო ქურუმი და როგორც წესი იმპერატორს თან ახლდა, ხოლო მამასთან ერთად იქ ისიც და მისი ძმაც იმყოფებოდა, რადგან ტაძრის ზედამხედველებად იყვნენ დადგენილი და იმპერატორის კერძებს ასხურებდნენ. წესად იყო დაფნაში შვიდი დღე დღესასწაულობა. ამრიგად, პირველ დღეს იგი იმპერატორის სარეცელთან იდგა და ჩვეულებისამებრ ასხურა კერძებს, ისინი სიბინძურით აავსო, და გაიქცა. ჩავიდა ანტიოქიაში და ამ საკვირველ ადამიანთან მივიდა, და უთხრა: "მე შენთან მოვედი, პირობა არ გავტეხე. შენ კი თითოეულის ხსნაზე იზრუნე და აღთქმა შეასრულე". იგი მყისვე [166]ადგა და ყმაწვილი ღვთის კაცთან, მელეტისთან მიიყვანა. მან უბრძანა, ჯერხანად ზედა ოთახში ეცხოვრა. მამა კი ეძებდა შეილს, მოიარა დაფნა და ქალაქში წავიდა. დადიოდა ქუჩებსა და ბილიკებზე, ყველგან მოავლო თვალი, ესწრაფოდა მისი კვალის მიგნებას. შემდეგ იმ ქვეყანაში მოხვდა, სადაც ცხოვრობდა საღვთო მელეტი. და დაინახა, როდესაც იგი მოაჯირიდან იყურებოდა. გაიქცა, მოკიდა ხელი და ქვემოთ ჩამოიყვანა, და სახლში წაიყვანა. ჯერ მას მათრახით ძლიერ სცემა, შემდეგ შამფურები გაახურა და ხელებზე, ფეხებსა და ზურგზე დაადო. შემდეგ ოთახში დაამწყვდია და გარედან ბოქლომი დაადო. თვითონ დაფნაში ავიდა. ეს მე მოხუცი კაცისგან მოვისმინე, როდესაც იგი მომხდარ ამბავს ყვებოდა. მან ესეც დაურთო, რომ მან როგორც ღვთივშთაგონებულმა და საღვთო მადლით აღვსილმა დაამსხვრია მამის ყველა კერპი, დასცინა მათ უძლურებას. შემდეგ დაუფიქრდა იმას, რაც გააკეთა, შეეშინდა მამის მოსვლის და მეუფე ქრისტეს სთხოვა დაყოლოდა მის ნებას, დაემსხვრია ურდული და კარები გაეღო; ამბობდა: "შენი გულისთვის დავეშურე ამას და გავაკეთე კიდევაც". ამბობდა: "როდესაც ამას ეუბნებოდა, ჩამოვარდა ბოქლომი და გაიღო კარები, და მე კვლავ მოძღვართან გავიქეცი. მან ქალის სამოსით შემმოსა და მასთან ერთად დამსვა მოჩარდახებულ ურემზე და კვლავ საღვთო მელეტისთან მიმიყეანა. მან კი იერუსალიმის ეპისკოპოსს გადამცა. იმ ხანად იყო კირილე. და ასე ღამით დავიძარით იერუსალიმისკვნ". იულიანეს აღსასრულის შემდეგ იგი მამას ჭეშმარიტებისკენ წარუძღვა. ეს გვიამბო სხვა ამბებთან ერთად. ამ გზით ისინი ღვთისმცოდნეობისაკენ წარმართულნი ეზიარნენ ხსნას.
თ ა ვ ი XI [167]იულიანე მეტი კადნიერებით, უფრო კი უშიშობოთ აღიჭურვა კეთილმსახურების წინააღმდეგ. თავაზიანი სახე მიიღო, მაგრამ უსაფრდებოდა და ხაფანგებს უწყობდა, რითაც დამღუპველი უღმერთობისათვის მოინადირებდა მოტყუებულთ. პირველად ქალაქში და დაფნაში წყაროები საძაგელი მსხვერპლით წაბილწა, რათა ყველა, ვინც წყალს დალევდა, სიბილწეს ზიარებოდა. შემდეგ ბაზარიც აავსო სიბინძურით: ასხურა პურს, ხორცს, ხილს და ბოსტნეულს, და სხვასაც, რაც კი საჭმელი იყო. როდესაც ეს დაინახეს მათ, ვისაც მხსნელის სახელი აქვთ მიღებული, წუხდნენ და იგლოვდნენ მომხდარით წაბილწულები. თუმცა, ეზიარებოდნენ, რადგან ემორჩილებოდნენ სამოციქულო კანონს, რომელიც ამბობს: "ყველაფერი საყასბოში ნაყიდი ჭამეთ, არაფერი განსაჯოთ სინდისის გამო" (1 კორ. 10.25). მაგრამ ორი ჯარისკაცი, იმპერატორის ქვეით რაზმში ფარის მტვირთველები იყვნენ, ერთ ნადიმზე მხურვალედ დაიჩივლეს მომხდარ სისაძაგლეზე და ბაბილონში გამოჩენილ ყმაწვილთა საკვირველი სიტყვები წარმოთქვეს: "გადაგვცა ჩვენ დედამიწაზე ყველა ერზე უფრო ურჯულო და განდგომილ მეფეს" (სამი ყრმის საგალობელი 5, 8., ასევე 32). ეს ერთმა მათმა თანამეინახემ გაამჟღავნა. იმპერატორმა მყისვე წაიყვანა ეს საუკეთესო ადამიანები და ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მათ იმპერატორის შეკითხვიდან საბაბი მიიღეს კადნიერებისთვის და ღირსადქებული შური აღეძრათ. მათ მიუგეს ასე: "იმპერატორო, კეთილმსახურებით გამორჩეულნი და კანონებს ღირსეულად დამონებულნი (რადგან კონსტანტინე და მისი შვილები იყვნენ კანონები) ვგლოვობთ, როდესაც ვხედავთ, რომ ყველაფერი სილირწით აღსავსე არის და შემოღებული მსხვერპლით საკვები და სასმელი წაბილული არის. ამაზე სახლშიც ვჩივით და შენს წინაშეც ვგლოვობთ. შენი [168]მმართველობის მხოლოდ ამ საქმით ვართ შეწუხებული". როდესაც ეს სიტყვები მოისმინა ყველაზე მშვიდმა და ყველაზე სიბრძნისმოყვარემ, მათგან ამ სახელებით წოდებულმა, ჩამოიხსნა თავაზიანობის ნიღაბი და გამოაჩინა უღმერთობის სახე261, ბრძანა, ისინი მწარედ და სასტიკად ეწამებინათ; მოაკლო მათ ამქვეყნიური ცხოვრება, უფრო კი გაანთავისუფლა ამ უბადრუკი ჟამისგან და ძლევამოსილი გვირგვინებით პატივი მიაგო. სასჯელს სათანადო მიზეზიც მიუსადაგა: არათუ კეთილმსახურება, რის გამოც მოკლა, არამედ კანონდარღვევა. თქვა, რომ დასაჯა იმპერატორის შეურაცხმყოფელები, ბრძანა, ეს ხმა გაევრცელებინათ, ცილი დასწამა ჭეშმარიტების მორკინალთ, ამასთან მოწამეობის სახელსაც და პატივსაც. მათი სახელები იყო იუვენტიუსი და მაქსიმინუსი. ქალაქმა ანტიოქიამ პატივი მიაგო მათ როგორც კეთილმსახურების მებრძოლთ, ძვირფას სამარხში ჩააწვინეს და დღემდე ყოველწლიური სახალხო ნადიმობით მიაგებენ პატივს.
თ ა ვ ი XII ეს ვალენტინიანე262, რომელიც ცოტა მოგვიანებით იმპერატორი გახდა, იმ დროს ტრიბუნი იყო, სასახლისათვის განწესებულ შუბოსანთა263 მეთაური. იგი არ მალავდა იმ შურს, რაც კეთილმსახურების გამო ჰქონდა აღძრული. როდესაც მეხის დაცემა მოხდა, იმპერატორი როკვით შევიდა ფორტუნას ტაძარში, კარიბჭის ორივე მხარეს ნეოკორები264 დააყენა, რომლებიც, როგორც ფიქრობდა, შემავალთ სხურებით განწმენდნენ. როდესაც იმპერატორის [169]სარდალმა, ვალენტინიანემ დაინახა, რომ წვეთი ეცემოდა მის მოსასხამს, მუშტი უთავაზა ნეოკორს და უთხრა, რომ არათუ განწმენდდა, არამედ ბილწავდა. ეს მას ორივე იმპერიის გამო შეემთხვა. იმ წყეულმა, როდესაც მომხდარი დაინახა, იგი უდაბნოში ციხესიმაგრეში გაგზავნა, უბრძანა, იქ გაეტარებია ცხოვრება. მაგრამ მან წელიწადი და რამდენიმე თვე დაჰყო გადასახლებაში და აღსარების საზღაურად იმპერია მიიღო. რადგან სამართლიანი მსაჯული საღვთო [მსახურებაზე] მზრუნველებს არა მხოლოდ იმ ცხოვრებაში მიაგებს პატივს, არამედ მაშინაც, როცა კეთილი ღვაწლის მისაგებელს ესწრაფვიან, და სარწმუნო არის განგებულ საბოძვარზე მოიმედეებისთვის.
თ ა ვ ი XIII ფულის ამ დამღუპველი გაცემის შემდეგ ზოგიერთი ოქროს მიმღები რომელიღაც ნადიმზე ერთად ილხენდა. ერთმა მათგანმა, როდესაც აიღო ფიალა, მანამდე არ შესვა, სანამ მხსნელი ბეჭედი არ გამოისახა. მაშინ ერთმა თანამეინახემ გაკიცხა და უთხრა, რომ ეს [170]ეწინააღმდეგებოდა ცოტა ხნის წინ მის მიერ ჩადენილს. მან ჰკითხა, თუ რას უწოდებდა მისი საქციელებიდან ურთიერთსაწინააღმდეგოს. მან კი შეახსენა ბომონი, საკმეველი და [მის მიერ] ჩადენილი [რწმენის] უარყოფა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ აღსარებას.
თ ა ვ ი XIV [171]არტემიოსი ეგვიპტეში მყოფი ჯარისკაცების მხედართმთავარი იყო, მას ეს თანამდებობა კონსტანციუსის ზეობისას ჰქონდა მიღებული. მან მრავალი კერპი დაამსხვრია, არა მხოლოდ მათი ნამდვილი არსი გააშიშვლა, არამედ შემდეგ თავებიც დააცალა სხეულებს.
თ ა ვ ი XV იგი, დამღუპველი დემონების შემწყნარებელი, შლეგურ ცხოვრების აღმასრულებელი, გაცოფებული იყო კეთილმსახურების წინააღმდეგ. ამიტომ, იუდეველებიც აამხედრა მათ, ქრისტეს მორწმუნეების, წინააღმდეგ. პირველად ერთად შეკრიბა ისინი და ჰკითხა, თუ რატომ არ წირავდნენ მსხვერპლს, მაშინ როცა რჯული ბრძანებდა მსხვერპლის შეწირვას. როდესაც მიუგეს, რომ ერთი ადგილით იყო შემოსაზღვრული მათი მსახურება, ამ ღვთისმოძულემ მყისვე ბრძანა დანგრეული ტაძრის აგება, ეს არარაობა ფიქრობდა მეუფის წინასწარმეტყველების მხილებას, მაგრამ უფრო მისი [173]ჭეშმარიტება წარმოაჩინა. მათ267 ხალისით შეისმინეს მისი სიტყვები და ნაბრძანები მსოფლიოში მცხოვრებ ყველა თანატომელს აუწყეს. ისინიყ მხრიდან შეიკრიბნენ, და ფული და გულმოდგინება ამ მშენებლობისთვის მოიტანეს. დიდად ხელს უწყობდა თვით ის, ვინც ბრძანება გასცა, არათუ პატივმოყვარეობის გამო, არამედ როგორც ჭეშმარიტებასთან მებრძოლი. მან ასევე გაგზავნა ერთი მმართველი, ურჯულო ბრძანებების ღირსეული მსახური. ამბობენ, რომ მათ წერაქვები, ნიჩბები და კალათები ვერცხლისგან დაამზადეს. როდესაც დაიწყეს თხრა და მიწის გატანა, მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი იქმოდა ამას, მაგრამ ღამით ორმოდან მიწა თავისით უკან გადაინაცვლებდა. ყველაფრის ახლად აგების მოიმედეებმა თვით შენობის ნაშთიც კი დაანგრიეს. როდესაც მრავალი ათასი მედიმნი კირი და ცარცი მოზიდეს, უცაბედად ძლიერმა ქარებმა დაბერეს, გრიგალმა, ქარიშხალმა და ღელვატეხვამ ყველაფერი ერთბაშად გაფანტა. როდესაც კიდევ გაშლეგებული იყვნენ და ღვთის სულგრძელებას ვერ იაზრებდნენ, ჯერ უდიდესი მიწისძვრა მოხდა და საღვთო [საიდუმლოებებში] გაუნდობელთ ერთიანად ძლიერი თავზარი დასცა. მაგრამ, რადგანაც არ შეშინდნენ, გაჭრილი საძირკვლიდან ცეცხლი ამოვარდა და მრავალი მიწის მთხრელი დაწვა, სხვები კი გაყარა. ღამით კი როდესაც მრავალ ადამიანს ეძინა რომელიღაც სვეტის მახლობლად, ერთბაშად ჩამოინგრა შენობა სახურავთან ერთად. ხოლო მძინარენი ყველა გასრისა. იმავე ღამით და მომდევნო ღამითაც ცაში მოსჩანდა მხსნელი ჯვრის მანათობელი გამოსახულება და თვით იუდეველთა სამოსიც ჯვრებით იყო აღვსებული, თუმცა, არა მანათობელით, არამედ შავი ფერისგან დამზადებული.
თ ა ვ ი XVI [174]მას შემდეგ, რაც სპარსელებმა შეიტყვეს კონსტანციუსის აღსასრული, გაკადნიერდნენ, მივიდნენ რომაელთა საზღვრებთან და ომი გამოაცხადეს. იგი ფიქრობდა ლაშქრის შეკრებას, მაშინ როცა არ ყავდა მისი წინამბრძოლი. გააგზავნა დელფოში, დელოსსა და დოდონაში, და სხვა სამისნოებში268; მჩხიბავებს ეკითხებოდა, უნდა გაელაშქრა თუ არა. ისინი უბრძანებდნენ გალაშქრვას და გამარჯვებას აღუთქვამდნენ. მათი წინასწარმეტყველებიდან ერთს ჩავურთავ ნაშრომში სიცრუის სამხილებლად. ხოლო ეს არის: "აწ ყველა ღმერთები დაიძრნენ მხეცის მდინარესთან გამარჯვების ნადავლის მოსაპოვებლად, ხოლო წარვუძღვები მე, შეუპოვარი და მქუხარე მეომარი269, არესი". ისინი, ვინც პითიას გონიერ ღმერთს და მუზების წინამძღოლს უწოდებენ, დასცინოდნენ მის სასაცილო სიტყვებს. მე კი აღმოვაჩინე მისი სიცრუე და დავსტირი [მისგან] მოტყუებულს. მხეცის მდინარე ტიგროსს უწოდეს, რადგანაც ამ მდინარისა და მხეცის სახელი ერთიდაიგივეა. იგი სომხეთის საზღვრებიდან ძალუმად გამოვარდა და ასირიის მდინარეების გავლით შეიჭრა სპარსეთის შუაგულში. ამ უბადრუკს, ამ მისნების მიერ მოტყუებულს გამარჯვება ეზმანებოდა და სპარსელებთან ბრძოლის შემდეგ გალილეველებთან ომზე ოცნებობდა. ქრისტიანებს იგი გალილეველებს უწოდებდა, ეგონა, რომ ამ სახელით მათ შეურაცხყოფას მიაყენებდა. უნდა სცოდნოდა ლიტერატურაში განსწავლულს, რომ დიდებას ოდნავ თუ აკნინებს სახელის ცვლილება, რადგან თუ სოკრატეს კრიტიას უწოდებ და პითაგორას ფილარისს დაარქმევ, არავითარ მანკიერებას არ ეზიარება რომელიმე მათგანი ამ სახელების შეცვლით, არც ნირევსი თერსიტედ სახელდებული დაღუპავდა იმ მშვენიერებას, რაც ბუნებისგან მიეღო. [175]მაგრამ მას ნასწავლი ჰქონდა რა ესენი, აზრს არ ატანდა ამას, ფიქრობდა, რომ ჩვენთვის ყველანაირად შეუფერებელი სახელით ზიანს მოგვაყენებდა, მისნების ცრუმეტყველებას ენდობოდა და იმუქრებოდა, რომ ეკლესიებში უწმინდური დემონის კერპს აღმართავდა.
თ ა ვ ი XVII ამ მუქარებით აღძრული ერთმა კაცმა დაამარცხა ბეროაში. ეს იყო კაცი, სხვა მხრივაც წარჩინებული, რადგან დეკურიონი იყო იმ ქალაქში, მაგრამ მოშურნეობამ იგი უფრო გამოჩენილი გახადა. როდესაც მან დაინახა, რომ მისი ვაჟი იმ დროს გაბატონებულმა უღმერთობამ დასცა, იგი სახლიდან გააძევა და ღიად განკვეთა. ის კი მახლობელ ქალაქში იმპერატორთან მივიდა და მოახსენა მისი ზრახვაც და მამის მიერ მისი განკვეთაც. მან ყმაწვილს უბრძანა, რომ მშვიდად ყოფილიყო, და მამასთან შერიგებას დაპირდა. შემდეგ ჩავიდა ბეროაში და ვინც კი თანამდებობისა და დირსების მქონე იყო, სტუმრად მოიწვია. მათ შორის მამამისიც იყო. იულიანემ მას უბრძანა, შვილთან ერთად წამოწოლილიყო მის საწოლზე. შუა ნადიმობისას მიმართა მამას: "ვფიქრობ არ არის სამართლიანი, აიძულო სხვა მხარეს გადახრილი აზრი, რომელსაც არ სურს სხვა მიმართულებით სვლა. ასე რომ, ძალას ნუ დაატან შვილს, როდესაც არ სურს, შენს დოგმატებს მიყვეს". ამბობდა: "რადგან მე შენ არ გაიძულებ, მე მომყვებოდე, თუმცა ძალიან იოლად შემიძლია, გაიძულო". მან კი საღვთო რწმენით აღაგზნო გონება და მის შესახებ მიუგო: "იმპერატორო, ნუთუ დამღუპველის, ღვთისმოძულისა და იმის [სიტყვებს] ამბობ, რომელმაც ჭეშმარიტებას სიცრუე [176]ამჯობინა?" მან კვლავ თვინიერების ნიღაბი მოირგო და უთხრა: "ადამიანო, შეწყვიტე ყვედრება". შემდეგ ყმაწვილისკენ მიაბრუნა პირი და უთხრა: "მე შენზე ვზრუნავ, რადგან მამაშენი ვერ დავარწმუნე, რომ ეს გააკეთოს". ეს ამბავი ამაოდ როდი ვახსენე, არამედ მსურს, ვაჩვენო არა მხოლოდ ამ საკვირველი კაცის ღირსადქებული კადნიერება, არამედ ისიც, რომ მრავალი არად აგდებდა მის ძალაუფლებას.
თ ა ვ ი XVIII კვლავ ანტიოქიაში ერთ საუკეთესო კაცს მინდობილი ჰქონდა ყმაწვილი ქალების აღზრდა. იგი იმაზე უფრო მეტად იყო განსწავლული, ვიდრე ეს სჭირდებოდა პედაგოგს271, და იცნობდა იმ დროის მასწავლებლების წინამძღვარს, რომელიც იყო ლიბანიოსი272, სოფისტებს შორის სახელგანთქმული. მაგრამ იგი იყო ურჯულო და გამარჯვებას წინასწარმეტეველებდა, იულიანეს მუქარას [გონებაში] წარმოისახავდა. მან ჩვენს აღმზრდელს დაცინვით ჰკითხა: "რას აკეთებს ხუროს ვაჟი?" იგი საღვთო მადლით აღივსო და მცირე ხნის შემდგომ მოსახდენი მოვლენები უწინასწარმეტყველა. მიუგო: "სოფისტო, კუბოს ამზადებს ყოვლიერების შემოქმედი, რომელსაც შენ დაცინვით ხუროს ვაჟს უწოდე". რამდენიმე დღის შემდეგ აღსრულდა ამ დამღუპველის სიკვდილი, კუბოში ჩააწვინეს და წარმოჩნდა [მისი] მუქარების ფუჭი ქადილი, და განდიდდა ღმერთი.
თ ა ვ ი XIX [177]უსხეულოთა ცხოვრებას სხეულში ბაძავდა. ვამბობ იულიანეზე, სირიელთა ენაზე მას საბა ეწოდებოდა. მისი მოქალაქობა აღვწერე "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში". იგი ყოვლიერების ღმერთისადმი მოშურნედ აღავლენდა ყვდრებებს, როდესაც შეიტყო იმ უღმერთოს მუქარები. იმ დღეს, როდესაც მან მიიღო ჭრილობა, იგი ლოცულობდა და ეს შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ ოც სტათმოსზე273 მეტი მანილი აღირიცხებოდა მისი კელინიდან274 სამხედრო ბანაკამდე. ამბობენ, იგი ცრემლებით ემუდარებოდა და სთხოვდა კაცთმოყვარე მეუფეს. უცებ შეწყვიტა ცრემლების ღვრა, გამხიარულდა და სიხარულით აღივსო, სახე გაუბრწყინდა და ამით იძლეოდა სულის სიამის ნიშანს. როდესაც მისმა ნაცნობებმა დაინახეს მისი ასეთი ცვლილება, ევედრებოდნენ, მათთვის გაემხილა სიხარულის მიზეზი. მან მიუგო, რომ საღვთო ვენახთან მებრძოლი მხეცი ამის გამო ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელს მიიღებდა, შეწყვეტდა შეთქმულების მოწყობას და მკვდარი დაწვებოდა [მიწაზე]. როდესაც ასეთი [ამბავი] შეიტყვეს, ყველამ როკვა დაიწყო და ღვთისადმი სამადლობელო საგალობელი აღავლინეს. მისი აღსასრულის მაცნეთაგან შეიტყვეს, რომ იმავე დღეს და საათს მოხდა, როცა ამ საღვთო მოხუცმა შეიცნო და იწინასწარმეტყველა უწმინდურის დაღუპვა275.
თ ა ვ ი XX [178]მისი აშკარა უგუნურება სიკვდილმა წარმოაჩინა. რადგან, როდესაც გადადიოდა რომაელთა იმპერიის სპარსეთისგან გამყოფ მდინარეზე და ჯარი გადაყავდა, უცბად ცეცხლი წაუკიდა ხომალდს, ჯარისკაცებს არათუ არწმუნებდა, რომ ეომათ, არამედ აიძულებდა. საუკეთესო სარდლებს სჩვევიათ მათი მმართველობის ქვეშ მყოფთა სიმხნევით აღვსება, თუნდაც ხედავდნენ, რომ დაკარგული აქვთ სიმამაცე, ახალისებენ მათ და იმედს უსახავენ. მაგრამ იულიანემ პირდაპირ წარკვეთა კეთილი სასოება და უკან დასაბრუნებელი ხიდი გადაწვა. გარდა ამისა, მაშინ როცა ვალდებული იყო, ყველა გზით მოეტანა და მოეპოვებია ჯარისკაცებისთვის აუცილებეილი საკვები, ბრძანა, რომ სახლიდანაც არ მოეტანათ ეს, არც მაშინ გამოიჩინა გულუხვობა, როცა მტერი გაძარცვა. რადგან დატოვა დასახლებული მსოფლიო276 და უდაბნოში გადავიდა. აქედან ჯარისკაცებს შემოაკლდათ სასმელიც და საჭმელიც, არ პყავდათ მოგზაურობის წინამძღოლები, არამედ გზა აებნათ უდაბურ მხარეში და შეიცნეს უბრძენესი იმპერატორის უგუნურება. ჩიოდნენ და წუხდნენ, და მყისვე იპოვეს შემოქმედის წინააღმდეგ გაცოფებული კაცი ძირს დაცემული; დაპირების თანახმად მქუხარე მეომარი არესი არ აღმოჩნდა მის მფარველად, ლოქსიამ სიცრუე უმკითხავა, ხალისით მეხთამტეხელმა277 მკვლელების წინააღმდეგ არ გამოიყენა მეხი, და მუქარათა ქადილი ძირს დაეცა. თუმცა, ეს სამართლიანი დარტყმა დღემდე არავინ გაიაზრა. მაგრამ ზოგი ამბობს, რომ რაღაც უხილავმა აძგერა მას, ზოგი ამბობს, რომ ერთმა მომთაბარემ, რომელსაც ისმაელიტებს უწოდებენ, სხვები კი ამბობენ, რომ შიმშილითა და უდაბნოთი უკმაყოფილო ჯარისკაცმა. მაგრამ ადამიანი იყო, ანგელოზი, თუ მახვილი, ცხადია, რომ ეს გააკეთა [179]საღვთო წამისყოფის მსახურმა. ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო დარტყმა, მყისვე ხელები სისხლით აევსო, მან ის ჰაერში ააფრქვია და თქვა: "გაიმარჯვე, გალილეველო!" მან ერთსა და იმავე დროს გამარჯვებაც აღიარა და მკრეხელობაც ჩაიდინა. ასეთი გამოთაყვანებული კაცი იყო.
თ ა ვ ი XXI მკვლელობის შემდეგ გამოაშკარავებულ იქნა მისი გრძნეულების ხრიკები. კარაი არის ქალაქი, სადაც ახლაც უპყრიათ უღმერთობის ნაშთები. მისი გავლით მიემგზავრებოდა ეს არარაობა, რადგან ედესა როგორც კეთილმსახურებით შემკული სახელის მქონე დატოვა და ურჯულოთაგან პატივდებულ საკურთხეველში შევიდა. იქ მის თანამოზიარეებთან ერთად რაღაც სისაძაგლეები ჩაიდინა, კარებს ბოქლომები და ბეჭდები დაადო, განკარგულება გასცა, რამდენიმე ჯარისკაცი მიეჩინათ და უბრძანა, მის უკან დაბრუნებამდე არავინ შეეშვათ კარებს შიგნით. როდესაც მოვიდა მისი სიკვდილის ცნობა და ურჯულო იმპერატორი კეთილმსახურმა შეცვალა, საკერპოს შიგნით შევიდნენ და აღმოაჩინეს იმპერატორის ქებული სიმამაცე და სიბრძნე, ამასთან ერთად უღმერთობაც. რადგან ნახეს ქალი თმებით დაკიდებული, მოკვეთილი ხელებით. ამ უწმინდურს გაეფატრა მისი მუცელი, ალბათ სპარსელებზე გამარჯვებას ღვიძლის მეშვეობით შეიცნობდა.
თ ა ვ ი XXII [180]ამბობენ, ანტიოქიაში სასახლეში აღმოაჩინეს მრავალი კიდობანი ადამიანთა თავებით სავსე, ასევე მრავალი აუზი მიცვალებულთა სხეულებით ავსებული. რადგან ასეთი სწავლებები აქვთ საშინელ ღმერთებს.
თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.
შენიშვნები244 – [334]იულიანეს შესახებ ცნობებს გვაწვდის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის ცნობილ სიტყვებში "იულიანეს წინააღმდეგ".
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა |